Home Blog Page 1774

,,ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განვიხილავთ”- ბორელი-

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განვიხილავთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა განახორციელა. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების“, – წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ჯოზეფ ბორელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განიხილავს.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე ჩვენ ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებებს და არსებულ წინადადებებს განვიხილავთ, რათა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში ჩვენი წვლილი გავზარდოთ“, – აღნიშნა ბორელმა.

ზურაბ ჟვანია, გარდაცვალების შემდეგ, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოვდა

ზურაბ ჟვანია, გარდაცვალების შემდეგ, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოვდა. ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტში გაიმართა.

ჯილდო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ჟვანიას გადასცა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის სახელით, ზურაბ ჟვანია დაჯილდოვდა „თავისუფლების საპარლამენტო ორდერით“, რათა აღინიშნოს მისი განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტარიზმის წინაშე.

„დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეა. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში და განსაკუთრებულად პარლამენტისა და პარლამენტარიზმის განვითარებაში. 31 წლის ასაკში გახდა პარლამენტის თავმჯდომარე, 41 წლის ასაკში, სამწუხაროდ, ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მან იმ პერიოდში, როდესაც პოლიტიკაში იყო და განსაკუთრებით, როდესაც პარლამენტს ხელმძღვანელობდა, უდიდესი წვლილი შეიტანა, როგორც პროცედურულად პარლამენტის ჩამოყალიბებაში, საკანონმდებლო საქმიანობის პროცედურების ჩამოყალიბებაში, საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებაში, ისე ზოგადად, პოლიტიკის იდეის დანერგვაში. ამ ღვაწლის აღსანიშნად, საქართველოს პარლამენტის სახელით, ის დავაჯილდოვეთ თავისუფლების საპარლამენტო ორდერით, რათა აღვნიშნოთ მისი განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს პარლამენტის და პარლამენტარიზმის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,ნიკა მელია უფრო ღირსეულად რომ წასულიყო, უფრო კარგი სანახავი იქნებოდა”- თაკო ჩარკვიანი

ნიკა მელიას განსაკუთრებული რესურსი ვერ ექნება, ვიღაცას უნდა მიეტმასნოს, ვინ მიიწებებს? არ მგონია, ვინმეს სჭირდებოდეს პოლიტიკური ლუზერი, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, ნიკა მელია უფრო ღირსეულად რომ წასულიყო, უფრო კარგი სანახავი იქნებოდა.

„ალბათ ყველა დამეთანხმება, ულამაზო იყო, ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდა. პარტიას ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე. იმ თავმჯდომარეს პარტიის დამფუძნებელმა ლიდერმა, სააკაშვილმა ბევრჯერ გამოუცხადა მხარდაჭერა და მიუთითა მელიას, მის მომხრეებს, რომ შემოუერთდით ამ პარტიას, მანიფესტიც გააკეთეს, არ გააკეთა ეს მელიამ. ამიტომ, ვიტყოდი ასე – იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა. ისე ამბობს, წარსულს ვტოვებ და მომავლში მივდივარო, თვითონ არ არის წარსული? აღსრულების ბიუროს უფროსი იყო. ყველას თავისი წარსული უკან მოჰყვება, რაც არ უნდა იძახო, ვტოვებო, ის წარსული შენ არ გტოვებს. ვფიქრობ, არ დატოვა წარსულმა მელია და იძულებული გახდა, ასე უმსგავსოდ მოქცეულიყო“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, ნიკა მელიას პოლიტიკურად რა რესურსი აქვს, ჩარკვიანის თქმით, განსაკუთრებული რესურსი ვერ ექნება, რადგან ამომრჩევლებმა არ უღალატეს მიხეილ სააკაშვილს და არაფერი რესურსი არ ექნება.

„ვიღაცას უნდა მიეტმასნოს. ის ვიღაცა, ვფიქრობ, იქნება ან ხაზარაძე, ან გახარია. ასე სადღაც შუაში მოქმედებს, იქნებ ვინმეს დასჭირდეს. ვინ მიიწებებს? არ მგონია, ვინმეს სჭირდებოდეს პოლიტიკური ლუზერი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს

მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი ავრცელებს.

“მამის მკვლელობაში ბრალდებული კახა კობახიძე, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა უდანაშაულოდ ცნო”, –  წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

საუბარია გარდაბანში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც 48 წლის კაცი შვილმა, იმ დროს მოკლა, როდესაც ის მეუღლეზე და შვილებზე ძალადობდა და მათ მოკვლით ემუქრებოდა.

ოჯახის წევრები მაშინ ამბობდნენ, რომ მოკლული სისტემატიურად სვამდა და მთვრალ მდგომარეობაში ძალადობდა ოჯახზე.

ნაფიცი მსაჯულების გამამართლებელი ვერდიქტის შემდეგ, 21 წლის ახალგაზრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

მოკლულის ცოლი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ მისი ქმარი მკვლელობის დღესაც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შვილი იძულებული გახდა თავი დაეცვა.

“მოვიდა ნასვამი, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი, სრულიად უმიზეზოდ, სრულიად უსაბაბოდ. მომსწრენიც არიან მაგისი, დაიწყო ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოსვლა. გამოიწვია ჩემი შვილი, ეძახდა – მოდი აბა დამარტყიო – დანა დაუნახია თვითონ ჩემს მეუღლეს, ეცა ამ დანას, მოდი აბა რას მიზამო. ამის შედეგად წაბორძიკდნენ, დანა წაართვა და ეს დარტყმა როგორ მოხდა რანაირად მოხდა მე უკვე არ ვიცი. ” განუცხადა ჟურნალისტებს მოკლულის ცოლმა.

21 წლის ბიჭი პოლიციას თავად ჩაბარდა და ბრალიც აღიარა. მის წინააღმდეგ გამოძიება  11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0hNd9KHZd8vSC2HLcifhtcDyjjsjmJpAuEyYD7CVFgk5WnTS7xCTmeKkqbUCTSmArl&id=100005258320973

 

უკრაინელებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ, თუ დასავლეთის ქვეყნები ფინანსურ მხარდაჭერას შეწყვეტენ – ოლენა ზელენსკა 

ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ უკრაინელებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ, თუ დასავლეთის ქვეყნები ფინანსურ მხარდაჭერას შეწყვეტენ. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატში რესპუბლიკელმა სენატორებმა უკრაინის დახმარების კანონპროექტი დაბლოკეს.

ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვერსია ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კვირას გავა.

„ჩვენ ძალიან გვჭირდება დახმარება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ შეგვიძლია ამ სიტუაციით დაღლა, რადგან თუ ამას გავაკეთებთ, მოვკვდებით. მსოფლიო თუ დაიღლება, ისინი ჩვენ უბრალოდ სასიკვდილოდ გაგვწირავენ. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია იმის ხილვა, რომ დახმარების მგზნებარე მზადყოფნა შეიძლება, შესუსტდეს. ჩვენთვის ეს სიცოცხლის საკითხია. შესაბამისად, ამის ნახვა მტკივნეულია“, – განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

“შენი ხმა ევროკავშირს” მსვლელობა თბილისში

„ჩვენი ხმა ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით დედაქალაქში მარში მიმდინარეობს.

მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და მონაწილეები ევროპის მოედნისკენ გაემართნენ, სადაც რეკორდული მასშტაბის ევროკავშირის დროშა გაიშლება.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დროშაზე გამოსახული თითოეული ვარსკვლავი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია დამზადებული, რაც ევროპული ინტეგრაციისადმი მთელი საზოგადოების მისწრაფებას გამოხატავს. მარშში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით იმართება, რიგით მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მარშს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანების თავისუფალ აზრს აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

„ამდენი ხალხი მოდის და ამდენმა ხალხმა თავის ხმა მიაწვდინა ევროპას. ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა, სადაც მათ თავისუფალ აზრს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ ეს თავისუფალი აზრი იქნება გათვალისწინებული და ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის მერე კიდევ ერთხელ ზეიმს და მერე მომზადებას შემდეგი წლისთვის, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა -გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს.

„9 დეკემბრის საღამოდან, 10 დეკემბრის საღამომდე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ სააგენტოში.

https://www.facebook.com/nea.georgia/posts/pfbid032Dvd6yKFcM7pxsCqmTfUiedsEPamSWXyQ45yHmrHSenHnrT2v9N2pKK8Sx3mCuchl

ორბანის პოზიციის გამო ევროკავშირი პანიკაშია – Politico 

ორბანის პოზიციის გამო ევროკავშირი პანიკაშია – ამ შინაარსის სტატიას გამოცემა Politico აქვეყნებს.

პუბლიკაციის თანახმად, ევროპელი ლიდერები, მოახლოებული სამიტის წინ, ცდილობენ უნგრეთის პრემიერს უკრაინასთთან დაკავშირებით პოზიცია შეაცვლევინონ, თუმცა ორბანი ისევ აცხადებს, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია.

„ორბანის გადარწმუნებას ცდილობს ემანუელ მაკრონიც, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი მსგავს მოლაპარაკებებში მუდმივად წარუმატებლობას განიცდის, რაც ტრამპთან და პუტინთან მისი მოლაპარაკების შედეგებმაც აჩვენა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხი გადაჭრილად ითვლებოდა, თუმცა ახლა რაიმეს პროგნოზირება რთულია“, – ნათქვამია სტატიაში.

ევროკავშირს უნგრეთის პრემიერთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც ბრიუსელმა უნგრეთისთვის განკუთვნილი მილიარდობით ევროს დახმარება დაბლოკა იმ მიზეზით, რომ უნგრეთში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციით იყო უკმაყოფილო. გარდა ამისა, ბრიუსელი ბუდაპეშტისგან რეფორმების გატარებას ითხოვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა აკადემიური თავისუფლება, ლგბტ უფლებები და მიგრაცია.

აშშ თუ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, ამერიკელების სისხლით მაღალ ფასს გადაიხდის – ჯონ კირბი

შეერთებული შტატები თუ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, რუსეთი მოადგება ნატო-ს საზღვრებს და ჩვენ მოგვიწევს დავიწყოთ მოქმედება ნატო-ს მეხუთე მუხლის შესაბამისად ამერიკელების სისხლის ფასად. თეთრი სახლის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბიმ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოელის, რომ აშშ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, რაც მისთვის დიდი საჩუქარი იქნება.

კირბის თქმით, თუ პუტინი უკრაინას საჩუქრად მიიღებს, ის ნატო-ს ზღურბლთან აღმოჩნდება. „და როგორც მანამდე ვთქვი, თუ ფიქრობთ, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის ფასი მაღალია, დაფიქრდით, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოგვიწევს მეხუთე მუხლის ამოქმედება ჩვენი ვალდებულების შესაბამისად, რა დაუჯდება ეს ეროვნულ ხაზინას და  ამერიკელებს რა სისხლის ფასად {დაუჯდება}“, – განაცხადა კირბიმ {კონგრესის მისამართით}.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ომის დასაწყისიდანვე ეყრდნობოდა მოვლენების ასეთ განვითარებას, რადგან არ სჯეროდა, რომ დასავლეთი შეძლებდა ერთიანობის შენარუნებას, არ სჯეროდა, რომ რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალა ექნებოდა.

„თუ ზრუნავთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, თქვენ უნდა დაინახოთ ბატონი პუტინი, ისეთი, როგორიც არის, თქვენ უნდა დაინახოთ რუსეთი, ისეთი, როგორიც არის და გესმოდეთ, რომ უკრაინელების დახმარება გამარჯვებაში {და ისინი არ გვთხოვენ ომში ფიზიკურად მონაწილეობას}, ჩვენი, ევროპისა და ყველა ჩვენი მოკავშირის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება -პრემიერი

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება. წელს ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც მთავრობის მეთაური კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.

პრემიერის განცხადებით, უმნიშვნელოვანესი იყო დამოუკიდებელი, მაღალი ანგარიშვალდებულების ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ფუნქციას.

„ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო შედეგები მაღალ შეფასებას იმსახურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან: World Justice Project-ის წლევანდელ „კანონის უზენაესობის ინდექსის“ ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეორე ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს.
Transparency International-ის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა და რეგიონში ლიდერია.

ჩვენთვის კვლავაც პრიორიტეტად რჩება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეთიკური მმართველობის განმტკიცება და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოების შენება“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვიეტნამის მოქალაქემ და მისმა თანამზრახველმა მათ ხელთ არსებული უკანონო წარმომავლობის თანხები ეტაპობრივად განათავსეს საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე, რის შემდეგაც თანხების ინვესტირება ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში მოახდინეს, კერძოდ: 2020-2021 წლების პერიოდში თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში – ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში – ასევე ორი საცხოვრებელი ბინა და სამი ავტოფარეხი, ხოლო ლანჩხუთში მიწის ნაკვეთი შეიძინეს.

„აღნიშნულით, ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.

გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებს, რითიც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო

ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო. კენჭისყრის დროს რეზოლუციას მხარი საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ბრიტანეთმა კი თავი შეიკავა.

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროცესი შესაბამისი კონსულტაციების ნაკლებობას განიცდიდა და არ ითვალისწინებდა ვაშინგტონის რეკომენდაციებს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, რეზოლუცია არ გმობდა „ჰამასს“.

„არცერთი ქვეყანა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც „ჰამასმა“ ჩაიდინა 7 ოქტომბერს. რომელიმე ჩვენს ქვეყანაზე რომ ასეთი თავდასხმა განეხორციელებინათ, ყველას გვექნებოდა მოლოდინი, რომ ეს საბჭო კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ჩვენს უფლებებს, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები. რეზოლუციის ყველაზე არარეალური ნაწილია მისი მოწოდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ. ეს, უბრალოდ, დატოვებს „ჰამასს“ ადგილზე, შეძლებს, გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც გააკეთა 7 ოქტომბერს. ეს რეზოლუცია არსებითად ამბობს, რომ ისრაელმა, უბრალოდ, უნდა მოითმინოს ეს“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში ბრიტანეთის წარმომადგენელმა კი თავის შეკავება იმით ახსნა, რომ დიდი ბრიტანეთი ვერ მიცემდა ხმას რეზოლუციას, რომელიც არ გმობს „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეს.