Home Blog Page 1778

“მელიას პარტია იქნება სერიოზული ოპოზიციური პარტია” – რომან გოცირიძე

მელიას პარტია იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია, სერიოზული მოთამაშე ჩნდება, რომელიც გააძლიერებს ნომერ პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას – საკუთარი თავი ასეთი ცენტრის ერთ- ერთ ნაწილად წარმომიდგენია, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მელიას ნაბიჯი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

„ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა იყო სწორედ ეს გადაწყვეტილება, რაც შეეხება ნიკა მელია და მისი თანამოაზრეების მიერ პარტიის დაფუძნებას, ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია და მას ექნება მხარდაჭერა არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციული ამომრჩევლებისა, რომელთა საკმაოდ ნაწილი განხიბლულია „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მდგომარეობით, არამედ იმ ამომრჩევლის, რომელიც ორიენტირებული იყო ეროვნულ და ლიბერალურ პოლიტიკურ ძალაზე როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთ დროს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ უნდოდა მისთვის ხმის მიცემა. ეს ეხება ასევე ახალგაზრდობის დიდ ნაწილს. ნიკა მელია შესაძლებელია ამ ყაიდის ელექტორატის შემკრებიც იყოს, ასევე სერიოზული მოთამაშე ჩნდება უკვე ოპოზიციურ ფლანგზე იმ კუთხით, რომ იგი გააძლიერებს მომავალში მთავარი პოლიტიკური ცენტრის, მთავარი ოპოზიციური ძალის, ნომერ პირველი პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას, რომელსაც უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი პოტენციალი, ვიდრე დღეს აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილება. მძლავრი პოლიტიკური ბლოკი, „ნაციონალური მოძრაობა“, პლუს გახარიას პარტია, რომლებიც, ალბათ, გადალახავენ 5 პროცენტიან ბარიერს და აქეთ მათზე ძლიერი ასეთი ბლოკი, რომელიც გააერთიანებს ოპოზიციის დიდ ნაწილს, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ხელისუფლების შეცვლის მნიშვნელოვანი ფაქტორ“, – განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, იხილავენ თუ არა მას და ხატია დეკანოიძეს ნიკა მელიათან, გოცირიძე პასუხობს, რომ მას თავი მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნაწილად წარმოუდგენია, თუმცა, რა მოხდება მომავალში არავინ იცის და ამაზე საუბარი ნიკა მელიათან არ ჰქონიათ.

„ნახევარი წელია ვსაუბრობ, რომ უნდა შეიქმნას მთავარი ოპოზიციური ცენტრი, მე წარმომადგინა საკუთარი თავი ამ დიდი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთ ნაწილად. რა მოხდება მომავალში, ეს ჯერ არავინ იცის, არც მე და ხატიას გვქონია ამაზე საუბარი, არც ნიკასთან, ასე რომ დავაკვირდებით პროცესებს. მთავარია, ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს და ისეთი სტრუქტურა მიიღოს ოპოზიციის გაერთიანებამ, რომ მან შეძლოს „ქართული ოცნების“ დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა”, – განაცხადა გოცირიძემ.

თიბისის მხარდაჭერით, იტალიის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით გამოფენა „ეტრუსკების სამყარო” გაიხსნა

ანტიკური რომისა და პომპეის არქეოლოგიური საგანძურის გამოფენების შემდეგ, საქართველოში პირველად, თიბისის მხარდაჭერით, იტალიის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით გამოფენა „ეტრუსკების სამყარო” გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საგანძური იტალიის სამი მუზეუმიდან – კიუზის ეტრუსკული, კიანჩანო ტერმეს არქეოლოგიური და ფლორენციის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმების კოლექციებიდან.

გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი, იმოგზაურებს იდუმალებით აღსავსე ეტრუსკულ სამყაროში და გაეცნობა რომამდელ პერიოდში იტალიის ტერიტორიაზე არსებულ ყველაზე განვითარებულ ცივილიზაციას – ეტრუსკების ყოფასა და სარწმუნოებას, მათ წარმოდგენებს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ადათ-წესებსა და ტრადიციებს, დამწერლობასა და ადამიანთა გამოსახულებებს.

სკულპტურები, ბუკეროსა და ბრინჯაოს ჭურჭელი, კერამიკული და ოქროს ნაკეთობები, სახელგანთქმული კანოპების (ცხედრის ფერფლის შესანახი ჭურჭელი, რომლებიც კიუზის არეალისთვის იყო დამახასიათებელი) და მრავალი სხვა უნიკალური ნივთი დამთვალიერებლისთვის ეტრუსკული სამყაროს მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. გამოფენილ ექსპონატებს შორისაა კოლხეთთან დაკავშირებულ ორ ნაკეთობაც: ძვ.წ.400-380წწ. დათარიღებული თიხის თასი და ძვ.წ.300-275 წლების ბრინჯაოს სარკე არგონავტების მითის გამოსახულებით.

გამოფენა ხორციელდება თიბისის მხარდაჭერით, იტალიის საელჩოს მიერ, ტოსკანას მუზეუმების რეგიონულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით და იტალიური კომპანია „Glocal Project Consulting”-ისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საორგანიზაციო ხელშეწყობით.

თიბისი, ქვეყნის მასშტაბით, კულტურის და განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ამ პროცესში თიბისის მიზანია, როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიანი და თანმიმდევრული ხელშეწყობა. ამის მაგალითია ეს შესანიშნავი გამოფენა, რომელის ნახვაც დამთვალიერებელს 7 დეკემბრიდან, 2024 წლის 31 მარტამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში შეეძლება; შემდეგ კი ექსპოზიცია ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გადაინაცვლებს, სადაც მისი მონახულების საშუალება 2024 წლის 31 აგვისტომდე იქნება.

R

“ჩვენ შევძელით ის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და თან ვიღებთ კანდიდატის სტატუსს” – გურამ მაჭარაშვილი

ის, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდეს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთან დაკავშირებით, უკვე გაცხადებულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მოყვა ხელისუფლებისგან პრაგმატული და ადეკვატური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რის შედეგადაც საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„ის, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდეს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთან დაკავშირებით – უკვე გაცხადებულია. ჩვენ შევძელით ის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და თან ვიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ყველაზე მძლავრი იარაღი და შედეგი იმისა, რა ნაბიჯებიც თავის დროზე გადავდგით ჩვენ „ხალხის ძალამ“ და ამას მოყვა მთავრობის ადეკვატური და პრაგმატული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“, -განაცხადა მაჭარაშვილმა.

თბილისი CNN-ის საშობაო სამოგზაურო ქალაქების სიაში მოხვდა

„ევროპის საშობაოდ მორთული ჯადოსნური ქალაქები“-CNN-მა 12  ევროპული ქალაქი დაასახელა, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს.

 

ავსტრიულ, გერმანულ, ფრანგულ, ბელგიურ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ და პოლონურ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა. სტატიის ავტორი ჯო მინიჰელი CNN-ის სამოგზაურო პორტალის მკითხველს თბილისის მონახულებას ურჩევს.

 

„ვისაც შობა გიყვართ საქართველოს და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ, აქ შობა-ახალი წელი ნომერ პირველი დღესასწაულია. საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ შობას 25 დეკემბრის ნაცვლად 7 იანვარს აღნიშნავენ. დღესასწაულების მთავარი დღე საქართველოში 31 დეკემბერია,  ადგილობრივები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან, მთელ ქალაქში ცა  ფეიერვერკითაა განათებული. პარლამენტის შენობასთან დიდი ნაძვის ხეა, აქვე ახლოს ეწყობა საშობაო სოფელი და საფესტივალო ბაზრები,“-წერს CNN-ის ჟურნალისტი.

 

https://edition.cnn.com/travel/european-towns-and-cities-that-look-like-christmas/index.html

“კახეთის მაგისტრალის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა” – ირაკლი ქარსელაძე

კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია, რაც კახეთის მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელოვანი პროგრესის დასტურია. გეგმაზომიერად მიმდინარეობს დარჩენილი ორი მონაკვეთის მშენებლობაც და ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, კახეთის მაგისტრალის დასრულებული და მშენებარე მონაკვეთების დათვალიერებისას განაცხადა.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულდა და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 64 მილიონ ლარამდეა.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილ 31 კმ-ის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება. სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია და მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება. პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთი, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, საერთო ჯამში, 527 მილიონ ლარს აღემატება.

35 კმ-იანი მაგისტრალური გზის პროექტზე ტენდერი გამოცხადებული იყო ისეთი ფორმით, რომ ქართულ კომპანიებს ჰქონოდათ დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობა. შედეგად, ვაზიანის შემოვლითი 4 კმ-იანი გზა სწორედ ქართულმა კომპანიამ ააშენა.

თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და სოფელ თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. მაგისტრალური გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.

„მაღალი პროგრესია საგარეჯოს შემოვლითის მონაკვეთზეც, სადაც გზის ნაწილი მოყვანილია ქვედა საფარში, სამუშაოები გრძელდება და მომდევნო წელს დასრულდება. ასევე, წელს დავიწყეთ მსოფლიო ბანკის სესხით დაფინანსებული პროექტის – საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა. სამუშაოები გეგმის შესაბამისად ვითარდება და აღნიშნული მონაკვეთის დასრულება, ხელშეკრულების მიხედვით, 2025 წელს არის განსაზღვრული“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე, გრძელდება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა, გომბორის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია და ომალოს გზის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი.

“აგებს თუ არა უკრაინა ომს? პოლკოვნიკ პიერ დე იონგის ანალიზი”- Le Figaro

„აგებს თუ არა უკრაინა ომს? პოლკოვნიკ პიერ დე იონგის ანალიზი“ – ასეთი სათაური აქვს ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) სატელევიზიო არხის (Le Figaro TV) პროგრამით „თვალსაზრისი“ გადაცემულ ვიდეოსიუჟეტს (ინტერვიუს), რომელშიც ცნობილი ფრანგი სამხედრო ექსპერტი რუსეთ-უკრაინის ომის ანალიზს და პროგნოზს აკეთებს.

გთავაზობთ ვიდეოინტერვიუს ფრაგმენტს:

ალბან ბართელემი, ტელეჟურნალისტი:

პოლკოვნიკი პიერ დე იონგი 1994-1997 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკის პირად ადიუტანტად მუშაობდა – იგი პასუხისმგებელი იყო სამხედრო ანალიზისა და პროგნოზის საკითხებში.

ჩვენთვის საინტერესოა მისი შეფასება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე არსებული სიტუაციაზე.

მუსიე პიერ, თქვენი აზრით, რატომ განიცადა წარუმატებლობა უკრაინის არმიის კონტრშეტევამ?
პიერ დე იონგი, სამხედრო ექსპერტი:

პირველ რიგში იმიტომ, რომ უკრაინელები არ იყვნენ უზრუნველყოფილნი ყველა აუცილებელი სამხედრო ტექნიკით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი რომელიღაც პატარა და განუვითარებელი ქვეყანა არ არის.

მეორე – უკრაინელებმა არასწორი ტაქტიკა აირჩიეს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ სამი მიმართულებით შეუტევდნენ – ჩრდილოეთიდან, ცენტრიდან, სამხრეთიდან – და წარმატებას მიაღწევდნენ. ნებისმიერ სახელმძღვანელოში წერია, რომ კონტრშეტევის დროს აუცილებელია პრიორიტეტული და მეორეხარისხოვანი მიმართულებების არჩევა;

მესამე – დაუჯერებელი და პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია – უკრაინელები წინასწარ ავრცელებდნენ ინფორმაციას თავიანთი კონტრშეტევის ვადების თაობაზე, რამდენიმე დღით ადრე მის რეალურ დაწყებამდე. არადა, კონტრშეტევის მთელი საიდუმლო იმაშია, რომ იერიში მოულოდნელად, უეცრად მოხდეს განსაზღვრულ დროში, სწრაფად გაარღვიო მოწინააღმდეგის თავდაცვის ზღუდეები და მიღწეული წარმატება განამტკიცო. მაგრამ უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს წინასწარ მოსდეს თავიანთი გეგმები და რუსებმაც კარგად ისარგებლეს.

რა თქმა უნდა, შეტევის პროცესში უკრაინელები რუსების მიერ კარგად მომზადებულ გამაგრებულ ხაზს და მათ მძაფრ წინააღმდეგობას წააწყდნენ, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო.

რუსებმა ზედმიწევნით მჭიდროდ დანაღმეს მინდვრები, ააგეს გამაგრებული ხაზები, გათხარეს სანგრები და ტრანშეები, დადგეს ჰაუბიცები, რომლებიც ჭურვებს 20-30 კილომეტრზე ზუსტად ისვრიან… და ვერცერთმა უკრაინელმა ვერ შეძლო მათთან მიახლოება. მსგავს თავდაცვას უკრაინის არმია კი არა, ვერც სხვა არმია ვერ გაარღვევდა. ასეთია დღევანდელი სიტუაცია, რომელსაც თავისი სერიოზული შედეგები ექნება საშუალოვადიან პერსპექტივაში.

ალბან ბართელემი, ტელეჟურნალისტი:  – რამდენიმე თვის წინათ, განსაკუთრებით „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ, ზოგიერთები ამბობდნენ, რომ რუსეთის არმიის დამარცხება სრულიად შესაძლებელიაო, თუმცა დღეს სულ სხვაგვარი სიტუაციაა…

პიერ დე იონგი, სამხედრო ექსპერტი:

– მე პირადად არასდროს არ ვთვლიდი, რომ რუსეთი შეიძლებოდა დამარცხებულიყო. ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ რუსეთს წაგება არ შეუძლია, თუმცა არასოდეს არ მითქვამს ისიც, რომ რუსეთი გაიმარჯვებს-მეთქი. ამაში არის მცირე ნიუანსი. მაგრამ [უკრაინისათვის და დასავლეთისთვის] ნამდვილ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ რუსეთი ზესახელმწიფოა, რომელსაც დღეს, ორწლიანი ომის შემდეგ, ბრძოლებში გამოცდილი და გამოწრთობილი მაღალხარისხიანი არმია ჰყავს. ამ არმიას შეუძლია „ძველებურად“ იმოქმედოს ექსტრემალურ სიტუაციებში და ყურადღება არ მიაქციოს დანაკარგებს. რუსეთის არმიის მოქმედება უეცარია და დაუჯერებლად მარტივი. რაოდენობას თავისი მნიშვნელობა აქვს. რას ნიშნავს ძალთა თანაფარდობა? იმას, როცა თქვენივე შექმნილი ხელსაყრელი გარემოებების დროს, თქვენს არმიას აქვს საკმარისი ადამიანური რესურსები, რათა მოცემულ დროს და მოცემულ ადგილზე წარმატებას მიაღწიოს. ასე რომ, ძალთა თანაფარდობა ყოველთვის რუსეთის მხარესაა და მისთვის ხელსაყრელია“.

წყარო:

“ნიკა მელია ღირებული პოლიტიკოსია”- სალომე სამადაშვილი

მელია ღირებული პოლიტიკოსია – „ლელო“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც მიიჩნევს, რომ გვჭირდება რუსული რეჟიმის დამარცხება, მაგრამ მომავალი არ ნიშნავს ენმ-ის ერთპარტიული მმართველობის აღდგენას, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, მელიამ გასული წლების მანძილზე აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშეა ოპოზიციურ ველზე.

„ნიკა მელია, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი მოთამაშე გასული წლების მანძილზე ოპოზიციურ ველზე. ჩვენ გვახსოვს, რომ მან არაერთხელ ძალიან თავდადებით იბრძოლა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის არის ღირებული პოლიტიკოსი, წარმატებებს ვუსურვებ მას. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა გეგმები აქვს მას საკუთარ პარტიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება „ლელოს“ პოზიციას, ის ცნობილია – ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის ჩვენი პარტიული გაძლიერება, ამავე დროს „ლელო“ მუდამ ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკოსთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც იზიარებს „ლელოს“ ხედვას, რომ ჩვენ გვჭირდება რუსული რეჟიმის დამარცხება, მაგრამ მომავალი არ ნიშნავს წარსულში დაბრუნებას, ანუ არ ნიშნავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთპარტიული მმართველობის აღდგენას ქვეყანაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა.

ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც „ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის“.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამოგზაურო პლატფორმა Expedia-ზე ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო პლატფორმაზე Expedia ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

Expedia-სა და მის პარტნიორ ვებგვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების, ბუნების, სათავგადასავლო ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტებს შესახებ ინფორმაცია განთავსდება, მომზადება ციფრული ბანერები, კამპანია სოციალურ ქსელებსაც მოიცავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის სამიზნე ბაზრებია: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი და არაბთან გაერთიანებული საამიროები.

Expedia-ს მთელ მსოფლიოში 68 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტი ელექტრონული დაჯავშნის ვებგვერდს აერთიანებს. Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის სამი მილიონი ტურისტული, განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, საკრუიზო და ავტო გაქირავების კომპანიის შესახებ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ისრაელი და „ჰამასი“ არ არიან ახლოს ჰუმანიტარული პაუზის შესახებ ახალ შეთანხმებასთან” – ჯონ კირბი

ისრაელი და „ჰამასი“ არ არიან ახლოს ჰუმანიტარული პაუზის შესახებ ახალ შეთანხმებასთან, – ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, ამჟამად მძევლების დაბრუნების შესახებ არანაირი სიახლე არ არის.

„ჩვენ არ ვართ ახლოს ჰუმანიტარული პაუზის შესახებ მორიგი შეთანხმების დადებასთან. მე არ მაქვს რაიმე სიახლე მძევლების, როგორც ჩვენი, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეების, დაბრუნების თაობაზე. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მძევლების შესახებ. გვაქვს გარკვეული ინფორმაცია ზოგიერთი მძევალზე, თუმცა მათი დაბრუნების შესახებ რაიმე სიახლე არ არის“, – აღნიშნა კირბიმ.

“ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებას” – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს.

„ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებას დაკავებულთა ორმხრივი გათავისუფლებისა და ნდობის აღდგენის სხვა ზომების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია. ვეთანხმებით – არსებობს ისტორიული შანსი რეგიონში მშვიდობის მისაღწევად და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას“, – აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.

სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

“სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა თანხმდებიან, რომ ისტორიული შესაძლებლობა არსებობს რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად. ორი სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ სურვილს ურთიერთობები დაარეგულირონ და მიაღწიონ სამშვიდობო ხელშეკრულებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენისთვის “ხელშესახები ნაბიჯების” გადადგმას მოიცავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარულ ღირებულებებზე დაყრდნობით და კეთილგანწყობის ნიშნად აზერბაიჯანმა 32 სომეხი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა. თავის მხრივ, სომხეთმა ჰუმანიტარულ ღირებულებებზე დაყრდნობით და კეთილგანწყობის ნიშნად 2 აზერბაიჯანი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა.

ასევე აღნიშნულია, რომ კეთილგანწყობის ნიშნად სომხეთმა თავისი მხარდაჭერა გამოხატა აზერბაიჯანის მიერ გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის მხარეების კონფერენციის 29-ე სესიის (COP29) მასპინძლობისთვის კანდიდატურისთვის, და საკუთარი კანდიდატურა გაიწვია. თავის მხრივ აზერბაიჯანმა, კეთილგანწყობის ნიშნად, მხარდაჭერა გამოხატა გაერო-ს აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ბიუროში წევრობისთვის ნომინირებული სომხეთის კანდიდატურისადმი.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.