ჩემი მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც, ნაცვლად ისტორიის გადაწერის მცდელობებისა, დაგვეხმარა, საქართველოს ისტორიის ახალი, ევროპული გვერდის წერა დაგვეწყო -მაკა ბოჭორიშვილი

62
spot_img

დღეს ამ დარბაზში ბევრი ჩემთვის ძვირფასი კოლეგაა წარმოდგენილი, ვინც გასული წლიწად-ნახევრის განმავლობაში მტკიცედ და ხმამაღლა უჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ  იმ წვლილისთვის, რაც თქვენი მხარდაჭერით შეიტანეთ ევროკავშირის გადაწყვეტილებაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი პარლამენტების ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრაზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ამ უდავოდ ისტორიულმა გადაწყვეტილებამ მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნების ასრულებას.

„ურთულესი გამოწვევების და ინტენსიური დეზინფორმაციული კამპანიების გამკლავების ფონზე, ამ ისტორიულ მომენტამდე მოსვლა არ იყო მარტივი. ჩემი მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც, ნაცვლად ისტორიის გადაწერის მცდელობებისა, დაგვეხმარა, საქართველოს ისტორიის ახალი, ევროპული გვერდის წერა დაგვეწყო. არ ვართ გულუბრყვილოები და კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად რთული გზა გვაქვს გასავლელი, რომ საბოლოო მიზნამდე მივიდეთ და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გავხდეთ. თუმცა დღეს უფრო დიდი იმედით და სიძლიერით შეგვიძლია წინ სიარული, ვინაიდან საერთო მიზნის მისაღწევად ერთიანი ძალისხმევით ვივლით. საერთო მიზანი კი უფრო დიდი, ძლიერი და უკეთესი ევროპაა. მე იმედი მაქვს, ევროკავშირის ბელგიის თავმჯდომარეობა თავის წვლილს შეიტანს ამ პროცესში და საქართველო შეძლებს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.