რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ბუნდოვანი კავშირების წყალობით მუშაობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის პრეზიდენტთან, ვიოლა ამჰერდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული რაკეტების წარმოება და რუსული თავდაცვის ინდუსტრიის მუშაობა ეფუძნება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ბუნდოვან კავშირებს.
„უკრაინას შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი აქვს გლობალურ მუშაობაში, რათა დაბლოკოს სანქციების გვერდის ავლის ყველა სქემა. ამჟამად ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული რაკეტები, რომლებიც ატერორებენ ჩვენს ქალაქებს, სხვა იარაღი, რომელსაც ისინი იყენებენ და მათი სამხედრო ინდუსტრიის მუშაობა ეფუძნება ბუნდოვან კავშირებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან. თითოეულ რუსულ რაკეტას აქვს ათობით კომპონენტი, რომლებიც შექმნილია სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპული კომპანიების მიერ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ელექტრონული კომპონენტების გარეშე რუსული ტერორი გაცილებით ნაკლები იქნებოდა რაკეტების უფრო რთული წარმოების გამო.
ზელენსკის თქმით, ექსპორტის ასეთ განსაკუთრებულ სახეობაზე კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს.
მან მოუწოდა შვეიცარიას, აქტიურად იმუშაოს ყველა პარტნიორთან, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე და დაბლოკოს მისი ტერორისტული პოტენციალი.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩამორთმეული რუსული აქტივების გამოყენება არის არა მხოლოდ ეფექტური, როგორც აგრესორის სასჯელი, არამედ საკმაოდ სამართლიანიც.
„ვინც დაიწყო ეს ომი, ყველაზე დიდი ფასიც მან უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველამ უნდა უზრუნველყოს რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაში მიცემა.