Home Blog Page 1772

“2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს”

ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კობახიძემ განმარტა, გასულ წელს პრეზიდენტს ვიზიტების მოთხოვნა დაკმაყოფილდა გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ მაინც ვერ მიიღო. კობახიძის თქმით, აღნიშნულის გამო პრეზიდენტისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს. მან [სალომე ზურაბიშვილმა] გასული წლის აპრილის თვეში ითხოვა თანხმობა ბრიუსელში ვიზიტის განხორციელებაზე, ასევე, გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტზე. ეს იყო ივნისამდე, ვიდრე გადაწყდებოდა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, წარუმატებელი აღმოჩნდა, მაინც ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. იმიტომ, რომ ის პასუხისმგებელი არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე“, – აღნიშნა კობახიძემ.

“საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვებს სკოლებში არ შიოდეთ” – ანა წითლიძე

უფასო კვების პროგრამა საჯარო სკოლებში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბავშვებს სკოლებში არ შიოდეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრს UNDP-თან ერთად შემუშავებული სპეციალური პროგრამა გააცნო.

„როდის უნდა გახდნენ ბავშვები პრიორიტეტული სახელმწიფოსთვის და როდის უნდა დაიწყოთ უფასო კვების განხორციელება საჯაროს სკოლებში? ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრს UNDP-თან ერთად შემუშავებული სპეციალური პროგრამა გააცნო, როგორ უნდა დაიწყოს სწრაფად და ხარისხიანად უფასო კვების პროგრამა სკოლებში. ჯერჯერობით ამ მხრივ პროგრესი არ გვაქვს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

“რევოლუციური სცენარების განხორციელების არანაირი შესაძლებლობა არ არის, ერთადერთი, რაზეც აქცენტი კეთდება, არის პროვოკაციების მოწყობა”

იმის გამო, რომ ქვეყანა ვითარდება და ძალიან ბევრი წინსვლა აქვს, მათ შორის, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში, რადგან ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიული ინსტიტუტები ფართოდ და ძლიერად არის წარმოდგენილი, რევოლუციური სცენარების განხორციელების არანაირი შესაძლებლობა არ არის. ერთადერთი, რაზეც აქცენტი კეთდება, ეს არის პროვოკაციების მოწყობა და სწორედ ამ პროვოკაციების განეიტრალება იყო ის, რაც უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირს დღეს კვლავ უდგას დღის წესრიგში საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი.

„საბოლო ჯამში, მათი არჩევანიც ძალიან რთულია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ობიექტურად, ყველა შეფასებით, გაცილებით წინ არის მთელ რიგ საკითხებში, ვიდრე უკვე კანდიდატი ქვეყნები. ამიტომ, რთული იქნება, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, უარი ეთქვას საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. ამავდროულად, გეოპოლიტიკურადაც ძალიან რთულია, რომ ამ ვითარებაში მთლიანად მთელ სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოზე უარი განაცხადო, მაგრამ ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს მაინც მიზანმიმართული დარტყმა საქართველოს ამ პერსპექტივის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თბილისში სრულად ელექტრო Audi Q8 e-tron-ისა და აუდის კლუბის პრეზენტაცია გაიმართა

29 სექტემბერს თბილისში ”აუდი საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა აუდის კლუბისა და Audi Q8 e-tron-ის პრეზენტაცია, რომლის პარტნიორიც თიბისი დაზღვევა და თიბისი კონცეპტი იყო. პრეზენტაციის მიზანი იყო მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის ახალი მოდელის წარდგება, მისი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ჩვენება.

 

„ახალი Audi Q8 e-tron არის პროგრესული ნაბიჯი პრემიუმ ელექტრომობილების წარმოებაში – განახლებული ბატარეის ტექნოლოგიით, გასაოცარი დიზაინითა და გაუმჯობესებული მართვის დინამიკით. აუდი მომხმარებლებს, გარდა ექსკლუზიური შეთავაზებებისა, ახალ გამოცდილებებს სთავაზობს, იქნება ეს ღამით საცობებისგან თავისუფალ ქუჩებში ტესტ-დრაივი თუ დემო-რაიდები უქმე დღეებში, – აუდი საქართველო.

„თიბისი დაზღვევისთვის მნიშვნელოვანია ისეთ ბრენდთან პარტნიორობა, როგორიც აუდია და მისი მომხმარებლებისათვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება. ისინი ჩვენს ავტოდაზღვევაზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ,” – თიბისი დაზღვევა.

„თიბისი დაზღვევა” ავტოდაზღვევის ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს და უმარტივებს ცხოვრებას მომსახურების გაციფრულებით. განვითარებული დისნტაციური სერვისებით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ყვლზ სწრფ მომსახურებით.

 

თიბისი კონცეპტის მომხმარებლები, 15 ოქტომბრამდე სპეციალური შეთავაზებით -10 პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

(R)

რუსეთმა უკრაინაში 279 440 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

რუსეთმა უკრაინაში 279 440 ჯარისკაცი დაკარგა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენერალური შტაბის 3 ოქტომბრის ანგარიშით რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 279 440 სამხედრო დაკარგა, მათ შორის, ბოლო დღე ღამის განმავლობაში 360.

გენშტაბის ცნობის მიხედვით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ დღემდე რუსეთის დანაკარგებია: 4732 ტანკი, 9008 ჯავშანტექნიკა, 8932 მანქანა და საწვავის ავზი, 6565 საარტილერიო სისტემა, 801 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 540 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 315 თვითმფრინავი, 316 ვერტმფრენი, 5020 უპილოტო საფრენი აპარატი, 20 გემი და ერთი წყალქვეშა ნავი.

“პრეზიდენტიც და ჩვენც ვმოქმედებთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით” – თამარ ჩუგოშვილი

პრეზიდენტისგან გვაქვს სრული ნდობა, წარმოვადგინოთ მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, წარმოვადგენთ საქმის არა მხოლოდ სამართლებრივ მხარეს, არამედ ინფორმაციას ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავენ.

ამასთან, როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტიც და მისი წარმომადგენლები მოქმედებენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამიტომ სხდომაზე არდასწრება პრეზიდენტის მხრიდან არანაირად არ არის უპატივცემულობის გამოხატულება.

„ნამდვილად ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვართ სრულად ინფორმირებული ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მითითებულია წარდგინებაში და იმ საქმეებში, რა საქმეებიც არის წარდგინებაში. ჩვენ გვაქვს პირადად პრეზიდენტის მხრიდან არა მხოლოდ სრული ინფორმაცია, არამედ, როგორც მან თავად საჯაროდ განაცხადა, სრული ნდობა, წარმოვადგინოთ მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტიც და ჩვენც ვმოქმედებთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ვფიქრობთ, ასევე იმოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლო. ამიტომ ეს მისი მხრიდან არანაირად არ არის უპატივცემულობის გამოხატულება, ასე არ უნდა იყოს იქნას განმარტებული. ასე განმარტავს პარლამენტი, მაგრამ, ასე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ უნდა განმარტოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ვინაიდან პრეზიდენტი მოქმედებს კანონის დაცვით.

რაც შეეხება იმპიჩმენტის პოლიტიკურ ნაწილს, რომელიც არ ვიცით, გადავა თუ არა საქართველოს პარლამენტში, პოლიტიკურ ორგანოში, თუკი ის გადავა, პრეზიდენტი შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმ პოლიტიკურ ოგანოში წარდგეს თუ არა გადაწყვეტილების მიღების დროს. რაც შეეხება სასამართლოს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ პრეზიდენტს, გვაქვს მისი სრული ნდობა, მისგან გვაქვს პირადად სრული ინფორმაცია სამივე საქმესთან, სამივე ვიზიტთან დაკავშირებით. წარმოვადგენთ ამ საქმის არა მხოლოდ სამართლებრივ მხარეს, არამედ ინფორმაციას ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს მიმართა: „გამიკვირდა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო და სხდომაზე იურისტებთან ერთად არ არის წარმომადგენელი“.  ამასთან, ტურავას განცხადებით, სასამართლომ თუ ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს სათქმელი, სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, განჩინებით დაადგინოს პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება.

“ჩვენ ვისურვებდით საკონსტიტუციო სასამართლოს და კონსტიტუციის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას – ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქ მობრძანებით”

ჩვენ ვისურვებდით განსხვავებულ დამოკიდებულებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, რაც იქნებოდა გამოხატული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქ მობრძანებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კობახიძემ განმარტა, ეს არ არის მისი პოლიტიკური განცხადება, არამედ ეს არის მისი, როგორც იურისტის პოზიცია.

„მე არ მინდა მაინცდამაინც განვავრცო ის დისკუსია, რომელიც წარიმართა პრეზიდენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩვენ ვისურვებდით განსხვავებულ დამოკიდებულებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, რაც იქნებოდა გამოხატული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქ მობრძანებით. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის ჩემი, როგორც იურისტი პოზიცია, როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირის პოზიცია და ამ პოზიციას ვახმოვანებ ხალხის მიერ არჩეული 80 პარლამენტის წევრის სახელით. ეს იქნებოდა სასურველი ევროპული დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ,“ – განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტის მორიგი აღიარებაა, რომ ვიზიტებში მოუწია საკუთარი ფულის დახარჯვა -ირაკლი კობახიძე

ეს არის ძალიან მარტივი კაზუსი, მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში. ამ მუხლში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და ასევე მოლაპარაკებების წარმოება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა ითხოვა თანხმობა, არ მიუღია ეს თანხმობა და მაინც განახორციელა ვიზიტი, რითაც დაირღვა კონსტიტუცია.

„ამდენად მარტივია ეს კაზუსი. ასეთი კაზუსები შეტანილია პირველი კურსის სახელმძღვანელოებში. ასეთ მარტივ თემებზეა საუბარი, საჭირო იყო თანხმობა, არ მიუღია, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია. მით უფრო მარტივად არის საქმე, რომ პრეზიდენტმა თავად აღიარა რეალურად ვიზიტების არაკონსტიტუციურობა, კერძოდ, მან თავად ითხოვა თანხმობა, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ შესაბამისი ვიზიტის განხორციელება საჭიროებდა თანხმობას, შეგნებული ჰქონდა ეს და მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო თანხმობა, მაინც განახორციელა ვიზიტი. მას რომ ჰქონოდა რწმენა, რომ შესაბამის ვიზიტს არ სჭირდებოდა თანხმობა, არც მიმართავდა მთავრობას თანხმობის თხოვნით ასევე, მან განაცხადა, რომ მისი ვიზიტები არ იყო დაფინანსებული ბიუჯეტიდან, მისი კერძო ხარჯებით იყო ეს ვიზიტები, რაც არის მორიგი აღიარება, თუ იყო ლეგიტიმური, რატომ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან, ეს არის მორიგი აღიარება, რომ ვიზიტები იყო არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური და სწორედ ამის გამო მოუწია მას საკუთარი ჯიბის ფულის დახარჯვა. მას რომ დაეხარჯა ბიუჯეტის ფული, ეს კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, რადგან ეს არის არამიზნობრივი ხარჯი. როდესაც ახორციელებ არალეგიტიმურ ვიზიტის და ამაში ხარჯავ ბიუჯეტის ფულს, ეს დამატებით არის სისხლის სამართლის დანაშაული, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა. როდესაც იმპიჩმენტზეა საუბარი, იქ შეიძლება, გქონდეს კონკრეტული დეპუტატების იმედი, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ შენს გადაყენებას, მაგრამ თუ ჩადიხარ დანაშაულს, აქ პოლიტიკოსების იმედზე ვერ იქნები და ვერ დაარღვევ კონსტიტუციას. ამიტომ, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მიდიოდა არალეგიტიმურ ვიზიტში, ამიტომ დახარჯა არა ბიუჯეტის ფული, არამედ თავისი ფული, ეს არის აშკარა აღიარება, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა მისი ვიზიტების არაკონსტიტუციური ბუნება“, – განაცხადა კობახიძემ.

“გამიკვირდა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო” – მერაბ ტურავა

გამიკვირდა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო, რომელშიც პრეზიდენტი მოღვაწეობს და თქვენთან ერთად არ არის როგორც წარმომადგენელი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს.

როგორც მერაბ ტურავამ აღნიშნა, სასამართლოს თუ დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, განჩინებით დაადგინოს პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება.

„ვფიქრობ, ისე არ მოხდება, თქვენ რომ დააფიქსირებთ პოზიციას, პრეზიდენტი არ გამოვა და არ იტყვის, რომ ეს არის იურისტების პოზიცია და მე ხომ იურისტი არ ვარ, იმათ გააკეთეს ასეთი განმარტება, მე ასე ვფიქრობო. გამიკვირდა ის, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო, რომელშიც პრეზიდენტი მოღვაწეობს და თქვენთან ერთად არ არის როგორც წარმომადგენელი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. თქვენ კვალიფიციური იურისტები ბრძანდებით, ამ შემთხვევაში თქვენს კვალიფიკაციას კი არ ვაყენებთ ეჭვქვეშ, მაგრამ ფაქტები ალბათ, საპარლამენტო მდივანმა, პრეზიდენტმა და სხვა პიროვნებებმა უფრო კარგად იცოდნენ, თუმცა თქვენ ამბობთ, რომ ამ დღეებში ისე კარგად შეისწავლეთ ამ წარდგინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ შეგიძლიათ, ჩვენ წინაშე გამოხვიდეთ. თუ სასამართლოს დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, გვაქვს უფლებამოსილება, როგორც სასამართლო ორგანოს, განჩინებით დავადგინოთ პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება, სხვა საკითხია მერე ის ამ შემთხვევაში ისაუბრებს თუ არა ჩვენს წინაშე, მაგრამ თუ ისეთ საკითხები იქნება ვიზიტებთან დაკავშირებით, რომელიც თქვენი მხრიდან უფრო მეტ ინფორმაციას მოითხოვს, ჩვენ ამ უფლებასაც ვიტოვებთ“, – განაცხადა ტურავამ.

“პრეზიდენტი დარწმუნებულია პროცესის სამართლიანობაში” – სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი

ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა [სასამართლოს მიმართ], – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის უფლებადამცველმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კოპალეიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია და ის პროცესის სამართლიანობაში დარწმუნებულია.

„რა თქმა უნდა, შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს. რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა. ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, მათ შორის, თავად ამ შეხვედრების შინაარსზე, მოცულობაზე. ასე რომ, ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, როგორც მისმა წარმომადგენლებმა. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პრეზიდენტის ახსნა-განმარტებას ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა, პირიქით, პრეზიდენტისთვის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. ის დარწმუნებულია პროცესის სამართლიანობაში, ამიტომ ბუნებრივია, მას დიდი პატივისცემა აქვს სასამართლოს მიმართ,“ – განაცხადა კოპალეიშვილმა.

საქართველო ცარიელი ხელით ნამდვილად არ მიდის დეკემბრამდე – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო ცარიელი ხელით ნამდვილად არ მიდის დეკემბრამდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ ეს დამოკიდებულება, რაც იყო რეკომენდაციების შესრულების პროცესში და ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა, მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს.

„საქართველო ცარიელი ხელით ნამდვილად არ მიდის დეკემბრამდე. საქართველომ 1 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რომ 12 რეკომენდაცია შესრულებულიყო და ჩვენ ვნახავთ ევროკომისიის შეფასებებს. ერთი რამ ფაქტია, რომ ეს დამოკიდებულება, რაც იყო რეკომენდაციების შესრულების პროცესში და ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა, მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური კომპონენტი და ახლა სწორედ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მათი პოზიციების კონსოლიდაციაზე საუბარი“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

“საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ამდენი მაღალჩინოსნის მიბრძანება აღსანიშნავიც კია, მეეჭვება, იქ პროცესის წასაგებად მიდიოდნენ”

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნება“ ისეთი წარმომადგენლობითი დელეგაციითაა ჩასული, რომ მგონია, რომ შესაძლოა, სასამართლოს ზეწოლადაც კი შეფასდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, დიდი მოლოდინი არ აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინ აღუდგება ხელისუფლების ნებას.

„საკონსტიტუციო სასამართლოში ამდენი მაღალჩინოსნის მიბრძანება რაღაცნაირად აღსანიშნავიც კია, შესაბამისად, მეეჭვება, რომ ისინი იქ პროცესის წასაგებად მიდიოდნენ. დიდი მოლოდინი არ მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომ წინ აღუდგებიან ხელისუფლების ნებას, ხოლო რაც შეეხება მართებულობას, ბატონმა ბორელმა პირდაპირ გვითხრა, ყველაზე ცუდი დრო შეარჩიეთ ამისთვისო, უთხრა „ქართულ ოცნებას“, ისინი ამის მერე აგრძელებენ იმავეს. რაც შეეხება პარლამენტში რა მოხდება, მიაღწევენ თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ქოცები, ეს დამოკიდებულია იმაზე რამდენს გადაიხდიან. მაგალითად, მათ თუ დახარჯეს იმპიჩმენტზე იმის ნახევარი ფული მაინც, რაც პრეზიდენტის არჩევაზე დახარჯეს, რა თქმა უნდა, რიგი დადგება ჩემი კოლეგების, ვინ დააჭერს მწვანე ღილაკს ხელს. ასეთი კანდიდატი ბევრია და ვფიქრობ, ჩემს კოლეგებში ნაწყენიც კი დარჩებიან, რომ არ შეხვდეთ შესაბამისი წილი და ისე მოხდეს პრეზიდენტის გადაყენება, მათ გარეშე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.