Home Blog Page 1771

“საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობა გლობალური მასშტაბის ურთიერთობებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს” – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველის პარტიის წარმომადგენლებმა დღეს ჩინეთში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე საგანგებოდ ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, არამედ კონტინენტების ურთიერთობის რაკურსით, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლის მნიშვნელობაზე და ამ რგოლში, საქართველოში სტაბილურობის აუცილებლობაზე, რაც ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ძირითადი საკითხები ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს ეხებოდა, მაგრამ ამავდროულად, ყველაფერ ამას პოლიტიკური ასპექტიც ჰქონდა.

„საკითხი მნიშვნელოვანწილად ეხებოდა ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს, მაგრამ ამავე დროს, რასაკვირველია, ყველაფერ ამას პოლიტიკური ასპექტიც ჰქონდა. ორი ქვეყნის თანამშრომლობა არ გამოიხატება მხოლოდ იმ ფორმატში, როდესაც ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე არის საუბარი. ეს არის გლობალური მასშტაბის თანამშრომლობის თემა, რომელშიც საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობა მნიშვნელოვან შენატანს გააკეთებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ჩინეთი მოუწოდებს ირანს და პაკისტანს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ქმედებებს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს დაძაბულობა

მოვუწოდებთ ორივე მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება, თავი აარიდონ ქმედებებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა და ერთობლივად დაიცვან რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა, – ამგვარად გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის მიერ პაკისტანის ტერიტორიის დაბომბვის შემდეგ შექმნილ დაძაბულობას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერის, მაო ნინის განცხადებით, პეკინს სჯერა, რომ ირანი და პაკისტანი ახლო მეზობლები არიან და ორივე დიდი მასშტაბის ისლამური ქვეყანაა.

„ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების შესაბამისად, გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის მიზნებისა და პრინციპების საფუძველზე და ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გულწრფელ პატივისცემასა და დაცვას“, – განაცხადა ჩინეთი საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მედიის ცნობით, ირანული ავიაიერიშების სამიზნე პაკისტანში ტერორისტული დაჯგუფება „ჯაიშ ალ-ზულმის“ ორი მნიშვნელოვანი შტაბი იყო.

“ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით”

დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომელიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს. ეს გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერს აკეთებდა ოპოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.

„საბოტაჟი გაგრძელდება ამ მიმართულებით, ყველაფერს გააკეთებს ოპოზიცია, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა როგორი წარუმატებელიც იყო მათი მცდელობები კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე წარუმატებელი იქნება მომავალშიც, შესაბამისად, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ  განაცხადა: „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი“.

“სახელმწიფო აუდიტი დაინტერესდეს თბილისის მერიის საქმიანობით” – ანა დოლიძე

პარტია ,,ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და შეამოწმოს თბილისის მერია.

„ის რაც წერეთლის გამზირთან დაკავშირებით მოხდა, ფაქტობრივად არის დიაგნოზი „ქართული ოცნების” ხელისუფლების. ნეპოტიზმი, კორუფცია, ჩაწყობა, არაკომპეტენტურობა, ხალხის ინტერესების უგულებელყოფა, ყველაფერი ეს კარგად გამოიხატება იმ ზარალში, რომელიც წერეთლის გამზირის პროცესმა მოგვაყენა და განსაკუთრებით მიაყენა დიდუბის მაცხოვრებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ქ.თბილისის მერიაში არსებობს აუდიტის სამსახური, რომელიც არის მის დაქვემდებარებაში სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მის შემოწმებას. მოვითხოვთ და ვფიქრობ, რომ უპრიანია და ახლა სწორედ ის დროა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეასრულოს თავისი მოვალეობა და სკულპულოზურად, დეტალურად შეამოწმოს ქ.თბილისის მერია”, – აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

მუხიანის აგარაკებზე და ფონიჭალის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის ორ პროექტს განახორციელებს. როგორც მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წყალარინების ქსელი მუხიანის აგარაკებზე მოეწყობა და ქსელზე 270 ოჯახი დაერთდება.

„წელსაც ვაგრძელებთ ჩვენი საარჩევნო დაპირების შესრულებას და წყალარინების ქსელების მოწყობას იმ დასახლებებში, სადაც აღნიშნული პრობლემა დღემდე არსებობს. ეს ისეთი უბნებია, რომელთა განაშენიანებაც ქაოსურად, სამშენებლო ნებართვების გარეშე მოხდა. დღეს, გვაქვს მოცემულობა, რომ ასეთ ადგილებში არ არის წყალარინების ქსელი, სანიაღვრე ქსელი, მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა და გადაადგილება ჭირს.

ამჯერად, წყალარინების ცენტრალური ქსელი მუხიანის აგარაკებზე, ბორჯომის, ნეკრესისა და დაისის ქუჩებზე მოეწყობა, სადაც, პარალელურად, ქსელზე მოსახლეობა სულ 270 ოჯახი დაერთდება. ჩვენ მუხიანის აგარაკებზე სხვადასხვა პროექტის განხორციელება და გზის დაგება რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. აქ იყო ბევრი პრობლემა, ელემენტარულად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდებოდა. სამუშაოების ღირებულება 3 500 000 ლარია. პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი პროექტი ფონიჭალის დასახლებაში განხორციელდება და წყალარინების ცენტრალურ ქსელზე 130-ამდე ოჯახი დაერთდება.

„ასევე, ვიწყებთ წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობას ფონიჭალის დასახლებაში – ერეკლეს ქუჩაზე, ერეკლეს პირველ შესახვევში, გულბანის ქუჩის დარჩენილ ნაწილში, აფხაზეთის ქუჩის მეორე შესახვევსა და აფხაზეთის ქუჩის დანარჩენ ნაწილში. ამ შემთხვევაში, ცენტრალურ ქსელზე 130-ამდე ოჯახი დაერთდება.

პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ პროექტებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

“ჩინეთთან ურთიერთობების გამყარებას აშშ და ევროკავშირი ცდილობენ, ქართული ოპოზიციის აზრით კი, საქართველო ჩინეთს უნდა გაებუტოს”

ოპოზიცია ჩინეთთან ურთიერთობებზე ვიდრე დაიწყებს საუბარს, მანამდე გადაურეკონ აშშ-ს პრეზიდენტს, შვეიცარიის სახელმწიფოს მეთაურს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას და განცხადებები ჩინეთზე ამის შემდეგ გააკეთონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი კი არ შემოდის, არამედ უკვე შემოვიდა მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთ მძლავრ სახელმწიფოდ.

„რადიკალური ოპოზიცია ვერც კი ხვდება, რა განცხადებებს აკეთებს ამ თემაზე. მაშინ, როდესაც ჩინეთთან ურთიერთობების გამყარებას აშშ ცდილობს, შვეიცარიამ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმება უკვე გააფორმა და ევროკავშირი ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს, ამ დროს ქართული ოპოზიციის აზრით, საქართველო ჩინეთს უნდა გაებუტოს. ეს მათი პოლიტიკური უსუსურობაა. ჩინეთი კი არ შემოდის, არამედ უკვე შემოვიდა მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთ მძლავრ სახელმწიფოდ. შესაბამისად, საქართველოს არჩევანი „შუა დერეფნის“ პოლიტიკიდან გამომდინარე ბუნებრივად იქნება, რათა ჩინეთთან ახლო ურთიერთობები განვავითაროთ. ოპოზიცია ჩინეთთან ურთიერთობებზე ვიდრე დაიწყებს საუბარს, მანამდე გადაურეკონ აშშ-ს პრეზიდენტს, შვეიცარიის სახელმწიფოს მეთაურს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას და განცხადებები ჩინეთზე ამის შემდეგ გააკეთონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“ოპოზიციის დიდი ნაწილი ტყუილს ქადაგებდა, როცა ამბობდნენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა”

ქართული ფილმიდან ფრაზას გეტყვით, გამყრელიძის დასკვნას ვეთანხმები, მან სწორი რაღაც თქვა, რაც ფაქტია, ეს ადამიანები ამ ყველაფერზე ღიად ამ დრომდე რატომ არ საუბრობდნენ, როცა ეს საკითხი ყველაზე მწვავე იყო, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე?, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის განზრახვა მთელი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ამაზე საუბარი ოპოზიციის მხრიდანაც იქნება, რათა სანდოობის მოპოვებას შეეცადონ.

„არიან ადამიანები, ვინც ძირგამომთხრელ და დესტრუქციულ საქმიანობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, მათგან აღიარებას ვერ ვეღირსებით, რადგან საკუთარი თავის მიმართ თითს არასოდეს გაიშვერენ. ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაახლოების ახალ ეტაპებზე ოპოზიციის მიერ არჩეული იყო ტაქტიკა ქვეყნისთვის ხელშეშლის. ამას შემწყნარებლად საქართველოს გულშემატკივრები არ შეხედავენ. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მთელი საქართველო ჯვარს აცვეს იმისთვის, რომ თითქოს რეფორმები არ სრულდებოდა და ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა. ერთ-ერთი ევროპარლამენტარი ღიად საუბრობდა იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არმიცემა ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ოპოზიციის დიდი ნაწილი ტყუილს ქადაგებდა, როცა ამბობდნენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა. მოგვიანებით, ფირფიტა შეცვალეს და თქვეს, ქვეყანამ სტატუსი დამსახურებულად მიიღო. მომრავლდა ოპოზიციონერების კოვზები ნაცარში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა: „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი“.

უგულშემატკივრე შავ ლომს ჩელენჯ თასზე

20 იანვარს 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „შავი ლომი“ ფრანგულ კლუბს „კლერმონს“ დაუპირისპირდება. მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ შავ ლომს.

პირველად რაგბის ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთო. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის, რანგით მეორე ტურნირში, ჩელენჯ თასზე ასპარეზობა ქართული რაგბისთვის, მორიგი მსოფლიო აღიარების მოსაპოვებლად, ძალიან მნიშვნელოვანია.

თამაშის დღეს, სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს 13:00 საათიდან დახვდება კვების ობიექტები, რაგბის ბრენდირებული კოლექცია, გათამაშება და სხვადასხვა გასართობი აქტივობები. მატჩის დაწყებამდე გაიმართება დაიანა კინგის კონცერტი.

თამაშის დღეს, მიხეილ მესხის სტადიონზე, კვების ობიექტებში თიბისის ნებისმიერი სადებეტო ბარათით (გარდა ბიზნეს ბარათებისა) გადახდისას და დაიბრუნეთ თანხის 20%

თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას.

\მატჩზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ tkt.ge-ზე.

#ერთადგავიმარჯვებთ

R

„დონალდ ტრამპი ჯერ არ გამხდარა პრეზიდენტი, მაგრამ გეოპოლიტიკას უკვე ცვლის“ – Foreign Affairs

ამერიკულ ჟურნალ „ფორინ ეფეარსში“ (Foreign Affairs) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი ჯერ არ გამხდარა პრეზიდენტი, მაგრამ გეოპოლიტიკას უკვე ცვლის“ (ავტორი – გრემ ელისონი). მასალაში განხილულია საკითხი, თუ როგორ რეაგირებენ აშშ-ის მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები ყოფილი პრეზიდენტის თეთრ სახლში სავარაუდო დაბრუნების მიმართ.

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს:

დონალდ ტრამპს თითქმის ყველა შანსი აქვს იმისათვის, რომ მან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნდეს. სხვათა შორის, მსოფლიოს ქვეყნებმა ამ მოვლენისათვის მზადება უკვე დაიწყეს. მიმდინარე წლის ამერიკული პოლიტიკის მთავარი მოვლენა – ნოემბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები – უკვე ახდენს თავის გავლენას რიგი სახელმწიფოების ლიდერების გადაწყვეტილებებზე: ისინი მშვენივრად აცნობიერებენ იმას, რომ ერთი წლის შემდეგ მოუწევთ საქმე ჰქონდეთ აშშ-ის სულ სხვა მთავრობასთან, დღევანდელთან შედარებით. ისინი მიხვდნენ, რომ დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპს ნამდვილად შეუძლია პრეზიდენტის სავარძლის დაბრუნება.

ბუნებრივია, ევრაზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერები ამ გარემოებას თავიანთ პოლიტიკაში ახლავე ითვალისწინებენ. ფსონი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპზე დადო უკრაინის ომთან დაკავშირებით, ამ სტრატეგიის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. ბოლო თვეებში, როცა ბრძოლის ველზე „ჩიხური სიტუაცია“ წარმოიქმნა, გავრცელდა ხმები, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან კონფლიქტის დასრულება უნდა, თუმცა უფრო რეალური ისაა, რომ შეიარაღებული დაპირისპირება მომავალი წლის დასაწყისამდე არ დამთავრდება.

საქმე იმაშია, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის დაელოდოს იმ დღეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება – მან ხომ განაცხადა, რომ იგი თავის ყოფილ რუს კოლეგას კარგად იცნობს და შეუძლია ომი 24 საათში შეწყვიტოს. ანუ არსებობს იმის შანსი, რომ აშშ-ის ახალი „ძველი“ პრეზიდენტი თავის ძველ კრემლელ ნაცნობს ომის დასამთავრებლად უფრო სარგებლიან და მომგებიან პირობებს შესთავაზებს – ბევრად უკეთესს, ვიდრე ჯო ბაიდენი და რასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული გახდება დაეთანხმოს.

უკრაინის ევროპელი მოკავშირეები კი პირიქით თვლიან – ისინი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას ევროპის უსაფრთხოების მუქარად მიიჩნევენ – ეჭვი აქვთ იმაზე, რომ ამერიკა, რუსეთის პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში, ევროპის უსაფრთხოების გარანტი აღარ იქნება. კერძოდ, გერმანელებს კარგად ახსოვთ რამდენიმე წლის წინ ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის განცხადება დონალდ ტრამპთან დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ: „ევროპელებმა თავიანთი მომავალი აშშ-სგან დამოუკიდებლად უნდა უზრუნველყონ“.

ევროპა საშინელ განცდებში ვარდება იმის გაფიქრებით, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს აშშ შეიძლება ჩრდილო ატალანტიკური ალიანსიდან გავიდეს. ამერიკის რესპუბლიკური პარტიის მთავარი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველ ვებ-საიტზე შეიძლება წაიკითხოთ დონალდ ტრამპის მოწოდებები „ნატოს მიზნებისა და მისიის ფუნდამენტურ გადაფასებაზე“. დღეს, როცა უკრაინა ევროპის სახელმწიფოებისაგან იარაღს ითხოვს, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი პაუზას აკეთებს და საკუთარ თავს ეკითხება – „ახლა რომ იარაღი კიევს მივცეთ, რას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება და ნატოდან გასვლას მოისურვებს? იარაღი ხომ ჩვენივე დაცვისთვის დაგვჭირდება?“.

იყო დრო აშშ-ის უახლეს ისტორიაში, როცა საგარეო პოლიტიკური საკითხებისადმი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მიდგომებში განსხვავება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მას ვერავინ ამჩნევდა, მაგრამ ბოლო ათ წელიწადში სიტუაცია აბსოლუტურად შეიცვალა. დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ აშშ-ის კონსტიტუციური დებულება პრეზიდენტის არჩევის თაობაზე შეიძლება ყოველ ოთხ წელიწადში „პოლიტიკის რეიდერული მიტაცების მცდელობას“ შევადაროთ – ანუ ყოველი პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას რადიკალურად ცვლის.

ამის შედეგი კი ისაა, რომ ყოველ საკითხში – კლიმატის შესახებ მოლაპარაკებით დაწყებული და უკრაინის მხარდაჭერით დამთავრებული – ჯო ბაიდენი და მისი საგარეო პოლიტიკური გუნდი სულ უფრო მეტი სირთულეების წინაშე დგება: იმიტომ, რომ ევროპელი პარტნიორები ფრთხილად იქცევიან – ვაითუ მომავალ წელს საქმე აშშ-ის ახალ, რადიკალურად განსხვავებული ხედვების მქონე მთავრობასთან გვქონდესო.

მიმდინარე წელი შეიძლება სახიფათო წლად იქცეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის პოლიტიკას მთელი მსოფლიო უყურებს როგორც უნდობლობითა და ეჭვის თვალით, ასევე იმედით და აღფრთოვანებით: ყველა აცნობიერებს, რომ არჩეული იქნება არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტი, არამედ პლანეტის ყველაზე გავლენიანი ლიდერი.

წყარო

“კორუფცია ივანიშვილმაც ვერ დამალა, რისკი იმდენად მაღალი იყო, პენსიაზე გასული ვეტერანი უკან დავბრუნდიო”

კორუფცია ივანიშვილმაც ვერ დამალა, რისკი იმდენად მაღალი იყო, ეს პენსიაზე გასული ვეტერანი უკან დავბრუნდიო – 23 სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი აქვს „ქართულ ოცნებას“ წამოწყებული და მხოლოდ ერთია დასრულებული, კორუფციის ამაზე ნათელი მაგალითი რა გინდათ?! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც შექმნეს, მხოლოდ სახელი აქვს ანტიკორუფციული ბიუროსი და არანაირი შინაარსი არ გააჩნია.

„კორუფციას ყოველ დღე ვხედავთ და ივანიშვილმაც ვერ დამალა, კორუფციის რისკი იმდენად მაღალი იყო, ეს პენსიაზე გასული ვეტერანი უკან დავბრუნდიო. გუშინ რომ კონტრაქტები შეუწყვიტეს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით [კომპანიებს], აქაც კორუფცია იქნება, ჩინურ კომპანიას რომ შეუწყვიტეს, ესეც კორუფციის საკითხი იქნება, სამტრედია- გრიგოლეთის ხიდი რომ ჩავარდა, იქაც კორუფციაა და საერთოდ ეს გზა, რომელიც 250 მილიონი ღირდა თავიდან და მერე 907 მილიონი გახდა, აქაც უდიდესი კორუფციაა. აქამდე ის უწყება, რომელიც რაჟდენი [კუპრაშვილი] ხელმძღვანელობს ვერაფერს გააკეთებს, მარტო სახელი არის ანტიკორუფციული უწყების და არანაირი შინაარსი არ გააჩნია, ამიტომ რაც არ უნდა მოინდომოს რაჟდენმა [კუპრაშვილი], ვერაფერს გააკეთებს. რას ეტყვის პაპუაშვილი რიჩარდ ნეფიუს, ეს უწყება რომ შექმნეს დიდის ამბით, რა შეისწავლა, რა გამოიძია?! არ აქვს იმ კაცს გამოძიების ფუნქცია. ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი პარტნიორების ყურადღება ამ მიმართულებით, ევროპასა და აზიას შორის დაახლოებით, 39 ტრილიონის ეკონომიკები უკავშირდება ერთმანეთს, რუსეთის გზა დაკეტილია, სხვა გზა არ არსებობს, საქართველოთი უნდა დაუკავშირდეს და ამ დროს სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი გვაქვს ჩანგრეული, კორუფციის გამო გამოაცალეს ამ ხიდს ბურჯები. 23 სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი აქვს „ქართულ ოცნებას“ წამოწყებული და აქედან ერთია დასრულებული, დანარჩენი ყველა 10 წლის მანძილზე დაუსრულებელია, კორუფციის ამაზე ნათელი მაგალითი რა გინდათ?!“- განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფიუ საქართველოშია და ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა. რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ასევე, შეხვდება ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს. გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოს გუშინ ეწვია. 18 იანვრამდე ასევე დაგეგმილია მისი ვიზიტი სომხეთში.

“ყველაფერი გვახსოვს და არ დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს” – კახა კალაძე „ლელო საქართველოს“ წარმომადგენლებს

ვინაა ახალი სახე? ხაზარაძეა ახალი სახე? თუ ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილი? თუ სამადაშვილია ახალი სახე? ეს არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრების მიერ გამოთქმულ კრიტიკას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს უკვე ორმხრივად იქნება აღდგენილი, ხოლო საზოგადოება მიზანმიმართულ ისტერიკას პასუხს 2024 წლის არჩევნებზე გასცემს.

„შეიძლება მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და „ხელის ბიჭი“ იყო სააკაშვილის. არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არ დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი და თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით. მცდელობა, რომ ზოგიერთებმა 5%-იანი ბარიერი გადაგანახვინონ, ამით საზოგადოებას ვერ მოატყუებთ. თქვენ ერთნი ხართ ყველანი, ერთი პატრონი გყავთ, ემსახურებით სხვა და არა ამ ქვეყნის ინტერესს – არც სამშობლო და არც სამშობლოს სიყვარული არ გაგაჩნიათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რას ემსახურება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად აფასებს, კარგად ხედავს, თუ რას ემსახურება ის სიბინძურე და ისტერიკა, რასაც კადრულობთ. ამაზე საზოგადოება გაგცემთ პასუხს 2024 წლის არჩევნებზე. წერეთლის გამზირს რაც შეეხება, პირადად მე რომ მომიწიოს მუშაობა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, იანვრის ბოლოს საავტომობილო მოძრაობა იქნება აღდგენილი. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ქალაქისა და თბილისელების მიმართ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერია ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტერიტორია მთლიანად იქნება მოწესრიგებული და განახლებული, რისთვისაც დაახლოებით 4 მლნ დაიხარჯება.

„თბილისის მერიის გარემოსდაცვითი საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული ბულვარი, რომლის ფართობი 2 ჰა არის, დღეს არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ თავიდან ვფიქრობდით, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გზის მოძრაობა მიწის ქვემოთ ჩაგვეტანა, გვირაბებში და ზედა სივრცე მთლიანად მწვანე პროექტად გაგვეკეთებინა, თუმცა, კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ ბულვარზე განთავსებული ხეების დიდი ნაწილი უნდა მოიჭრას, რაც რა თქმა უნდა, უდიდესი პრობლემაა. ასწლოვანი ხეებია და მისი მოჭრა კატეგორიულად მიუღებელია, ძალიან დიდი სილამაზეა ეს ყველაფერი. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საავტომობილო მოძრაობა დავტოვოთ ისე, როგორც არის და გამყოფი ბულვარი მთლიანად მოწესრიგდეს. ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების ყველა საჭირო სამუშაო. ტერიტორიაზე შევა ახალი, ნოყიერი მიწის ნაზავი. მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი. გარდა ამისა, განვახორციელებთ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიძველისა და გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო დაზიანებული ძეგლებისა და მემორიალური ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციას, მათ შორის ერთ-ერთი პირველი 1962 წელს განთავსებული 300 არაგველის მემორიალი იქნება, რომელსაც განახლება-რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღნიშნული ტერიტორია მთლიანად იქნება მოწესრიგებული და განახლებული. დაახლოებით 4 მლნ დაიხარჯება ამ პროექტის განსახორციელებლად“,-განაცხადა კალაძემ.