მინდა მივუსამძიმრო ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, შოვის ტრაგედიამ მთელ საქართველოს გული გვატკინა – შოვის ტრაგედიაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს „რუსული ოცნების“ მიერ განხორციელებული, არამედ დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუციის მიერ, რომელიც სიმართლეს დაადგენს და ყველა შეკითხვაზე ობიექტურ პასუხს გასცემს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი გაიმართლონ.
„პირველ რიგში, არ შემიძლია არ მივუსამძიმრო ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მთელ საქართველოს, რადგან ყველა ძალიან განვიცდით, ყველას გული გვატკინა ამ უბედურმა შემთხვევამ, მაგრამ კიდევ უფრო ამძაფრებს, აღრმავებს ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება – „კოლექტიური ქოცი“ ცდილობს და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თავი გაიმართლოს. ისინი ვინმეს გადარჩენაზე, შველაზე ან თუნდაც ამ ტრაგედიის, სტიქიური უბედურებისგან გამოწვეული მსხვერპლის პრევენციაზე კი არ ფიქრობენ ან მომავალშიც კი არ აპირებენ ფიქრს, არამედ ისინი მხოლოდ ზრუნავენ და ფიქრობენ და მუშაობენ პიარზე, თუ როგორ გაიმართლონ, როგორ წარმოაჩინონ ისე, თითქოს არაფრის გაკეთება შესაძლებელი არ იყო, მომენტალურად ჩამოწვა სტიქია, ეს ყველგან ხდება, წამიერად დაიღუპა ხალხი და ჩვენ რაღა გაგვეკეთებინა, როგორ გვეშველა, უფრო მეტიც, იმ ეტაპზე გამოჩნდნენ სტიქიური უბედურების ადგილას „რუსული ოცნების“ ხელმძღვანელობა, როდესაც ლექსიკონიდან სამაშველო სამუშაოები საერთოდ ამოიღეს, ისინი მხოლოდ საუბრობენ სამძებრო სამუშაოებზე. კლასიკური ტერმინი არის სამძებრო სამაშველო სამუშაოები, მაგრამ მეორე სიტყვა საერთოდ მოაშორეს ლექსიკონიდან, მხოლოდ ძებნაზე არიან გადასულები და შეკითხვები არის აურაცხელი, დაწყებული იქიდან, რომ შეგუბება ხდებოდა, მდინარის ნაკადმა წვიმის შემდეგ იკლო, ამის თაობაზე მათ ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ ზომები არ მიიღეს, ეს მათ გულგრილობაზე, უმოქმედობაზე მეტყველებს.
მტკიცებულებებიც არის, რომ 3 წლის წინ ეს ადამიანები ამბობდნენ აქ შეიძლება მოვარდეს ღვარცოფი, შეიძლება დატრიალდეს უბედურება, მათ ეს არ შეისმინეს ამ ადამიანისგან, მაგრამ თავისთვის, „ქოცებისთვის“, მაინც რაღაც ჯებირები და ბარიერები ააგეს, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც არ ეწერებოდა მათ პოლიტიკურ გემოვნებაში, მისი წუხილი ყურად არ იღეს და იმ მიმართულებით, სადაც კოტეჯები იყო, სამუშაოები არ განახორციელეს, ანუ აქ არის ძალიან ბევრი შეკითხვა, მთელი კასკადი პრობლემების. სტიქიური უბედურებები კი, ყველგან ხდება, მაგრამ წესიერ, გამართულ, პატიოსანი მთავრობის დაკომპლექტებულ სახელმწიფოებში სტიქიური უბედურებისგან ხალხის დაცვა ხდება და როგორც მინიმუმ წინასწარ შეტყობინება და ევაკუაცია მიმდინარეობს. 4-5 წუთით ადრე, რომ სცოდნოდათ, მოასწრებდნენ ეს ადამიანები გასვლას და თავისი ოჯახების გადარჩენას.
ამ კონკრეტულ ნაწილში ჯერ ერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის „რუსული ოცნების“ ხელისუფლების, რომლებიც ავაზაკურად, ბოროტულად, პოლიტიკური ნიშნით არჩევენ იმ ადამიანებს და იმ კომერციულ ობიექტებს, თუ ვის უნდა დაეხმარონ, ვისთან ააშენონ ჯებირები, ვისთან სამუშაოები არ განახორციელონ და მეორე, უნდა გამოიკვეთოს კონკრეტულად ის დამნაშავეები, ვისაც ევალებოდა და ვისი ვალდებულებაც იყო, რომ წინასწარი შეტყობინებების და განგაშის ატეხის ფონზე, როდესაც რეინჯერებიც კი საუბრობენ, რომ შეგუბება ხდება, მდინარე არ მოედინება, სადღაც ჩაიხერგა, ერთ მშვენიერ დღეს რაღაც მომენტში გამოხეთქავს ამ ხელოვნურად შექმნილ ჯებირს ეს წყალი და წალეკავს ყველაფერს, ამაზე რეაგირება არ მოახდინეს. ცხადია გამოძიება უნდა დაიწყოს, ოღონდ ეს გამოძიება არ უნდა იყოს „ქოცების“ მიერ განხორციელებული, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტი, რომელიც ყველა ამ შეკითხვაზე გასცემს ობიექტურ და მართალ პასუხს,“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.