Home Blog Page 1778

ფაშინიანს ალიევთან საუბარი სურს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მზადაა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საზღვარზე არსებული ვითარების დეესკალაციის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს განუცხადა.

 

მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე მთიან ყარაბაღსა და სომხეთ აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ კრიტიკულ ვითარებაზე ისაუბრა. სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საზღვართან სამხედრო ძალების კონცენტრირებას ახდენს და მორიგი პროვოკაციისთვის ემზადება.

ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების წესი იცვლება

დღემდე, ბარიატრიული ოპერაციები იმ სამედიცინო დაწესებულებებშიც კეთდებოდა, სადაც ამის კვალიფიკაცია საერთოდ არ გააჩნდათ. ხშირად ოპერაციებს წონის კორექციის ქირურგიაში ნაკლებად გამოცდილი და ახალბედა ექიმები ატარებდნენ. იყო გართულებული შემთხვევებიც. ჯანდაცვის სამინისტრომ არსებულ რისკებს გადახედა და პროტოკოლი მთლიანად შეცვალა. ახალი სტანდარტის მიხედვით, ექიმის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ქირურგიულ ჩარევას მხოლოდ ის სამედიცინო პერსონალი განახორციელებს, ვისაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბარიატრიის, მინიმუმ, 30 ოპერაცია მაინც აქვს ჩატარებული .

ბარიატრიული ოპერაციის გასაკეთებლად მხოლოდ პაციენტის სურვილი საკმარისი აღარ იქნება. ახალი წესის მიხედვით, პაციენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი წონის ინდექსი და თანმხლები დაავადებები. ლაბორატორიული კვლევებისა და მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ქირურგიული ჩარევის საჭიროებას მულტიდისციპლინური გუნდი გადაწყვეტს. ოპერაციის რეკომენდაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, ვისაც პირველი ხარისხის სიმსუქნე აღენიშნება და ვერ ახერხებს წონის კლებას არაქირურგიული მეთოდებით.

ახალი სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული ბარიატრიული ქირურგიის ასოციაცია. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ახალ პროტოკოლში გაითვალისწინეს სხვა ქვეყნების გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტები..

მულტიდისციპლინური გუნდი უკვე ჰყავს კლინიკების ნაწილს. “ნიუვიჟენმა” ბოლო ორ თვეში, დაახლოებით, 25 ბარიატრიული ოპერაცია ჩაატარა. დირექტორი მირზა ხინიკაძე ჯანდაცვის ახალ გადაწყვეტილებას იწონებს და ყურადღებას ბარიატრიის პოსტოპერაციულ რისკებზე ამახვილებს .

ახალი პროტოკოლის თანახმად, ბარიატიული ოპერაცია მრავალპროფილურ კლინიკებში უნდა ჩატარდეს. სამედიცინო დაწესებულებებმა სანებართვო პირობები 2023 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დააკმაყოფილონ და ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ.

ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან დამარცხდნენ

ბორჯღალოსნებმა 2023 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩი ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარეს და ანგარიშით 15:35 დამარცხდნენ. თამაში პარიზში, „სტად დე ფრანსეზე“ გაიმართა.

საქართველოსთვის ეს ზედიზედ მე-6 მსოფლიო თასია. აქამდე ჩვენმა გუნდმა საუკეთესო შედეგი 2015 წელს აჩვენა, როდესაც ორი თამაში მოიგო (ტონგასთან და ნამიბიასთან). სამ შემთხვევაში ბორჯღალოსნებმა ჯგუფში თითო თამაში მოიგეს და მხოლოდ პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვერ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

ავსტრალიას ყველა, 9-ვე მსოფლიო თასი აქვს ნათამაშები და ორჯერ გახდა ჩემპიონი – 1991 და 1999 წელს, 2003 და 2015 წელს ფინალში დამარცხდა, 2011 წელს მესამე, ხოლო 1987 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა. „ვოლაბებმა“ ყველა ჯერზე შეძლეს ჯგუფური ეტაპის გადალახვა და სამჯერ დამარცხდნენ მეოთხედფინალში.

9 მსოფლიო თასიდან ავსტრალიამ ორს უმასპინძლა – პირველ, 1987 წლის მსოფლიოს ახალ ზელანდიასთან ერთად და 2003 წელს დამოუკიდებლად.

საქართველოს ავსტრალიასთან ერთადერთხელ უთამაშია – 2019 წლის მსოფლიო თასზე და მეტოქემ 19 ქულის სხვაობით, 27-8 მოიგო. მას შემდეგ, ავსტრალიას ტიერ2-ის წინააღმდეგ აქამდე არც ერთხელ არ უთამაშია.

აფრიკის კავშირი „დიდი ოცეულის“ მუდმივი წევრი გახდა

აფრიკის კავშირი „დიდი ოცეულის“ მუდმივი წევრი გახდა. გადაწყვეტილება „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში მიიღეს, რომელიც ინდოეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო.

ორდღიან სამიტზე მსოფლიო ლიდერები მდგრად განვითარებაზე, კლიმატურ ცვლილებებსა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე იმსჯელებენ.

სამიტზე არ მიუწვევიათ უკრაინა, რუსეთს კი, პუტინის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. სამიტს ესწრება შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.

,,ჩაკეტილი აღარ არის არცერთი სოფელი”- მერაბ გამყრელიძე

ფაქტობრივად, ჩაკეტილი აღარ არის არცერთი სოფელი. მოსახლეობას მიეწოდება ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძემ განაცხადა.

„დღის მანძილზე დაახლოებით 10 000 აბონენტი იყო, რომელსაც ვერ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ამ წუთისთვის დარჩენილია 2 000 აბონენტამდე. დღის ბოლომდე ელექტროენერგია აღუდგება დაახლოებით 1 500 აბონენტს. კრიტიკულად რჩება სოფელი ჩოჩხათი. გაზი არ მიეწოდება 3 000 აბონენტს. ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ამასთან, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 25 ლოკაციაზე. ფაქტობრივად, ჩაკეტილი აღარ არის არცერთი სოფელი. მოსახლეობას მიეწოდება ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტი. სტიქიის ადგილიდან სასტუმროებში გადმოყვანილია დაახლოებით 60-მდე ადამიანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს – ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

პრემიერ-მინისტრებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შექმნილი ვითარება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით დარეგულირდეს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

,,ბორელმა დაინახა ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა”- მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ევროკომისრის, ჟოზეფ ბორელის საქართველოში გაკეთებული განცხადებები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ მანიპულაციებს კანდიდატის სტატუსის არ მოცემასთან დაკავშირებით.

„ბატონი ბორელის ვიზიტმა და მისმა პოზიტიურმა გზავნილებმა ერთი მხრივ და მეორე მხრივ პრემიერ ღარიბაშვილის ძალიან სამართლიანმა და პრინციპულმა პასუხებმა და განცხადებებმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ მანიპულაციას რადიკალური ოპოზიციისა თუ პრეზიდენტისგან კანდიდატის სტატუსის არ მოცემასთან დაკავშირებით.

ბორელის სახეზე იკითხებოდა, რომ მან დაინახა ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. მან დაინახა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის უკან დგას თავისუფლების, ევროპულ ღირებულებათა და ღირსების მოყვარული ერი. მან კარგად შეიგრძნო, რომ არა მხოლოდ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, არამედ საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,რუსეთი დღეს იცავს და ამტკიცებს თავის სუვერენიტეტს”- პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას ქალაქების დღე მიულოცა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

პუტინის თქმით, რუსეთი დღეს იცავს და ამტკიცებს თავის სუვერენიტეტს.

„რუსეთი დღეს იცავს და ამტკიცებს თავის სუვერენიტეტს, ისევე როგორც ქვეყნის ყველა რეგიონის მცხოვრებლები, მოსკოველები გაბედულად იბრძვიან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის განცხადებით, მოსკოვი დაარსების დღიდან „ყოველთვის იყო საიმედო თავდაცვა და მტკიცე მხარდაჭერა მთელი რუსული სახელმწიფოსთვის.“

„თვით ისტორიამ განსაზღვრა მისი განსაკუთრებული როლი, როგორც რუსეთის მთავარი ქალაქი. დედაქალაქი მფარველობს დონეცკსა და ლუგანსკს და ახორციელებს ყოვლისმომცველ სამუშაოებს „დაზარალებულ“ რეგიონებში ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით“, – განაცხადა პუტინმა.

გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 122 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის მცირეწლოვნების და არასრულწლოვანების. ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.

მეხანძრე-მაშველებმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები და პროდუქტები ჩაუტანეს.

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 037-მდე გაიზარდა

მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 1 037-მდე გაიზარდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 672 ადამიანი.

როგორც მედია წერს, ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.

სტიქია გვიან ღამით მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა. სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

„ნაცმოძრაობის“ უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილია დაბუდებული”- ვოლსკი

„ნაცმოძრაობის“ უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილია დაბუდებული – სადისტობის და მოპარვის სამაგალითო ოსტატები, ვფიქრობ, ამ მახასიათებლების კრებული კიდევ არაერთი ადამიანის მიერ „ნაცმოძრაობის“ მიტოვების საფუძველი გახდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ეს არ არის მხოლოდ ხაბეიშვილის მენეჯმენტის საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ შინაგანად ადამიანები გრძნობენ, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან და არა მონები და ვასალები „ნაცმოძრაობისა“, რომლის უკან, ხაბეიშვილის უკან, მერაბიშვილი და კეზერაშვილია დაბუდებული – სადისტობის და მოპარვის სამაგალითო ოსტატები. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ერთად, ამ მახასიათებლების კრებული გახდება კიდევ არაერთი ადამიანის მიერ „ნაცმოძრაობის“ და საერთოდ რადიკალური ოპოზიციის მიტოვების საფუძველი“, – აცხადებს ვოლსკი.

ახალციხის საკრებულოში „ნაცმოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა.

ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი აზერბაიჯანს აფრთხილებს

ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი აზერბაიჯანს აფრთხილებს და საზღვარზე შეიარაღებული ძალების განთავსებით ემუქრება. ამის შესახებ i24news.tv იუწყება.

რუსეთის საინფორმაციო წყაროების ცნობით, ირანელები მზად არის შეიარაღებული ძალების სომხეთშიც განათავსონ და ერევანს მხარი დაუჭირონ.

ირანის ეს განცხადებები მთიან ყარაბაღში ახალი დე ფაქტო ლიდერის არჩევისა და რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე ხდება. აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ლიდერის არჩევას პროვოკაცია და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა. პარალელურად აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ბლოკირებას განაგრძობს, სადაც სახმელეთო გზით სომხეთიდან ტვირთები ვეღარ ხვდება.