“გუშინ ვხალისობდი ოპოზიციის ისტერიკაზე, ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას” – კახა კალაძე

13
spot_img

დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ ეს სამუშაოები აღმშენებლობა, განვითარება ერთგვარ დანაშაულად უნდათ აქციონ. ვინ არიან ესენი? ვინ ხმაურობს ყველაზე მეტს, ესენი არიან ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ცხადია, სამუშაოების დროს არის დისკომფორტი, გამოწვევები, გადაადგილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია სამუშაოების წარმოება.

„რაც შეეხება ზოგადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჩვენ ავიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე. ჩვენ ვართ ის გუნდი, მთავრობა, ადამიანები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. 2017 წელს, როდესაც მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მენდო, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რა თქმა უნდა, ხალხს მოლოდინი ჰქონდა და აქვს, რომ ჩვენ განვახორციელებთ პროექტებს, რეფორმებს, მაგრამ არა ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს აკეთებდნენ – მივიდოდნენ რაღაც ფასადურად, ზედაპირულად გააკეთებდნენ, გახსნიდნენ და ქულებს იწერდნენ – არამედ ფუნდამენტურად, საფუძვლიანად, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ათეულ წლებს გაუძლოს პროექტებმა, რომელსაც ვახორციელებთ. ცხადია, ამ სამუშაოების დროს არის დისკომფორტი, გამოწვევები, გადაადგილების , საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია სამუშაოების წარმოება. თუ არ გადათახარე, ხომ ვერ შეცვლი იმ ჟანგიან და გაუბედურებულ მილებს, საიდანაც წერეთლის გამზირის მოსახლეობა იღებდა წყალს, რატომ არავინ არ საუბრობს ამაზე, რა მდგომარეობაში იყო კომუნიკაცია და რა პირობებში უწევდა მოსახლეობას ცხოვრება. ყველაზე კარგად იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ ვართ ადამიანები, ვინც ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამხელა მასშტაბური სამუშაოები ვაწარმოოთ და ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული მიმართულებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა ავიღოთ, პარკები, სკვერები რაც კეთდება ამ ქალაქში, სად იყვნენ წინა მთავრობები, წინა მერებიც ხომ იყვნენ გაეკეთებინათ – დღეს ნაკლები გვექნებოდა გასაკეთებელი ამ მიმართულებით. დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ ეს სამუშაოები აღმშენებლობა, განვითარება ერთგვარ დანაშაულად უნდათ აქციონ. ვინ არიან ესენი? ვინ ხმაურობს ყველაზე მეტს, ესენი არიან ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში.

გუშინ მთელი დღე ვაკვირდებოდი და ვხალისობდი მათ ისტერიკაზე. ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, მიუთითებს იმას, სად იმყოფებიან, სადაც იმყოფებით ახლა არ ვიკადრებ, ტელევიზიებია, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი იმ სიტყვას, სადაც იმყოფებით, მაგრამ დარჩებით მანდ, ეს არის თქვენი ბუნებრივი ადგილი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება კიდევ გაგცემთ შესაბამის პასუხს, რადგან თქვენ ხართ უსამშობლო ადამიანები, რომლებსაც ინტერესი არ აქვთ ქვეყნის განვითარების. ინტერესი არ აქვთ, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული და მოხდეს ეკონომიკური განვითარება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თქვენი ბინძური განცხადებები, რასაც კადრულობდით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რა განცხადებებს აკეთებდით. როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა, რომლესაც შენი ქვეყანა გიყვარს და ხალხს პატივს სცემ, გააკეთო ის განცხადებები რასაც თქვენ კადრულობდით, მაგრამ საბედნიეროდ ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და აფასებს. გუშინ რომ ვაკეთებდით ანალიზს, ვინ აქტიურობდა ყველაზე მეტად და ვის ჰქონდა ისტერიკა, ეს იყო კოლექტიური სანაცეთი და ხანდაზმული თაღლითების წარმომადგენლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.