Home Blog Page 1762

ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული დრონების წინააღმდეგ იარაღს გამოიყენებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მინისტრთა კაბინეტმა“ დე ფაქტო საზღვრის დაცვის განხორციელებისას იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების პროცედურაში ცვლილებები შეიტანა.

ამიერიდან „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლებას ქართული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება შეეძლება.

ახალი „დოკუმენტის“ თანახმად,ე.წ. უშიშროების ძალებს „საზღვრის დარღვევის მცდელობის აღსაკვეთად“ დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება შეეძლებათ.

„ამჟამად, უპილოტო საფრენი აპარატები პოულობენ გამოყენების მზარდ დიაპაზონს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო სფეროში. გამონაკლისი არც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარია საქართველოსთან, რასაც მოწმობს მეზობელი სახელმწიფოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გაზრდილი გამოყენება“, – განაცხადა ე.წ. სასაზღვრო სამსახურის უფროსმა ვალერი ალიხანტიმ.

“სუსტი პუტინი დიდი საფრთხეა” – ჯოზეფ ბორელი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ აჯანყებამ კრემლის მეთაურის ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეასუსტა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი უნდა მოემზადოს ახალი რისკებისთვის, რომელიც რუსეთის უფრო დიდი არასტაბილურობისგან წარმოიქმნება.

„ცხადია, პუტინი ამ კრიზისიდან უფრო სუსტი გამოდის. მაგრამ სუსტი პუტინი ასევე დიდი საფრთხეა. ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიგოთ შედეგები… პუტინმა დაკარგა მონოპოლია ძალის გამოყენებაზე და უდავოდ, არასტაბილური რუსეთი დიდი რისკია“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ცნობისთვის, 23 ივნისს, გვიან ღამით კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ რუსეთში სამხედრო გადატრიალებას გეგმავს, რასაც მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერმა“ კონტროლი მოიპოვა დონის როსტოვის სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებსა და ვორონეჟის რამდენიმე ობიექტზე.

24 ივნისს, საღამოს, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მებრძოლების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს.

“ზახაროვა დღე და ღამე მთვრალია, „ლოთ-ბაზარა“ ქალია” – ალეკო ელისაშვილი

ზახაროვა დღე და ღამე მთვრალია, „ლოთ-ბაზარა“ ქალია, დაბჟუტურობს რაღაცას. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან რაღაც კულუარულ მოლაპარაკებებს მართავს – ეს იქნება ღალატი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას სურს ხვალ ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრს დაუსვას კითხვა, როცა პარლამენტში მოუსმენენ.

“ფრენების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და რკინიგზის ხომ მით უფრო, ფრენების და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ერთი და იგივე სიბრტყე არ არის. ეს არის ერთ-ერთი კითხვა, რასაც დავუსვამ ღარიბაშვილს და თუ მოვახერხე, ფორმატს გააჩნია, მინდა ეს ვკითხო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აფხაზეთის გავლით, ამ ვითარებაში, რკინიგზის აღდგენა. აქ ყველაზე პრინციპული საკითხია, სად იქნება საბაჟო და სასაზღვრო პუნქტი – ენგურზე თუ ფსოუზე. ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ ენგურზე, ეს ნიშნავს, გვიღიარებია აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამ ვითარებაში საერთოდ არაფერი იქნებოდა მისაღები. ერთადერთ შემთხვევაში იქნებოდა რკინიგზის გახსნა მეტ-ნაკლებად მისაღები, თუ ქართული დროშა იქნებოდა ფსოუზე, თუ ფსოუზე იქნებოდა ქართული საბაჟო და სასაზღვრო პუნქტი. სხვა შემთხვევაში ეს იქნება მართლა ღალატი ქართული სახელმწიფოს ინტერესების. მარია ზახაროვა რომ დღე და ღამე მთვრალია და ერთი ლოთი ქალია, “ლოთ ბაზარა”, დაბჟუტურობს რაღაცას და მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართლა ხდება და ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩვენი ხელისუფლება რაღაც კულუარულ მოლაპარაკებებს მართავს,” – განაცხადა ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

“თბილისის მერიას შეეძლო სატენდერო პირობები ისე დაეწერა, რომ რუსულ კომპანია „კამაზს“ ტენდერში არ გაემარჯვა”

კახა კალაძეს და თბილისის მერიას შეეძლოთ სატენდერო პირობები ისე დაეწერათ, რომ რუსულ კომპანია „კამაზს“ ტენდერში არ გაემარჯვა – ახლა გამოდის, რომ კალაძე და თბილისის მერია პუტინის ომს უკრაინაში თბილისელების ფულით აფინანსებს, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში რუსულ კომპანია „კამაზის“ გამარჯვებას.

მისივე თქმით, ამის გაკეთება არის ყოვლად მიუღებელი იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომლის 20 პროცენტი არის ოკუპირებული.

„კახა კალაძეს და თბილისის მერიას შეეძლოთ სატენდერო პირობები ისე დაეწერათ, რომ რუსული კომპანია „კამაზს“ ტენდერში არ გაემარჯვა და მათთვის რამდენიმე მილიონი ლარი არ გადაერიცხა, რადგან ეს ფული, ფაქტობრივად, უკრაინაში რუსეთის ომის დასაფინანსებლად მიდის. „კამაზი“, სამოქალაქო ტრანსპორტის გარდა, ასევე სამხედრო ტექნიკას აწარმოებს, ეს არის ტექნიკა, რომლითაც სხვადასხვა რაკეტები, ჭურვები, აღჭურვილობა გადააქვთ და ამის გაკეთება არის ყოვლად მიუღებელი, იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომლის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ კახა კალაძე და თბილისი მერია პირდაპირ თბილისელების ფულით პუტინის ომს აფინანსებს,“ – განაცხადა ნადირაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

“უკრაინა შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას” – არჩილ თალაკვაძე

საქართველო ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად და იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანი დღეები უკრაინაში მალე დაბრუნდება, უკრაინა შეძლებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ მთელი რიგი ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველი, უკრაინა და მოლდოვა წარმოადგენენ ასოცირებულ ტრიოს და აქვთ საერთო მიზნები ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, საერთო მიზნები ევროპული უსაფრთხოების არქიტექტუტის დაცვასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. რაც შეეხება ჩვენს მეგობრობასა და ურთიერთობას, მივესალმებით თითოეული ქვეყნის პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, თითოეული ქვეყნის გამარჯვებას, წარმატებას და ბუნებრივია, მათგანაც არის ანალოგიური დამოკიდებულება. ჩვენ უკრაინასთან გვაკავშირევს ძალიან ხანგრძლივი მეგობრობა და მომავალშიც ასე იქნება. უკრაინაში არის ომი, რუსეთი ახორციელებს სამხედრო აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების წინააღმდეგ, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი დასავლეთის, ჩვენი საერთო მხარდაჭერით უკრაინამ შეძლოს თავისუფლების დაცვა, შეძლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თავად იყოს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილების მიმღები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

“თავის დროზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ საქართველო მყარად დაიცავს ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა”- დარჩიაშვილი

ჩვენ თავის დროზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ საქართველო მყარად დაიცავს ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, ჩვენმა პარტნიორებმა საკუთარი თვალით ნახეს, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„გუშინ დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტი, რომელიც კოორდინირებს სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს ევროკავშირიდან. მასთან ერთად, საქართველოში იმყოფებოდა მაღალი რანგის დიპლომატი ჯიმ ო’ბრაიანი აშშ-დან, რომელიც ასევე ამ თემატიკაზე მუშაობს ა კუმარ იერი დიდი ბრიტანეთიდან. ამ ფორმატში პარტნიორების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, საქართველოში ენახათ გადადგმული ნაბიჯები, უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც ხელისუფლებამ გასწია და სწევს ამ ძალიან რთულ ვითარებაში.

„ზოგადად, ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა, პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა. თავის დროზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ საქართველო მყარად დაიცავს ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და ჩვენმა პარტნიორებმა საკუთარი თვალით ნახეთ ის, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ. საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით, ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ჩვენს პარტნიორებთან“, – განმარტა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„კიდევ ერთხელ დარჩნენ გაწბილებულნი ჩვენი ოპონენტები, რადგანაც ხშირად გვესმოდა მათი მხრიდან შეფასებები, საფუძველს მოკლებული ბრალდებები. ეს კეთდებოდა მათი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ამით ისინი აზიანებდნენ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, იმიჯს. მათგან ინსპირირებული, ჩვენ ასევე გვესმოდა არაერთი ევროპელი ჟურნალისტისა თუ პოლიტიკოსის საფუძველს მოკლებული განცხადებები საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალში, რათა საქართველომ გააგრძელოს იმ შედეგების გაუმჯობესება, რომლებიც გვაქვს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ძალა სიმართლეშია და საომარი მოქმედებების დაწყებიდან, საქართველოს მხრიდან ფინანსური სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავა, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეები.

ნარკოტიკების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: თურქეთის მოქალაქეები – 1991 წელს დაბადებული ფ.ქ. და 1981 წელს დაბადებული ი.ი., ინდოეთის მოქალაქე – 1999 წელს დაბადებული ა.ი., ნიგერიის მოქალაქეები – 1995 წელს დაბადებული ბ.ი. და 2002 წელს დაბადებული დ.ი., და რუსეთის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ე.გ.

ასევე, საქართველოს მოქალაქეები – 2000 წელს დაბადებული გ.ა., 1982 წელს დაბადებული ე.გ., 2000 წელს დაბადებული ე.ზ., 1973 წელს დაბადებული ლ.თ., 1994 წელს დაბადებული ა.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ჩ., 1983 წელს დაბადებული გ.ბ., 1992 წელს დაბადებული ე.მ., 1976 წელს დაბადებული დ.კ., 1988 წელს დაბადებული ი.გ., 2007 წელს დაბადებული რ.ს., 1978 წელს დაბადებული კ.გ., 1998 წელს დაბადებული რ.მ., 1956 წელს დაბადებული რ.მ., 1984 წელს დაბადებული გ.ა., წარსულში ნასამართლევი პირები – 1966 წელს დაბადებული გ.ჭ., 1974 წელს დაბადებული ი.ჯ., 1974 წელს დაბადებული ზ.ხ., 1970 წელს დაბადებული მ.გ., 1970 წელს დაბადებული ა.ტ., 1993 წელს დაბადებული ს.ი., 1979 წელს დაბადებული ნ.მ., 1991 წელს დაბადებული დ.ე., 1979 წელს დაბადებული თ.ბ., 1976 წელს დაბადებული ჯ.ი., 1982 წელს დაბადებული გ.გ., 1978 წელს დაბადებული ლ.ი., 2002 წელს დაბადებული ა.ხ., 1995 წელს დაბადებული გ.ს., 1989 წელს დაბადებული ნ.გ. და 1977 წელს დაბადებული დ.კ.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულები არიან:

1988 წელს დაბადებული ნ.მ., 1990 წელს დაბადებული თ.კ., 1995 წელს დაბადებულ ჯ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.ბ., უკრაინის მოქალაქეები – 1973 წელს დაბადებული მ.ბ., 1978 წელს დაბადებული მ.დ. და 1979 წელს დაბადებული ე.ჩ., გერმანიის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ტ.დ., თურქეთის მოქალაქეები – 1989 წელს დაბადებული ო.ქ., 1980 წელს დაბადებული ო.ბ., 1979 წელს დაბადებული ქ.დ. და 1991 წელს დაბადებული ე.ქ.

ასევე, ირანის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული გ.ი., და წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1992 წელს დაბადებული დ.ლ. და 1999 წელს დაბადებული ნ.ვ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. ბრალდებულები კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.

პოლიციამ, მოსამართის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და მათი ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

ნივთმტკიცებად ამოღებულია: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“, „ოპიუმი“, „პრეგაბალინი“, „ამფეტამინი“, „მდმა“, „ექსტაზი“,, „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“, გამომშრალი „მარიხუანა“, მცენარე „კანაფი“ და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.

ნარკოტიკულ საშუალებებზე დაკავებული ორი პირისგან ამოღებულია ასევე, ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 273-ე პრიმა, 263-ე, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

“მივესალმებით საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს” – შარლ მიშელი

ევროკომისია გამოაქვეყნებს ზაფხულის შემდეგ ანგარიშს გაფართოების შესახებ. ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებებს წლის ბოლოს, სავარაუდოდ დეკემბერში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა  განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოს, მივესალმებით ახლახან გადადგმულ ნაბიჯებს საქართველოში და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს საქართველოს ძალისხმევის მხარდასაჭერად, მაგრამ ვნახავთ, თუ როგორი იქნება ანგარიში და ბევრია საქართველოზე დამოკიდებული. რეკომენდაციების შესრულება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილებები საქართველოზე წლის ბოლოს“, – განმარტა შარლ მიშელმა “ქრონიკასთან”.

კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები ნიდერლანდების ეროვნულ სამხედრო მუზეუმში იმყოფებოდნენ

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან და ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ქ. სოესტენბერგში, ნიდერლანდების ეროვნულ სამხედრო მუზეუმში იმყოფებოდა.

მხარეებს შორის გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. შემდეგ კი, მუზეუმის თანამშრომლებმა, ქართველ სტუმრებს, მუდმივმოქმედი და დროებითი ექსპოზიცია დაათვალიერებინეს; ისაუბრეს მუზეუმის შექმნისა და დაარსების ისტორიასა და მისი არსებობის მნიშვნელობაზე.

სოესტენბერგის ეროვნული სამხედრო მუზეუმი 2014 წელს დაარსდა და ასახავს ჰოლანდიის შეიარაღებული ძალების ისტორიას; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნიდერლანდების სამეფო არმიასა და ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალებს; მუზეუმი მდებარეობს სოესტენბერგის ყოფილი საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე და ნიდერლანდების უდიდეს სამხედრო კოლექციას მოიცავს მასში წარმოდგენილი 300 000-ზე მეტი არტეფაქტით.

”სახელმწიფოს მხრიდან არის გამოხატული პოლიტიკური ნება, რათა საქართველოშიც დაარსდეს სამხედრო მუზეუმი. მისი შექმნის პროცესი უკვე დაწყებულია; ჩვენთვის ფასეულია თქვენი ხედვა და მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილების გაზიარება ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში,”_ განუცხადა მასპინძლებს კობა კობალაძემ.

მუზეუმის მესვეურებმა, ქართულ მხარეს, საქართველოში, სამხედრო მუზეუმის შექმნაში დახმარება აღუთქვეს და აღნიშნეს, რომ მომავალ წელს, გეგმავენ სამხედრო თემაზე საერთაშორისო ფოტო-გამოფენის გამართვას, რომელშიც, ერთ-ერთ მონაწილედ, საქართველო იქნება მიწვეული.

შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები_ გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.

კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება.

“თბილისს მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციების შემოღება კატეგორიულად არ სურს“ – უცხოური პრესა

გაზეთ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ (Независимая газета) დაბეჭდილია სტატია სათაურით „საქართველო დასავლეთის ზეწოლას არ დამორჩილდა: “თბილისს მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციების შემოღება კატეგორიულად არ სურს“ (ავტორი – იური როქსი).

„თბილისში ვიზიტი დაასრულა გაერთიანებულმა ამერიკულ-ევროპულმა დელეგაციამ, რომელმაც ქვეყნის ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ დასავლეთს იმედი აქვს, რომ საქართველო გააქტიურებს თავის ძალისხმევას ანტირუსული სანქციების დაცვაში“ და პირობებიდან არ გადაუხვევს. ოპოზიცია აცხადებს, რომ დასავლური დელეგაციის ვიზიტს მალე ანტიქართული სანქციების დაწესება მოჰყვება. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ოპონენტებს მოუწოდა, რომ „სასურველს სინამდვილედ ნუ ასაღებს“.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დავაში ანტირუსული სანქციების დარღვევის საკითხში (რუსეთში პროდუქციის ტრანზიტთან დაკავშირებით) სიმართლე, როგორც ჩანს, ხელისუფლების მხარესაა. ანტიკორუფციული კვლევების ევროპული ცენტრის მიერ ახლახან გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით (2023 წელი: „გლობალური გამჭვირვალობა ომის დროს“), საქართველო წარმატებულ ქვეყანას წარმოადგენს. მისი გამჭვირვალობის ინდექსმა 54-ე ადგილიდან მე-17-ზე გადაიწია და მსოფლიოს „ტოპ-ოცეულში“ შევიდა. საქართველო ამ მხრივ წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ 15 ქვეყანას, „დიდი შვიდეულის“ წევრ ოთხ სახელმწიფოს და მე-17 ადგილს ფინეთთან, შვედეთთან და დიდი ბრიტანეთთან იყოფს.

შთამბეჭდავია აგრეთვე საქართველოს წარმატება ქვეყნების კეთილსინდისიერების ინდექსშიც, რომლის მიხედვით, მსოფლიოში 32-ე ადგილს იკავებს 6,72 ქულით. გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მეორე ადგილი აქვს დაკავებული აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, ესტონეთის შემდეგ. ისმება კითხვა: თუ თბილისი დასავლურ ანტირუსულ სანქციებს არღვევს, როგორ მიიღო ასეთი მაღალი შეფასება კეთილსინდისიერების დაცვაში?

წყარო

სიცოცხლისა და სანქციების საკითხი: რისთვის იმყოფებოდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის დელეგაციები საქართველოში

რუსული პრესა ყურადღებას უთმობს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის დელეგაციების ყოფნას, რომელთა წევრები ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და დასავლეთის მიერ შემოღებული ანტირუსული სანქციების დაცვის საკითხები განიხილეს.

გაზეთი „იზვესტია“ (Известия) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „სიცოცხლისა და სანქციების საკითხი: რისთვის იმყოფებოდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის დელეგაციები საქართველოში // დასავლეთი თბილისისაგან მოსკოვთან კავშირების გაწყვეტას ითხოვს“ (ავტორი – იგორ კარმაზინი).

„საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების გაერთიანებული დელეგაცია ჩაფრინდა. მათი მთავარი მიზანია დაარწმუნონ თბილისი იმაში, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს და იმავდროულად უარი თქვას სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტზე რუსეთის მიმართულებით. დასავლელმა ვიზიტორებმა შეხვედრები გამართეს პრემიერ-მინისტრთან, დარგობრივ მინისტრებთან და ქვეყნის გენერალურ პროკურორთან“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც დასახელებულია დელეგაციის წევრების ვინაობა და გადმოცემულია მათი შეხვედრების შედეგები.

პუბლიკაციაში არის ექსპერტთა კომენტარებიც:

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის („მგიმო“) რეგიონული უსაფრთხოებისა და კავკასიის პრობლემების ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის ნიკოლაი სილაევის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირის მოქმედების ლოგიკა გასაგებია.

„თუ საქართველო დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს მიუერთდება, ეს რუსეთზე პრაქტიკულად არანაირ გავლენას არ მოახდენს, რადგან მოსკოვს ბევრი სხვა ეკონომიკური პარტნიორი ჰყავს. რაც შეეხება თვით საქართველოს, მისთვის ანტირუსული პოლიტიკის გატარება ზიანის მომტანი იქნება და დიდ ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს“, – აცხადებს ექსპერტი და ხაზს უსვამს, რომ დასავლეთის ზეწოლა საქართველოზე სამომავლოდ გაიზრდება. „ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე დასავლეთის ქვეყნები უფრო აქტიურად შეეცდებიან სანქციური ინსტრუმენტებით სარგებლობას. მაგალითად, შემოიღებენ რაღაც შეზღუდვებს, ქართველი ლიდერების წინააღმდეგ მიმართულს. არ გამოვრიცხავ, რომ დაბლოკონ „ქართული ოცნების“ დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები დასავლეთის ბანკებში“, – ამბობს ნიკოლაი სილაევი.
ქართველი პოლიტოლოგი შოთა აფხაიძე ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნების ტაქტიკა იცვლება. „ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ გამოცადეთ ზეწოლა, შანტაჟი, მუქარები, დეზინფორმაციის ნაკადი… დასავლეთს ასეთმა მოქმედებამ არაფერი შედეგი არ მოუტანა. ახლა, როგორც ჩანს, მოლაპარაკებების იმიტაცია დაიწყეს, „კეთილი სურვილებით“ მოდიან… რაღაცებს გვპირდებიან, ალბათ. მაგალითად, ანტირუსულ სანქციებს თუ მივუერთდებით, დასავლეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს… ჩვენ უკვე მოვისმინეთ ევროჩინოვნიკების შესაბამისი განცხადებები“, – ამბობს ექსპერტი.

თუმცა, როგორც შოთა აფხაიძე თვლის, საეჭვოა, რომ შეთანხმება მიღწეული იქნეს.
„საქართველოს მთავრობამ არაერთხელ აჩვენა, რომ ხელმძღვანელობს და მოქმედებს ქვეყნის პრაგმატული ინტერესებით. რუსეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციას. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი კი, დიდი ალბათობით, არაფრის მომცემი არ არის“, – ასკვნის ექსპერტი

წყარო

“სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ოცნება”- თინა ბოკუჩავა

სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში, ბუნებრივია, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ოცნება”, მაგრამ პუტინის საამებლად, დარწმუნებული ვარ, მზად არის, ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს, -ასე ეხმაურება  “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს, რომ აფხაზეთის გავლით სომხეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი აღდგეს.

ბოკუჩავას განცხადებით,  ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველაფრის მიუხედავად ძალაუფლებას შეინარჩუნებს, რაშიც ცდება.

“ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდათ, მათ შორის, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. თქვენ გახსოვთ, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ელჩმა ოფიციალური დემარში გამოუცხადა ქვეყანას, რომელიც ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი.

ამიტომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში, ბუნებრივია, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის “ოცნება” ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მაგრამ პუტინის საამებლად რომლისთვისაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იზოლაციაში ყოფნის პირობებში, ალტერნატიული სატრანსპორტო გზების ძიება, დარწმუნებული ვარ მზად არის ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს, რადგან თვლის, რომ მაინც არჩევნების გაყალბების გზით შეინარჩუნებს ძალაუფლებას. სწორედ აქ ცდება ივანიშვილი, როცა ქვეყნის ღია რუსფიკაციის ფონზე ჰგონია, რომ ნებისმიერი გაყალბების პირობებში ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს,”- განაცხადა ბოკუჩავამ.