“დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ეკლესია არასოდეს ჩარეულა პოლიტიკაში და არჩევნებში” – შალვა პაპუაშვილი

11
spot_img

დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ეკლესია არასოდეს ჩარეულა არც პოლიტიკაში და არც არჩევნებში, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობების მიუხედავად, მის მაღალ ავტორიტეტსა და პოპულარობას განაპირობებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაკვირველია, ისაა, რომ ქართულ ეკლესიას „პრორუსულ“ პოლიტიკურ სენტიმენტებს აბრალებენ.

„საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია ცხადადაა გაყოფილი. მათი ურთიერთობები ე.წ. კონკორდატის საფუძველზე რეგულირდება, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს დაიდო და რომელიც საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს აღიარებს. კონკორდატს, ნაწილობრივ, იმიტომაც მოეწერა ხელი, რომ ეკლესიისთვის აენაზღაურებინა ზიანი, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დროს, რუსული ოკუპაციის პერიოდში მიადგა. სახელმწიფოს ეკლესიისგან გამიჯვნა საქართველოში უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც, ზოგიერთ შემთხვევაში, აურჩეველი საეკლესიო იერარქები საკანონმდებლო ორგანოს მაღალ საფეხურებს იკავებენ, ზოგან კი სახელმწიფო რესურსები ეკლესიისთვის გადასახადების აკრეფაში იხარჯება. დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ეკლესია არასოდეს ჩარეულა არც პოლიტიკაში და არც არჩევნებში, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობების მიუხედავად, მის მაღალ ავტორიტეტსა და პოპულარობას განაპირობებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაკვირველია, ისაა, რომ ქართულ ეკლესიას „პრორუსულ“ პოლიტიკურ სენტიმენტებს აბრალებენ. ჯერ ერთი, ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, სწორედ რუსეთმა ჩამოართვა ქართულ ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული დამოუკიდებლობა. რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, საქართველოს ეკლესიას ორჯერ მოუხდა ავტოკეფალიის აღდგენა. არც ერთი ქართველი სასულიერო პირი არც კი იფიქრებს, რომ თავისი ეკლესია რუსეთის კონტროლს დაუქვემდებაროს, თუნდაც იმის გამო, რომ რუსული ეკლესია საუკუნეებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ჩვენი ეკლესია. რაც შეეხება რელიგიურ მხარეს, არსებობს ევქარისტული კავშირი ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის, რადგან ორივე მართლმადიდებელი ეკლესიაა, ისევე, როგორც კონსტანტინოპოლის, საბერძნეთის, რუმინეთის და სხვა ეკლესიები.

1970-იან და 80-იან წლებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნული გამოღვიძებისა და დამოუკიდებლობის მოძრაობის ხელახლა დაბადების ადგილი იყო. პირადად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო თავის მრევლში ახალგაზრდა დისიდენტები და სულიერი საზრდო მისცა მათ პატრიოტულ ოცნებებს დამოუკიდებლობაზე. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს შეუძლიათ თქვან, რომ, დიდ წილად, სწორედ მათი დამსახურება იყო, რომ ქართველი ხალხი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე აღმოჩნდა მზად დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს თავისუფლებისათვის მტკიცე მებრძოლებისთვის, ალბათ, ძალიან მტკივნეულია, როდესაც მათ ბრალად პრორუსულობას სდებენ“, – აცხადებს პაპუაშვილი.