Home Blog Page 1780

სამსახურის წარმომადგენლები ნიდერლანდების სავაჭრო მისიის მიერ გამართულ სემინარს დაესწრნენ

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე,სამსახურის თანამშრომლებთან და სახელმწიფო ორგანიზიციების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ სემინარს: ”მებაღეობის განვითარება საქართველოში”. შეხვედრის მასპინძელი საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი იყო.

აღნიშნული სემინარის გამართვის ინიციატორი, ნიდერლანდების რეგიონული სავაჭრო მისია გახლდათ, რომელიც სომხეთის შემდეგ, საქართველოს ეწვია.

გაიმართა საინტერესო შეხვედრები სტუმრებთან. ჰოლანდიური კომპანიის, ”ჰოლანდორის” პარტნიორმა და რეგიონული მიმართულებით პროექტების კონსულტანტმა, ჯოს ლიიტერსმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა ვეტერანთა შვილებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართა

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში “მუზა”, საქართველოს ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა “სი-მი,” ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა შვილებისთვის, საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კონცერტს, პატარებთან ერთად, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი.

მევიოლინეთა ანსამბლი “სი-მი,” მრავალი წელია, ეროვნული სასახლის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. მისი უცვლელი ხელმძღვანელი, ელენე ცარციძე, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული მუსიკოსია, რომელიც კლასიკური მუსიკის შედევრებს, ახალგაზრდა ვირტუოზებთან ერთად ასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორი, ანსამბლის მენეჯერი, ქალბატონი ვენერა მალიძე გახლდათ; ანსამბლმა, არა ერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა, რომელთა შორისაა: “კლასიკური მუსიკა ყველასათვის,” “სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს” და პროექტი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის- “თანადგომა”.

მსოფლიოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რომელთაც არა ერთი ადამიანის, მათ შორის ათასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, ანსამბლმა ახალი პროექტი “მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს”დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, პირველი საქველმოქმედო კონცერტი, ანსამბლმა და მისმა მესვეურებმა, სწორედ, ომის ვეტერანთა და ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილებისთვის გამართეს. პატარა ვირტუოზებმა, კლასიკური მუსიკის ჰანგებით გამოუცხადეს თანადგომა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა და ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთა შვილებს; მადლიერება გამოხატეს იმ ღვაწლისთვის, რაც მათმა მშობლებმა სამშობლოსთვის გაიღეს.

პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა კომპანია ”ბარამბომ”, რომელმაც კონცერტზე დამსწრე ბავშვებს, საჩუქრად, ტკბილეულის კალათები გადასცა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უცხადებს საქართველოს ეროვნული სასახლის ხელმძღვანელობას, მევიოლინეთა ანსამბლ “სი-მს,” მის მესვეურებს, კომპანია ”ბარამბოს”, სამსახურის ბენეფიციართა მიმართ გამოხატული თანადგომისთვის და მათ წარმატებებს უსურვებს.

“როგორ შეიძლება 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვა ჩვენი მისამართით იყოს, როცა შს მინისტრი გახარია იყო?!”

2019 წლის 20 ივნისს შს მინისტრი გიორგი გახარია გახლდათ – როგორც მას უყვარს, წერტილი! როგორ შეიძლება 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვა ჩვენი მისამართით იყოს, როცა შს მინისტრი გახარია იყო?! – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, თუ ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება, ღუდუშაურმა ხაზგასმით აღნიშნა, „ყველაფერზე პასუხისმგებელი შს მინისტრია“.

„გახარიას ჰგონია, რომ დღეს ჟურნალისტებთან მოქნილად პოზიციონირებს და საკითხებს ღიად ტოვებს. გახარია იმ დროს შს მინისტრი იყო და შესაბამისად, თუ არა ის, ვის შეეძლო ასეთი რამ გაეკეთებინა? თქვენ იცით, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ამასთან დაკავშირებით არაერთ საქმეზე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. იქ აღნიშნულია მთელი რიგი საკითხები. სახელმწიფოს პოზიციონირება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ შეფასდა კანონისა და ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში. ევროპის სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფო პოზიციონირებდა სწორად“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

“ხაბეიშვილს, ჰოლივუდის ღიმილით რომ დადიოდა ამერიკაში, ელვა დეპეშა გაუგზავნეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ კარგი იქნებაო”

ხაბეიშვილს, ჰოლივუდის ღიმილით რომ დადიოდა ამერიკაში, ელვა დეპეშა გაუგზავნეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ კარგი იქნებაო, არ მგონია, ჩამოუსწროს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მელიამ ხაბეიშვილს დაუანონსა, რომ ძველი „ნაცმოძრაობის“ ნანგრევებზე აპირებს ახალი „ნაცმოძრაობის“ შექმნას“.

„ის ლოგიკური დასასრული ვნახეთ, რასაც ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობა” დასრულდებოდა როგორც პოლიტიკური ძალა. დე- იურე ეს როგორ გაფორმდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ ხაბეიშვილს, რომელიც ჰოლივუდის ღიმილით დადიოდა ამერიკაში და ვიზიტებს აწარმოებდა,ელვა დეპეშა გაუგზავნეს და უთხრეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ, კარგი იქნებაო, მაგრამ არ მგონია ცოცხალს ჩამოუსწროს, რადგან მელიამ დაუანონსა, რომ ძველი „ნაცმოძრაობის“ ნანგრევებზე აპირებს ახალი „ნაცმოძრაობის“ შექმნას. ქართულ საზოგადოებას ნაკლებად აღელვებს ხაბეიშვილი- მელიადან რომელი იქნება ორიგინალი და რომელი ასლი „ნაცი“. მთავარია ის, რომ ის პროცესი რასაც „ნაცმოძრაობის“ დანგრევა ჰქვია, დასრულდა, ახლა რა მოხდება, ორი “ნაცმოძრაობა” იქნება, ახალი, ძველი, უახლესი თუ შუა „ნაცმოძრაობა“ შეიქმნება, ეს დამოკიდებულია იურიდიულ ტექნიკაზე, თუ როგორ გააფორმებენ ამ ყველაფერს. ამ ორივე „ნაცმოძრაობას“ დიდი ალბათობით შეიძლება საერთოდ გამორჩეს 2024 წლის არჩევნები ისე არიან ერთმანეთს გადაკიდებულები. ესაა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და ამერიკაში ამას წარმატებულს უწოდებს ხაბეიშვილი, კარგია, ასეთი წარმატებით გააგრძელონ მოღვაწეობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეტაკების საფრთხე ასეთი რეალური არასდროს ყოფილა” – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთსა და ნატო-ს შორის შეტაკებისა და მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე ასეთი რეალური არასდროს ყოფილა.

„კარიბის კრიზისის დაწყებიდან, რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეტაკების საფრთხე, რომელიც მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს, ასეთი რეალური არასდროს ყოფილა”, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, უკრაინა არის მეორადი სახელმწიფო, რომელიც კოლაფსის პროცესშია და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სურვილი, დაეხმაროს უკრაინელებს „პრიმიტიული შანტაჟია“.

„ამერიკის კონგრესის პრიმიტიული შანტაჟი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან სულაც არ არის ახალი და ისტორიული პრეცედენტები აქვს.

„მიეცით ფული ჩვენს ბიჭს (ჩასვით სასურველი გვარი), თორემ რუსებთან ომი მოგვიწევს” – ასე ამბობდნენ სხვადასხვა დროს ამერიკის სხვადასხვა პრეზიდენტები და თავიანთ კანონმდებლებს ფულს სძალავდნენ“, – წერს მედვედევი.

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 8-11 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სააგენტოს ცნობით, 8-9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს, ტემპერატურაც დაიკლებს.

„აღმოსავლეთ საქართველოში 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ქალაქ თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 8-9 დეკემბერს თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 10 დეკემბერს კი გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 8-9 დეკემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 10 დეკემბერს კი გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 8-9 დეკემბერს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, 10 დეკემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 8-9 დეკემბერს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. 10 დეკემბერს კი ზოგან მოთოვს. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

“ფაქტია, რომ რაღაც მუხტი ამ ადამიანმა გაიყოლა და პარტია კიდევ უფრო მეტად დაშლილია დღეს” – არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას წასვლას გადაცემაში „იმედი LIVE“ გამოეხმაურა.

თალაკვაძის განცხადებით, მელია რასაც ამბობს, იმის საპირისპიროს აკეთებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, პარტიიდან მისი წასვლით, “ნაციონალური მოძრაობა” კიდევ უფრო დაიშალა, რაც ქართული პოლიტიკისთვის კარგია.

„აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანი [ნიკა მელია], რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდი, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებით – შევიდა პარლამენტში. მერე თქვა, რომ არ წავალ პარტიიდანო და წავიდა პარტიიდანაც. ანუ, ჯერჯერობით, ყველაფერს უკუღმა აკეთებს. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც მუხტი ამ ადამიანმა გაიყოლა და პარტია კიდევ უფრო მეტად დაშლილია დღეს. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვა წერილი და კავშირი გაწყვიტა ახლობლებთან – თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის და ავრცელებს, რომელიც წერს, რომ კაცი სახლიდან 7 დეკემბრის საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

განცხადებას სოციალურ ქსელში დაკარგულის და აქვეყნებს და საზოგადოებას სთხოვს, რაიმე ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ.

„ჩემო მეგობრებო, ჩემი ძმა გავიდა სახლიდან საღამოს 8-9 საათისთვის და დატოვა წერილი, 10-ის ნახევრიდან წყვეტს ყველანაირ კავშირს ახლობლებთან. თუ სადმე შენიშნავთ, ან დაგიკავშირდებათ მეგობრებს, ან რაიმე სახის ინფორმაციას გაიგებთ, გთხოვთ დამიკავშირდეთ, გააზიარეთ ვისაც შეგიძლიათ გთხოვთ, იქნებ ქუჩაში შეგხვდეთ და იცნოთ. 592140809“, – წერს ქეთი ლებანიძე სოციალურ ქსელში.

“რესპუბლიკელები უკრაინისადმი დახმარებას ბლოკავენ და ამით კიევის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნიან”- The New York Times

ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) თავის სტატიაში სათაურით „რესპუბლიკელები უკრაინისადმი დახმარებას ბლოკავენ და ამით კიევის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნიან“
(ავტორი – კარუნ დემირჭიანი), აანალიზებს კონგრესის ზედა პალატაში – სენატში მომხდარ პოლიტიკურ კონფუზს, როცა სენატორთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტის უკრაინის დახმარების გაწევის შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

წარუმატებელმა კენჭისყრამ (მომხრე – 49, მოწინააღმდეგე – 51) აჩვენა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსებისა და კანონმდებლების მხარდაჭერა კიევის მიმართ სუსტდება, თანაც ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, როცა უკრაინის კონტრშეტევამ თავის მიზნებს ვერ მიაღწია, რუსეთი კი ახლა თვითონ გადადის შეტევაზე.

რესპუბლიკელებმა, დემოკრატი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოწოდების მიუხედავად, ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს. მათ უკრაინისადმი დახმარება იმიგრაციულ პოლიტიკას დაუკავშირეს, რაც მართლაც ძალიან უადგილო იყო. „დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი გადაწყვეტილებით უკრაინა ბედის ანაბარად მიატოვეთ. ისტორია მკაცრად დაგმობს მათ სახელებს, ვინც თავისუფლების ბრძოლას ზურგი შეაქცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა კენჭისყრის შემდეგ.

კანონპროექტის ჩაშლა იმას მოასწავებს, რომ უკრაინას მცირე შანსები რჩება დამატებითი ამერიკული დახმარების მისაღებად მიმდინარე წლის ბოლომდე, ან შეიძლება უფრო გვიანაც. სხვათა შორის, აშშ-ის თეთრი სახლი და უკრაინის ხელმძღვანელობა ბოლო დროს სიგნალებს უგზავნიდნენ ამერიკელ კანონმდებლებს, რომ ფულისა და იარაღის მიწოდების გარეშე კიევს წლის ბოლომდე რესურსები დაუმთავრდება და თავდაცვით ბრძოლებს ვეღარ გააგრძელებს. სამწუხაროდ, მათი ხმა დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

ასეთმა სასოწარკვეთილმა თხოვნებმა და განცხადებებმა ვერანაირად ვერ მოულბეს გული რესპუბლიკელ სენატორებს, რომლებიც კენჭისყრის წინ რამდენიმე საათის განმავლობაში დემოკრატებთან კამათობდნენ – ამდენ ფულს უკრაინას ვახარჯავთ, ჩვენ კი მექსიკასთან საზღვარი ვერ გაგვიკონტროლებია, არალეგალური იმიგრაცია დიდ ზიანს გვაყენებს და დროა, მეტი თანხები კედლის აშენებას მოვახმაროთო.

დემოკრატები თავს იმართლებდნენ და ამბობდნენ, რომ 20 მილიარდი დოლარია გამოყოფილი საზღვრის დასაცავად და რომ რესპუბლიკელები ცდილობენ თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უკრაინას კრიზისი შეუქმნან.

რასაკვირველია, კენჭისყრის შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის დახმარების საკითხი საბოლოოდ დაიბლოკა. დემოკრატებს კვლავ ექნებათ იმის უფლება, რომ კენჭისყრა ისევ მოხდეს და კანონპროექტის განხილვა სენატის დღის წესრიგში შეიტანონ, მაგრამ გაუგებარი და გაურკვეველია, როდის მოხდება ახალი კენჭისყრა და რჩება თუ არა უკრაინას რუსეთთან გამკლავების დრო ამერიკული დახმარების გარეშე.

ზოგიერთი კანონმდებელი თვლის, რომ საკითხი შეიძლება გადაწყდეს ინვარში ან თებერვალში, როცა სენატი მთავრობისათვის 2024 წლისათვის ფინანსების გამოყოფის საკითხზე იმსჯელებს. სხვა სენატორები კი დარწმუნებულები არიან, რომ კიდევ ორი თვის მოლოდინში უკრაინის ფრონტებზე სიტუაცია გაუარესდება.

„საათი წუთებს ითვლის“, – განაცხადა დემოკრატმა სენტორმა პეტი მიურეიმ, – ჩვენს უკრაინელ მეგობრებს თავდაცვის შესაძლებლობა აღარ აქვთ. მთელი მსოფლიო ახლა ჩვენ გვიყურებს და ფიქრობს, რამდენად შეუძლია ამერიკას თავისი მოკავშირეს გვერდით დაუდგეს მძიმე დროს“.

რესპუბლიკელები ასევე ითხოვდნენ, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ისრაელისადმი დახმარების საკითხიდან ცალკე ყოფილიყო განხილული, რაზედაც დემოკრატები არ დათანხმდნენ.

მოკლედ, თავდაპირველი ენთუზიაზმი და კიევისადმი დახმარების მზადყოფნის სურვილი კონგრესში დღეს უკვე შესამჩნევად არის მინავლებული – უკრაინის ჯარის სამხედრო მოქმედება ჩიხშია შესული და ამ გარემოებამ ამერიკელ კანონმდებლებზეც მძიმე გავლენა მოახდინა. აქვე აღსანიშნავია, რომ კონგრესის ზედა პალატის – სენატის წევრი რესპუბლიკელები უფრო მეტად არიან განწყობილნი პროუკრაინულად, ვიდრე ქვედას – წარმომადგენლების პალატის რესპუბლიკელი წევრები, სადაც ბევრია დონალდ ტრამპის მომხრეც.

წყარო:

“მელიას პარტია იქნება სერიოზული ოპოზიციური პარტია” – რომან გოცირიძე

მელიას პარტია იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია, სერიოზული მოთამაშე ჩნდება, რომელიც გააძლიერებს ნომერ პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას – საკუთარი თავი ასეთი ცენტრის ერთ- ერთ ნაწილად წარმომიდგენია, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მელიას ნაბიჯი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

„ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა იყო სწორედ ეს გადაწყვეტილება, რაც შეეხება ნიკა მელია და მისი თანამოაზრეების მიერ პარტიის დაფუძნებას, ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია და მას ექნება მხარდაჭერა არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციული ამომრჩევლებისა, რომელთა საკმაოდ ნაწილი განხიბლულია „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მდგომარეობით, არამედ იმ ამომრჩევლის, რომელიც ორიენტირებული იყო ეროვნულ და ლიბერალურ პოლიტიკურ ძალაზე როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთ დროს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ უნდოდა მისთვის ხმის მიცემა. ეს ეხება ასევე ახალგაზრდობის დიდ ნაწილს. ნიკა მელია შესაძლებელია ამ ყაიდის ელექტორატის შემკრებიც იყოს, ასევე სერიოზული მოთამაშე ჩნდება უკვე ოპოზიციურ ფლანგზე იმ კუთხით, რომ იგი გააძლიერებს მომავალში მთავარი პოლიტიკური ცენტრის, მთავარი ოპოზიციური ძალის, ნომერ პირველი პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას, რომელსაც უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი პოტენციალი, ვიდრე დღეს აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილება. მძლავრი პოლიტიკური ბლოკი, „ნაციონალური მოძრაობა“, პლუს გახარიას პარტია, რომლებიც, ალბათ, გადალახავენ 5 პროცენტიან ბარიერს და აქეთ მათზე ძლიერი ასეთი ბლოკი, რომელიც გააერთიანებს ოპოზიციის დიდ ნაწილს, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ხელისუფლების შეცვლის მნიშვნელოვანი ფაქტორ“, – განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, იხილავენ თუ არა მას და ხატია დეკანოიძეს ნიკა მელიათან, გოცირიძე პასუხობს, რომ მას თავი მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნაწილად წარმოუდგენია, თუმცა, რა მოხდება მომავალში არავინ იცის და ამაზე საუბარი ნიკა მელიათან არ ჰქონიათ.

„ნახევარი წელია ვსაუბრობ, რომ უნდა შეიქმნას მთავარი ოპოზიციური ცენტრი, მე წარმომადგინა საკუთარი თავი ამ დიდი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთ ნაწილად. რა მოხდება მომავალში, ეს ჯერ არავინ იცის, არც მე და ხატიას გვქონია ამაზე საუბარი, არც ნიკასთან, ასე რომ დავაკვირდებით პროცესებს. მთავარია, ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს და ისეთი სტრუქტურა მიიღოს ოპოზიციის გაერთიანებამ, რომ მან შეძლოს „ქართული ოცნების“ დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა”, – განაცხადა გოცირიძემ.

თიბისის მხარდაჭერით, იტალიის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით გამოფენა „ეტრუსკების სამყარო” გაიხსნა

ანტიკური რომისა და პომპეის არქეოლოგიური საგანძურის გამოფენების შემდეგ, საქართველოში პირველად, თიბისის მხარდაჭერით, იტალიის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით გამოფენა „ეტრუსკების სამყარო” გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საგანძური იტალიის სამი მუზეუმიდან – კიუზის ეტრუსკული, კიანჩანო ტერმეს არქეოლოგიური და ფლორენციის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმების კოლექციებიდან.

გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი, იმოგზაურებს იდუმალებით აღსავსე ეტრუსკულ სამყაროში და გაეცნობა რომამდელ პერიოდში იტალიის ტერიტორიაზე არსებულ ყველაზე განვითარებულ ცივილიზაციას – ეტრუსკების ყოფასა და სარწმუნოებას, მათ წარმოდგენებს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ადათ-წესებსა და ტრადიციებს, დამწერლობასა და ადამიანთა გამოსახულებებს.

სკულპტურები, ბუკეროსა და ბრინჯაოს ჭურჭელი, კერამიკული და ოქროს ნაკეთობები, სახელგანთქმული კანოპების (ცხედრის ფერფლის შესანახი ჭურჭელი, რომლებიც კიუზის არეალისთვის იყო დამახასიათებელი) და მრავალი სხვა უნიკალური ნივთი დამთვალიერებლისთვის ეტრუსკული სამყაროს მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. გამოფენილ ექსპონატებს შორისაა კოლხეთთან დაკავშირებულ ორ ნაკეთობაც: ძვ.წ.400-380წწ. დათარიღებული თიხის თასი და ძვ.წ.300-275 წლების ბრინჯაოს სარკე არგონავტების მითის გამოსახულებით.

გამოფენა ხორციელდება თიბისის მხარდაჭერით, იტალიის საელჩოს მიერ, ტოსკანას მუზეუმების რეგიონულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით და იტალიური კომპანია „Glocal Project Consulting”-ისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საორგანიზაციო ხელშეწყობით.

თიბისი, ქვეყნის მასშტაბით, კულტურის და განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ამ პროცესში თიბისის მიზანია, როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიანი და თანმიმდევრული ხელშეწყობა. ამის მაგალითია ეს შესანიშნავი გამოფენა, რომელის ნახვაც დამთვალიერებელს 7 დეკემბრიდან, 2024 წლის 31 მარტამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში შეეძლება; შემდეგ კი ექსპოზიცია ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გადაინაცვლებს, სადაც მისი მონახულების საშუალება 2024 წლის 31 აგვისტომდე იქნება.

R

“ჩვენ შევძელით ის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და თან ვიღებთ კანდიდატის სტატუსს” – გურამ მაჭარაშვილი

ის, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდეს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთან დაკავშირებით, უკვე გაცხადებულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მოყვა ხელისუფლებისგან პრაგმატული და ადეკვატური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რის შედეგადაც საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„ის, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდეს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთან დაკავშირებით – უკვე გაცხადებულია. ჩვენ შევძელით ის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და თან ვიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ყველაზე მძლავრი იარაღი და შედეგი იმისა, რა ნაბიჯებიც თავის დროზე გადავდგით ჩვენ „ხალხის ძალამ“ და ამას მოყვა მთავრობის ადეკვატური და პრაგმატული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“, -განაცხადა მაჭარაშვილმა.