Home Blog Page 1778

“დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ეკლესია არასოდეს ჩარეულა პოლიტიკაში და არჩევნებში” – შალვა პაპუაშვილი

დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ეკლესია არასოდეს ჩარეულა არც პოლიტიკაში და არც არჩევნებში, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობების მიუხედავად, მის მაღალ ავტორიტეტსა და პოპულარობას განაპირობებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაკვირველია, ისაა, რომ ქართულ ეკლესიას „პრორუსულ“ პოლიტიკურ სენტიმენტებს აბრალებენ.

„საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია ცხადადაა გაყოფილი. მათი ურთიერთობები ე.წ. კონკორდატის საფუძველზე რეგულირდება, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს დაიდო და რომელიც საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს აღიარებს. კონკორდატს, ნაწილობრივ, იმიტომაც მოეწერა ხელი, რომ ეკლესიისთვის აენაზღაურებინა ზიანი, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დროს, რუსული ოკუპაციის პერიოდში მიადგა. სახელმწიფოს ეკლესიისგან გამიჯვნა საქართველოში უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც, ზოგიერთ შემთხვევაში, აურჩეველი საეკლესიო იერარქები საკანონმდებლო ორგანოს მაღალ საფეხურებს იკავებენ, ზოგან კი სახელმწიფო რესურსები ეკლესიისთვის გადასახადების აკრეფაში იხარჯება. დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ეკლესია არასოდეს ჩარეულა არც პოლიტიკაში და არც არჩევნებში, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობების მიუხედავად, მის მაღალ ავტორიტეტსა და პოპულარობას განაპირობებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაკვირველია, ისაა, რომ ქართულ ეკლესიას „პრორუსულ“ პოლიტიკურ სენტიმენტებს აბრალებენ. ჯერ ერთი, ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, სწორედ რუსეთმა ჩამოართვა ქართულ ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული დამოუკიდებლობა. რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, საქართველოს ეკლესიას ორჯერ მოუხდა ავტოკეფალიის აღდგენა. არც ერთი ქართველი სასულიერო პირი არც კი იფიქრებს, რომ თავისი ეკლესია რუსეთის კონტროლს დაუქვემდებაროს, თუნდაც იმის გამო, რომ რუსული ეკლესია საუკუნეებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ჩვენი ეკლესია. რაც შეეხება რელიგიურ მხარეს, არსებობს ევქარისტული კავშირი ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის, რადგან ორივე მართლმადიდებელი ეკლესიაა, ისევე, როგორც კონსტანტინოპოლის, საბერძნეთის, რუმინეთის და სხვა ეკლესიები.

1970-იან და 80-იან წლებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნული გამოღვიძებისა და დამოუკიდებლობის მოძრაობის ხელახლა დაბადების ადგილი იყო. პირადად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო თავის მრევლში ახალგაზრდა დისიდენტები და სულიერი საზრდო მისცა მათ პატრიოტულ ოცნებებს დამოუკიდებლობაზე. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს შეუძლიათ თქვან, რომ, დიდ წილად, სწორედ მათი დამსახურება იყო, რომ ქართველი ხალხი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე აღმოჩნდა მზად დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს თავისუფლებისათვის მტკიცე მებრძოლებისთვის, ალბათ, ძალიან მტკივნეულია, როდესაც მათ ბრალად პრორუსულობას სდებენ“, – აცხადებს პაპუაშვილი.

“იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით გავაგრძელებთ ბრძოლას” – დმიტრო კულება

იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით გავაგრძელებთ ბრძოლას, – ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ABC NEWS“-თან ინტერვიუში გააკეთა.

კულებამ განაცხადა, რომ კონგრესისთვის „დრო იწურება“, რათა დაამტკიცოს ახალი დაფინანსების პაკეტი უკრაინისთვის, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნა, რომ იარაღის ამოწურვის შემთხვევაშიც კი, უკრაინელები „ნიჩბებით იბრძოლებენ“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დაფინანსება პოტენციურად დაეხმარება ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილებაში, რომლის შემთხვევაშიც აშშ-ს ჯარები იძულებული იქნებიან, ჩაერიონ.

„რაც არ უნდა ღირდეს ახლა უკრაინის მხარდაჭერა, მსოფლიოში არეულობის გამოსწორების ღირებულება, თუ უკრაინა წააგებს, საფასური გაცილებით მეტი იქნება. თუ დასავლეთი ვერ შეაჩერებს რუსეთს უკრაინაში, მაშინ კიდევ ვის შეუძლია, შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში? იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან ჩვენი ერის არსებობა სასწორზე დგას“, – განაცხადა კულებამ.

კულებამ განაცხადა, რომ გამორიცხულია ნებისმიერი მოლაპარაკება პუტინთან, ვიდრე უკრაინა ბრძოლის ველზე ბევრად უფრო ძლიერ პოზიციას არ დაიკავებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი თქვა რუსეთზე თავდასხმებზე კომენტარის გაკეთებაზე, თუმცა მისი თქმით, კიევი ცდილობს, აჩვენოს, რომ უკრაინის ომი უარყოფითად აისახება რუსეთზე.

„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა აუხსნას თავის ხალხს, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, დროდადრო სასარგებლოა, გააცნობიერონ, რომ რეალობა მათი ტელევიზიების გარეთ განსხვავებულია და შეიძლება, იყოს ბევრად, ბევრად უარესი, ვიდრე მათი პროპაგანდა“, – განაცხადა კულებამ.

“უკრაინისა და ისრაელის საშინელ სიტუაციას ძალიან სწრაფად მოვაგვარებ” – ტრამპი

უკრაინისა და ისრაელის საშინელ სიტუაციას ძალიან სწრაფად მოვაგვარებ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში გამართულ რესპუბლიკური პარტიის კოკუსში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

„უკრაინაში ისეთი საშინელი სიტუაციაა, ისრაელში ისეთი საშინელი სიტუაციაა, იმის გამო, რაც მოხდა. ჩვენ მათ მოგვარებას ვაპირებთ, ჩვენ მათ ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ნოემბერში, აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ორივე პრობლემას მოაგვარებს.

აიოვას შტატის რესპუბლიკური პარტიის კოკუსში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ისევ ის იქნებოდა პრეზიდენტი, მაშინ რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმებოდა და ისრაელს თავს არ დაესხმებოდნენ.

“გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის 94 შეტაკება მოხდა” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის 94 შეტაკება მოხდა. მათივე ცნობით, მტრის შეტევა განსაკუთრებით ინტენსიური სევერსკისა და სლობოჟანსკის მიმართულებითაა, სადაც რუსული ჯარი უკრაინის გამაგრებების დაკავებას უშედეგოდ ცდილობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ამ დროისათვის საბრძოლო მოქმედებების არეალი ფრონტის ხაზის 1 000 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. გენშტაბის ბოლო ცნობების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა 1 100-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს და ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგებმა 372 000-ს ჯარისკაცს მიაღწია.

რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს -შალვა პაპუაშვილი

რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც.

„რადიკალურმა ოპოზიციამ ახლახან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი შეტევა წამოიწყო, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფასთან ერთად, კვლავ მითიური „პრორუსულობა“ დაგვაბრალა. ეს „რუსული“ არგუმენტი ჩვენს უსიცოცხლო ოპოზიციას უკვე ისე შემოაცვდა ხელში, რომ მათთვის სრულიად გამოუსადეგარი გახდა. და მაინც, ბოლო დროს მომხდარი მოვლენების ფონზე, საჭიროა, რომ ნათელი მოვფინოთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების ზოგიერთ ასპექტს.

ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც. ამ სტატიის მიზანი იმის ჩვენებაა, რომ მსგავსი მტრული შეტევები ეკლესიაზე არა გულწრფელად გზააბნეული ადამიანებისგან მომდინარეობს, არამედ შეთანხმებული, ბოროტგანზრახული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია იმ სიმბოლოებისა და ღირებულებების დამცირება, რომელთა გარშემოც ისტორიულად ერთიანდებოდნენ ქართველები. ამ ადამიანების მტრული რიტორიკა გულისხმობს, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია დასავლურ, ევროპულ ღირებულებებთან. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ქართული და ევროპული ღირებულებები ერთმანეთის შემავსებელი და განმამტკიცებელიც კია.

რადიკალური ოპოზიციის, მათ კერძო სარგებლობაში არსებული პოლიტიკური მედიასაშუალებებისა და სატელიტი „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების“ მიერ ეკლესიაზე მიტანილი ბოლო იერიში, კერძოდ კი შერჩეული დრო, განსაკუთრებულად ცინიკური აღმოჩნდა. შობის დღესასწაულზე, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამჟამად თავს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტად წარმოაჩენს, გაავრცელა ვიდეოჩანაწერი საკათედრო ტაძრიდან, სადაც მან, მისივე თქმით, „სტალინის ხატი“ აღმოაჩინა. როგორც შემდგომში გაირკვა, ჩანაწერი არა „სტალინის ხატს“, არამედ წმინდა მატრონას ხატის მცირე ჩანართს აჩვენებდა, რომელზეც ამ უკანასკნელის სტალინთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სავარაუდო შეხვედრა იყო ასახული. ეკლესიამ გადაწყვიტა შეეცვალა ჩანართი, არა იმიტომ, რომ ხატზე ტირანის გამოსახვა არაკანონიკური იყო, არამედ იმიტომ, რომ ზემოთ აღწერილი შეხვედრა, დიდი ალბათობით, ისტორიულ სინამდვილეს არ ასახავდა. ამასობაში, ჩანაწერი ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. მომდევნო დღეებში მეორე პოლიტიკურმა აქტივისტმა ხატს საღებავი შეასხა, რითაც საზოგადოება აღაშფოთა.
ხატებზე ტირანების გამოსახვა ქრისტიანობაში დაშვებულია. უბისის ტაძარში ქრისტიანების ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე მდევნელი, იმპერატორი დიოკლეტიანე სამეფო დიდებულებითაა გამოსახული, რომელიც წმინდა გიორგის ესაუბრება. დასავლეთ ევროპის ტაძრების ფრესკები მოწმობს, რომ ამგვარი პასაჟები არც დასავლური ქრისტიანობისთვისაა უცხო. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვაჩვენოთ ოპონენტების ნამდვილი განზრახვა. ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ მედიაში ატეხილი ხმაურიანი კამპანია ხატის ფრაგმენტს ქრისტიანულ ხატწერაში მიღებული ჩანართის ნაცვლად, „სტალინის ხატად“ წარმოაჩენდა და ამით უფრო ამწვავებდა დეზინფორმაციის მათთვის სასურველ ეფექტს.

ეკლესიაზე იერიშის პარალელური ხაზი შობის 7 იანვარს აღნიშვნას შეეხებოდა (რომელიც 25 დეკემბერია იულიანური კალენდრით, რომელსაც ქართული ეკლესია აღიარებს). ოპოზიციამ ეს საეკლესიო კანონიკური საკითხი იარაღად გამოიყენა და შობის აღნიშვნას „რუსული შობა“ უწოდა. სინამდვილე კი ისაა, რომ შობის იულიანური კალენდრით აღნიშვნა ქართული ტრადიციაა, რომელსაც არც რუსეთთან აქვს რაიმე საერთო და არც რუსულ ეკლესიასთან. ეს ტრადიცია არსებობდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე რუსეთი გაქრისტიანდებოდა. საინტერესოა, რომ დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები აღდგომასაც სხვადასხვა თარიღით აღნიშნავენ, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია და მასთან აფილირებული აქტივისტები, ამას, რატომღაც, არ აპროტესტებენ.
ეს ორი საკითხი რადიკალებმა გამოიყენეს, რათა თავს დასხმოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს. ამ მტრული კამპანიით ოპოზიცია და მასთან აფილირებული ადამიანები ცდილობდნენ პატრიარქი, ეკლესია და ხელისუფლება რუსეთთან დაეკავშირებინა.

გარე დამკვირვებლისათვის ამ შეთანხმებულმა კამპანიამ მართლაც შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ქართული ეკლესია და მისი წინამძღოლი, ხელისუფლებასთან ერთად, რუსული პროპაგანდის გამტარებელია, რომელიც თაყვანს სცემს სტალინს და რუსეთის კულტურულ გავლენას ავრცელებს. ვნახოთ, რამდენად უძლებს ეს ხელოვნურად შეთითხნილი ბრალდება ფაქტების უბრალო გადამოწმებას.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი ქართულ საზოგადოებაში ისტორიულ რეტროსპექტივას საჭიროებს. ქართული ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა მსოფლიოში, საქართველო კი მეოთხე საუკუნის პირველი ნახევრის შემდეგ ოფიციალურად ქრისტიანული ქვეყანაა. თავისი არსებობის დიდი ნაწილის განმავლობაში საქართველო ქრისტიანობის ერთადერთ ფორპოსტს წარმოადგენდა აღმოსავლეთში, განსაკუთრებით სომხური სამეფოსა და ბიზანტიის იმპერიის განადგურების შემდეგ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე გამოვიდა, საქართველო უკვე საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ქრისტიანული რწმენის დასაცავად.
გადარჩენის სასიცოცხლო საჭიროებამ ქართული სახელმწიფო და ეკლესია ურთიერთსასარგებლო არსებობამდე მიიყვანა, რაც ძალიან განსხვავდება დასავლური ქრისტიანული სამყაროს ისტორიული შიდა წინააღმდეგობებისაგან საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის. ქართულმა მონარქიამ და ეკლესიამ გააცნობიერეს, რომ მათგან რომელიმეს დასუსტება მეორეს განადგურებას გამოიწვევდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობები არ არსებობდა, მაგრამ ჩვენს საერო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობა გაცილებით უფრო კეთილგანწყობილი იყო, ვიდრე დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში.

არაა გასაკვირი, რომ ამ ისტორიულმა ურთიერთობამ მყარად გაიდგა ფეხი და დღემდე მოგვყვება. ამიტომაცაა, რომ ეკლესიის ერთგულება სახელმწიფოს მიმართ არ უნდა აგვერიოს ეკლესიის მხრიდან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის ერთგულებაში, იქნება ეს „ქართული ოცნება“ თუ რომელიმე სხვა. მეტიც, ქართული ეკლესია ტრადიციულად შემწყნარებლობის დამცველი იყო. ამასთან, ეკლესია გმირულად ეწინააღმდეგებოდა ჯერ ბოლშევიკური და, შემდეგ, კომუნისტური ტოტალიტარიზმის შემოტევებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათელვის არაადამიანურ მეთოდებში ვლინდებოდა. დღესაც კი, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ის ეროვნული ინსტიტუტია, რომელიც უარს ამბობს პოლიტიკურ პოლარიზაციაში ჩართვაზე. ეკლესია ყოველთვის ხალხს უსმენს.

ის პოლიტიკოსები და „სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები“, რომლებიც ეკლესიას უტევენ, თუ გულწრფელად არიან დაინტერესებულნი, როგორც ქრისტიანები, ხატწერის თავისებურებებით თუ საეკლესიო დღესასწაულების თარიღებით, მაშინ ეს საკითხები ეკლესიასთან უნდა გაარკვიონ, როგორც მრევლის წევრებმა. უფრო მეტიც, ისინი თავისუფალი არიან შეუერთდნენ ნებისმიერ სხვა კონფესიას, რომელიც შობას მათ სასურველ დღეს აღნიშნავს. მაგრამ სწორედ ის ფაქტი, რომ ისინი ეკლესიას თავიანთი მტრული რიტორიკით გარედან უტევენ, მოწმობს, რომ მათი ნამდვილი მიზანი ეკლესიის დაზიანებაა, რითაც რელიგიური და საერო სივრცის გამყოფ ხაზებს უგულებელყოფენ.

საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია ცხადადაა გაყოფილი. მათი ურთიერთობები ე.წ. კონკორდატის საფუძველზე რეგულირდება, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს დაიდო და რომელიც საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს აღიარებს. კონკორდატს, ნაწილობრივ, იმიტომაც მოეწერა ხელი, რომ ეკლესიისთვის აენაზღაურებინა ზიანი, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დროს, რუსული ოკუპაციის პერიოდში მიადგა. სახელმწიფოს ეკლესიისგან გამიჯვნა საქართველოში უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც, ზოგიერთ შემთხვევაში, აურჩეველი საეკლესიო იერარქები საკანონმდებლო ორგანოს მაღალ საფეხურებს იკავებენ, ზოგან კი სახელმწიფო რესურსები ეკლესიისთვის გადასახადების აკრეფაში იხარჯება. დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ეკლესია არასოდეს ჩარეულა არც პოლიტიკაში და არც არჩევნებში, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობების მიუხედავად, მის მაღალ ავტორიტეტსა და პოპულარობას განაპირობებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაკვირველია, ისაა, რომ ქართულ ეკლესიას „პრორუსულ“ პოლიტიკურ სენტიმენტებს აბრალებენ. ჯერ ერთი, ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, სწორედ რუსეთმა ჩამოართვა ქართულ ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული დამოუკიდებლობა. რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, საქართველოს ეკლესიას ორჯერ მოუხდა ავტოკეფალიის აღდგენა. არც ერთი ქართველი სასულიერო პირი არც კი იფიქრებს, რომ თავისი ეკლესია რუსეთის კონტროლს დაუქვემდებაროს, თუნდაც იმის გამო, რომ რუსული ეკლესია საუკუნეებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ჩვენი ეკლესია. რაც შეეხება რელიგიურ მხარეს, არსებობს ევქარისტული კავშირი ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის, რადგან ორივე მართლმადიდებელი ეკლესიაა, ისევე, როგორც კონსტანტინოპოლის, საბერძნეთის, რუმინეთის და სხვა ეკლესიები.

1970-იან და 80-იან წლებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნული გამოღვიძებისა და დამოუკიდებლობის მოძრაობის ხელახლა დაბადების ადგილი იყო. პირადად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო თავის მრევლში ახალგაზრდა დისიდენტები და სულიერი საზრდო მისცა მათ პატრიოტულ ოცნებებს დამოუკიდებლობაზე. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს შეუძლიათ თქვან, რომ, დიდ წილად, სწორედ მათი დამსახურება იყო, რომ ქართველი ხალხი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე აღმოჩნდა მზად დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს თავისუფლებისათვის მტკიცე მებრძოლებისთვის, ალბათ, ძალიან მტკივნეულია, როდესაც მათ ბრალად პრორუსულობას სდებენ.

ამიტომაც, რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის გაგრძელებად წარმოაჩინონ, არა მარტო არასწორი, არამედ დასაგმობია, ვინაიდან ეს მცდელობები საზოგადოების გახლეჩას იწვევს, დასავლელ პარტნიორებში კი საეჭვო „აღქმებს“ წარმოშობს. ყველასათვის ცხადია, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღოლი ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამიტომ, რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს. ამგვარი მტრული რიტორიკის შედეგად ზოგიერთმა ადამიანმა, შესაძლოა, მართლაც იფიქროს, რომ დასავლური ღირებულებები შეუთავსებელია ქართულ ტრადიციებთან და რწმენასთან.

ამგვარ ანტისაეკლესიო რიტორიკას საზოგადოება სულაც არ აღიქვამს, როგორც დრომოჭმული ტრადიციების კრიტიკას პროგრესული ძალების მხრიდან. პირიქით, ქართველების უმრავლესობას ეს კამპანია ეკლესიაზე ბოლშევიკების თავდასხმას აგონებს, რომელმაც ქართული სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი გაანადგურა. არ არის გასაკვირი, რომ რადიკალები, განსაკუთრებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფი პარტიები, როგორებიცაა „დროა“, „გირჩი“, „ლელო“ და „ევროპული საქართველო“, ხალხში ნეობოლშევიკებად მოიხსენებიან. აუცილებელია, რომ საზოგადოებამ არ გააიგივოს ეს რადიკალები დასავლურ ლიბერალიზმთან, როგორც ისინი თავს წარმოაჩენენ. ამგვარი აღქმები პოტენციურად დამაზიანებელია ქართველების უდიდესი ნაწილის სურვილისათვის, მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაცია.

„ქართული ოცნება“ ქართული ეკლესიის ღირებულებებს იზიარებს, თუმცა საერო ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია. ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებმაც სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა, ახლა ჩვენი ისტორიის ახალი დიდი ეტაპისკენ, ევროკავშირის წევრობისაკენ მივყავართ. რადიკალების ცილისმწამებლური კამპანიის ნამდვილი მიზანი არა ეკლესიაზე გულწრფელი ზრუნვა, არამედ ეკლესიისა და ხელისუფლების დაზიანება და ჩვენი საერთო ისტორიული ძალისხმევისთვის ხელის შეშლაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ავტობუსის ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ მერსინის აიდინჩიქის რაიონში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა.

სამგზავრო ავტობუსი ანტალიიდან მერსინის მიმართულებით მიემართებოდა და გაურკვეველი მიზეზით, სარიერის გვირაბების გასასვლელთან ბარიერებს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

“რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ბუნდოვანი კავშირების წყალობით მუშაობს” – ზელენსკი

რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ბუნდოვანი კავშირების წყალობით მუშაობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის პრეზიდენტთან, ვიოლა ამჰერდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული რაკეტების წარმოება და რუსული თავდაცვის ინდუსტრიის მუშაობა ეფუძნება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ბუნდოვან კავშირებს.

„უკრაინას შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი აქვს გლობალურ მუშაობაში, რათა დაბლოკოს სანქციების გვერდის ავლის ყველა სქემა. ამჟამად ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული რაკეტები, რომლებიც ატერორებენ ჩვენს ქალაქებს, სხვა იარაღი, რომელსაც ისინი იყენებენ და მათი სამხედრო ინდუსტრიის მუშაობა ეფუძნება ბუნდოვან კავშირებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან. თითოეულ რუსულ რაკეტას აქვს ათობით კომპონენტი, რომლებიც შექმნილია სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპული კომპანიების მიერ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ელექტრონული კომპონენტების გარეშე რუსული ტერორი გაცილებით ნაკლები იქნებოდა რაკეტების უფრო რთული წარმოების გამო.

ზელენსკის თქმით, ექსპორტის ასეთ განსაკუთრებულ სახეობაზე კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს.

მან მოუწოდა შვეიცარიას, აქტიურად იმუშაოს ყველა პარტნიორთან, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე და დაბლოკოს მისი ტერორისტული პოტენციალი.

ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩამორთმეული რუსული აქტივების გამოყენება არის არა მხოლოდ ეფექტური, როგორც აგრესორის სასჯელი, არამედ საკმაოდ სამართლიანიც.

„ვინც დაიწყო ეს ომი, ყველაზე დიდი ფასიც მან უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველამ უნდა უზრუნველყოს რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაში მიცემა.

ერაყში, აშშ-ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა

ერაყის ქალაქ ერბილში, შეერთებული შტატების საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გუშაგთა კორპუსმა აიღო და განაცხადა, რომ მათ მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე ჯაშუშთა შტაბი და რეგიონის ნაწილებში ირანის საწინააღმდეგო ტერორისტული თავშეყრა იყო.

ქურთისტანის რეგიონული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაიჭრა. აფეთქებათა სერიის ამსახველი კადრები ირანის სახელმწიფო ტელეარხმა გაავრცელა. ოფიციალური ბაღდადის ცნობით, ერაყის მთავრობა დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომელიც ირანის მიერ ერაყის ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხს შეეხება.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს – ჭოუ ციენს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე − თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, ქ. პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს − სი ძინ პინს შორის გამართულ შეხვედრას, მის მნიშვნელობას საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში. ისაუბრეს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეთა მიერ განსაზღვრული გეგმების რეალიზაციის საკითხებზე.

ელჩმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ. არჩევნების შესახებ, რაზეც პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

Emmy 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების 75-ე ცერემონია გაიმართა.

ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წლის საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში კვლავ „მემკვიდრეობამ“ გაიმარჯვა. სერიალის სამი მსახიობი – კირან კალკინი, სარა სნუკი და მეთიუ მაკფეიდენი დაჯილდოვდნენ როგორც საუკეთესო კაცი, საუკეთესო ქალი და საუკეთესო მეორე პლანის მსახიობები დრამატულ სერიალში. შოუმ ასევე მიიღო ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის.

„დათვი“ საუკეთესო კომედიურ სერიალად დასახელდა, შოუში მთავარი როლის შემსრულებელი ჯერემი ალენ ვაითი კი კომედიურ სერიალებში საუკეთესო კაც მსახიობად აღიარეს. ამავე კატეგორიაში საუკეთესო ქალ მსახიობი ასევე „დათვში“ მოთამაშე აიო ედიბირი გახდა.

საუკეთესო მინი-სერიალი „მტრობა“ გახდა. შოუშიმთავარი როლების შემსრულებლები სტივენ იანი და ალი ვონგი კატეგორიის საუკეთესო მსახიობებად აღიარეს.

გამოსამშვიდობებელი ტურისთვის დააჯილდოვეს სერ ელტონ ჯონი, რომელიც მე-19 ადამიანი გახდა, ვისაც „ემის“, „გრემის“, „ოსკარისა“ და „ტონის“ ჯილდოები აქვს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

​16 იანვარს ქუთაისში +14 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც უნალექო დღე და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექოდ ჩაივლის დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით 0 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი დღე და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით +5 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღე -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -3, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით მზიანი ამინდი და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება -რიში სუნაკი

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ სხვა „ბოროტი აქტორების“ წახალისება მოხდება.

„მე პალატიდან მივიღე მესიჯი, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს ვიქნებით. თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება და სხვა ბოროტი აქტორების წახალისება მოხდება. სწორედ ამიტომ, უკრაინის უსაფრთხოება ჩვენს უსაფრთხოებას ნიშნავს“, – განაცხადა რიში სუნაკმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, გასულ პარასკევს, კიევში, რიში სუნაკმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი