Home Blog Page 1778

“ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს”

ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ცნობილია. ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, გარდა ევროინტეგრაციისა, საუბარი შეეხო სხვადასხვა საკითხებსაც.

„ჩვენი შეხვედრებისას მოლაპარაკებები, აზრთა გაზიარება არ ეხებოდა მხოლოდ ევროპული ურთიერთობების თემას, სადაც უნგრეთი არის უპირობო, მყარი მხარდამჭერი. საკმაოდ ახლო მდგომი პოზიციები დავაფიქსირეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, დამოკიდებულებებზე, მთელი რიგი პრინციპული საკითხების მიმართ. ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ცნობილია. ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს. საერთო მხარდაჭერა კარგად გამოჩნდა პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ქართული დელეგაციების ვიზიტისას, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ მას დავამარცხებთ!”

რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ! – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სია “გამარჯვების კოალიციამ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად უნდა ჩამოაყალიბონ.

„რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას (ეს სუფთა რუსული ტექნოლოგიაა) მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ!

საარჩევნო სია “გამარჯვების კოალიციამ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად უნდა ჩამოაყალიბონ უკვე არსებული დემოკრატიული ტრადიციით, პარტიის წევრების მიერ ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრით. ეს საშუალებას მოგვცემს სერიოზულად განვაახლოთ პოლიტიკური სპექტრი. ჩვენ არ დავკარგავთ არც ერთ დღეს არსებულ ხმას, არამედ პირიქით, გავაფართოებთ ჩვენს საარჩევნო ბაზას.

მინდა შეგახსენოთ, რომ 2003 წლის არჩევნების წინ, დიდი ოპოზიციური არხები ყველაზე ნაკლებად „ნაციონალურ მოძრაობას“ სწყალობდნენ, მაგრამ ჩვენ გამოგვყვა ხალხი, რადგან სწორედ ჩვენ განვასახიერებდით რეჟიმთან შეურიგებლობას და ჩვენ გვქონდა მომავლის ყველაზე სწორი ხედვა.

მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ეს რეჟიმი ვერასდროს გაგვტეხს და ჩვენ აუცილებლად ფართოდ გავშლით ჩვენს ხედვას და რაც მთავარია, ხალხმა იცის, მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ!“ – განაცხადა სააკაშვილმა.

წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ოფიციალურად გახსნეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გმირ სამხედროს დევნილთა დასახლებაში სკვერისა და სპორტული მოედნის გახსნის სურვილი სიცოცხლეშივე ჰქონდა.

„ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ეს სურვილი რამდენიმე წლის წინ განახორციელა. დღეს კი, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სკვერში გმირის მემორიალი გაიხსნა. უწყებამ სკვერის გამწვანებაშიც მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და წილკნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების  გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან  11 დეკემბრის  08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბელიანის N26-დან ანტონ ფურცელაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით.

“უკრაინა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია, თუმცა მიანიშნა, რომ სხვა საკითხებზე კომპრომისზე წასასვლელად მზადაა.

ვიქტორ ორბანმა პარიზში ვიზიტის დროს, Le Point-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, რადგან უკრაინა ამისთვის მზად არ არის.

მან გააპროტესტა ევროკომისიის შეფასება, რომ უკრაინამ პროგრესს მიაღწია.

„უკრაინა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში. ეს ხუმრობაა! ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის დაწყების შესახებ“, – აღნიშნა ორბანმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, ბლოკში უკრაინის მიღება ნიშნავს დამატებით ხარჯებს ევროკავშირის ბიუჯეტისთვის და დიდ ზემოქმედებას სოფლის მეურნეობის პოლიტიკაზე.

ამასთან, უნგრეთის პრემიერმა სხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით დათმობაზე მიანიშნა.

კითხვაზე, არ შეიცვლის თუ არა ის დამოკიდებულებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროპული კომისია უნგრეთისთვის 10 მილიარდ ევროს განბლოკავს, ორბანმა უპასუხა: „როდესაც დილემა ჩნდება, მე მას ჩვეულებრივ სამ კატეგორიად ვყოფ: ისტორიულ, სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებად“.

„უკრაინის საკითხი ისტორიული საკითხია, მასშტაბური საკითხია. ფინანსური საკითხი ტაქტიკურია. პოლიტიკაში ჩემმა ორმოც წელზე მეტ ხნიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ არასოდეს უნდა დაუკავშიროთ ტექნიკური საკითხები, როგორიცაა ფული, ისტორიულ გამოწვევებს. თუ ამას აკეთებთ, თქვენ რისკავთ სრული ქაოსის შექმნას. ამიტომაც არ მსურს უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა, მაგრამ სხვა საკითხებზე სრულად მზად ვარ“, – აღნიშნა ორბანმა.

“საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება” – ვახტანგ ცინცაძე

2023 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 316.0 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო სამი კვარტლის ჯამში 1,388 მლრდ დოლარი შეადგინა. „ინვესტიციის არსებული მაჩვენებელი უკავშირდება რამდენიმე კომპონენტს, კერძოდ, სააქციო კაპიტალში ინვესტიციები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 2,5-ჯერ მეტია. ასევე სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების ჯამური მოცულობა 30 პროცენტითაა გაზრდილი, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კვარტალურ ჭრილში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის” მიერ 2023 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის კომენტირებისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა – საუბარია კომპანიების მიერ სავალო ვალდებულებების გასტუმრებაზე დამფუძნებელი კომპანიების მიმართ, რაც განაპირობა ხელსაყრელმა ბიზნეს გარემომ და კომპანიების მიერ შემოსავლების გენერირებამ. „აღნიშნული ფაქტორების შედეგად, კომპანიებმა შეძლეს დამფუძნებელი კომპანიების მიმართ სავალო ვალდებულებების გასტუმრება, რაც ასევე პოზიტიური ფაქტორია და პირდაპირი უცხოური კომპანიების ფინანსურ მდგრადობასა და მათი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებაზე მიანიშნებს,” – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

„საქსტატის” ცნობით, ინვესტორი ქვეყნების მიხედვით 2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აშშ-დან განხორციელდა, შემდეგa მოდის გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი. 2023 წლის სამ კვარტალში ასევე ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, სადაც ინვესტიციამ მთლიანი ინვესტიციის 24.6% შეადგინა. შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი და ენერგეტიკა.

„საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, რაც ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, მოაქვს ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

“რადგანაც უკრაინის შესახებ დასავლური ერთიანობა სუსტდება, პუტინს ეტაპობრივი გამარჯვების იმედი აქვს” – CNN

უკრაინისადმი დასავლურ ერთიანობაში გაჩენილი ბზარი – ამ სათაურით ანალიტიკურ სტატიას CNN-ი აქვეყნებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების დაბლოკვის ფონზე, ვლადიმერ პუტინს ეტაპობრივი გამარჯვების იმედი აქვს, წერს საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი ნიკ უოლში.

სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სასარგებლოდ ვითარდება მოვლენები კიევშიც, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და არმიის მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის შორის, კვლავ განხეთქილებაა.

ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „სპეცოპერაციის“ მონაწილეს, არტემ ჟოგას განუცხადა.

რუსული მედიის ცნობით, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებთან არაფორმალური კომუნიკაციის დროს, ბატალიონ „სპარტას“ ბატალიონის მეთაურმა, არტემ ჟოგამ ვლადიმერ პუტინს თხოვნით მიმართა, არჩევნებში კენჭი იყაროს და რუსეთის ლიდერი მის „თხოვნას დასთანხმდა“.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ დღეს განაცხადა, რომ არჩევნები სამ დღეს – 15 მარტიდან 17 მარტამდე – გაგრძელდება.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ოთხჯერ აირჩიეს – 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში. რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, მან 2024 წელს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება მიიღო.

სამსახურის წარმომადგენლები ნიდერლანდების სავაჭრო მისიის მიერ გამართულ სემინარს დაესწრნენ

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე,სამსახურის თანამშრომლებთან და სახელმწიფო ორგანიზიციების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ სემინარს: ”მებაღეობის განვითარება საქართველოში”. შეხვედრის მასპინძელი საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი იყო.

აღნიშნული სემინარის გამართვის ინიციატორი, ნიდერლანდების რეგიონული სავაჭრო მისია გახლდათ, რომელიც სომხეთის შემდეგ, საქართველოს ეწვია.

გაიმართა საინტერესო შეხვედრები სტუმრებთან. ჰოლანდიური კომპანიის, ”ჰოლანდორის” პარტნიორმა და რეგიონული მიმართულებით პროექტების კონსულტანტმა, ჯოს ლიიტერსმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა ვეტერანთა შვილებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართა

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში “მუზა”, საქართველოს ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა “სი-მი,” ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა შვილებისთვის, საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კონცერტს, პატარებთან ერთად, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი.

მევიოლინეთა ანსამბლი “სი-მი,” მრავალი წელია, ეროვნული სასახლის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. მისი უცვლელი ხელმძღვანელი, ელენე ცარციძე, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული მუსიკოსია, რომელიც კლასიკური მუსიკის შედევრებს, ახალგაზრდა ვირტუოზებთან ერთად ასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორი, ანსამბლის მენეჯერი, ქალბატონი ვენერა მალიძე გახლდათ; ანსამბლმა, არა ერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა, რომელთა შორისაა: “კლასიკური მუსიკა ყველასათვის,” “სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს” და პროექტი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის- “თანადგომა”.

მსოფლიოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რომელთაც არა ერთი ადამიანის, მათ შორის ათასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, ანსამბლმა ახალი პროექტი “მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს”დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, პირველი საქველმოქმედო კონცერტი, ანსამბლმა და მისმა მესვეურებმა, სწორედ, ომის ვეტერანთა და ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილებისთვის გამართეს. პატარა ვირტუოზებმა, კლასიკური მუსიკის ჰანგებით გამოუცხადეს თანადგომა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა და ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთა შვილებს; მადლიერება გამოხატეს იმ ღვაწლისთვის, რაც მათმა მშობლებმა სამშობლოსთვის გაიღეს.

პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა კომპანია ”ბარამბომ”, რომელმაც კონცერტზე დამსწრე ბავშვებს, საჩუქრად, ტკბილეულის კალათები გადასცა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უცხადებს საქართველოს ეროვნული სასახლის ხელმძღვანელობას, მევიოლინეთა ანსამბლ “სი-მს,” მის მესვეურებს, კომპანია ”ბარამბოს”, სამსახურის ბენეფიციართა მიმართ გამოხატული თანადგომისთვის და მათ წარმატებებს უსურვებს.

“როგორ შეიძლება 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვა ჩვენი მისამართით იყოს, როცა შს მინისტრი გახარია იყო?!”

2019 წლის 20 ივნისს შს მინისტრი გიორგი გახარია გახლდათ – როგორც მას უყვარს, წერტილი! როგორ შეიძლება 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვა ჩვენი მისამართით იყოს, როცა შს მინისტრი გახარია იყო?! – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, თუ ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება, ღუდუშაურმა ხაზგასმით აღნიშნა, „ყველაფერზე პასუხისმგებელი შს მინისტრია“.

„გახარიას ჰგონია, რომ დღეს ჟურნალისტებთან მოქნილად პოზიციონირებს და საკითხებს ღიად ტოვებს. გახარია იმ დროს შს მინისტრი იყო და შესაბამისად, თუ არა ის, ვის შეეძლო ასეთი რამ გაეკეთებინა? თქვენ იცით, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ამასთან დაკავშირებით არაერთ საქმეზე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. იქ აღნიშნულია მთელი რიგი საკითხები. სახელმწიფოს პოზიციონირება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ შეფასდა კანონისა და ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში. ევროპის სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფო პოზიციონირებდა სწორად“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

“ხაბეიშვილს, ჰოლივუდის ღიმილით რომ დადიოდა ამერიკაში, ელვა დეპეშა გაუგზავნეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ კარგი იქნებაო”

ხაბეიშვილს, ჰოლივუდის ღიმილით რომ დადიოდა ამერიკაში, ელვა დეპეშა გაუგზავნეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ კარგი იქნებაო, არ მგონია, ჩამოუსწროს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მელიამ ხაბეიშვილს დაუანონსა, რომ ძველი „ნაცმოძრაობის“ ნანგრევებზე აპირებს ახალი „ნაცმოძრაობის“ შექმნას“.

„ის ლოგიკური დასასრული ვნახეთ, რასაც ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობა” დასრულდებოდა როგორც პოლიტიკური ძალა. დე- იურე ეს როგორ გაფორმდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ ხაბეიშვილს, რომელიც ჰოლივუდის ღიმილით დადიოდა ამერიკაში და ვიზიტებს აწარმოებდა,ელვა დეპეშა გაუგზავნეს და უთხრეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ, კარგი იქნებაო, მაგრამ არ მგონია ცოცხალს ჩამოუსწროს, რადგან მელიამ დაუანონსა, რომ ძველი „ნაცმოძრაობის“ ნანგრევებზე აპირებს ახალი „ნაცმოძრაობის“ შექმნას. ქართულ საზოგადოებას ნაკლებად აღელვებს ხაბეიშვილი- მელიადან რომელი იქნება ორიგინალი და რომელი ასლი „ნაცი“. მთავარია ის, რომ ის პროცესი რასაც „ნაცმოძრაობის“ დანგრევა ჰქვია, დასრულდა, ახლა რა მოხდება, ორი “ნაცმოძრაობა” იქნება, ახალი, ძველი, უახლესი თუ შუა „ნაცმოძრაობა“ შეიქმნება, ეს დამოკიდებულია იურიდიულ ტექნიკაზე, თუ როგორ გააფორმებენ ამ ყველაფერს. ამ ორივე „ნაცმოძრაობას“ დიდი ალბათობით შეიძლება საერთოდ გამორჩეს 2024 წლის არჩევნები ისე არიან ერთმანეთს გადაკიდებულები. ესაა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და ამერიკაში ამას წარმატებულს უწოდებს ხაბეიშვილი, კარგია, ასეთი წარმატებით გააგრძელონ მოღვაწეობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.