,,ჩინეთი, ამ ბოლო პერიოდში, ჩამოყალიბდა როგორც ძალიან ძლიერი პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი”- ეკა სეფაშვილი

11
spot_img

ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან, როგორც პოლიტიკურ, ასე ეკონომიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ არა მოკლევადიან ეკონომიკურ პერსპექტივაში, რაც გულისხმობს ისეთი ეკონომიკური სარგებლის მიღებას, როგორიცაა ვაჭრობის დივერსიფიკაცია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, საქართველოს გამოყენებას შუა დერეფნად, არამედ პოლიტიკურ პარტნიორობას – ესაა გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები, რაც მომავალში გარდაიქმნება საქართველოს უფრო მეტ ეკონომიკურ წინსვლაში, – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ჩინეთში მმართველი ძალის ლიდერების ვიზიტი.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩინეთი, ამ ბოლო პერიოდში, ჩამოყალიბდა როგორც ძალიან ძლიერი პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი.

„ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ხშირად პოლიტიკური ინტერესები განაპირობებს ეკონომიკური თანამშრომლობის დაწყებას და პირიქით. ზოგჯერ გაუგებარია საერთოდ, რომელს ეკუთვნის იმპერატივი – პოლიტიკურს, თუ ეკონომიკურს. ვიტყოდი, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, ფაქტობრივად ერთი და იგივეა და პოლიტიკურ ინტერესებს დავარქმევდი გრძელვადიან ეკონომიკურ ინტერესებს.

შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან, როგორც პოლიტიკურ, ასე ეკონომიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ არა მოკლევადიან ეკონომიკურ პერსპექტივაში, რაც გულისხმობს ისეთი ეკონომიკური სარგებლის მიღებას, როგორიცაა ვაჭრობის დივერსიფიკაცია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, საქართველოს გამოყენებას შუა დერეფნად, არამედ პოლიტიკურ პარტნიორობას – ესაა გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები, რაც მომავალში გარდაიქმნება საქართველოს უფრო მეტ ეკონომიკურ წინსვლაში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩინეთში ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების ვიზიტები ცხადყოფს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთი საქართველოსთან თანამშრომლობას.

„ის ფაქტი, რომ ჩინეთში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, თუ როგორი საზეიმო დახვედრა მოუწყვეს მას, ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას. ახლა ჩვენ ვნახეთ არანაკლები მნიშვნელობის საპარლამენტო დელეგაციის პოლიტიკური დატვირთვის ვიზიტი, რომელიც საკმაო ხანგრძლივობით გამოირჩევა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი საქართველოსთან მიმართებაში, არა მარტო მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ინტერესებზეც ფიქრობს. ჩვენ, ჩვენი კუთხიდან რომ გადავხედოთ, საქართველო გლობალურ კონტექსტში, მისი ეკონომიკური და პოლიტიკური წონიდან გამომდინარე, ძალიან მცირეწონიანია. ჩვენ არ ვმონაწილეობთ და ვერ ვმართავთ გლობალურ პროცესებს და ვერ ვქმნით მსოფლიო წესრიგს. საქართველოს წილი საერთაშორისო ეკონომიკაში, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის თვალსაზრისით, იმდენად მწირია, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველომ არც ექსპორტი და არც იმპორტი რომ არ განახორციელოს, დიდად ვერცერთი ქვეყანა შენიშნავს ამას. ერთადერთი, რამაც შესაძლოა გაზარდოს საქართველოს პოლიტიკური და გლობალური მნიშვნელობა, არის აზიასა და ევროპას შორის საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქცია და ამ ფუნქციის საშუალებით საქართველო იძენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ წონას, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისათვის.

ჩინეთსა და ევროკავშირს გაფორმებული აქვთ პარტნიორობის შესახებ შეთანხმება და წარმოიდგინეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩინეთი ევროკავშირისათვის. სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება მარტო ფურცელზე დაწერილი თანამშრომლობა ხომ არ არის, ესაა პრაქტიკაში განხორციელებული ქმედებები, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და როგორ უნდა მოხდეს ეს – ტექნოლოგიების გადაცემით, საქონლისა და მომსახურების გაცვლით და აქ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი, თან თუ გავითვალისწინებთ ჩრდილოეთით მოქმედი მარშრუტის არასაიმედოობას უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველომ, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, დაამტკიცა, რომ არის უსაფრთხო და საიმედო პარტნიორი ამ თვალსაზრისით და ჩვენი გეო-პოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება. საქართველოსთვის ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის საქართველო და სწორედ ამ ორმხრივი ინტერესების საფუძველზე მოგვანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი და შემდგომში სავარაუდოდ წევრიც გავხდებით, თუმცა ამისათვის ძალიან დიდი გზაა გასავლელი,“ – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.