Home Blog Page 1774

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

განცხადება!გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც შპს “სასტუმრო სიღნაღში-სთვის“ (შპს „სომგოს კომპანიის“ უფლებამონაცვლე) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობების ერთი წლით – 2024 წლის 1 დეკემბრამდე გადავადებას შეეხება.აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის მიზნით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ცვლილება შეიტანა მოქმედ განკარგულებაში.აქვე აღსანიშნავია, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამავე დროს შესრულებულია საპრივატიზებო პირობების ნაწილი: მათ შორის, ინვესტიციის ოდენობა, რომელიც 20 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, აუდიტის დასკვნების საფუძველზე, 50 მლნ ლარამდეა განხორციელებული.გამომდინარე აქედან, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ისეთი მასშტაბური პროექტის დასრულების ვადების ერთი წლით გადაწევის შესახებ, როგორიცაა სიღნაღში 100-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლა, რომელიც არა მხოლოდ დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ გახდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

„უკრაინის დახმარება თუ გვინდა ეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი არ დავაზარალოთ”- ვიქტორ ორბანი

ევროკავშირი უნდა დაეხმაროს უკრაინას, თუმცა არა ბლოკის ბიუჯეტის დაზარალებით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს.

„უკრაინის დახმარება თუ გვინდა, რაც, ვფიქრობ, საჭიროა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი არ დავაზარალოთ. თუმცა 50 მილიარდი ევროს ევროკავშირის ბიუჯეტიდან გაცემა ოთხი წლის წინსწრებით არის ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დარღვევა. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა მოხდება სამ თვეში“, – განაცხადა ორბანმა პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შემდეგ.

ევროკავშირმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე პირველ თებერვალს სამიტზე უნდა იმსჯელოს. უკრაინის დახმარება უნგრეთმა დეკემბრის სამიტზე დაბლოკა. უნგრეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარება უნდა იყოს გამიჯნული ევროკავშირის ბიუჯეტისგან. როგორც ორბანმა აღნიშნა, ამგვარი მექანიზმის შექმნის შეთავაზება ეფუძნება დახმარების გამოყოფას მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით.

„ბრიუსელი თუ ამას მიიღებს, მაშინ უკრაინისთვის დახმარება იქნება ბიუჯეტის გარედან, თუ – არა, მე, სამწუხაროდ, შევაჩერებ ამ პროცესს“, – განაცხადა ორბანმა.

ვიქტორ ორბანის ინიციატივას მხარი დაუჭირა მისმა სლოვაკმა კოლეგამ, რობერტ ფიცომ.

„სლოვაკეთის მთავრობა მხარს დაუჭერს ინიციატივას, რომელიც უნგრეთის პრემიერმა უკვე წარადგინა და წარადგენს“, – განაცხადა

,,უკრაინის სახელმწიფოებრიობა მალე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება”- პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ჩაიშალა და თუ ასე გაგრძელდა, უკრაინის სახელმწიფოებრიობა მალე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის შემადგენელი ერთეულების მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მათ {უკრაინა} ასევე უარი თქვეს მოლაპარაკებაზე… უკრაინის ხელისუფლებას სწორი გადაწყვეტილება რომ მიეღო, ყველაფერი დიდი ხნის წინ დასრულებული იქნებოდა“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა დასძინა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი „დამოუკიდებლები“ არ არიან.

ამასთან, კრემლის ლიდერმა შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა არის მშვიდობიანი დიალოგის ამკრძალავი მოთხოვნები.

შს სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის ზრდის შესახებ, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

განცხადების თანახმად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის  შესახებ.

განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად – საკანონმდებლო განხილვების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.

2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პოლიციის კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან
ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას დაღუპულ პოლიციელთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა ფულადი დახმარება 100 ათასი ლარი. ხოლო, პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის, დადგენილი ყოველთვიური პენსიის
ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი.

2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება პენსიის (კომპენსაცია) გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები შემდეგი პრინციპით: პენსიისთვის განსაზღვრულ არსებულ თანხას დაემატება
ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (რიგითი-ზემდეგი) – 5 ლარი, ნაცვლად 2 ლარისა

ბ) საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირი (უმცროსი ლეიტენანტი – კაპიტანი)
– 10 ლარი, ნაცვლად 5 ლარისა

გ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (მაიორი – პოლკოვნიკი) − 15 ლარი,
ნაცვლად 10 ლარისა

დ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირი (გენერალ-მაიორი -გენერალ-პოლკოვნიკი) – 25 ლარი, ნაცვლად 15 ლარისა.

ანალოგიურად იზრდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშების ოდენობა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია და
აღნიშნული პენსია 1 მაისიდან გაიზრდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

,,საუდის არაბეთი მზად არის, აღიაროს ისრაელი, თუ პალესტინის საკითხი მოგვარდება”- საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფაისალ ბინ ფარჰანმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი მზად არის, აღიაროს ისრაელი, თუ პალესტინის საკითხი მოგვარდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პირველი ნაბიჯი პალესტინის საკითხის გადასაჭრელად არის ცეცხლის შეწყვეტა ყველა მხრიდან.

“ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ რეგიონული მშვიდობა მოიცავს მშვიდობას ისრაელისთვის, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პალესტინელებისთვის მშვიდობის გზით, პალესტინის სახელმწიფოს მეშვეობით”, – განაცხადა ფაისალ ბინ ფარჰანმა.

კითხვაზე, დათანხმდება თუ არა საუდის არაბეთი ამ კონტექსტში ისრაელის აღიარებას, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: “რა თქმა უნდა”.

პუტინი არის მტაცებელი, რომელიც გაყინული საკვებით არ კმაყოფილდება- ზელენსკი

„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ მიმართა, ვინც უკრაინის მხარდაჭერას ყოყმანობს და კონფლიქტის გაყინვაზე საუბრობს“,-  ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

როგორც ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პუტინი მტაცებელია.

ზელენსკიმ თქვა, რომ 2014 წლის შემდეგ დონბასში ომის გაყინვის მცდელობები იყო, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული გერმანიის მაშინდელი კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი.

„პუტინი არის მტაცებელი, რომელიც არ კმაყოფილდება გაყინული საკვებით,” – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია პუტინის დამარცხება ხმელეთზე, ზღვასა და ცაში.

ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ ომი უნდა დასრულდეს სამართლიანი და სტაბილური მშვიდობით.

,,ჩინეთი, ამ ბოლო პერიოდში, ჩამოყალიბდა როგორც ძალიან ძლიერი პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი”- ეკა სეფაშვილი

ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან, როგორც პოლიტიკურ, ასე ეკონომიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ არა მოკლევადიან ეკონომიკურ პერსპექტივაში, რაც გულისხმობს ისეთი ეკონომიკური სარგებლის მიღებას, როგორიცაა ვაჭრობის დივერსიფიკაცია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, საქართველოს გამოყენებას შუა დერეფნად, არამედ პოლიტიკურ პარტნიორობას – ესაა გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები, რაც მომავალში გარდაიქმნება საქართველოს უფრო მეტ ეკონომიკურ წინსვლაში, – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ჩინეთში მმართველი ძალის ლიდერების ვიზიტი.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩინეთი, ამ ბოლო პერიოდში, ჩამოყალიბდა როგორც ძალიან ძლიერი პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი.

„ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ხშირად პოლიტიკური ინტერესები განაპირობებს ეკონომიკური თანამშრომლობის დაწყებას და პირიქით. ზოგჯერ გაუგებარია საერთოდ, რომელს ეკუთვნის იმპერატივი – პოლიტიკურს, თუ ეკონომიკურს. ვიტყოდი, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, ფაქტობრივად ერთი და იგივეა და პოლიტიკურ ინტერესებს დავარქმევდი გრძელვადიან ეკონომიკურ ინტერესებს.

შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან, როგორც პოლიტიკურ, ასე ეკონომიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ არა მოკლევადიან ეკონომიკურ პერსპექტივაში, რაც გულისხმობს ისეთი ეკონომიკური სარგებლის მიღებას, როგორიცაა ვაჭრობის დივერსიფიკაცია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, საქართველოს გამოყენებას შუა დერეფნად, არამედ პოლიტიკურ პარტნიორობას – ესაა გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები, რაც მომავალში გარდაიქმნება საქართველოს უფრო მეტ ეკონომიკურ წინსვლაში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩინეთში ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების ვიზიტები ცხადყოფს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთი საქართველოსთან თანამშრომლობას.

„ის ფაქტი, რომ ჩინეთში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, თუ როგორი საზეიმო დახვედრა მოუწყვეს მას, ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას. ახლა ჩვენ ვნახეთ არანაკლები მნიშვნელობის საპარლამენტო დელეგაციის პოლიტიკური დატვირთვის ვიზიტი, რომელიც საკმაო ხანგრძლივობით გამოირჩევა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი საქართველოსთან მიმართებაში, არა მარტო მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ინტერესებზეც ფიქრობს. ჩვენ, ჩვენი კუთხიდან რომ გადავხედოთ, საქართველო გლობალურ კონტექსტში, მისი ეკონომიკური და პოლიტიკური წონიდან გამომდინარე, ძალიან მცირეწონიანია. ჩვენ არ ვმონაწილეობთ და ვერ ვმართავთ გლობალურ პროცესებს და ვერ ვქმნით მსოფლიო წესრიგს. საქართველოს წილი საერთაშორისო ეკონომიკაში, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის თვალსაზრისით, იმდენად მწირია, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველომ არც ექსპორტი და არც იმპორტი რომ არ განახორციელოს, დიდად ვერცერთი ქვეყანა შენიშნავს ამას. ერთადერთი, რამაც შესაძლოა გაზარდოს საქართველოს პოლიტიკური და გლობალური მნიშვნელობა, არის აზიასა და ევროპას შორის საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქცია და ამ ფუნქციის საშუალებით საქართველო იძენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ წონას, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისათვის.

ჩინეთსა და ევროკავშირს გაფორმებული აქვთ პარტნიორობის შესახებ შეთანხმება და წარმოიდგინეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩინეთი ევროკავშირისათვის. სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება მარტო ფურცელზე დაწერილი თანამშრომლობა ხომ არ არის, ესაა პრაქტიკაში განხორციელებული ქმედებები, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და როგორ უნდა მოხდეს ეს – ტექნოლოგიების გადაცემით, საქონლისა და მომსახურების გაცვლით და აქ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი, თან თუ გავითვალისწინებთ ჩრდილოეთით მოქმედი მარშრუტის არასაიმედოობას უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველომ, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, დაამტკიცა, რომ არის უსაფრთხო და საიმედო პარტნიორი ამ თვალსაზრისით და ჩვენი გეო-პოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება. საქართველოსთვის ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის საქართველო და სწორედ ამ ორმხრივი ინტერესების საფუძველზე მოგვანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი და შემდგომში სავარაუდოდ წევრიც გავხდებით, თუმცა ამისათვის ძალიან დიდი გზაა გასავლელი,“ – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

„საგზაო სამუშაოები წერეთლის გამზირზე დათქმულ ვადაში დასრულდება“ – ირაკლი ბენდელიანი

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა  წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებთან კონტრაქტის გაწყვეტის ფაქტზე მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საგზაო სამუშაოების დასრულების ვადებზე არ იმოქმედებს.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, რეაბილიტაციის  პროექტის საგზაო სამუშაოების ნაწილი, გეგმის შესაბამისად, იანვრის ბოლოს დასრულდება.

მისივე  თქმით, ამ ეტაპზე ალტერნატიული კომპანიების მოძიება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და შესაბამისი ხელშეკრულებები ხვალვე გაფორმდება.

„როგორც იცით, ხელშეკრულებები შევუწყვიტეთ წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების მიმართულებით მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს. მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ 24-საათიან მონიტორინგს ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე და ანალოგიური ხდებოდა აქაც. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, როგორიცაა ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე, იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევთ შემსრულებელ კომპანიებს და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამაზე მერიისგან არათუ დამატებითი თანხები, განსაზღვრული თანხაც არ გაიცემა იქამდე, ვიდრე ხარვეზიანი სამუშაოები სრულად არ გამოსწორდება. ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება,  ვინაიდან მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა აღდგენილი უნდა იყოს. მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, გაგრძელდება შეუფერხებლად სამუშაოები და ის ვადა,  რომელიც ჩვენ მოსახლეობისთვის ნათქვამი გვქონდა, არ გადაიწევს. იანვრის თვის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი. ახლა მიმდინარეობს ბაზრის კვლევის პროცესი და შევარჩევთ კომპანიას, ვინც უმცირეს ფასს დაგვიდებს და დააკმაყოფილებს პირობებს რაც გვაქვს დადგენილი – ხარისხი, ვადები  და ასე შემდეგ.

დილიდან კონკრეტული ტელევიზიები თესავენ მიზანმიმართულ პანიკას, თითქოს ხელოვნურად სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება და გზა ვერ გაიხსნება. მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება“, – განაცხადა  ირაკლი ბენდელიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოებისთვის დაჯარიმდებიან თუ არა კონტრაქტორი კომპანიები, ბენდელიანმა უპასუხა, რომ სანქციების რეჟიმი იმოქმედებს თავად ხელშეკრულებებში არსებული წესის თანახმად. ამასთან, მერის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, შექმნილი გარემოებების მიუხედავად, არცერთი თეთრით არ შეიცვლება.

„სანქციები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ხელშეკრულებაში იყო ჩადებული. ეს არის საბანკო გარანტიების ნაწილში, ინსპექტირების რამდენიმე აქტი გაკეთდა და შესაბამისი ჯარიმების გამოწერაც მოხდა კონკრეტულად იმ ვადაგადაცილებებზე. ხარვეზების გამოსწორება კი მოუწევთ იმ კომპანიებს, რომლებიც ობიექტზე მუშაობას გააგრძელებენ. თუმცა იმ კომპანიებს, რომლებმაც  ხარვეზები დაუშვეს, თანხას არ გადავუხდით. პროექტის ბიუჯეტი, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის იყო გამოყოფილი, უცვლელი დარჩება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

,,ვაპირებთ, რომ გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები აზიის სახელმწიფოებთან”- ნიკოლოზ სამხარაძე

 

ფუჭი მცდელობები აქვს ოპოზიციას და თავს იგდებენ სასაცილო მდგომარეობაში. ალბათ თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ ფუჭად გასროლილი ვაზნებია ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

დეპუტატი მმართველი გუნდის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

„ეს არის მორიგი უბადრუკი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, რომ ჩრდილი მიაყენონ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, პირდაპირ ვიტყვი, სულელური განცხადებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ ჩინეთთან მეგობრობა გვინდა დასავლეთის საწინააღმდეგოდ. ასეთ სისულელეზე მგონი კომენტარიც არ ღირს. სანამ ჩვენ ჩამოვიდოდით, წინა დღეს აქ იმყოფებოდა ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც გუშინ შევხვდით, ორი დღის წინ იმყოფებოდნენ აშშ-ში და შეხვედრა ჰქონდათ ბლინკენთან. ამიტომ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობების ქონა არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გამოსვლას. არცერთ ქვეყანასთან არ ვმეგობრობთ ვინმეს საწინააღმდეგოდ და არ ვამყარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს იმისთვის, რომ ვინმეს შევეწინააღმდეგოთ. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ისევ არის ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა ამავდროულად ვაპირებთ, რომ გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები აზიის სახელმწიფოებთან, იქნება ეს ჩინეთი, არაბული სახელმწიფოები, ისრაელი, იაპონია სამხრეთ კორეა თუ ა.შ. ფუჭი მცდელობები აქვს ოპოზიციას და თავს იგდებენ სასაცილო მდგომარეობაში. ალბათ თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ ფუჭად გასროლილი ვაზნებია ეს ყველაფერი“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს. მსჯელობა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შეხვედრები პეკინსა და შანხაიში აქვს დაგეგმილი.

„ჩვენ ყოველთვის სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი“- იენს სტოლტენბერგი

რუსეთი ძლიერად უტევს უკრაინას, ვითარება ბრძოლის ველზე უკიდურესად მძიმეა, რუსები ახლა უტევენ ფრონტის ხაზის მრავალ ნაწილში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ჩვენ ყოველთვის სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი“.

„რა თქმა უნდა, მასშტაბურმა შეტევამ, რომელიც უკრაინელებმა აწარმოეს გასულ ზაფხულს, არ გამოიღო ის შედეგები, რომელთა იმედიც ყველას გვქონდა. ჩვენ ვხედავთ, როგორ აძლიერებს რუსეთი თავის პოზიციებს, როგორ იძენენ ისინი დრონებს ირანისგან, აშენებენ დრონის მწარმოებელ საკუთარ ქარხანას, როგორ იღებენ საბრძოლო აღჭურვილობას და ბალისტიკურ რაკეტებს ჩრდილოეთ კორეისგან, მათ ასევე აჩვენეს მაღალი შემგუებლობა მსხვერპლის მიმართ. ასე რომ, რუსეთი ძლიერად უტევს და ეს არის სერიოზული, ჩვენ ყოველთვის სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი. თუმცა, ამასთან ერთად, მე მჯერა, რომ არის ასევე ოპტიმიზმის მიზეზიც.

პირველ ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ეს ომი დაიწყო ფართომასშტაბური ინტერვენციით 2022 წელს, ექსპერტების უმეტესობას მიაჩნდა, რომ რუსეთი კიევს რამდენიმე დღეში დაიკავებდა და უკრაინაზე კონტროლს რამდენიმე კვირაში დაამყარებდა. ეს არ მომხდარა. მოხდა საპირისპირო. უკრაინამ კონტრიერიში აწარმოვა, გაათავისუფლა ჩრდილოეთ, აღმოსავლეთი და სამხრეთით ხერსონი. მათ მიაღწიეს დიდ სამხედრო გამარჯვებებს შავ ზღვაში, გახსნეს დერეფანი და ახლა მათ შეუძლიათ მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით და თქვენ ხედავთ, როგორ დარტყმებს აყენებენ ისინი რუსეთის საჰაერო ძალებსა და ფლოტს. ეს არის დიდი სამხედრო გამარჯვებები უკრაინისთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა გადარჩა როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რაც მათთვის დიდი გამარჯვებაა.

„რუსეთი კი მარცხდება, რადგან ვერ შეძლო იმის მიღწევა, რისი მიღწევაც ომით სურდა – უკრაინის კონტროლის. უკრაინელი ხალხი არასდროს ენდობოდა რუსეთს იმაზე ნაკლებად, ვიდრე დღეს, მათ სურთ, იყვნენ დასავლეთის, ევროკავშირის და ნატო-ს ნაწილი, ისინი ისე ახლოს არიან ჩვენთან, როგორც არასდროს და ეს არის დიდი მარცხი რუსეთისთვის. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მათ მხარი და მე საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერას. რადგან უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, არამედ ეს არის ინვესტიცია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში. შესაბამისად, მოკავშირეებმა აღმოუჩინეს მას უპრეცედენტო მხარდაჭერა, ახლა ვაძლიერებთ ჩვენს წარმოებას. ჩვენ უნდა ვიდგეთ უკრაინის გვერდით და რაღაც ეტაპზე რუსეთი გააცნობიერებს, რომ ზედმეტად დიდ საფასურს იხდის, დაჯდება და დათანხმდება რამე სახის სამართლიან მშვიდობას, თუმცა ჩვენ უნდა ვიდგეთ უკრაინის გვერდით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

“ღაზაში მიმდინარე მოვლენები სრული კატასტროფაა ისრაელისთვის” – ანალენა ბერბოკი

ჩემი შეფასები, ღაზაში მიმდინარე მოვლენები სრული კატასტროფაა ისრაელისთვის, ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე განუწყვეტლივ ვმუშაობთ, რომ თავიდან ავიცილოთ ის ნაპერწკალი, რომელმაც შესაძლოა მთელი რეგიონი ჩაითრიოს. ეს მხოლოდ კონკრეტულ რეგიონს არ ეხება, ჩვენ ამ ომის გავლენებს ვხედავთ უკრაინასთან მიმართებითაც. ვხედავთ, რომ მედია არ აშუქებს რუსეთის მხრიდან უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებზე ყველაზე მასშტაბურ თავდასხმებს“, – აღნიშნა ბერბოკმა.

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობს. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა მრგვალი მაგიდის დისკუსიებზე. ასევე ვიზიტის ფარგლებში პრემიერ მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

დავოსში შეკრებილი მსოფლიო ლიდერებიდან ერთ-ერთი პირველი გამომსვლელი იყო ჩინეთის პრემიერი, რომელმაც მსოფლიოს მიმართ ღიაობა საჯაროდ დაადასტურა. ფორუმის მონაწილეებს უკვე მიმართეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა და იენს სტოლტენბერგმა.

,,ახლა არ არის კონფლიქტებისა და პოლარიზაციის დრო, ახლა ნდობის აღდგენის დროა”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ახლა არ არის კონფლიქტებისა და პოლარიზაციის დრო, ახლა ნდობის აღდგენის დროა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„გლობალური ბიზნეს საზოგადოებისთვის მომდევნო ორ წელში შეშფოთების მთავარი საგანი არ არის კონფლიქტები და კლიმატის ცვლილება – ეს არის დეზინფორმაცია. ამას კი მოჰყვება ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია. ეს რისკები საკმაოდ სერიოზულია, რადგან ისინი გლობალური გამოწვევის გამკლავებასთან დაკავშირებით ჩვენს შესაძლებლობებს ზღუდავს. სწორედ ამიტომ, დავოსის წლევანდელი თემატიკა, ნდობის აღდგენა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ყოველთვის იქნება მცდელობა, გზიდან გადაგვიყვანონ, მაგალითად, მცდარი ინფორმაციით. ეს კარგად ჩანს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ნება მომეცით, მოგაწოდოთ რეალური ინფორმაცია: რუსეთი მარცხდება სტრატეგიულ მიზნებში. პირველ რიგში, სამხედრო თვალსაზრისით. არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ბევრი ფიქრობდა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა, მთელი ქვეყანა კი – რამდენიმე კვირაში. ეს ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად, რუსეთმა დაკარგა თავისი სამხედრო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი. უკრაინამ რუსეთი განდევნა დაკავებული ტერიტორიების ნახევრიდან; უკრაინამ უკან დახია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და გახსნა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი კორიდორი, რომ მსოფლიოს მარცვლეული მიეღო; და უკრაინამ განამყარა საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რუსეთი მარცხს ეკონომიკურადაც განიცდის. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებისგან დააშორა. რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული.

დაბოლოს, რუსეთი დიპლომატიურადაც მარცხდება. ფინეთი ნატო-ს შეუერთდა, ამ გზას მალე შვედეთიც გაიმეორებს, უკრაინა კი ევროინტეგრაციის გზაზე ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ომში უკრაინას გამარჯვება შეუძლია, თუმცა უკრაინას სჭირდება დაფინანსება, მათ შეიარაღება სჭირდებათ. მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, რათა რუსეთის მომავალი თავდასხმები მოიგერიონ. მათ ასევე სჭირდებათ იმედი. უნდა იცოდნენ, რომ ტანჯვის შემდეგ საკუთარი შვილებისთვის უკეთეს მომავალს შექმნიან. უკრაინის უკეთესი მომავალი კი ევროპაა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობს. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა მრგვალი მაგიდის დისკუსიებზე. ასევე ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

დავოსში შეკრებილი მსოფლიო ლიდერებიდან ერთ-ერთი პირველი გამომსვლელი იყო ჩინეთის პრემიერი, რომელმაც მსოფლიოს მიმართ ღიაობა საჯაროდ დაადასტურა.