Home Blog Page 1778

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა 2024 წელს დაგეგმილ პროექტებზე.

საბჭოს წევრებმა სამუშაო რეჟიმში იმსჯელეს ქვეყანაში პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე; აღინიშნა, რომ ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობა მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

“კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მყარი მხარდაჭერა უნგრელი კოლეგების მხრიდან” – ირაკლი კობახიძე

უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე ზოგადად ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტი დასრულდა, რომელიც უნგრეთის ვიცე-პრემიერის მოწვევის საფუძველზე შედგა.

„დასრულდა ვიზიტი უნგრეთში, რომელიც შედგა უნგრეთის ვიცე-პრემიერის მოწვევის საფუძველზე. შევხვდით თავად ვიცე-პრემიერს. ასევე, შევხვდით პარლამენტში შესაბამის თანამდებობის პირებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ევროპული საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს. ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრები. იყო ძალიან საინტერესო დისკუსიები ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდებოდა ორმხრივ თანამშრომლობას, ასევე საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ძალიან მყარი მხარდაჭერა ჩვენი უნგრელი კოლეგების მხრიდან“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, უნგრეთშიც ასე ფიქრობენ თუ არა, რომ ერთი წლის წინ საქართველოს დამსახურებულად არ მოექცნენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, კობახიძემ აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია.

„უნგრეთის ხელისუფლების პოზიცია კანდიდატის საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან ნათელი. ამაზე თავად პრემიერმა, ბატონმა ორბანმაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გაკვირვებული იყო ყველა, როდესაც შარშან საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ობიექტურად საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც და იმსახურებს წელსაც. როდესაც ადამიანი ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით აფასებს არსებულ ვითარებას, ბუნებრივია უალტერნატივოა ის, რომ ქვეყანას ეკუთვნოდა და ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომავალ კვირაში საბოლოოდ იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ნიკა მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში დიდი არ არის” – ირაკლი კობახიძე

ნიკა მელია არ გადიოდა „ნაცმოძრაობიდან“ სანამ არ გარიცხეს და ამის მერე თქვა, რომ გავიდა პარტიიდან. ეს თავიდან ბოლომდე მეტყველებს მის არათანმიმდევრულობაზე, აქამდე თავმოყვარე კაცი უნდა გასულიყო „ნაცმოძრაობიდან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში დიდი არ არის, თუმცა მას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“, რაც დადებითად აისახება არჩევნების შედეგებზე.

„ამ უმძიმეს პოლიტიკურ პარტიას ვერ ელეოდა ამდენი ხნის განმავლობაში, ინარჩუნებდა იმედს, რომ მოახერხებდა “ნაცმოძრაობაში” პოზიციების აღდგენას. ახლა უკვე გარიცხულზე გასვლას არავითარი ფასი არ აქვს. მთლიანობაში მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში მაინცდამაინც დიდი არ არის, თუმცა კარგი ის არის, რომ მას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“. შესაბამისად ეს ყველაფერი ბუნებრივია დადებითად აისახება არჩევნების შედეგებზე.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ორბანის მთავრობა ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე” – დონალდ ტუსკი

ორბანის მთავრობა ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე, – ამის შესახებ მედიასთან საუბარში დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, უახლოეს მომავალში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გახდება.

ტუსკს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ ჰკითხეს.

„საქმე გვაქვს მთავრობასთან, რომელიც ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე. მოდით, გულწრფელები ვიყოთ. მისი მოსკოვთან და პუტინთან ურთიერთობები ორგანულია და არ ვფიქრობ, რომ ჩემს რწმენას საგრძნობლად შეუძლია მისი დამოკიდებულების ცვლილება.

დღეს ერთმანეთთან პოლიტიკურად ახლოს არ ვართ,” – განაცხადა ტუსკმა.

მან აღნიშნა, რომ ორბანის მთავრობა ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომელთა შედეგადაც პოლონეთმა უკრაინისადმი გადაცემული იარაღისთვის ევროკავშირისგან 800 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.

პოლონეთის სავარაუდო მომავალმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხისტი იქნება ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, სადაც უკრაინასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღიდან ლიდერების უმრავლესობა პოლონეთის აზრს გაითვალისწინებენ ხოლმე, როდესაც საუბარი იქნება უკრაინულ საკითხებზე და როდესაც საუბარი იქნება უნგრეთსა და ორბანზე“, – განაცხადა ტუსკმა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა არგუმენტებსა და მეთოდებს გამოიყენებს, რათა ორბანის დამოკიდებულების „ნეგატიური შედეგები მაინც აღმოფხვრას“.

“2024 წლის ბოლომდე რუსეთი უკრაინის პირობების საფუძველზე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს”

2024 წლის ბოლომდე რუსეთი უკრაინის პირობების საფუძველზე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის პირველმა მოადგილემ, ჯონათან ფაინერმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მიზანია, რუსეთი არჩევანის წინაშე დააყენოს: ან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, ან „საქმე ჰქონდეს უფრო ძლიერ უკრაინასთან, რომელიც ეყრდნობა მძლავრ სამრეწველო ბაზას აშშ-სა და ევროპაში“ და იერიშზე გადასვლა შეუძლია.

„გვსურს, რომ მომავალი წლის ბოლოს უკრაინელები ისეთ პოზიციებზე აღმოჩნდნენ, რომ რუსეთს მოუწიოს გადაწყვეტილების მიღება: დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინისთვის ხელსაყრელი პირობების საფუძველზე ან ებრძოლოს გაცილებით უფრო ძლიერ უკრაინას“, – აღნიშნა ფაინერმა.

“ჟენევის დისკუსიების პოლიტიკური ფონი და ქვეტექსტები”- “ამერიკის ხმა”

ამერიკული სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჟენევის დისკუსიების პოლიტიკური ფონი და ქვეტექსტები“, რომელშიც ამას წინათ შვეიცარიაში გამართული ქართულ-რუსული მოლაპარაკებების შედეგებია გაანალიზებული.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

ჟენევაში ქართულ-რუსული მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი იმავენაირად დასრულდა, როგორც ყველა წინამორბედი – მხარეებმა კვლავ დააფიქსირეს განსხვავებულ პოზიციებზე დარჩენის შესახებ. თუმცა სიახლე შეხვედრისას მაინც იყო გამოხატული ქვეტექსტებში, პოლიტიკურ ფონზე, რაც შექმნილია რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომიდან გამომდინარე.

ჟენევაში, მოლაპარაკებების დროს რუსეთის მხარე, როგორც წესი, მოლაპარაკების მაგიდას ტოვებს, ტრადიციულად, მას შემდეგ, რაც ქართული მხარე აყენებს დევნილთა დაბრუნების საკითხს. ეს, ერთგვარად უკვე შეჩვეული და ბევრჯერ გადათამაშებული „წესია“. არც 59-ე რაუნდი ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი.

რუსულმა დელეგაციამ უკმაყოფილება დააფიქსირა გაეროს რეზოლუციის გამოც დევნილთა დაბრუნების საკითხზე. ისინი მას უწოდებენ „სერიოზულ გამაღიზიანებელს“ ჟენევის დისკუსიებისთვის, რომელიც „ხელს უშლის ჰუმანიტარულ საკითხებზე მოლაპარაკებებს“. ამბობენ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია „პოლიტიზებულია“, საქართველოს მიერ მისი ყოველ წელს კენჭისყრაზე დაყენება რუსეთს ყელზე ადგას.

საქართველოს წარმომადგენლები, შეხვედრის შემდეგ, ამბობდნენ, რომ რა თქმა უნდა, დააყენეს დევნილთა დაბრუნების, ადამიანთა გატაცებებისა და ბორდერიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხები და მოსთხოვეს პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობის გამო რუსულ მხარეს.

რუსული მხარე გინტურის მკვლელობაზე კომენტირებისას „ტერმინოლოგიის გასწორებისკენ“ მიუთითებდა ჟურნალისტებს. მათ თქვეს, რომ ეს არაა მკვლელობა, რაც წინასწარ განზრახულ და დაგეგმილ დანაშაულს გულისხმობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები იქცეოდნენ „კანონის ფარგლებში“, რადგან მათ პირისპირ იმყოფებოდა„ცულით შეიარაღებული ადამიანი“. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რუსული მხარე გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას იხსნის.

„რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, როცა ვიცით, რომ მესაზღვრეები კანონის დაცვით მოქმედებდნენ? ამის შეფასება მკვლელობად არაა სწორი,“- ამბობს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი.

რუსული მხარისგან განსხვავებული პოზიცია გამოხატა შეხვედრიდან გამოსულმა ევროკავშირის წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა. მან თქვა, რომ ყველამ უნდა იზრუნოს, რათა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან შეიქმნას ისეთი ვითარება, რა დროსაც ადგილობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს არ შეეშინდებათ ეკლესიებში და ახლობელთა საფლავებზე მისვლა და არ ექნებათ საფრთხის განცდა, რომ ამ დროს შეიძლება ისინი დააკავონ, ან მოკლან.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებულად დიდი დრო დაეთმო თამაზ გინტურის საკითხს.

რუსული მხარე ღიად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს უნდა აუხსნან და გააგებინონ, არ გადაკვეთონ „საზღვარი“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ჟენევიდან აცხადებდა, რომ დე-ფაქტო ტერიტორიებზე მილიტარიზაციის პროცესი გრძელდება. „ისინი [რუსები] ამბობენ, რომ ესაა სუვერენული ტერიტორიები.

ისევ ცინიკური მიდგომაა. თავის თავს მედიატორებად მიიჩნევენ… თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ საერთაშორისო სამართლისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, ვალდებულებები გააჩნია რუსეთის ფედერაციას. მათ შორის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით, რომელიც ხელმოწერილია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მიერ,“- ამბობს ლაშა დარსალია.

„ექვს პუნქტიანი“ შეთანხმება, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მიერ, საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობითაა ხელმოწერილი, 2008 წლის 12 აგვისტოს დაიდო. სწორედ ეს შეთანხმებაა ჟენევის მოლაპარაკებებისთვის საბაზისო დოკუმენტი. რუსული მხარე ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში რამდენიმე, ერთმანეთისგან დაპირისპირებულ მიდგომას ავითარებს.

ერთი მხრივ, რუსეთი შეთანხმებას აღიარებს, რადგან ამ შეთანხმების საფუძველზე უშვებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მოლაპარაკებებზე, მეორე მხრივ კი არ აღიარებს შეთანხმებას, რადგან მიიჩნევს, რომ „განსხვავებული პოლიტიკური ვითარება შეიქმნა“. განსხვავებულობაში იგულისხმება ის, რომ 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმებიდან ორიოდე კვირაში რუსეთის ფედერაციამ ეგრეთ წოდებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო.
უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებულია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა ეგრეთ წოდებული „საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციისა“ და ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმებაზე ხელმოწერის მიმართულებით. საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ ერთადერთი საზღვარი, რასაც ცნობს, ესაა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან – აფხაზეთის მიმართულებით ფსოუზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი როკის გვირაბთან.
„საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის“ საკითხი ასევე მწვავედ ისმის ინციდენტების პრევენციის ფარგლებში მოლაპარაკებებზეც, რაც ერგნეთში იმართება ხოლმე. ეს უკანასკნელი არის ჟენევაში მიმდინარე შეხვედრების ერთგვარი „არაპოლიტიკური“ განყოფილება. ანალოგიური შეხვედრის ფორმატი არსებობდა გალის მიმართულებითაც 2018 წლამდე, თუმცა ის დე-ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების ინიციატივით ჩაიშალა.
ახლა, აფხაზური მხარე სულ უფრო ხშირად საუბრობს შეხვედრების აღდგენის საჭიროებაზე, მაგრამ თბილისი, რომელიც მანამდე შეხვედრების ჩაუტარებლობის გამო გამოხატავდა უკმაყოფილებას, ახლა სულაც არაა აღტაცებული აფხაზური ინიციატივის გამო.

რა შეიცვალა? შეიცვალა უსაფრთხოების საკითხი რუსეთისთვის, მიიჩნევს „კოალიცია აფხაზეთისთვის“ წარმომადგენელი ნუკრი ნოდია. ეს რომ შესაძლოა, მართლაც, ასე იყოს, ადასტურებს რუსეთის ფედერაციისა და დე-ფაქტო ცხინვალის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც და აფხაზეთის მონდომებაც გალში მოლაპარაკებების აღდგენის თაობაზე.
აფხაზეთი საქართველოს მოლაპარაკებების აღდგენას გალში კი სთავაზობს, მაგრამ თავისი პირობებით. პირობა რამდენიმეა, მათ შორის, ერთია ლოკაციის და მეორე – შეხვედრის წესის ცვლილება. 2018 წლამდე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს გალში, რომლის ფასილიტაციასაც ეუთო აკეთებდა, შეხვედრისთვის მიმავალი საქართველოს წარმომადგენლები ავტომანქანებით ენგურის ხიდს გადაივლიდნენ და დაახლოებით, 4 კილომეტრში შეხვედრის ადგილას ხვდებოდნენ. ხიდის გადაკვეთისას ისინი პირადობის მოწმობას აჩვენებდნენ საგუშაგოზე, ავტომანქანიდან გადასვლის გარეშე.

ახლა, იმ საკითხზე აპელირებით, რომ აფხაზებისთვის აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, რომლის „საზღვარიც“ საქართველოს წარმომადგენლებმა უნდა გადაკვეთონ, ისინი მოითხოვენ არა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების წარმოდგენას საქართველოს დელეგაციის მხრიდან, არამედ პასპორტის, როგორც ეს შეესაბამება ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას ქმედებას. საქართველოსთვის აფხაზეთი განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, არავინ დათანხმდება მსგავს დამამცირებელ პირობას. ამ „უხერხულობის“ თავიდან ასარიდებლად, აფხაზურმა მხარემ ერთ „გამოსავალს“ მიაგნო.

იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაციას ვითომდა, პასპორტების წარდგენა არ დასჭირდეს „საზღვარზე“, მათ შეხვედრისთვის შენობის მოწყობა ენგურის ხიდის სიახლოვეს დაიწყეს და ფართო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩაერთნენ. საქართველოში ფიქრობენ, რომ ეს მშენებლობა დაკავშირებულია არა აფხაზეთის, არამედ რუსეთის უსაფრთხოების საკითხთან. უკრაინასთან წამოწყებული ომის გამო, რუსეთი სულ უფრო და უფრო ეხვევა თავისსავე ხაფანგში. ცოტა ხნის წინ განაახლეს სამუშაოები ოჩამჩირის პორტში, სადაც, შესაძლოა, რუსულ ხომალდებს თავშესაფარი დასჭირდეთ. თუმცა ცხადია, რომ ეს საკმარისი არაა და რუსეთს უფრო მეტი საზღვაო პერიმეტრი დასჭირდება, მასზე მიბმული ინფრასტრუქტურით იმისთვის, რომ შავ ზღვაში პოზიციები შეინარჩუნოს და გეგმა „ბ“ დააზღვიოს.
ნუკრი ნოდია „კოალიცია აფხაზეთისთვის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ რუსეთს სჭირდება დამატებითი ინფრასტრუქტურა და გალის მოლაპარაკებებისთვის თითქოსდა ახალი ლოკაციისა და მშენებლობების საკითხიც მასზეა მიბმული – ერთგვარი კამუფლაჟისთვის სამხედრო ინფრასტრუქტურის გასამართად.

საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ჟენევის მოლაპარაკებების საკითხზე მიბმულია შავი ზღვა და ნატო. თავის განცხადებაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას პირდაპირ წერს. „სოხუმისა და ცხინვალის მომავალი უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა განპირობებულია ნატოს მზარდი გააქტიურებით შავი ზღვის რეგიონში. ალიანსთან საქართველოს სამხედრო თავსებადობის გეგმის რეალიზაციის გამო, აქ თავს იყრის სხვადასხვა ტიპის თანამედროვე იარაღი“,- ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ ჟენევის მოლაპარაკებების ანგარიშში.

ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა აშშ საელჩომ, სადაც ნათქვამია იმის თაობაზე, რომ შეხვედრაზე შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი ცალსახა ვალდებულება ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით – გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე.
„რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც რუსეთის მიმდინარე ბორდერიზაცია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისოდ აღიარებული და საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდი ხნის ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა კონფლიქტის მოსაგვარებლად,“- ნათქვამია განცხადებაში. აქვე, არის ნახსენები უკრაინაც.

„რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გვახსენებს, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში არ არის იზოლირებული. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ქცევას, ისევე როგორც ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას,“- აღნიშნულია აშშ-ს წარმომადგენლის შეფასებაში.

ჟენევის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შეიქმნა და ის ერთადერთია, სადაც საქართველოს დელეგაცია რუსეთის წარმომადგენლებს ხვდება, საერთაშორისო პარტნიორების – აშშ-ს, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს თანხლებით. მოლაპარაკების მაგიდასთან იმყოფებიან დე-ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები. შეხვედრები, როგორც წესი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ფორმატების ჭრილში. 5 და 6 დეკემბერს მოლაპარაკება 59-დ გაიმართა.

წყარო:

“ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს”

ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ცნობილია. ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, გარდა ევროინტეგრაციისა, საუბარი შეეხო სხვადასხვა საკითხებსაც.

„ჩვენი შეხვედრებისას მოლაპარაკებები, აზრთა გაზიარება არ ეხებოდა მხოლოდ ევროპული ურთიერთობების თემას, სადაც უნგრეთი არის უპირობო, მყარი მხარდამჭერი. საკმაოდ ახლო მდგომი პოზიციები დავაფიქსირეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, დამოკიდებულებებზე, მთელი რიგი პრინციპული საკითხების მიმართ. ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ცნობილია. ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს. საერთო მხარდაჭერა კარგად გამოჩნდა პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ქართული დელეგაციების ვიზიტისას, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ მას დავამარცხებთ!”

რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ! – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სია “გამარჯვების კოალიციამ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად უნდა ჩამოაყალიბონ.

„რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას (ეს სუფთა რუსული ტექნოლოგიაა) მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ!

საარჩევნო სია “გამარჯვების კოალიციამ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად უნდა ჩამოაყალიბონ უკვე არსებული დემოკრატიული ტრადიციით, პარტიის წევრების მიერ ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრით. ეს საშუალებას მოგვცემს სერიოზულად განვაახლოთ პოლიტიკური სპექტრი. ჩვენ არ დავკარგავთ არც ერთ დღეს არსებულ ხმას, არამედ პირიქით, გავაფართოებთ ჩვენს საარჩევნო ბაზას.

მინდა შეგახსენოთ, რომ 2003 წლის არჩევნების წინ, დიდი ოპოზიციური არხები ყველაზე ნაკლებად „ნაციონალურ მოძრაობას“ სწყალობდნენ, მაგრამ ჩვენ გამოგვყვა ხალხი, რადგან სწორედ ჩვენ განვასახიერებდით რეჟიმთან შეურიგებლობას და ჩვენ გვქონდა მომავლის ყველაზე სწორი ხედვა.

მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ეს რეჟიმი ვერასდროს გაგვტეხს და ჩვენ აუცილებლად ფართოდ გავშლით ჩვენს ხედვას და რაც მთავარია, ხალხმა იცის, მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ!“ – განაცხადა სააკაშვილმა.

წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ოფიციალურად გახსნეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გმირ სამხედროს დევნილთა დასახლებაში სკვერისა და სპორტული მოედნის გახსნის სურვილი სიცოცხლეშივე ჰქონდა.

„ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ეს სურვილი რამდენიმე წლის წინ განახორციელა. დღეს კი, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სკვერში გმირის მემორიალი გაიხსნა. უწყებამ სკვერის გამწვანებაშიც მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და წილკნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების  გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან  11 დეკემბრის  08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბელიანის N26-დან ანტონ ფურცელაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით.

“უკრაინა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია, თუმცა მიანიშნა, რომ სხვა საკითხებზე კომპრომისზე წასასვლელად მზადაა.

ვიქტორ ორბანმა პარიზში ვიზიტის დროს, Le Point-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, რადგან უკრაინა ამისთვის მზად არ არის.

მან გააპროტესტა ევროკომისიის შეფასება, რომ უკრაინამ პროგრესს მიაღწია.

„უკრაინა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში. ეს ხუმრობაა! ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის დაწყების შესახებ“, – აღნიშნა ორბანმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, ბლოკში უკრაინის მიღება ნიშნავს დამატებით ხარჯებს ევროკავშირის ბიუჯეტისთვის და დიდ ზემოქმედებას სოფლის მეურნეობის პოლიტიკაზე.

ამასთან, უნგრეთის პრემიერმა სხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით დათმობაზე მიანიშნა.

კითხვაზე, არ შეიცვლის თუ არა ის დამოკიდებულებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროპული კომისია უნგრეთისთვის 10 მილიარდ ევროს განბლოკავს, ორბანმა უპასუხა: „როდესაც დილემა ჩნდება, მე მას ჩვეულებრივ სამ კატეგორიად ვყოფ: ისტორიულ, სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებად“.

„უკრაინის საკითხი ისტორიული საკითხია, მასშტაბური საკითხია. ფინანსური საკითხი ტაქტიკურია. პოლიტიკაში ჩემმა ორმოც წელზე მეტ ხნიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ არასოდეს უნდა დაუკავშიროთ ტექნიკური საკითხები, როგორიცაა ფული, ისტორიულ გამოწვევებს. თუ ამას აკეთებთ, თქვენ რისკავთ სრული ქაოსის შექმნას. ამიტომაც არ მსურს უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა, მაგრამ სხვა საკითხებზე სრულად მზად ვარ“, – აღნიშნა ორბანმა.

“საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება” – ვახტანგ ცინცაძე

2023 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 316.0 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო სამი კვარტლის ჯამში 1,388 მლრდ დოლარი შეადგინა. „ინვესტიციის არსებული მაჩვენებელი უკავშირდება რამდენიმე კომპონენტს, კერძოდ, სააქციო კაპიტალში ინვესტიციები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 2,5-ჯერ მეტია. ასევე სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების ჯამური მოცულობა 30 პროცენტითაა გაზრდილი, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კვარტალურ ჭრილში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის” მიერ 2023 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის კომენტირებისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა – საუბარია კომპანიების მიერ სავალო ვალდებულებების გასტუმრებაზე დამფუძნებელი კომპანიების მიმართ, რაც განაპირობა ხელსაყრელმა ბიზნეს გარემომ და კომპანიების მიერ შემოსავლების გენერირებამ. „აღნიშნული ფაქტორების შედეგად, კომპანიებმა შეძლეს დამფუძნებელი კომპანიების მიმართ სავალო ვალდებულებების გასტუმრება, რაც ასევე პოზიტიური ფაქტორია და პირდაპირი უცხოური კომპანიების ფინანსურ მდგრადობასა და მათი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებაზე მიანიშნებს,” – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

„საქსტატის” ცნობით, ინვესტორი ქვეყნების მიხედვით 2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აშშ-დან განხორციელდა, შემდეგa მოდის გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი. 2023 წლის სამ კვარტალში ასევე ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, სადაც ინვესტიციამ მთლიანი ინვესტიციის 24.6% შეადგინა. შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი და ენერგეტიკა.

„საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, რაც ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, მოაქვს ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.