Home Blog Page 1766

„თიბისიმ“ რაჭაში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდი შექმნა, რომელშიც ნახევარ მილიონ ლარს შეიტანს

“თიბისის” გუნდი მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად და შოვის აღსადგენად, თიბისიში გაიხსნა საქველმოქმედო ანგარიში, რომელშიც პირველ შენატანს  500 000 ლარის ოდენობით თიბისი განახორციელებს.

ფონდში დონაციის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

ლარის, აშშ დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი:

GE89TB7318736080100017

მიმღები: ააიპ თიბისელები;

Beneficiary: NNLE TIBISELEBI.

(R)

17 ევროპარლამენტარი ევროკავშირს მოუწოდებს, მისცეს თავშესაფარი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც არმიაში სამსახურზე უარს ამბობენ

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, მისცეს თავშესაფარი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც არმიაში სამსახურზე უარს ამბობენ.

17 ევროპარლამენტარის წერილს „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

წერილში ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირს, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო პოლიტიკა შეიმუშაოს, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრის მიცემას იმ რუსებისთვის, რომლებიც უკრაინაში საომრად წასვლაზე უარს ამბობენ.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალები არღვევენ ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს უკრაინაში, რუსეთის მოქალაქეებს აქვთ მორალური გამართლება, რატომ არ სურთ იმ არიაში სამსახური, რომელიც ომშია ჩართული“, – ნათქვამია ევროდეპუტატების წერილში.

ევროპარლამენტარები ვარაუდობენ, რომ, რუსეთში სამხედრო სამსახურის ვალდებულების შესახებ კანონის გამკაცრებისა და პოტენციური მობილიზაციის ახალი ტალღების ფონზე, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოთხოვნით რუსეთის მოქალაქეთა განაცხადების რაოდენობა გაიზრდება.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ თავშესაფრით რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არმიაში სამსახურზე უარს ამბობენ.

„ჩვენი ხელით გავამაგრეთ მდინარის კალაპოტი და გადავარჩინეთ მთლიანად წალეკვას შოვი” – რას წერდა მარიტა გუტაშვილი 3 წლის წინ

მარიტა გუტაშვილი, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულ ოჯახის წევრებს ეძებს, სოციალურ ქსელში 3 წლის წინ წერდა იმ პრობლემაზე, რაც რაჭის რამდენიმე სოფელში იყო.

მარიტა 2020 წელს მდინარის კალაპოტის გამაგრების აუცილებლობაზე საუბრობდა.

„SOS !!! მოგესალმებით ყველას. მშვიდობიან დილას გისურვებთ…ვისაც გიყვართ რაჭა, გული შეგტკივათ შოვზე მინდა ყველას გაგაგებინოთ როგორი დილა გაგვითენდა აქ.

უკვე მერამდენე წელია საკუთარი ძალებით, საკუთარი ხელებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის სამოთხე რაც აქ გვაქვს. შევინარჩუნოდ მხოლოდ ჩვენთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის.

რამდენიმე წლის წინ უხვი ნალექის გამო კურორტ შოვში , მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად დაზიანდა კურორტის მთავარი გზა, მდინარემ კალაპოტი გაარღვია. მაშინაც ისეთი სიტუაცია იყო ( შედარებით უფრო მსუბუქი- მალე ვუშველეთ ჩვენივე ძალებით), როგორსაც ახლა ფოტო მასალაში ნახავთ. მაშინ, მიუხედავად იმისა რომ ონის რაიონულმა გამგეობამ ძალიან კარგად იცოდა არსებული მდგომარეობის შესახებ, მხოლოდ ამოსვლით, ნახვით, ფოტოების გადაღებითა და მწუხარების გამოხატვით შემოიფარგლა. მადლობა დიდი!

ჩვენი ხელით, გელა გუტაშვილის სპეც-ტექნიკით , გავამაგრეთ მდინარის კალაპოტი და გადავარჩინეთ მთლიანად წალეკვას შოვი. ნორმალურად შეფასებული მდგომარეობის ფონზე, უნდა გაეკეთებინათ მობრძანებულ „ექსპერტებს” ჯებირები, გაემაგრებინათ კალაპოტი, მაგრამ არავინ არ შეწუხებულა არსებული პრობლემით.

გავიდა რამდენიმე წელი… ჩვენ ისევ აქ ვართ.. დღესაც იგივე ხდება რაც მაშინ, უარესიც. მიწასთან გასწორდა მთელი კურორტი, ცარიელი ხელებით ვეღარ ვშველით. ვიცი ყველას თავის გასაჭირი აქვს და მთლიანად რაჭისთვის გათენდა ის დილა რისიც გვეშინოდა… მაგრამ.. სანამ მთელ რაჭას არ წაიღებს , მოდი მდინარეს ჯებირები არ გავუკეთოთ და ჰესები ვაშენოთ.. მარტო შოვი არა, ასეთ დღეშია გონა, ღები, ჭიორა, გლოლა , უწერა..

ასეთ დღეშია ნაკიეთი და ალბათ კიდევ ბევრი ადგილი რაც მე ჯერ არ ვიცი კიდევ. ახლა გვიანია.. საკმაოდ გვიანი … და რომც გინდოდეთ.. არ ვიცი საერთოდ დაგრჩათ თუ არა შესაძლებლობა იმის, რომ დაგვეხმაროთ .. მოგვაქციეთ ცოტა მეტი ყურადღება… არაა საჭირო ჰესების აშენება, ისედაც “ვიხრჩობით”. გვეყოფა მზიანი ამინდის ყურება, სიძნელესთან გამკლავებას ერთად შევძლებთ თუ არ დაიმალებით.

გვეყოფა ზღაპრების მოყოლა, კეთილი დასასრული მაინც არცერთს არ აქვს და ნუ ვიწვალებთ შეთხზვით თავს… მარტო საკუთარი სახლებისთვის საძირკვლის გამაგრება არ კმარა.. წყლიან საძირკველში ისევ ჩადგება წყალი.. ადვილად მისახვედრი ამბავია
მადლობა დიდი ყურადღებისთვის და კიდევ..

მადლობა დიდი ყველას ვინც ამ დროის მანძილზე გვერდით გვიდგას, როგორც რაჭველები ვიტყვით ხოლმე.. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა ყველას”, – წერდა მარიტა გუტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თქვენი სიკეთე ვიღაცამ შეიძლება ცუდად გამოიყენოს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად უარის თქმა უნდა ისწავლოთ. თქვენი კეთილგანწყობა და პროფესიონალიზმი საკმარისზე მეტია, ამიტომ მეტი არავინ უნდა მოგთხოვოთ. ახალი შეთავაზებები თქვენი კარიერული წინსვლისთვის ძალიან მოგებიანი იქნება, მაგრამ თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენთ, შეიძლება პირველივე წინააღმდეგობაზე დანებდეთ.

კურო

თქვენი ჯანმრთელობისთვის რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია. საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად საკუთარ მოწოდებას იპოვით. ამ დღეს წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გსურთ, რომ თქვენი სიყვარულის გარშემო ისეთი ციხესიმაგრე ააგოთ, რომელსაც ვერაფერი მოერევა. შესანიშნავი დროა გრძელვადიანი გეგმების შედგენისთვის.

ტყუპები

ამ დღემ შეიძლება დიდი სიურპრიზები მოგიტანოთ. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ – თქვენი ურთიერთობის სტაბილურობას ვარსკვლავები იცავენ. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა ოჯახის შექმნა შემოგთავაზოთ. თქვენი განსაკუთრებული უნარების დამსახურებით შეიძლება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც ყველას ეხება, ეცადეთ კოლეგების და თანამშრომლების შეხედულებები გაითვალისწინოთ.

კირჩხიბი

დადებითი თვისებების გარდა, მტაცებლისთვის დამახასიათებელი თვისებებიც გაქვთ და ეს არასოდეს გაქრება. ოჯახური კერის მფარველი ხართ და არ მოგწონთ, როდესაც „გარედან“ ვიღაც მყუდროებას გირღვევთ. თქვენთვის პირადი ცხოვრება საზოგადოებრივ საქმიანობასთან შედარებით მეორეხარისხოვანია. თუ ასე გააგრძელებთ და მეუღლეს (ან პარტნიორს) ყურადღებას მოაკლებთ, შეიძლება მარტო დარჩეთ.

ლომი

ამ დღეს მზე თქვენს პროფესიულ ცხოვრებაზე დამღუპველად მოქმედებს. სამწუხაროდ, თქვენი უფროსი „პატარა დიქტატორია“, რომელიც შრომისმოყვარეობისა და წარმატებისთვის არასოდეს გაჯილდოებთ, პირიქით. თქვენი პროფესიული ცხოვრება კოლეგების მხარდაჭერის გარეშე ჯოჯოხეთად იქცეოდა. ვარსკვლავებმა იციან რა გსურთ, მაგრამ თქვენი ოცნებების ასრულებას დრო სჭირდება. ფინანსური პრობლემების დროს შეგიძლიათ დახმარება ახლობლებს სთხოვოთ.

ქალწული

ეს დღე გადამწყვეტი გახდება – შეიძლება ცხოვრების სიყვარული ვერ იპოვოთ, მაგრამ მასთან ძალიან ახლოს მიხვალთ. წყვილების სიმშვიდეს არაფერი ემუქრება – პარტნიორს თქვენი დამოკიდებულება აოცებს, მაგრამ მალე მიეჩვევა. კარგად დაფიქრდით, სანამ დიდ თავგადასავალს დაიწყებთ. ეცადეთ, ყველა ფინანსური რისკი გამოთვალოთ.

სასწორი

ამ დღეს გარშემომყოფებს ეგოისტური გამოხდომებით აღიზიანებთ და თავადაც ვერ ხვდებით, რომ გაგირბიან. ეცადეთ, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ, რომ მარტო არ დარჩეთ. ეს რჩევა ოჯახურ კონტექსტშიც აქტუალურია – ახლობლების მიმართ გამოჩენილი ყურადღება კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის საშუალებას მოგცემთ.

მორიელი

ამ დღეს ბასრ საგნებთან და ცეცხლთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან ტრავმების რისკი მაღალია. თუ კომპიუტერთან მუშაობთ, ხშირად შეისვენეთ, რომ შაკიკი და სახსრების ტკივილი თავიდან აიცილოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მეტი თავშეკავება გმართებთ, რომ დაუფიქრებელმა საქციელმა არ დაგაზარალოთ. თუ სპორტის ან ფეხით სიარულის მოყვარული ხართ, გირჩევთ შესაფერისი ფეხსაცმლის შეძენაზე იზრუნოთ, რომ ტრავმა თავიდან აიცილოთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანმრთელობის გარდა, თავდაჯერებას მოგიტანთ. არ შეჩერდეთ, თორემ საწყის წერტილს დაუბრუნდებით.

თხის რქა

შეწყვიტეთ მეუღლის კრიტიკა და გამუდმებით მის ნაკლოვანებებზე საუბარი. ეს გაღიზიანების გარდა არაფერს მოგიტანთ. კარგად დაფიქრდით, სანამ დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ვინმეს გულს ატკენთ. მარტოხელა თხის რქები უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ სრულყოფილი ადამიანის პოვნა ძნელია.

მერწყული

თქვენი პროფესიული ცხოვრება ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. მეგობრული ატმოსფერო საშუალებას მოგცემთ საკუთარი კოლეგები უკეთ გაიცნოთ. მეორე მხრივ, თუ პროფესიის ან სამუშაო ადგილის შეცვლას გეგმავთ, შესაძლოა არც ღირს იმ ადამიანებთან ახლო კავშირის დამყარება, რომლებიც შეიძლება დიდხანს ვეღარ ნახოთ. საკუთარ თავს ძალიან ბევრ კითხვას უსვამთ იმის ნაცვლად, რომ მშვიდად იცხოვროთ.

თევზები

სიცოცხლისუნარიანობას ასხივებთ, ენერგიით სავსე ხართ. დილას ვარჯიში, სახლის დალაგება, იოგას სესია მეგობრებთან ერთად, ყველაფერს ასწრებთ. თუმცა, ფრთხილად უნდა იყოთ – ძალა დაზოგეთ, თორემ დინამიზმის ეს უეცარი აფეთქება შეიძლება სწრაფად გაქრეს. გადაწყვეტილებები რიგრიგობით უნდა მიიღოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი არ დაგავიწყდეთ.

“ბლექს სი არენა” მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად 5-6 აგვისტოს დაგეგმილ კონცერტებს აუქმებს

Black Sea Arena-მ შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გააუქმოს.

“ვუსამძიმრებთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა და ვლოცულობთ მათთვის, ვინც ამ მძიმე წუთებში ახლობლებს ეძებს. ახლა გვსურს, ჩვენი ფიქრები და ძალები მივმართოთ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და უკეთესი ამბების იმედით დაველოდოთ ერთმანეთთან შეხვედრას შემდეგ ღონისძიებებზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც “ბლექ სი არენა” ავრცელებს.

“ყველა სამთავრობო სტრუქტურა, მაქსიმალური კოორდინაციით, ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ”

დაახლოებით, 25 ადამიანი, ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება. ყველა სამთავრობო სტრუქტურა, მაქსიმალური კოორდინაციით ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ ცოცხალი. ჩვენი ეკიპაჟები მობილიზებულები არიან ონში და სტიქიის ეპიცენტრთან ახლოს. ისინი სამედიცინო დახმარებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე – დაკარგულთა ოჯახის წევრებს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სტიქიის ზონიდან, ვერტმფრენის საშუალებით, 210 ადამიანი და მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები, უვნებლად გამოიყვანეს. მინისტრის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, უმეტესობა უკვე საკუთარ სახლშია და არც დამატებითი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკიპაჟის წევრებს, მაშველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია სამაშველო სამუშაოებში“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ვინც ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაიღუპა“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

“უკრაინის მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლება საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრული პატივისცემის აღდგენაა”

უკრაინის მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლება საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრული პატივისცემის აღდგენაა, – განაცხადა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მშვიდობის გლობალური სამიტისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიომ დაინახოს, რომ რუსული აგრესიის სამართლიანი დასრულება სარგებელს მოუტანს მსოფლიოში ყველას. უკრაინის მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლება საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრული პატივისცემის აღდგენა. უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის რუსეთის მიერ შექმნილი ყველა საფრთხის აღმოფხვრა არის სიმშვიდის დაბრუნება საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს გლობალური ცხოვრების სტაბილურობაა“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

“გარდაცვლილი 11 ადამიანის ცხედარი გადმოსვენებულია სტიქიის ზონიდან და გადასვენებულია პროზექტურაში”

სტიქიის ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება ინტენსიური სამძებრო სამუშაოები , – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან და სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარში განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ თათბირზე განისაზღვრა დამატებით ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს.

„თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი დამატებით იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე. როგორც იცით დღეს, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, ჩატარდა საგანგებო თათბირი, სადაც დამატებით განისაზღვრა ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს. დამატებით თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე. ასევე, ვადასტურებთ 11 ადამიანის გარდაცვალებას, რომელთა ცხედრებიც გადმოსვენებულია სტიქიის ზონიდან და პროზექტურაშია გადასვენებული. ამ წუთებშიც გრძელდება ინტენსიური სამძებრო სამუშაოები. დღეს თქვენ როგორც იცით, შევხვდით იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, ვისთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება. მათ ავუხსენით დეტალურად თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. დამატებით მათ შევთავაზეთ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შევიყვანდით სტიქიის ზონაში, რომ თვითონ დარწმუნდნენ და ნახონ რამდენად რთულ პირობებში გვიწევს სამაშველო სამუშაოების ჩატარება, რისი სურვილიც მათ გამოთქვეს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

შოვში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთო

საქართველოს თავდაცვის ძალები ონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლედ ჩაერთო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვის მიმართულებით უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით.

„საქართველოს თავდაცვის ძალები ონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტიანად განსახორციელებლედ დღეიდან ჩაერთო.

პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე შოვის მიმართულებით უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით. სამხედრო ინჟინრებს დამეწყრილ ზონაში გადაადგილებისთვის ქვეითი საპონტონე ხიდებიც მიაქვთ.

შოვში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად კოპიტნარის ბაზიდან კი, ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიემგზავრება. ქვედანაყოფი უახლესი თაობის სამაშველო საშუალებებით არის აღჭურვილი, რომელიც ქართულ მხარეს დანიის სამეფომ გადასცა. პირად შემადგენლობას ასევე, გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის მიმართულებებსა და საჭიროებებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად სრულ მზადყოფნაშია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური სამხედრო ტექნიკითა და საშუალებებით, რომლებიც ამოცანების მიღებისთანავე ჩაერთვებიან სამაშველო და გაწმენდით ღონისძიებებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“შოკირებული ვარ სტიქიით – თანაგრძნობას და თანადგომას გიცხადებთ” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიან საქართველოს პრემიერ – მინისტრს სამძიმრის წერილს უგზავნის, რომლითაც თანაგრძნობას უცხადებს 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო.

„ძალიან შოკირებული ვარ იმ სტიქიით, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა და ნგრევა გამოიწვია საქართველოს რაჭის რეგიონში. სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობის სახელით, ისევე როგორც ჩემი სახელით, თანაგრძნობას და თანადგომას გიცხადებთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს. დაღუპულთა ახლობლებსა და მეგობრებს სულის სიმტკიცეს ვუსურვებ, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე მომენტში ვიზიარებთ მოძმე ქართველი ხალხის ღრმა მწუხარებას“ , – ნათქვამია ფაშინიანის განცხადებაში.

აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს დახმარება სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოების განხორციელებასა და შედეგების ლიკვიდაციაში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი თავის ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს რაჭის მთიან რეგიონში, კურორტ შოვთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ წერს.

„ბაირამოვმა ღრმა მწუხარება გამოხატა დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი, გამოჯანმრთელება უსურვა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს იპოვიან“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის ახლოს არის საქართველოსთან და მზად არის, გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება სამაშველო სამუშაოების განხორციელებასა და სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრაში.

დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა გამოჩენილი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.