გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შოვში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა წარადგინა. განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელმა, ოთარ შამუგიამ გააკეთა.
„ერთი რამ, რაც შემიძლია გითხრათ დადასტურებით, არის ის, რომ 3 აგვისტოს გუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა ქვეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომელთა პროგნოზირებაც, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომლებიც დღეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ, პრევენცია რიგ შემთხვევაში არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვში სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო“, – განაცხადა შამუგიამ.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. მაშველები 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.