Home Blog Page 1779

“ისრაელი ღაზაში ყველა მიზანს მიაღწევს” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „რესპუბლიკელ“ სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ყველა მიზანს მიაღწევს.

ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, ისრაელის მიზნები „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში არის „ჰამასის“ განადგურება, მძევლების გათავისუფლება, იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ გახდება საფრთხე და ასევე “დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაბრუნოთ ჩვენი მოქალაქეები ჩრდილოეთსა და სამხრეთში”.

რუსული მხარე ყირიმში აფეთქებების შესახებ იუწყება

ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი “ტელეგრამ” არხები და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებენ.

კერძოდ, ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. “გუბერნატორმა” მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს და “უკვე რამდენიმე საჰაერო სამიზნე იქნა ჩამოგდებული.”

მან აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანია დაშავებული.

ადგილობრივი “ტელეგრამ” არხების ცნობით, ერთი უკრაინული რაკეტა უკვე ჩამოაგდეს, ხოლო მეორე სევასტოპოლში მდებარე სამხედრო ნაწილს მოხვდა. თვითმხილველების ცნობით, ადგილზე უკვე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები მიემართებიან.

ასევე, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებები გაისმა ევპატორიასთან, სოფელ უიუტნოესთან მდებარე საჰაერო თავდაცვის სამხედრო ნაწილში. თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედრო ნაწილისკენ უკვე მიემართებიან სასწრაფო დახმარების მანქანები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, “აღკვეთილ იქნა კიევის რეჟიმის მცდელობა, განახორციელოს ყირიმში ობიექტებზე საავიაციო მართვადი რაკეტებით ტერორისტული თავდასხმა განახორციელოს”. მათი ცნობით, უკვე 10 რაკეტა ჩამოაგდეს.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ირანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო”- Reuters

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ირანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 188 ადამიანი დაშავდა.

ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ყოფილ პრეზიდენტზე ხელშეუხებლობის გარანტიები გავრცელდება

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ხელშეუხებლობის მუდმივი გარანტიები მოიპოვა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

კერძოდ, საუბარია „ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შესახებ“ კანონზე, სადაც ახალი პრეზიდენტის არჩევის წესებიც მკაცრდება. ცვლილების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი 40 წელზე ახალგაზრდა არ უნდა იყოს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს და წარსულში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ან სხვა ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ უნდა გააჩნდეს.

ასევე, პრეზიდენტს ხელშეუხებლობის მუდმივი იმუნიტეტი აქვს. პოსტის დატოვების შემთხვევაშიც, არ შეიძლება, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებისას ჩადენილი ქმედებების გამო, ის პასუხისგებაში მიეცეს. უსაფრთხოების ასეთი გარანტიები ვრცელდება პრეზიდენტი ოჯახის წევრებზეც. ასევე, გადამდგარი პრეზიდენტი ხდება ბელარუსის სახალხო კრების წევრი.

10 იანვარს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება

10 იანვარს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელიც ელჩების დონეზე ჩატარდება.

მედიის ცნობით, შეხვედრისას უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხს განიხილავენ.

ინფორმაციას მედია ნატო-ს პრესმდივან დილან უაითზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, დღის წესრიგში იქნება ასევე უკრაინის მიერ საბრძოლო მასალების მიწოდების დაჩქარების საკითხიც.

“ყველას მოვუწოდებთ, დააჩქარონ გადაწყვეტილებების მიღება” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დასავლეთს მოუწოდა, დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღება, რათა გააგრძელოს კიევის მხარდაჭერა რუსული აგრესიისგან დასაცავად.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მის მიერ დასახელებული ხუთი ნაბიჯი, რომელსაც უკრაინა დასავლეთისგან ელის, მისი აზრით, ძალიან ლოგიკური იქნებოდა და უკრაინას დაეხმარებოდა რუსეთის დამარცხებაში.

“ცივი ომის დროს კოალიცია, რომელმაც დაამარცხა სსრკ და მისი მოკავშირეები, ყველა მაჩვენებლით ბევრად სუსტი იყო, ვიდრე კოალიცია, რომელიც ახლა ეხმარება უკრაინას რუსული აგრესიის დამარცხებაში”, – განაცხადა კულებამ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

“ყველას მოვუწოდებთ, დააჩქარონ გადაწყვეტილებების მიღება, რადგან დასავლეთმა აჩვენა, რომ მას შეუძლია დემოკრატიის დაცვა. საჭიროა ძალისხმევის გააქტიურება და დაჩქარება”, – დასძინა მან.

“როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს იმიტომ, რომ რაღაც უბედურებას დამართებს თავის თავსაც და სახლსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე სალომე ზურაბიშვილს”

სალომე ზურაბიშვილი რამდენი ტრიბუნასთან დადგა, იმდენი უბედურებები უთხრა საკუთარ საზოგადოებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ან შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას, მას სხვანაირად არ შეუძლია.

„როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს იმიტომ, რომ რაღაც უბედურებას დამართებს თავის თავსაც და სახლსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე სალომე ზურაბიშვილს, რადგან, რამდენი ტრიბუნასთან დადგა, იმდენი უბედურებები უთხრა საკუთარ საზოგადოებას.

ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ან შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს საზოგადოებას, მისივე ამომრჩეველს. ამ ადამიანს სხვანაირად არ შეუძლია. ჩვენ სად გვაქვს იმის რესურსი, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს, ჩვენ თვითონ შევუწყოთ ხელი იმაში, რომ ასანთი მივცეთ, ცეცხლი აანთოს და თავის თავსაც და ქვეყანასაც უბედურება დამართოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“დასავლეთი საკუთარ თავს ავნებს რუსეთის გაყინული აქტივების ჩამორთმევით” – Financial Times

დასავლეთის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის კამპანია ახალ დონეზე გადადის და სუვერენული აქტივების ჩამორთმევას ეხება – 2022 წლის მარტისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი დოლარის რეზერვები გაყინეს, G7-ის ქვეყნები კი ამჟამად განიხილავენ ამ ქონების კონფისკაციას, – წერს ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი სტატიაში სათაურით დასავლეთი საკუთარ თავს ავნებს რუსეთის გაყინული აქტივების ჩამორთმევით.

აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს კონფისკაციას, როგორც კონტრზომას რუსეთის ომის შედეგად განსაკუთრებით დაზარალებული სახელმწიფოების სასარგებლოდ.

სტატიის ავტორი ნიკოლას მალდერი – კორნელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – აღნიშნავს, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარება მორალურად, იურიდიულად და სტრატეგიულად აქტუალურია, თუმცა რუსეთის სახელმწიფო ქონების ჩამორთმევის გასამართლებლად რეპრესალიის არგუმენტს სამი პრობლემა აქვს: მას არ გააჩნია დამაჯერებლობის ეფექტი, მას სულ სხვა მხარეები მიმართავენ და ეს ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ წესრიგს.

“აქტივების ჩამორთმევისკენ სწრაფვას განაპირობებს შიდაპოლიტიკური სირთულეები კიევისთვის გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი, მისი სარგებლობა უმნიშვნელოა. რეზერვების ნებისმიერი კონფისკაცია, რომელიც თითქმის ორი წელია მიუწვდომელია, არ აიძულებს პუტინს დაასრულოს თავისი ომი”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ასევე აცხადებს, რომ ქონების ჩამორთმევა დესტაბილიზაციის გამომწვევი პრეცედენტია, რომელსაც დასავლური ქვეყნები შექმნიან აქტივების ჩამორთმევით ომის დასასრულებლად, რომელშიც ისინი ღიად არ მონაწილეობენ.

“გარდა ამ პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური პრობლემებისა, საუკეთესო არგუმენტი კონფისკაციის წინააღმდეგ არის ის, რომ ის ეკონომიკურად არასაჭიროა. აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარება უკრაინისათვის – სამხედრო და ეკონომიკური – ამ დროისთვის აღემატება 100 მილიარდ დოლარს წელიწადში. ეს თანხა მისაღებია ტრანსატლანტიკური ეკონომიკისთვის”, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ნაკლებად სარისკო მიდგომა იქნება უკრაინის დაფინანსება რამდენიმე მილიარდი ევროს წლიური მოგებით, რომელსაც რუსული აქტივები გამოიმუშავებენ.

“ვულოცავ ჩვენს სულიერ წინამძღვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს.

„უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ ჩვენს სულიერ წინამძღვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღეს. მადლობა მას ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ერის საკეთილდღეოდ“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

დღეს პატრიარქის დაბადების დღეა, ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.

თბილისში, საშობაო სოფლებში 20:00 საათიდან საახალწლო კონცერტები გაიმართება

ახალი წლის დღეების აღნიშვნა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

თბილისში, ორბელიანის მოედანზე მისულებს დღესაც მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელოდებათ. პატარების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ. დღის ბოლოს კი დაგეგმილია კონცერტი.

თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ნინუცა ბუცხრიკიძის განცხადებით, ყოველდღიურად საშობაო სოფელს ბევრი ვიზიტორი სტუმრობს, რაც მათ ახარებს. ათონელის ქუჩაზე განთავსებულ სცენაზე კონცერტი დღეს, 20:00 საათიდან დაიწყება. ასევე კონცერტი გაიმართება ფურცელაძის ქუჩაზეც, „დედაენის ბაღშიც“, გვიან ღამით კი სამივე სცენაზე ელექტრონული ლაივშოუ იქნება წარმოდგენილი.

ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორმა ადამიანმა თითები დაკარგა

ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორმა ადამიანმა თითები დაკარგა.

ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.

მათი ცნობით, 31 დეკემბერს, ბათუმში, საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის მამაკაცი შეიყვანეს. როგორც ,,ბათუმელებს“ კლინიკაში უთხრეს, პაციენტმა ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. ამჟამად, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ასევე, 30 დეკემბერს, ბათუმის სამედიცინო ცენტრში [BMC] პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაზიანებული 25 წლის მამაკაცი გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში გვითხრეს, პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანამდე უკვე დაკარგული ჰქონდა ერთი თითი.

მას ტრავმატოლოგიური ჩარევაც დასჭირდა. კაცი დღემდე გადის მკურნალობის კურს სამედიცინო ცენტრში.

აშშ, გაერთიანებული სამეფო და კიდევ 10 ქვეყანა იემენელ ჰუსიტებს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და კიდევ 10 ქვეყანა იემენელ ჰუსიტებს აფრთხილებს: თუკი ისინი წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of israel ავრცელებს.

თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდების შესახებ ერთობლივ განცხადებას 12 ქვეყანა აწერს ხელს, მათ შორის ავსტრალია, ბელგია, დანია, გერმანია და იაპონიაც. ისინი იემენელი ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში საერთაშორისო კომერციულ ხომალდებზე მიტანილ იერიშებს უკანონოსა და გაუმართლებელს უწოდებენ.

თავად ჰუსიტები კი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ დაჯგუფება „ჰამასს“ და თავდასხმებს იქამდე განაგრძობენ, ვიდრე ისრაელი ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებს არ შეწყვეტს.