“2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს”

249
spot_img

ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კობახიძემ განმარტა, გასულ წელს პრეზიდენტს ვიზიტების მოთხოვნა დაკმაყოფილდა გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ მაინც ვერ მიიღო. კობახიძის თქმით, აღნიშნულის გამო პრეზიდენტისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს. მან [სალომე ზურაბიშვილმა] გასული წლის აპრილის თვეში ითხოვა თანხმობა ბრიუსელში ვიზიტის განხორციელებაზე, ასევე, გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტზე. ეს იყო ივნისამდე, ვიდრე გადაწყდებოდა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, წარუმატებელი აღმოჩნდა, მაინც ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. იმიტომ, რომ ის პასუხისმგებელი არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე“, – აღნიშნა კობახიძემ.