Home Blog Page 1774

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მთელი კვირის მანძილზე დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. თუ შესაძლებელია, ეს დღე სახლში გაატარეთ, ოჯახის წევრებს ესაუბრეთ და პირადი საკითხები მოაწესრიგეთ. ეს ენერგიით აგავსებთ და თავს უკეთ გაგრძნობინებთ. ურთიერთობაში უფრო გულწრფელი უნდა იყოთ. სასურველია საკუთარი პრობლემების შესახებ ახლობელ ადამიანებს ზოგჯერ მაინც უამბოთ ხოლმე.

კურო

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. პრობლემები გვერდს აგივლით და ნებისმიერი საქმე სწრაფად და წარმატებით მოგვარდება. თქვენი თვითშეფასება მაღალ დონეზეა, რაც ყველაზე დახლართულ საქმეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ადამიანს, რომელმაც დიდი ხნის წინ ხელი გაგიმართათ, ახლა თქვენი დახმარება სჭირდება.

ტყუპები

თუ შესაძლებელია, საქმეები და შეხვედრები ერთი დღით გადადეთ და ეს დღე საკუთარ თავს მიუძღვენით. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან მცირდება, ამიტომ დასვენება გჭირდებათ. ვარსკვლავები სასიამოვნო შეხვედრას და სიურპრიზს გპირდებიან, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

კირჩხიბი

გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება იმუნიტეტი დაგიქვეითდეთ და რამდენიმე კვირა ლოგინში გაატაროთ. მშვენიერი დღეა საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრისთვის და საერთო პრობლემების განხილვისთვის.

ლომი

ეცადეთ, სამსახურში არ გადაიღალოთ. მოუსმინეთ საკუთარ სხეულს, დაისვენეთ და მარტივ და სასიამოვნო საქმეებზე გადაერთეთ. კარგი იქნება, თუ ფინანსურ საკითხებში გათვითცნობიერებულ ადამიანებთან თქვენთვის საინტერესო თემებზე ესაუბრეთ და რჩევას ჰკითხავთ. არსებობს ფულის გამომუშავების შესაძლებლობა და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ – თავი შეიკავეთ გულახდილობისგან და საკუთარ გეგმებზე არ უამბოთ. კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანებთან მეტ დროს გაატარებთ, მომავალზე ისაუბრებთ და გამოცდილებას გაუზიარებთ. უარს ნუ იტყვით შეთავაზებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ.

სასწორი

ამ დღეს ჯანსაღი ამბიციებით ხართ სავსე და თქვენი სურვილია, იყოთ ლიდერი და არა შემსრულებელი. გარშემომყოფებს ამასთან შეგუება მოუწევთ. ისინი, ნებით თუ უნებლიეთ, ყველაფერში მხარს დაგიჭერენ, მაგრამ გირჩევნიათ, დღეს მარტომ იმოქმედოთ და ყველა წვრილმანი თავად შეამოწმოთ – ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი საკითხის სწრაფად მოგვარებას შეძლებთ.

მორიელი

წარსულის ზოგმა შეცდომამ შესაძლოა თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს და მათი გამოსწორება მოგიწევთ. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, მით უკეთესი იქნება. ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება, ბონუსის ან დამატებითი შემოსავლის წყალობით, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ვიღაცამ ძველი ვალი დაგიბრუნოთ, რომელიც უკვე დაგავიწყდათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა უსმინოთ. მარტოხელა მშვილდოსნებს მალე თავბრუდამხვევი რომანტიკული ისტორიები ელით.

თხის რქა

ჰოროსკოპის ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობას იჩენენ. ეს დღე მშვიდად, განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. ნებისმიერი ურთიერთობა სასარგებლო და სასიამოვნო იქნება. უამრავ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. ყოველდღიურმა პრობლემებმა შეიძლება საყვარელ ადამიანებთან თქვენი ურთიერთობა დაძაბოს. ეცადეთ, ემოციური ზეწოლისგან თავი შეიკავოთ და კომპრომისი მოძებნოთ.

მერწყული

ამ დღეს გარშემო მყოფებისთვის რჩევის მიცემაზე თავი შეიკავეთ. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ჭკუას ასწავლით და კონფლიქტში ჩაგითრიოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ და საკუთარი შეხედულებები გაუზიაროთ. დღის განმავლობაში უსიამოვნო სიურპრიზებისგან თქვენი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია დაგიცავთ.

თევზები

შესაძლოა, ამ დღეს ისეთი სიახლე გაიგოთ, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. ეცადეთ, სახლში მეტი დრო გაატაროთ და ოჯახის წევრებთან საახალწლო გეგმები განიხილოთ. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით.

ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს

ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მელიას თქმით, პარტია ძალიან მალე დაფუძნდება და მუშაობას ხვალიდან დაიწყებენ.

„ეს პარტია ძალიან ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის. იქნებიან სკეპტიკოსები, ბევრი მინახავს ასეთი, მაგრამ შემდეგ მათ პოზიცია შეუცვლიათ. ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს კვალიფიკაცია, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება და დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალიდან დავიწყებთ მუშაობას. მნიშვნელოვანი მუშაობა იქნება გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და მიდის წინ, მომავლისკენ.

“ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ებრაელ ერს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.

აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, მეგობარ ებრაელ ერს მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც რწმენის სიმტკიცის ამ დღესასწაულს ხვდება იქ, სადაც დღეს განსაცდელია, იქ, სადაც დღეს მშვიდობისთვის ბრძოლა უწევთ“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

„ყველაფერი ნახევარსიმართლეა, სანამ მიშას არ დაუპირისპირდება“ – თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა მელიაზე

„ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურება.

„რაო ვალიკო, რა მინდაო? P.S. ყველაფერი სიმართლედ მოწოდებული ნახევარსიმართლეა, სანამ მიშას არ დაუპირისპირდება.მის მიერ ხსენებული კორუმპირებული სისტემის ცენტრი მიშაა, რომელიც დღეს იძულებულია კეზერაშვილს ანგარიში გაუწიოს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

“ხაგ ხანუქა სამეახ! ყველას გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს, ჩემო ძმებო და დებო” – ირაკლი ღარიბაშვილი

ხაგ ხანუქა სამეახ! ყველას გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს, ჩემო ძმებო და დებო, − ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურმა ხანუქას სანთელი აანთო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართველებს განსაკუთრებული დამოკიდებულება, ძმობა, სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა გვაქვს ებრაელი ხალხის მიმართ, ეს ძმობა არის დაფუძნებული 26-საუკუნოვან ურთიერთობაზე, თანაცხოვრებაზე.

„ხაგ ხანუქა სამეახ! ყველას გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს, ჩემო ძმებო და ჩემო დებო. მივესალმები ისრაელის ელჩს, მივესალმები რაბი იაკობს, თბილისის სინაგოგის რაბის − ბატონ მერაბს, პატივცემულ ელჩებს − ევროკავშირის ელჩს, ამერიკის ელჩს, ლატვიის, ლიტვის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის ელჩს; პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს და კიდევ ერთხელ ჩემს ძმებსა და ჩემს დებს − ჩვენს ებრაელ თემს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს! ჩვენ ძალიან ბევრი ემოციური სიტყვა მოვისმინეთ, მე ნამდვილად კიდევ ერთხელ მსურს ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო აი, ამ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც დაატყდა თავს ჩვენს მოძმე ერს, ჩვენს ებრაელ ხალხს, ჩვენს ისრაელს. 7 ოქტომბერი მართლაც ძალიან მძიმე დღე იყო ჩვენთვის, ყველასთვის, ვინაიდან ჩვენ განვიცადეთ ის დიდი ტკივილი, რომელიც მიადგა ჩვენს მოძმე ხალხს, ჩვენს ებრაელ ხალხს ისრაელში, რამაც განაპირობა, რამაც გამოიწვია 1200 უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა და სიკვდილი. ეს საშინელი, ბარბაროსული აქტია, ეს არის ტერორისტული აქტი, რომელსაც ჩვენ ვგმობთ მტკიცედ. საქართველო და ქართველი ხალხი დგას ისრაელისა და ებრაელი ხალხის გვერდით. ჩვენ, ქართველებს, გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, განსაკუთრებული ძმობა, სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა ებრაელი ხალხის მიმართ. ეს ძმობა არის დაფუძნებული 26-საუკუნოვან ურთიერთობაზე, თანაცხოვრებაზე”,− განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართველებმა და ებრაელებმა ერთად გამოიარეს ძალიან ბევრი ჭირ-ვარამი, განსაცდელი, ტკივილი, სიხარული, გამარჯვება, სიკეთე და ერთად მიაღწევენ გამარჯვებას.

„ჩვენ, ქართველებმა და ებრაელებმა, ჩვენი სამშობლო, საქართველო, ერთად მოვიტანეთ დღევანდელობამდე. ჩვენ ერთად გამოვიარეთ ძალიან ბევრი ჭირ-ვარამი, განსაცდელი, ტკივილი, სიხარული, გამარჯვება, სიკეთე და მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავივლით მომავალ წლებს და საუკუნეებს, ერთად მივაღწევთ გამარჯვებას. პატივცემულმა რაბიმ თქვა, რომ როდესაც ჩამობრძანდება საქართველოში, იგი თავს გრძნობს სამოთხეში. ჩვენთვის, ქართველებისთვის − მორწმუნე ქართველებისთვის, ისრაელი წმინდა მიწა არის, ჩვენი მეორე სამშობლო. როცა მე ჩავდივარ ისრაელში, თავს ვგრძნობ სახლში. მინდა მადლობა გითხრათ თქვენ ამ ძმობისთვის, ამ მეგობრობისთვის და დიახ, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ ებრაელი ხალხის მიმართ ვართ მიკერძოებული. ვართ მიკერძოებული სწორედ ამ 26-საუკუნოვანი ძმობის, განსაკუთრებული ძმობის, გამო. კიდევ ერთხელ მინდა ვუსურვო ისრაელს და ებრაელ ხალხს გამარჯვება, დღევანდელი დღე − ხანუქა − არის სწორედ სიმბოლო გამარჯვების, განახლების, სინათლისა და ბოროტებაზე გამარჯვების დღე. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მინდა გისურვოთ მშვიდობა, გამარჯვება და კეთილდღეობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი”,− განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისის დიდ სინაგოგაში შესრულდა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ჰიმნები. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარემ მერაბ ჩანჩალაშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა, მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის „ესთა” პრეზიდენტმა ევა ბაბალაშვილმა, თბილისის სინაგოგას მთავარმა რაბინმა რახამინ მურდუხაშვილმა და მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა იაკობ გაგულაშვილმა.

ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ ირმა კუპრეიშვილს, ლაშა შაყულაშვილს, იოსებ მიხელაშვილსა და მაყვალა გონაშვილს.

ხანუქას დღესასწაულს თბილისის დიდ სინაგოგაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე − დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ნაციონალური მოძრაობა“ მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე, რასაც ჰქვია დაშლა” – გურამ მაჭარაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე, რასაც ჰქვია დაშლა, რაც პრაქტიკულად, მელიამ მოგვილოცა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი ნიკა მელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას გამოეხმაურა.

„ხანგრძლივი პოლიტიკური ჭინთვების შემდეგ, როგორც იქნა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, თუმცა ამას წინ უძღოდა ათამდე მუნიციპალიტეტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. მელიას განცხადებაში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე, როგორც წარსული, ისე მოიხსენია. ეს ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რასაც ვამბობდით, რომ ამ პოლიტიკური პარტიის ლოგიკური დასასრული იქნება ის, რომ გაქრება პოლიტიკური ველიდან. ნიკა მელია უკვე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოიხსენიებს, როგორც წარსულს და ამ შემთხვევაში, ის არ იქნება გამონაკლისი.

თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ ფორმალურ თავმჯდომარეს, ხაბეიშვილს ამერიკაში ვიზიტი დაუჯდა იმად, რომ შესაძლოა, თვითმფრინავშივე აღარ იყოს თავმჯდომარე და რიგითი წევრი ჩამოვა აეროპორტში.  ამერიკაში ერთი ვიზიტი პრაქტიკულად, ათამდე მუნიციპალიტეტში ფრაქციის გაუქმება დაუჯდა და ამ ვიზიტს ხაბეიშვილი უწოდებს წარმატებულს. ერთი ან ორი ასეთი „წარმატებული“ ვიზიტი ამერიკაში და ალბათ ხაბეიშვილი მხოლოდ თავის მძღოლთან ერთად დარჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“. სხვა მეტი აღარავინ დახვდება.

ეს არის რეალური სახე „ნაციონალური მოძრაობის“. ხელისუფლებაში როცა იყვნენ, ასეთი დამოკიდებულებით მართავდნენ  ქვეყანას და როცა ოპოზიციაში არიან, ზუსტად ასე უდგებიან საკუთარი პარტიის წევრების ინტერესებს, საზოგადოების ინტერესები საერთოდ აღარ აინტერესებთ. ამიტომ მივედით იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, რაც პრაქტიკულად, მელიამ მოგვილოცა“, -განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და მიდის წინ, მომავლისკენ.

“უკრაინაში მიმდინარე ომი, პანდემიისა არ იყოს, დასრულდება სწორედ მაშინ, როდესაც ათვისებული და გადამუშავებული იქნება ამ ომისთვის გამოყოფილი უკანასკნელი ცენტი”

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ერთ-ერთი საინტერესო ფენომენის – „ფობიანომიკის“ შესახებ სოციალურ ქსელში მიმოხილვას აქვეყნებს.

როგორც დავით ქართველიშვილი განმარტავს, ეს ფენომენი გულისხმობს „შიშებით ვაჭრობას“. მას არცთუ ისე შორეულ წარსულში უკავშირდება – პანდემიის პერიოდი, ახლა – რუსეთ-უკრაინის ომი, ხოლო მომავალში კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა დაუკავშირდება.

„ერთმა საინტერესო ინგლისურმა სიტყვამ: „Fearnmonger“ (შიშების გამყიდველი), წარმოშვა მეტად საინტერესო ფენომენი – „ფობიანომიკა“. ეს ფენომენი მართავდა მსოფლიოს პანდემიის დროს, როდესაც სიცოცხლის/ჯანმრთელობის მასობრივი დაკარგვის შიშებით ხდებოდა ასობით მილიონობით ადამიანის „დაშანტაჟება“. ამის გასანეიტრალებლად გამოყოფილი და ათვისებული იქნა ასობით მილიარდობით თანხა. შემდეგ, როდესაც გამოყოფილი ფულის ათვისება წარმატებულად დასრულდა – დასრულდა პანდემიაც. „ფობიანომიკა“ განაპირობებს ამჟამინდელ მსოფლიო სამხედრო ბიუჯეტებსაც. სწორედ ამ მოტივაციით ითხოვენ „შიშებით გამყიდველები“ ამერიკის კონგრესისაგან მორიგ 66 მილიარდი დოლარის გამოყოფას. ითხოვენ „დაშინებით“ – თუ არ გამოყოფენ, რუსეთი გაიმარჯვებს.

უკრაინაში მიმდინარე ომი, პანდემიისა არ იყოს, დასრულდება სწორედ მაშინ, როდესაც ათვისებული და გადამუშავებული იქნება ამ ომისთვის გამოყოფილი უკანასკნელი ცენტი. ამერიკული 66 და ევროპული 50 მილიარდი მხოლოდ გაახანგრძლივებდა ამ თანხების ათვისებისა და შესაბამისად, ომის გაგრძელების პერიოდს. ასე რომ, ჰორიზონტზე რეალურად ჩნდება ამ ომის დასრულების კონტურები. მაგრამ, არც ესაა პრობლემა: „ფობიანომიკის“ დაინტერესების უფრო მსუყე სფერო – „კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაა“, რასაც უკვე, ალბათ, ტრილიონობით დოლარის ათვისება დასჭირდება. შუალედებში კი, არავის არ გაუუქმებია არც რომელიმე ახალი პანდემია, ან სადმე ახალი ომი. მით უმეტეს, რომ „შიშებით გამყიდველებმა“ მომხმარებელი კაცობრიობა ამისთვის უკვე მოამზადეს და „ფობიანომიკის“ მძევლებად გახადეს: „ნუ გეშინიათ, როდის არ გადაგვირჩენიხართ!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“გენოციდი, რაც პალესტინასა და ღაზაში ხდება, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია” – ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებისას ღაზაში შექმნილ ვითარებას გენოციდი უწოდა.

იბრაჰიმ რაისის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით პალესტინის ტერიტორიებზე არსებული ვითარების განხილვა.

„პალესტინასა და ღაზაში რაც ხდება, რა თქმა უნდა, არის გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული“, – აღნიშნა იბრაჰიმ რაისიმ.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტს კრემლში უმასპინძლა, სადაც ღაზაში, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომი და ნავთობის ფასის გაზრდის მიზნით, რუსეთისა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის ძალისხმევა განიხილა.

ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიას ტოვებს. გადაწყვეტილების შესახენ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შენარჩუნებულიყო პრინციპები, მაგრამ მიიღო “ყრუ კედელი”.

მელიას შეფასებით, შეიქმნა “მოჯადოებული წრე” და “მანკიერ წრეში” დარჩენა ნიშნავს უარის თქმას სიმართლეზე, ღირსებაზე, მორალზე და საქართველოს მომავალზე.

ნიკა მელიას თქმით, მაშასადამე, მიდის წინ მომავლისკენ და წარსულს ტოვებს წარსულში.

ამასთან, მელიას განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, კულუარული გავლენები, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა, განსხვავებული აზრის დევნა და დემოკრატიისათვის კარის დაკეტვა.

„ბოლო 11 წლის განმავლობაში არ შემიწყვეტია ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რადგან ვთვლიდი და ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება, საქართველოს უკარგავს განვითარების პერსპექტივას და ართმევს მომავალს. მომავალს, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს გაცილებით უკეთესი, ვიდრე აქვს აწმყო.

ვიბრძოდი პარლამენტის ტრიბუნიდან, ქუჩიდან, საერთაშორისო პლატფორმებიდან და ციხის საკნიდან. ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველგან, სადაც ილახებოდა ხალხის თავისუფლება.

ამ პროცესში არ მქონია სხვა არანაირი პოლიტიკური მიზანი, გარდა ხალხის და ჩემი ქვეყნის ინტერესისა.

11 წლის თავზე, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კლიმატი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია, მხოლოდ ფულსა და არაფორმალურ ინტერესებზე, გვაქვს გახრწნილი პოლიტიკური სისტემა, სადაც გასაქანი არ ეძლევა პატიოსნებას, წესიერ, გამოცდილ ადამიანებს, ახალგაზრდებს, ზნეობრივ და გულწრფელ პოლიტიკას, იდეალისტებს.

მოსყიდვა და პოლიტიკური ვაჭრობა არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის საფუძველი და სამწუხაროდ, თამაშის ეს წესები მიიღო პოლიტიკოსების არცთუ ისე მცირე ნაწილმა.

ისინი ცდილობენ ამორალურობა აქციონ პოლიტიკურ სტანდარტად, პოლიტიკაში წარმატების წინაპირობად. ამ სტანდარტის გამზიარებელი პოლიტიკოსები ერთმანეთს არწმუნებენ, რომ პრინციპების დათმობით უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე პრინციპების ერთგულებით და მერე ყველა ასეთი პოლიტიკოსი ერთად, ამაში ცდილობს დაარწმუნოს ხალხი;

დღეს ბევრი თქვენგანი ფიქრობს, ქალაქში, სოფელში, ქუჩაში, მაღაზიაში – კი არ ვარგა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ვერ მოერევი, ცუდია, მაგრამ ფული აქვს ბევრი და ვერ მოერევი.

მე მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ფულის დამარცხება შესაძლებელია ფულით, უღირსობის უღირსობით, პოლიტიკური კორუფციის დამარცხება შესაძლებელია პოლიტიკური კორუფციით, არ მჯერა, რომ პოლიტიკური ვაჭრობა მარცხდება პოლიტიკური ვაჭრობით. მე მჯერა, რომ სისტემური ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება სუფთა წარსული, რეპუტაცია, ცოდნა,პატიოსნება, გამბედაობა – აი, ეს არის გამარჯვების ახალი გზა და არა პოლიტიკურ ვაჭრობებში ჩართვა, ეს არის ჩემი პოლიტიკური იდეალები, ეს არის ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ხედვა.

ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შენარჩუნებულიყო (გაემარჯვა ამ პრინციპებს) ეს პრინციპები, მაგრამ მივიღე ყრუ კედელი.

შეიქმნა მოჯადოებული წრე, რომელიც ითვალისწინებს ყველას ინტერესს, გარდა ხალხის ინტერესისა. ამ მანკიერ წრეში დარჩენა ნიშნავს უარის თქმას სიმართლეზე, ღირსებაზე, მორალზე და საქართველოს მომავალზე.

პოლიტიკური კლასის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ბრძოლის მთავარი იარაღი დღეს არის ფული, მე კი მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი არის სიმართლე, სიტყვის ფასი, გულწრფელობა.

სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ თავის პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, კულუარული გავლენები, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა, განსხვავებული აზრის დევნა, დემოკრატიისათვის კარის დაკეტვა. ეს პარტიაც პოლიტიკაში გამდიდრებულმა ადამიანებმა გადააქციეს ვიწრო კლუბურ მოძრაობა

ვიცი რა ხდება თქვენს გულებში, ჩემს გულშიც იგივე ტრიალებს. თქვენ რომ დაკარგეთ ნდობა პოლიტიკური კლასის, მეც ასევე დავკარგე პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილის ნდობა. ახლა მაქვს ორი არჩევანი – ან ვითვალთმაქცო ისე როგორც უმეტესობამ, მოვირგო ეს ნიღაბი და ნიღბით ვიყო, ან ვიყო ბოლომდე გულწრფელი, საკუთარ თავთან და თქვენთან მართალი. ან უნდა მივიღო პოლიტიკური კორუფციული თამაშის წესები ან დავრჩე ხალხთან და ერთად შევცვალოთ ეს თამაშის წესები.

დარწმუნებული ვარ, სიმართლეს ყოველთვის იმაზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე ვინმემ შეიძლება ხალხი იყიდოს. მართალი ხალხი – არ იყიდება, ჩვენ კი პოლიტიკაში მათთვის სივრცე უნდა გავაჩინოთ.

ყველა ადამიანი, ვინც ამ ბრძოლაში იქნება, მიიღებს ინდივიდუალურ, სინდისით ნაკარნახებ გადაწყვეტილებას და ვიქნებით ძალიან ბევრნი, სწორი ადამიანების ღირებულებით ერთობაში და ვივლით წინ მომავლისკენ და დავამარცხებთ ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას.

მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში.

ამ ქვეყანაში ოლიგარქიას სურს დაწეროს საქართველოს ისტორია, მაგრამ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

“ღაზას სექტორში მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების შესამოწმებლად ისრაელი ომის დაწყებიდან პირველად გახსნის კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტს” – მედია

ღაზას სექტორში მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების შესამოწმებლად ისრაელი ომის დაწყებიდან პირველად გახსნის კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება მოქმედებაში რამდენიმე დღეში მოვა და განკუთვნილია იმისთვის, რომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გაიზარდოს.

ამჟამად ისრაელი ისრაელ-ეგვიპტის საზღვარზე მდებარე ნიცანას პატარა სასაზღვრო პუნქტზე ამოწმებს ყველა სატვირთო მანქანას, სანამ ისინი ეგვიპტესა და ღაზას სექტორს შორის მდებარე რაფაჰის სასაზღვრო პუნტისკენ გაემგზავრებიან.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისრაელი კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის ინფრასტრუქტურას სატვირთო მანქანების გადასამოწმებლად გამოიყენებს, მაგრამ ღაზაში შესასვლელად მათ მაინც რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლა მოუწევთ.

კახა კალაძე ქართველ ებრაელებს და ისრაელის მოქალაქეებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქართველ ებრაელებს და ისრაელის მოქალაქეებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.

აღნიშნულის შესახებ კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„დღეს ხანუქას პირველი სანთელი აინთო. მინდა, ეს დღესასწაული მივულოცო არა მხოლოდ ქართველ ებრაელებს, არამედ ისრაელის ყველა მოქალაქეს. ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია და მეც სწორედ ამას გისურვებთ – გამარჯვებას და განვითარებას. მშვიდობა ისრაელს, მშვიდობა საქართველოს“, – წერს კახა კალაძე.

“მადამ სალომე, ევროპას ხმას რომ მიაწვდენთ, ექო უკან როგორ ბრუნდება, ევროებით?” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს:

“მადამ სალომე, ევროპას ხმას რომ მიაწვდენთ, ექო უკან როგორ ბრუნდება, ევროებით?

თუ ხაზარაძესავით, ამერიკაში მიწვდენილი ხმის ექო, უკან დოლარებით რომ უბრუნდება?! და ეს ჩიტები? ამბები რომ მიაქვთ-მოაქვთ! რა ხმაზე გეჭიკჭიკებიან?

თქვენ მშობლიურ ევროპულზე თუ გაღმა ნაპირის ენა ურჩევნიათ?” – წერს გოგა ხაინდრავა.