Home Blog Page 1774

ნეთანიაჰუ პუტინთან სატელეფონო საუბრით უკმაყოფილოა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას უკმაყოფილება გამოთქვა ღაზის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის გამო. ისრაელის პრემიერ-მინისტრს და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ნეთანიაჰუმ პუტინთან საუბრისას ასევე მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა.

„როგორც გერმანია გაიწმინდა ნაცისტებისგან, არც ერთი ნაცისტი არ არის ოფიციალურ ოფისებში – იგივე იქნება „ჰამასის“ შემთხვევაში. ისრაელი ვერ შეძლებს „ჰამასის“ ყველა წევრის აღმოფხვრას, მაგრამ მთავარია – ხელმძღვანელობის სრული ლიკვიდაცია, კონტროლისა და ძალაუფლების უარყოფა“, – განუცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა რუსეთის მოქალაქეობის მქონე ისრაელელის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის და განაცხადა, რომ ისრაელი იმოქმედებს, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო საშუალებებით ყველა გატაცებულის გასათავისუფლებლად. საუბრისას ნეთანიაჰუმ პუტინს სთხოვა, რომ რუსეთმა წითელ ჯვარზე ზეწოლა მოახდინოს ღაზის სექტორში მძევლებთან წვდომის მისაღებად.

,,დასავლეთი რუსეთის განადგურებას ცდილობს , თუმცა მათ ეს არასდროს გამოუვათ”- პუტინი

დასავლეთი ცდილობს, გაანადგუროს რუსეთი, თუმცა მათ ეს არასდროს გამოუვათ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთს თავდაპირველად ეგონა, რომ უკრაინის ირგვლივ ვითარება თავისით დამშვიდდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და მოსკოვი იძულებული გახდა, ხალხს დახმარებოდა.

„ჩვენ გავაფორმეთ ეს მინსკის შეთანხმებები. მათ ასევე თქვეს: „ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ისინი“. ჩვენ ეს გვსურდა. ისევ საჯაროდ თქვეს. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც თქვეს: „ჩვენ არ გვიფიქრია მის შესრულებაზე, ხელი მოვაწერეთ მხოლოდ უკრაინის საომარი მოქმედებებისთვის მოსამზადებლად“. ჰქონდათ რუსეთის განზე გაწევის, მისი დასუსტების მცდელობა. საბოლოოდ მისი განადგურების. მათ არაფერი გამოუვათ. არასდროს“, – განაცხადა რუსეთს პრეზიდენტმა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.

უწყებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმს არ დაუდასტურებია თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობა.

„აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”.

„ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.

გამომდინარე იქიდან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი”, – აცხადებენ სუს-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

,,აზერბაიჯანი მრავალეროვანი ქვეყანაა და არც ერთ ეთნიკურ ჯგუფს პრობლემები არ ჰქონია” – ალიევი

სომხები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში. რატომ არ შეუძლიათ ყარაბაღიდან წასულ სომხებს იგივენაირად იცხოვრონ სომხეთსა და აზერბაიჯანში“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მრავალეროვანი ქვეყანაა და  არც ერთ ეთნიკურ ჯგუფს რელიგიური ან ეთნიკური ხასიათის პრობლემები არ ჰქონია.

„აზერბაიჯანი მრავალეთნიკური ქვეყანაა და არცერთ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანში არასოდეს განუცდია რაიმე შიში ან პრობლემა რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით. ამის დადასტურება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც იცნობს აზერბაიჯანს.

სხვათა შორის, სომეხი მოსახლეობა დღეს უპრობლემოდ ცხოვრობს აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხეში. სომხები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ რუსეთში, უკრაინაში და საქართველოს სოფლებში. რატომ არ შეუძლიათ მათ ასე გვერდიგვერდ იცხოვრონ აზერბაიჯანში ან სომხეთში?“, – აცხადებს ალიევი.

,,ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ფაქტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს”- პაპუაშვილი

კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერსპექტივითაც შევხედოთ, რომ ოკუპაცია გულისხმობს არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელავს იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპირებულია. მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენეს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დამთავრდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

,,მოლოდინი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული ”- პაპუაშვილი

ჩვენ გვაქვს ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა. ასევე, ჩვენ ვისმენდით, რომ 27 ქვეყანას აქვს გაცხადებული, რომ მხარს უჭერენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასე რომ ამ საკითხს წინ არაფერი უდგას, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ მოველით 14-15 დეკემბრის სხდომას ევროპული საბჭოსი, რათა ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღოს ის კანდიდატობის სტატუსი, რაზეც წელიწად ნახევარია უკვე მუშაობს მთელი სახელმწიფო. ჩვენ შარშანაც ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, რადგან ლიდერები ვიყავით სხვა ქვეყნებთან მიმართებით. სამწუხაროდ შარშან არ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, წელს ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. ასე რომ ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

,,გასაკვირი ის არის, ,,ენმ” რღვევა დაიწყო იმ მიზეზით, რომ არ მოეწონათ ახალი თავმჯდომარე ”- ნინო წილოსანი

გასაკვირი ის არის, რომ ეს რღვევა დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ მოეწონათ ახალი თავმჯდომარე და საჯაროდ განაცხადეს არაფორმალურ მმართველობაზე, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს პარტია ყველანაირი ბოროტების მსახური იყო მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს ყველაფერი არ გამხდარა ამ პარტიის რღვევის წინაპირობა, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„ასევე გაითვალისწინეთ, რომ არაფორმალური მმართველო პარტიაში მიხეილ სააკაშვილის სახით მიმდინარეობს, ის კი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ აქვს უფლება რომ ერეოდეს პოლიტიკაში და მართავდეს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას“, – აღნიშნა წილოსანმა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

 

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 11 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

 

სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

 

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

„ძალიან სახიფათოა მხოლოდ გარეგნულად შესრულება რჯულისა და კანონებისა მათი შინაგანი აზრის გაუაზრებლად, დაუნახავად”- მეუფე შიო

„ძალიან სახიფათოა მხოლოდ გარეგნულად შესრულება რჯულისა და კანონებისა მათი შინაგანი აზრის გაუაზრებლად და დაუნახავად. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი სარწმუნოება მოწოდებულია, ჩვენი შინაგანი სულიერი სამყარო შეცვალოს, შინაგანად ფერი გვიცვალოს ჩვენ რომ ჩვენში ყველაფერი ემსახურებოდეს ღმერთსა და ადამიანს, ჩვენს სულში ყველაფერი განიმსჭვალოს ერთგულებით, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ მოცემული მცნებებისადმი“, – ამის შესახებ საპატრიარქოა ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო ეპიზოდი ლუკას სახარებიდან, სადაც მოთხრობილია, რომ უფალი იესო ქრისტე შაბათ დღეს ასწავლიდა ერთ სინაგოგაში. და აი, იქ იმყოფებოდა ქალი, რომელიც 18 წლის განმავლობაში შეპყრობილი იყო მძიმე სენით, იგი იმდენად მოკრუნჩხული იყო, რომ წელში საერთოდ ვერ იმართებოდა და ზევით ვერ იყურებოდა. წარმოიდგინეთ, როგორი მოღვაწე ქალი იყო იგი, რომ მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მოდიოდა სინაგოგაში, რათა წმინდა წერილი და ქადაგება მოესმინა.

და აი, უფალმა იესო ქრისტემ დაინახა ეს ქალი, მოუხმო თავისთან, შეებრალა, ხელები დაადო მას და უთხრა: „თავისუფალი ხარ შენი სნეულებისაგან“. ეს ქალი განიკურნა, მაშინვე წელში გაიმართა და ღმერთი ადიდა. ხალხი ხარობდა ამის შემყურე, უკვირდა ის დიდი სიყვარული, რომლითაც უფალმა მოახდინა ეს სასწაული ამ ქალისთვის…

მაგრამ ყველამ ერთნაირად როდი მიიღო ეს მოვლენა იმ სინაგოგაში. მათ შორის იყვნენ მორწმუნეები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ზედმიწევნით უნდა შესრულებულიყო საღვთო სჯულის ყველა დადგენილება; მათ მიაჩნდათ, რომ ეს წესები გარეგნულად უნდა შესრულებულიყო ძალიან სწორად.

ზუსტად ისე, როგორც დაწერილია, ვინაიდან არსებობს ასეთი კანონი, რომ შაბათს არაფრის კეთება არ შეიძლება და უფალმა იესო ქრისტემ რაღაც საქმე გააკეთა, ეს ქალი განკურნა (და განკურნება საქმედ მიიჩნეოდა), მაშასადამე, მათი აზრით, მაცხოვარმა მცნება დაარღვია. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ გაეხარათ, გაჰკვირვებოდათ და თაყვანი ეცათ ასეთი დიდი სასწაულისთვის, ისინი განრისხდნენ და მაცხოვარს ადანაშაულებდნენ და განიკითხავდნენ.

ძალიან კარგად ამბობს მათზე წმინდა იოანე ოქროპირი, რომ კოღოს იგერიებდნენ და აქლემი შთანთქესო. თვითონ ისინი შაბათობით არანაირ საქმეს არ აკეთებდნენო. მათ შორის იყო სინაგოგის მთავარიც, რომელიც განურისხდა უფალს და უფალმა იესო ქრისტემ მას ასეთი სიტყვებით მიმართა: „თვალთმაქცო, განა ყოველი თქვენგანი შაბათობით არ ახსნის თავის ხარს ანდა ვირს, და არ მიჰყავს წყლის დასალევად? და ნუთუ ეს საბრალო დედაკაცი, რომელიც 18 წელი შეკრული ჰყავდა სატანას, არ შეიძლებოდა, რომ განმეკურნა მე შაბათ დღეს?“ შეგახსენებთ, რომ ისინი არა მარტო განიკითხავდნენ უფალს, არამედ მის სიკვდილით დასჯასაც კი მოითხოვდნენ.

ამ სიტყვებით უფალი იესო ქრისტე განმარტავს, რომ შაბათ დღეს სულაც არ არის აკრძალული სიკეთის კეთება, იმიტომ რომ თუ შეიძლება ასეთი ყოფითი საქმეების მოგვარება, როგორიც არის შინაურ ცხოველებზე ზრუნვა, მით უმეტეს, უპრიანია შაბათ დღეს გაჭირვებული ადამიანის დახმარება.

აი, ასე ამხელდა უფალი იესო ქრისტე დაწერილი რჯულის გარეგნულ, ფორმალურ ერთგულებასა და ფორმალურ შესრულებას. როგორც გახსოვთ, იგი არაერთხელ არღვევდა ასე „შაბათის“ აკრძალვას, კურნავდა ადამიანებს და ამით გვასწავლის, რომ ძალიან სახიფათოა მხოლოდ გარეგნულად შესრულება რჯულისა და კანონებისა მათი შინაგანი აზრის გაუაზრებლად და დაუნახავად. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი სარწმუნოება მოწოდებულია, ჩვენი შინაგანი სულიერი სამყარო შეცვალოს, შინაგანად ფერი გვიცვალოს ჩვენ, რომ ჩვენში ყველაფერი ემსახურებოდეს ღმერთსა და ადამიანს, ჩვენს სულში ყველაფერი განიმსჭვალოს ერთგულებით, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ მოცემული მცნებებისადმი.

გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი, ანუ რჯულში ეს არის მთავარი, რომ ჩვენ შინაგანად შევიცვალოთ და ფერი ვიცვალოთ. როდესაც გიყვარს ადამიანი და გაქვს საშუალება, მას დაეხმარო და ამას არ აკეთებ იმ მიზეზით, რომ შენ ამა თუ იმ დღეს რჯული გიკრძალავს საქმის გაკეთებას, განა ეს სწორია?

აი, ამას ასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამ ამბით, რომელიც წაკითხული იყო დღეს ჩვენს სახარებაში.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, როდესაც გვინდა, შევასრულოთ საეკლესიო, თუ გნებავთ, საერო კანონები, არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ მათ გარეგნულ მხარეზე. ასე გარეგნულად არ უნდა აღვასრულოთ ისინი, იმიტომ რომ ეს ძალიან სახიფათოა, მხოლოდ ფორმალურად, წესების აღსრულებით, მათ გაუაზრებლად, მათი შინაარსის გაუაზრებლად, შეიძლება მივიდეთ იმ უგუნურებამდე და სისასტიკემდე, სადამდეც მივიდნენ დღევანდელ სახარებაში სინაგოგაში მყოფი მორწმუნეები.

ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომ შაბათია შექმნილი ადამიანისთვის და არა ადამიანი – შაბათისთვის. ამრიგად, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“, – აცხადებს მეუფე შიო.

,,დავრწმუნდი, რომ სხვის შეცდომებზე ხალხი ვერ სწავლობს”- პაატა მანჯგალაძე

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, დავრწმუნდი, რომ სხვის შეცდომებზე ხალხი ვერ სწავლობს – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ნიკა მელიას მიერ დაანონსებული ახალი პარტიის შექმნას გამოეხმაურა.

„ჩვენ უფრო სხვა პროცესიც გვინახავს. ლიდერების მთელი თაობა წავიდა 2016 წელს „ევროპული საქართველოს“ სახით „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ჩვენ ვნახეთ, რომ 2018 წელს პარტიამ არნახული შედეგი აჩვენა. ჩვენ მაშინაც ერთად მოვახერხეთ ეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და ვარწმუნებ ყველას, რომ ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ 2024 წელსაც. ამის უკან დგას კონკრეტული სამუშაოები, რომელსაც ვაკეთებთ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, დავრწმუნდი, რომ სხვის შეცდომებზე ხალხი ვერ სწავლობს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მოლოდინებს, პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ შეიძლება სტატუსი ქვეყანას ვიქტორ ორბანის გამო არ მისცენ და დროებით გადავადდეს.

„მოლოდინებს რაც შეეხება, მე მაქვს ჩვენი პარტნიორების იმედი, ახლა მთავარია პუტინის და „ქართული ოცნების“ მეგობარმა ორბანმა არ დაბლოკოს ეს პროცესი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არასწორად აკეთებენ აქცენტს, თითქოს, უკრაინის გამო საქართველოს შეიძლება არ მისცენ [კანდიდატის სტატუსი] – ეს არასწორია. შეიძლება ორბანის გამო არ მოგვცენ [კანდიდატის სტატუსი], დროებით გადავადდეს. სინამდვილეში უკრაინის გამო მოგვეცა შანსი, ასე უნდა დავინახოთ ეს პროცესი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

,,ამ ბრძოლიდან გასვლა პოლიტიკური დეზერტირობაა”- ლაშა ფარულავა

ამ ბრძოლიდან გასვლა პოლიტიკური დეზერტირობაა, – ასე გამოეხმაურა ლაშა ფარულავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ.

„„ნაციონალური მოძრაობა დაუტოვებია უამრავ ადამიანს, ამბობდნენ, რომ რაღაც ახალს ქმნიდნენ, მაგრამ ყველა განულდა, იმიტომ რომ საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქის ხელში ერთადერთი ბრძოლის ინსტრუმენტი რუსული გავლენების წინააღმდეგ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში და ამ ბრძოლიდან გასვლა პოლიტიკური დეზერტირობაა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ.

„ნაციონალური მოძრაობა” დღეს თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ, 300-მდე ადამიანმა დატოვა.

,,პალესტინის ერი გამოვა გამარჯვებული”- ირანის პრეზიდენტი

აშშ-ის და სიონისტური რეჟიმის მტრობა სირიის მიმართ გამოწვეულია სირიის მთავრობისა და ერის წინააღმდეგობიდან და აშშ-ის მიერ შექმნილი ტერორისტული მიმდინარეობების განადგურებით, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ, სირიის პრემიერ-მინისტრთან, ჰუსეინ არნოუსთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ირანის პრეზიდენტის თქმით, პალესტინის ერი გამოვა გამარჯვებული ისევე, როგორც სირიის, ერაყის, იემენისა და ლიბანის ერებმა დაამარცხეს აშშ და მისი მოკავშირეები.

ებრაჰიმ რაისის განცხადებით, „ალ-აქსას შტორმის“ ოპერაციამ გააფართოვა წინააღმდეგობის სისტემის საზღვრები რეგიონიდან მთელ მსოფლიოში.

„პალესტინის წინააღმდეგობა, რომელსაც არ ჰყავს საზღვაო და საჰაერო ძალები, დაეყრდნო თავის რწმენას და შეარცხვინა სიონისტები და მათი მთავარი სპონსორი – აშშ“, – აღნიშნა ებრაჰიმ რაისიმ.