აშშ-მა ამერიკულ სამხედრო გემზე “ჰუსიტების” თავდასხმა აღკვეთა

42
spot_img

აშშ-ს მოიერიშე თვითმფრინავმა ჩამოაგდო ხომალდსაწინააღმდეგო საკრუიზო რაკეტა, რომელიც “ჰუსიტების” მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდ Laboon-ის მიმართულებით გაუშვეს. ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 15 იანვარს გაავრცელა.

“14 იანვარს, დაახლოებით 16:45 საათზე (იემენის დედაქალაქ სანაას დროით), “ჰუსიტების” მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გასროლილ იქნა ხომალდსაწინააღმდეგო საკრუიზო რაკეტა წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში მყოფი ამერიკული სამხედრო გემის, Laboon-ის მიმართულებით. რაკეტა ჩამოაგდო იემენის ქალაქ ჰუდეიდის სანაპიროსთან”, – ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.

დაშავებულების ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ამბოხებული “ჰუსიტები” გასული წლის ნოემბრიდან თავს ესხმიან დასავლეთის კომერციულ ხომალდებს, რომლებიც წითელ ზღვას გადიან. ამბოხებულთა განცხადებით, მათი ეს ქმედება პროტესტია ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ და პირობა დადეს, რომ თავს დაესხმებიან ისრაელთან დაკავშირებულ ყველა გემს.

12 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდების, კანადის, ავსტრალიისა და ბაჰრეინის მხარდაჭერით, მასიური თავდასხმები დაიწყეს იემენში “ჰუსიტთა” სამხედრო ობიექტებზე.