Home Blog Page 1772

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 8 რაკეტა გაანადგურ

გამთენიისას უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა, რის შემდეგაც საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციასა და უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, კიევზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა შენობები. მედია წერს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე გაანადგურა მტრის რვა რაკეტა და 18 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა დარნიცკისა და გოლოსევსკის რაიონებში. მისივე თქმით, ფრაგმენტებმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა.

ამასთან, ღამის განმავლობაში ავდეევკის მიმართულებით 82 სამხედრო შეტაკება დაფიქსირდა. ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 11 შეტევა დონეცკის ოლქის გრიგორიევკას, ბოგდანოვკას, ივანოვსკის, კლეშჩეევკასა და ანდრეევკას რაიონებში.

ჯო ბაიდენი 12 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 12 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლებს. ამის შესახებ ამერიკული მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც „სიენენი“ წერს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს იქნება უკრაინის პრეზიდენტის მეორე ვიზიტი აშშ-ში. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში პირველად სექტემბერში იმყოფებოდა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 11 დეკემბერს გაემგზავრება.

„უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, გამართავს შეხვედრებისა და მოლაპარაკებების სერიას“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ზელენსკი ფოკუსირული იქნება უკრაინის მხარდასაჭერად რუსული ტერორისგან თავდაცვის მიმართ აშშ-ის, ევროპისა და მსოფლიოს ერთიანობის უზრუნველყოფაზე, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებასა  და თითოეული ერის სუვერენიტეტის პატივისცემაზე.

„ვაშინგტონში მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის იქნება უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის გაგრძელება, კერძოდ, ერთობლივი პროექტები იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 დეკემბერს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +19 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დღისით +8, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში +2 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +2, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +10 იქნება გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +9 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მოსალოდენლია მზიანი ამინდი.

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. გირჩევთ, ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედოთ და გარშემო მყოფთა საუბრებს ყური დაუგდოთ, რათა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს მენეჯმენტისგან თავი შორს დაიჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი უსიამოვნო დავალებების შესრულება ან კომენტარების მოსმენა მოგიწევთ.

კურო

მშვენიერი დღეა კარგად შესრულებული სამუშაოს შეფასებისთვის. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან.

ტყუპები

სავარაუდოდ, თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების ეტაპი იწყება, რომელიც ბევრ რამეზე აისახება. ზოგი ცვლილების მიღება გაგიჭირდებათ, ამიტომ ვარსკვლავები ტყუპებს ფსიქოლოგიურად მომზადებას ურჩევენ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენზე ზეწოლის მოხდენას და მანიპულირებას ცდილობს. ამ ბრძოლაში თქვენ უნდა გაიმარჯვოთ – ამიტომ, არაფერი დათმოთ.

კირჩხიბი

თავი დაანებეთ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას და მშვიდად იმოქმედეთ. ამ დღეს აჩქარება სერიოზულ შეცდომებს გამოიწვევს, რომელთა გამოსწორება რთული იქნება. ადამიანების დარწმუნების ნიჭი საშუალებას მოგცემთ, რომ მოლაპარაკება წარმატებით დაასრულოთ და თქვენთვის საჭირო შედეგებს სწრაფად მიაღწიოთ.

ლომი

ამოირჩიეთ ყველაზე პერსპექტიული საქმეების სიიდან რომელიმე და საქმეს შეუდექით. სწორად დაგეგმილი საქმე უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. თ არ იზარმაცებთ შესაძლოა, ძველი, მტკივნეული პრობლემა მოაგვაროთ, რომელიც გამუდმებით თავს გახსენებთ. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ.

ქალწული

რთული და დაძაბული დღეა. სასურველი შედეგების მისაღწევად ოპონენტებთან ადაპტაცია, მათი განწყობისა და ინტერესების გათვალისწინება მოგიწევთ. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ამ დღეს ყველა მნიშვნელოვან მოლაპარაკებას წარმატებით ჩაატარებთ. ეცადეთ, მეტად იაქტიუროთ და საკუთარი შეხედულებები დაიცვათ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

სასწორი

დღეს რჩევის მიცემის სურვილმა შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან გაუგებრობა გამოიწვიოს, რომლის შედეგებსაც დიდხანს ვერ დაივიწყებთ. ამიტომ იყავით ნეიტრალური – თავის საქმეს ყველამ თვითონ მიხედოს! ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად სასიამოვნო საღამო გაატაროთ. ამ ნიშნის შეყვარებულ წარმომადგენლებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.

მორიელი

მომატებული ემოციური ფონის გამო თავის შეკავება და გარშემო განვითარებული მოვლენებს ობიექტურად შეფასება გიჭირთ. ეცადეთ, უხეში სიტყვები გულთან ახლოს არ მიიტანოთ და კოლეგებთან ჩხუბს მოერიდეთ. ამ დღეს ენერგია, ურთიერთობების გარკვევის ნაცვლად, საქმის კეთებაზე უნდა მიმართოთ.

მშვილდოსანი

თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის უნდა მოემზადოთ. ეს არა მხოლოდ სამუშაოს, ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება. ისიც კი, რაც აქამდე ადვილად გამოდიოდა, ახლა შეიძლება რთული იყოს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, არ არის გამორიცხული კამათი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ძველი იდეების ან შეხედულებების შეცვლის, ზედმეტი ნივთების მოცილების ან იმ ურთიერთობების დასრულებისთვის, რომლებმაც დიდი ხანია თავი ამოწურეს. ეს დაგეხმარებათ, რომ თავი უფრო თავისუფლად იგრძნოთ და წინ სწრაფად წახვიდეთ. საღამოს სიურპრიზი გელით. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

მერწყული

ამ დღეს თქვენს პიროვნულ ხიბლს სასწაულების მოხდენა შეუძლია. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის ან ახლობელ ადამიანთან საუბრისთვის. ნუ აჩქარდებით, რომ სერიოზული შეცდომა არ დაუშვათ. ოჯახურ შეკრებაზე შეიძლება კარგი რჩევა მოისმინოთ. საღამოს მოულოდნელი სიახლეებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

თევზები

ამ დღეს ურთიერთობებში მეტი სითამამე უნდა გამოიჩინოთ. პირდაპირ ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ ან გაღიზიანებთ. გულწრფელობა დაგეხმარებათ, სწრაფად მიიღოთ ის, რაც გსურთ. საშუალება გექნებათ, რომ საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მოგვიანებით ბევრჯერ გამოგადგებათ.

,,მათი თავდასხმა უნგრეთზე აიხსნება მხოლოდ იმით, რომ საქართველომ როგორმე არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”- კობახიძე

დარწმუნებული ვარ, უნგრეთი და ევროკავშირი მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას უკრაინის საკითხის გარშემო და მას ვერ ექნება გავლენა საქართველოს საკითხის გადაწყვეტაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ევროპულმა კომისიამ უკვე გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოს სასარგებლოდ.

„უნგრეთს აქვს თავისი მოსაზრებები უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე. ეს არის უნგრეთისა და ევროკავშირის საქმე. ამაზე წარიმართება მოლაპარაკებები და დარწმუნებული ვარ, უნგრეთი და ევროკავშირი მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას ამ საკითხის გარშემო. თვითონ ამას ვერ ექნება გავლენა საქართველოს საკითხის გადაწყვეტაზე. ევროპულმა კომისიამ უკვე გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოს სასარგებლოდ. საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, მათ შორის შესრულდა 12 პრიორიტეტის ქვეშ გაწერილი რეკომენდაციები“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, უნგრეთი კვლავ რჩება საქართველოს მხარდამჭერად.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ოპოზიცია აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. მთელი მათი გზავნილები და პოლიტიკა სწორედ ამაზე იყო აგებული. ისინი პირდაპირ ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ახლაც, როდესაც უნგრეთი ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და არის ჩვენი განსაკუთრებული მხარდამჭერი, თავდასხმა უნგრეთზე აიხსნება მხოლოდ ამ განზრახვით, რომ საქართველომ როგორმე არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არ წაიწიოს წინ ევროინტეგრაციის გზაზე.

ასევე, გახსოვთ თავის დროზე თავდასხმები ბატონ ოლივერ ვარჰეიზე, რომელიც არის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი. ეს ყველაფერი ამას უკავშირდება. მათი თავდასხმები ჩვენს პარტნიორებზე, მეგობრებზე, მხარდამჭერებზე აიხსნება მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, საქართველომ არ წაიწიოს წინ ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ორბანის პოზიციის გამო ევროკავშირი პანიკაშია – ამ შინაარსის სტატიას გამოცემა Politico აქვეყნებს. პუბლიკაციის თანახმად, ევროპელი ლიდერები, მოახლოებული სამიტის წინ, ცდილობენ უნგრეთის პრემიერს უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია შეაცვლევინონ, თუმცა ორბანი ისევ აცხადებს, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია.

სასამართლო რეფორმის გამო ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის გამოყოფილი თანხების „გაყინვის“ გარშემო სკანდალი გრძელდება. როგორც გამოცემა The Guardian-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, 12 დეკემბერს ევროკომისია უნგრეთს „გაყინული“ თანხებიდან 10 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

,,მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ კითხვები ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა დაუსვათ”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ კითხვები ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა დაუსვან.

„თქვენ უნდა დაურეკოთ ბატონ ზელენსკის, რადგან წელიწად-ნახევრის წინ მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრძალავს მთავრობასთან და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ყოველგვარ მოლაპარაკებას. ეს ცნობილი ფაქტია“, – განაცხადა ლავროვმა დოჰას ფორუმზე ონლაინგამოსვლისას.

მისივე თქმით, უკრაინას 2022 წლის მარტსა და აპრილში, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე“ სიტუაციის პოლიტიკური დარეგულირების „შანსი“ ჰქონდა.

ამასთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი გაძლიერდა და ეს არის აშშ-ის მიერ უკრაინის ხელით გაჩაღებული სამხედრო მოქმედებების მთავარი შედეგი.

„აშშ-ის მიერ უკრაინის ხელით დაწყებული რუსეთის წინააღმდეგ ომის შედეგი უკვე ჩანს. თქვენ ახსენეთ ნატო-ს გაფართოება, მაგრამ მთავარი შედეგი ჩვენთვის და სხვათა შორის, სხვებისთვისაც, ვინც ამას მოგვიანებით იგრძნობს, არის ის, რომ რუსეთი უკვე გაცილებით გაძლიერდა, ვიდრე იყო ამ მოვლენებამდე“, – განაცხადა ლავროვმა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ასე იქნება საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგაც.

ამასთან ერთად, ლავროვმა ღაზასა და ისრაელში მიმდინარე სიტუაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს პოლიტიკურ ზეწოლას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გავაგრძელოთ ეს პოლიტიკური ზეწოლა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. დიპლომატიის იმედი ყოველთვის არსებობს. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ ძალადობის მიმდინარე ტალღის დაწყებიდან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, ისევე, როგორც ვგმობთ ნებისმიერ ტერორისტულ თავდასხმას. ამავდროულად, ჩვენთვის მიუღებელია ამ მოვლენის გამოყენება მილიონობით პალესტინელის კოლექტიური დასჯისთვის მშვიდობიან მოქალაქეებზე განურჩეველი თავდასხმებით“, – აღნიშნა ლავროვმა.

,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავისუფლად მოძრაობისთვის უფრო მეტი ზოლია საჭირო”- კალაძე

ჩვენი რეფორმით, რომელსაც ვახორციელებთ, გვინდა რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გავაჩინოთ უფრო მეტი ზოლი, იმისთვის რომ თავისუფლად, უპრობლემოდ და შეფერხებების გარეშე შეძლოს გადაადგილება, – ამის შესახებ კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. თბილისის მერის განმარტებით, დღეს დედაქალაქი გარდამავალ ეტაპზეა, როდესაც ქუჩების ნაწილი უკვე რეაბილიტირებულია, ნაწილი კი არა, რაც გადაადგილების მხრივ სირთულეებს ქმნის.

„არის კონკრეტული ქუჩები, რომლებიც მოწესრიგებულია, რეაბილიტირებულია, ავტობუსის ზოლები არის, მაგრამ არის ქუჩები, სადაც არც რეაბილიტაცია ჩატარებულა, არც ავტობუსის ზოლები გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს წყვეტა გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ არის მონაკვეთები, სადაც ავტობუსი, მიკროავტობუსი უპრობლემოდ გადაადგილდება და კონკრეტულ ქუჩებზე ჩვეულებრივად დგას საცობში კერძო ავტომობილებთან ერთად – კერძო ავტომობილებსაც ხელს უშლის და თავისთვისაც პრობლემას წარმოადგენს. ჩვენი რეფორმით, რომელსაც ვახორციელებთ, გვინდა რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გავაჩინოთ უფრო მეტი ზოლები, იმისთვის რომ თავისუფლად, უპრობლემოდ და შეფერხებების გარეშე შეძლოს გადაადგილება.

ძალიან გვინდა რომ სწრაფად გაკეთდეს ის ყველაფერი, რაც გვაქვს დაგეგმილი, რასაც ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ. მაგრამ, ამას აქვს მეორე მხარე. მარტივ მაგალითს მოვიყვან: დავიწყეთ 2 ქუჩის რეაბილიტაცია – წერეთლის გამზირის და უნივერსიტეტის ქუჩის. ხომ ხედავდით ყველა რა ხდებოდა ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით? მხოლოდ 2 ქუჩაზეა საუბარი. 2 ქუჩის ჩაკეტვა მოგვიწია, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოგვეცვალა, მოგვეწესრიგებინა ყველაფერი, რომ გზა რომ დაიგება, ხვალ, ზეგ, შემდეგ დღეებში ისევ გადასათხრელი არ იყოს დაზიანებული კომუნიკაციების გამო. 2 გზის ჩაკეტვამ ამხელა დისკომფორტი გამოიწვია ქალაქში. წარმოგიდგენიათ, რამდენი ქუჩაა მოსაწესრიგებელი, რამდენი ქუჩაა გასაკეთებელი, რამდენი გამზირი? ამ ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება. მაგრამ ჩვენც შეზღუდულები ვართ, იმიტომ რომ არის ერთი მხარე, რომ ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ არის მეორე მხარეც, რომ ბევრს ერთად ვერ აკეთებ, იმიტომ რომ ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს. ძალიან ხშირია იმაზე საუბარი, რომ ჯერ ერთი ქუჩა გააკეთეთ და მერე მეორე. მესმის, დისკომფორტია, მაგრამ ასე თითო ქუჩას რომ ველოდოთ, რამდენი წელი უნდა გავიდეს?“ – აცხადებს კალაძე.

ისტორიკოს, გიორგი კალანდიას სასამართლოში სარჩელი შეაქვს

ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია მის შესახებ „მონა ჯი“-ზე გამოქვეყნებული ცილისმწამებლური ინფორმაციის გამო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

„იმედის კვირა“ დაინტერესდა „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობლივ პლატფორმა „მონა.ჯი“-ზე გამოქვეყნებული მასალით, რომელიც ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი მუშაკის ელზა ზოდელავას საქმეს ეხებოდა.

გიორგი კალანდიას განცხადებით, ელზა ზოდელავა სამსახურიდან ფარული ჩაწერისა და მიყურადების არაერთი შემთხვევის გამო გათავისუფლდა. კალანდიამ აღნიშნა, რომ მას ახლაც აქვს შენახული აუდიოჩანაწერი, რომელიც ზოდელავამ მას ზუგდიდის დადიანების სასახლის ამჟამინდელი დირექტორის დასმენის მიზნით გადაუგზავნა.

გიორგი კალანდიას უფლებადამცველის განცხადებით, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და ისტორიკოს გიორგი კალანდიას რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო „მონა ჯი“-გან ისინი ინფორმაციის უარყოფას, მასალის საიტიდან ამოღებასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

„ეს არის ცილისწამება, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ყველაფერი ამის აღსადგენად და დასაცავად არსებობს სასამართლო. ამიტომ, მე სასამართლოს აუცილებლად მივმართავ. ყველაფერს წარვადგენ და დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში გავიმარჯვებ“, – განაცხადა გიორგი კალანდიამ.

,,გახარიას უგუნურობის არაფერი ეტყობოდა არც მაშინ და არც დღეს ეტყობა”- ხუნდაძე

გახარიას უგუნურობის არაფერი ეტყობოდა არც მაშინ და არც დღეს ეტყობა. მაგრამ ის, რომ დამოკიდებული იყო, თავისი ქმედებით დაადასტურა, – ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრმა გაიხსენა უმრავლესობის დახურული შეხვედრა, რომელიც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა და სადაც ნიკა მელიას საკითხი განიხილებოდა.

„სწორედ ამის ეჭვი გამიჩნდა უმრავლესობის დახურულ შეხვედრაზე, როდესაც გახარია ითხოვდა ერთს და სამი დღის შემდეგ აკრიტიკებდა სწორედ იმას, რასაც დახურულ შეხვედრაზე თითქოსდა თვითონვე ითხოვდა. 3 დღეში ასეთი ღირებულებითი ცვლილება არ ხდება. ესე იგი, ემსახურები რაღაც კონკრეტულ მიზანს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის საჰიბა გაფაროვას მიწვევით ბაქოში გაემგზავრა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, როგორც სამთავრობო, ასევე, საპარლამენტო დონეზე.

საპარლამენტო დელეგაციას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან.

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ლევან იოსელიანი მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და მოკლული თემურ კარბაიას ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტის შესახებ. კერძოდ, ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.

სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევების პრევენციისათვის, რადგან ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს.

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ადგილობრივმა მილიციამ 43 წლის თემურ კარბაია რამდენიმე დღის წინ, გაურკვეველი მიზეზით ქუჩაში დააკავა, რის შემდეგაც ის გადაიყვანეს გალის მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში. მათივე თქმით, კარბაიაზე მილიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. ძალადობის შედეგად ის საავადმყოფოში თავად მილიციელებმა გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.