Home Blog Page 1762

“არღვევს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციას?” -“ამერიკის ხმა”

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „არღვევს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციას?“, რომელშიც განხილულია როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხები, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის სამართლებრივი ურთიერთობის ასპექტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მწვანე შუქი ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აუნთოს. უკვე ორი დღეა 9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია საკონსტიტუციო სასამართლოში იმას განიხილავს, დაარღვია თუ არა საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტმა.

მმართველი გუნდი – „ქართული ოცნება“ – უკვე ჩამოყალიბებულია იმ საკითხში, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა, ამიტომაც იმპიჩმენტს იმსახურებს. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას კი მრავალი წლის გამოცდილების მქონე კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია და როდესაც ვსაუბრობთ „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებულ პროცესზე, საქმე კეთილსინდისიერების საკითხამდე მიდის.
„მე არ ვიცი, თუ ვინ რამდენად ღრმად და საფუძვლიანად იცნობს საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ ის ვიცი, რომ კონკრეტულად ირაკლი კობახიძემ კარგად უწყის მისი შინაარსი და ისიც, თუ როგორი ინტერპრეტაციით უნდა იყოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლი განმარტებული. თუმცა ერთია ცოდნა და მეორეა ის, თუ რას ამბობ. მისეული ინტერპრეტაციები კონსტიტუციის კეთილსინდისიერი განმარტების ფარგლებს გასცდა,“- გვეუბნება ვახტანგ ხმალაძე.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 4 ოქტომბერს წარმოადგინა თავისი შეფასება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა. უფრო მეტიც, კონსტიტუციასთან შეუსაბამო ქმედებაში ბრალეულია არა პრეზიდენტი, არამედ მმართველი გუნდი, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი ერთგულების გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ერთ-ერთმა მთავარმა ინიციატორმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა იქნა მიღებული (მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას აქამდეც არღვევდა), რადგან ახლა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა სისტემური ხასიათის გახდა. „ჩვენ აღარ მივიჩნევთ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ღირსად“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კიდევ ერთი პრეტენზია სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რაც 4 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე ირაკლი კობახიძემ გააჟღერა, ისაა, რომ „სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა კონსტიტუციას“. მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა გამოიხატებოდა იმ ვიზიტების განხორციელებაში საზღვარგარეთ, რაც, კობახიძის თქმით, მას არ უნდა განეხორციელებინა.

სალომე ზურაბიშვილმა უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამდენიმე ვიზიტი განახორციელა საზღვარგარეთ და უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდა. ამის თაობაზე მას საქართველოს მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია. მან განმარტა, რომ ეს იყო კერძო ვიზიტები, რაც საკუთარი ხარჯით დააფინანსა.

„ამერიკის ხმასთან“ კონსტიტუციის სპეციალისტი, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ „ოცნებამ“ პრეზიდენტთან მიმართებით, ხმამაღალი პრეტენზიები ივნისში დააფიქსირა, მას შემდეგ რაც ზურაბიშვილი უცხოელ კოლეგებს შეხვდა. თუმცა მანამდე პრეზიდენტს ხმამაღალი სიტყვა უკვე ჰქონდა ნათქვამი. „ყველაფერი დაიწყო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც პრეზიდენტი გამოვიდა მმართველი გუნდის მკვეთრი კრიტიკით. ამის შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას,“- გვეუბნება ვახტანგ ხმალაძე.

კონსტიტუციონალისტის განმარტებით, „ოცნება“, იმპიჩმენტის საკითხის დაყენებისას, ერთადერთ ნორმას ეყრდნობა. ესაა კონსტიტუციის 52-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი, რომელიც ამბობს, რომ “საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს”.

ვახტანგ ხმალაძე გვეუბნება, რომ მმართველი გუნდი ამ ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს და განმარტავს იმგვარად, რომ პრეზიდენტისთვის აკრძალულია ნებისმიერი სახის კონტაქტი ნებისმიერ ოფიციალურ პირთან. მაგალითად, მას რომ დაურეკოს უცხო ქვეყნის პრეზიდენტმა, ტელეფონს არც კი უნდა უპასუხოს, ან უნდა უთხრას, რომ ჯერ მთავრობას დაეკითხება. ვთქვათ, თუ იმყოფება საზღვარგარეთ შეხვედრაზე და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე, უფლებამოსილია, გაესაუბროს მხოლოდ სამი ქვეყნის პრეზიდენტს, ხოლო ამ მომენტში მიუახლოვდა მეოთხე ქვეყნის პრეზიდენტი და საუბარი გაუბა, ის უარით უნდა გაისტუმროს”. ვახტანგ ხმალაძეს ეს მაგალითები იმის საილუსტრაციოდ მოჰყავს, თუ რამდენად აბსურდულ მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეს კანონის ამა თუ იმ ნორმის ბრუტალური განმარტება.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტი რჩებოდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგული, რომელიც, თავის მხრივ, ამბობს, რომ “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

„ჩვენი შეფასებით, მთავრობა არღვევს ამ ნორმას, როდესაც პრეზიდენტს არ აძლევს უფლებას განახორციელოს ვიზიტები საქართველოს ევროინტეგრაციის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმპიჩმენტის მეორე კომპონენტზე, მის პოლიტიკურ ნაწილზე, რაც იმპიჩმენტის პროცედურას უნდა მოჰყვეს პარლამენტში. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე უნდა მიიღონ დეპუტატებმა პარლამენტში. ვიცით ის, რომ „ქართულ ოცნებას“, ამ ეტაპზე, პარლამენტში არ აქვს საკმარისი ხმები ამ გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა აქ სხვა მომენტია მთავარი. კერძოდ ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია, ზოგადად ამ საფუძვლით, იმპიჩმენტის გამოცხადება. ამაზე პასუხი ცალსახაა – ამ საფუძვლით პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება არ არის კონსტიტუციის მიზნებთან შესაბამისი,”- გვეუბნება ნონა ქურდოვანიძე. მისი თქმით, პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

ვახტანგ ხმალაძე რამდენიმე მოსაზრებას გაგვაცნობს მოტივების თაობაზე, რაც „ქართული ოცნებას“, შესაძლოა, ჰქონდეს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის. ერთ-ერთი, მათ შორის გახლავთ პრეზიდენტის სანდო კანდიდატის არსებობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დადგომამდე. ამ სცენარის მიხედვით, თუ პარლამენტში ოცნებამ 100 ხმა მოაგროვა და პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგა, სავალდებულოა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი, გარანტირებულად „ოცნების“ კალათაში მოექცევა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავს. პროცესი არაა მხოლოდ სამართლებრივი, ის პოლიტიკურ მდგენელსაც მოიცავს. ამასთან, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნიოს, საბოლოო სიტყვას მაინც პარლამენტი ამბობს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ორ კვირაში პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი იმპიჩმენტის საკითხს. 100 დეპუტატის ხმა სჭირდება საკითხის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცედურა წყდება (მიუხედავად იმისა, მიიჩნევს თუ არა დამრღვევად ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლო).
პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე ორი ქალი წარმოადგენს – თამარ ჩუგოშვილი, ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ და მაია კოპალეიშვილი – ის ყოფილი მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოში. მოწინააღმდეგე მხარეს, „ქართულ ოცნებიდან“ ხუთი მამაკაცია – ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, მიხეილ სარჯველაძე და თენგიზ შარმანაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდამჭერი, სულ მცირე, 6 უნდა იყოს, გადაწყვეტილება „ოცნების“ გამარჯვებად რომ ჩაითვალოს. საკონსტიტუციო სასამართლო, თავის გადაწყვეტილებას, განხილვების შემდგომ, წერილობით წარმოადგენს. ბოლო ვადა ამისთვის 22 ოქტომბერია.

წყარო

გასული თვე ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი სექტემბერი აღმოჩნდა

გასული თვე ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი სექტემბერი იყო. ამის შესახებ СNN-ი წერს.

ტელეარხის ცნობით, 2023 წელს ზედიზედ მეოთხე თვეა რეკორდული ტემპერატურა ფიქსირდება, რაც მეცნიერებს საფუძველს აძლევს ივარაუდონ, რომ 2023 ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იქნება.

კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მონაცემებით, წლევანდელმა სექტემბერმა 2020 წელს დაფიქსირებულ სიცხის რეკორდს 0,5 გრადუსით გადააჭარბა. თვის საშუალო ტემპერატურამ მსოფლიოს მასშტაბით 16,38 გრადუსი შეადგინა, რაც 0,93 გრადუსით მეტია, ვიდრე 2020 წელს და 1,75 გრადუსით მეტი, ვიდრე პრეინდუსტრიულ ხანაში. ეს ციფრი აღემატება გლობალური ტემპერატურის ზრდის 1,5- გრადუსიან ზღვარს, რომელიც პარიზის კლიმატური შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

ცხელმა სექტემბერმა გავლენა იქონია ამინდზე და სტიქიურ მოვლენებზე მსოფლიოს მასშტაბით. კერძოდ, ლიბიაში, საბერძნეთში, ბულგარეთსა და თურქეთში წყალდიდობებმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, კანადაში უპრეცედენტო ტყის ხანძრები დაფიქსირდა, სამხრეთ ამერიკაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა იყო, ნიუ-იორკში კი რეკორდულად წვიმდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის ზაფხული ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა.

მერწმუნეთ, ბევრი ხალხი რომ დადგება გარეთ, იმ 5 000-ლარიანი ჯარიმის არავის შეეშინდება -ხატია დეკანოიძე

თქვენთვის მთავარია ერთი რამ, იყოთ კომფორტში და ეს კომფორტი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი არის უკმაყოფილო, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობას, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ.

„მესმის ეს შიში გასაგებია. რაღაც შიში გაქვთ იმიტომ, რომ როდესაც არადემოკრატიულია ხელისუფლება, ყოველთვის აქვს მანიფესტაციების, გამოხატვის თავისუფლების შიში. ყველა ქვეყანაში ასე იყო, უკრაინაში, მოლდოვაშიც, კანონებს იღებდნენ, წერდნენ, რაღაც კონსტრუქციებზე, კარვებზეც იყო საუბარი, მაგრამ არადემოკრატიულ ხელისუფლებას არაფერმა უშველა. ერთი შემთხვევა მინდა გითხრათ, კონსტრუქციებზე კი არა, საქართველოს ტერიტორიაზე, პარლამენტის წინ რუსეთის მოქალაქე დგას დღეების განმავლობაში, რომელსაც გაურკვეველია, რა უდევს ჩანთაში. სანამ პოლიციას არ გამოიძახებ, შიგნით შემოდის შენობაში. ამ დროს, თქვენ გეშინიათ ადამიანების, რომელმაც ხელში ბანერი შეიძლება დაიჭიროს. თქვენი მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ კანონში რაღაცას ჩაწერთ, ეს კანონები ხშირ შემთხვევაში არაფერი არის. ბევრი ხალხი რომ დადგება გარეთ, მერწმუნეთ, იმ 5 000-ლარიანი ჯარიმის არავის შეეშინდება. თქვენი მთავარი პრობლემა არის ზუსტად ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც მოდიხართ. არადემოკრატიულ ხელისუფლებებს ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების ეშინიათ. არადემოკრატიულ ხელისუფლებებს ეშინიათ ადამიანების, რომლებიც შეიძლება ბანერით ხელში იყვნენ, შეიძლება ეს ადამიანიც დააპატიმროთ. კარგად იცით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, ამ კანონს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. თქვენთვის მთავარია ერთი რამ, იყოთ კომფორტში და ეს კომფორტი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი არის უკმაყოფილო. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ კანონში რას ჩაწერთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

“გახარიას გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის გარიგებული” – გია ვოლსკი

გახარიას გუნდი უსუსური მოსაზრებების გარშემო ერთიანდება, რათა მათი მესამე პოლუსზე ყოფნის მტკიცებულება წარმოადგინოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მიხეილ დაუშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკი აცხადებს, რომ გახარიას გუნდი პირიქით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის გარიგებული.

„არ გამოვრიცხავ, „ნაცმოძრაობა“ ვაჭრობდეს იმპიჩმენტის თემით და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს, მაგრამ სასაცილოა, რომ გახარიას გუნდი ასეთი უსუსური მოსაზრებების გარშემო ერთიანდება იმისათვის, რათა „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ერთიანად შეუტიოს, რათა მესამე პოლუსზე ყოფნის მტკიცებულება წარმოადგინოს, რაც არსებობს. მათი პარტიის შექმნის დღიდან გარიგება „ნაცმოძრაობასთან“ არის ის, რასაც გახარიას გუნდი მისდევს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობის” საჯარო განცხადებისა, რომ არ გეგმავენ იმპიჩმენტზე სხდომათა დარბაზში შესვლას, ისინი მაინც აპირებენ ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

“ნაცები“ და „ქოცები“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რომ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას – გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს! – განაცხადა დაუშვილმა.

კორუმპირებული უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის – ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი

ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ უკრაინა ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ ცრუ დაპირებები უკრაინაში ტანჯვაში ჩაფლულ ხალხს. მე ძალიან გაბრაზებული ვარ ევროპაში ზოგიერთის გამო, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ უკრაინელები, რომ ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ევროკავშირის წევრები. ეს არცერთისთვის არ იქნება კარგი – არც ევროკავშირისთვის და არც უკრაინისთვის“, – განაცხადა იუნკერმა.

მისი თქმით, ყველამ, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონია უკრაინასთან, იცის, რომ „ეს არის კორუმპირებული ქვეყანა საზოგადოების ყველა დონეზე“.

„მიუხედავად მცდელობისა, ის არ არის მზად გაწევრიანებისთვის, მას სჭირდება ფართომასშტაბიანი შიდა რეფორმები. ჩვენ გვქონდა ცუდი გამოცდილება ზოგიერთ ეგრეთ წოდებულ ახალ წევრებთან, მაგალითად, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ეს აღარ უნდა განმეორდეს”, – განაცხადა იუნკერმა.

ამასთან, მისი თქმით, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ „არ უნდა იყოს დაკავშირებული იმის იმედთან, რომ ამის მიღწევა ერთ ღამეში, მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი“.

„თუ ეს ქვეყნები პროგრესს მიაღწევენ, იქნება ეს უკრაინაში თუ დასავლეთ ბალკანეთში, მათ აუცილებლად უნდა შეეძლოთ მონაწილეობა მიიღონ ევროინტეგრაციის ცალკეულ ეტაპებში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა შესაძლებელი გახდეს ნაწილობრივი გაწევრიანება,“ – განაცხადა იუნკერმა.

“პრეზიდენტი არ მიიჩნევს, რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტებზე მთავრობის ფორმალური თანხმობა იყო საჭირო”

პრეზიდენტი არ მიიჩნევს, რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტებზე მთავრობის ფორმალური თანხმობა იყო საჭირო – ლიეტუვაში მისი კომენტარი კი [რომ ფორმალურად უფლებამოსილი არ იყო], ემსახურება იმის გამოხატულებას, რომ მთავრობა არ იზიარებს ამ ტიპის კომუნიკაციების საჭიროებას,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთის ავტორის, ირაკლი კობახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა წარდგინების განსახილველ სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტმა ევროპაში ბოლოს განხორციელებულ ვიზიტებამდე მთავრობას იმიტომ მიმართა, რომ შეხვედრებზე მარტო არ წასულიყო.

„პრეზიდენტის და ჩვენი პოზიცია სრულ თანხვედრაშია. სრულად იზიარებს იმ პოზიციებს, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ და ჩვენ წარმოვადგენთ იმას, რისი წარმოდგენაც პრეზიდენტს უნდა. პრეზიდენტის პოზიცია, კომენტარი და ა.შ. თავად ფაქტის კონსტატაციაა. მას მანამდე ჰქონდა მიმართული შეხვედრებზე, რომლებზეც მთავრობისგან დასტური არ მიუღია. შესაბამისად, განაგრძო სიარული სხვა ფორმით. ამიტომ პრეზიდენტი და ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ იმ ვიზიტებზე მთავრობის ფორმალური თანხმობა იყო საჭირო ან აუცილებელი. მისი კომენტარი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოხატულებას, რომ მთავრობა არ იზიარებს ამ ტიპის კომუნიკაციების საჭიროებას. ეს კომენტარი მეტს არაფერს ნიშნავს და ამას აქვს უფრო პოლიტიკური დატვირთვა და არა სამართლებრივი.

პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი იყო მიმართვა მთავრობისთვის, რადგან ეს უზრუნველყოფდა ერთობლივ ვიზიტებს. ურთიერთობის ჩამოყალიბებული ფორმა უზრუნველყოფდა, რომ ამ შეხვედრებზე მარტო არ წასულიყო, არამედ წასულიყო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. ამიტომ მიიჩნევდა მნიშვნელოვნად, რომ მთავრობა ჩართულიყო მის შეხვედრებში. მისი კომენტარი ახსნაა იმისა, რატომ იმყოფება მარტო ამ კომუნიკაციებში და რატომ არ არის წარმოდგენილი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ან თუნდაც ელჩი ასეთი ტიპის შეხვედრებზე“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კითხვაზე ადეკვატური პასუხი ვერ მიიღო.

„ადეკვატური პასუხი ვერ მივიღე ჩემს კითხვაზე. ფორმალურად არ ვარ უფლებამოსილი – ამ სიტყვებს კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. მე მინდა სიტყვა-სიტყვით განმარტება, რომელიც ვერ მივიღე. რაც შეეხება მთავარ პასუხს, დღესაც პრეზიდენტი მისი წარმომადგენლების სახით მიიჩნევს, რომ არ ესაჭიროებოდა თანხმობა“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება თავად კითხვას, კობახიძე დაინტერესდა, რით იყო განპირობებული პრეზიდენტისა და მისი წარმომადგენლების აზრთა სხვადასხვაობა. კერძოდ კი ის, რომ ერთი მხრივ – წარმომადგენლების განცხადებით, გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტებზე პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა არ სჭირდებოდა, მეორე მხრივ კი – ლიეტუვაში იმავე შინაარსის ვიზიტისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ფორმალურად უფლებამოსილი არ იყო.

„თქვენ ამტკიცებთ, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ პრეზიდენტს არ ესაჭიროებოდა მთავრობის თანხმობა გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტის განსახორციელებლად და მან კონსტიტუციის დაცვით განახორციელა აღნიშნული ვიზიტები, ეს იყო გუშინდელი მტკიცების შინაარსი, რომ მას ეს თანხმობა არ ესაჭიროებოდა. რეალურად, რასაც ვუყურებთ, პრეზიდენტი თქვენ არ გეთანხმებათ. ამის რამდენიმე მტკიცებულებაა, მაგრამ ორზე გავამახვილებ ყურადღებას – მან განაცხადა ლიეტუვაში, სადაც იდენტური შინაარსის ვიზიტი ჰქონდა, რომ ფორმალურად არ იყო უფლებამოსილი, განეხორციელებინა მსგავსი ვიზიტები. პრეზიდენტის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ერთი თვის წინ პრეზიდენტმა პოზიცია შეიცვალა. მისი აზრით, თანხმობა აღარ სჭირდებოდა. მაგრამ თავად პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ ფორმალურად არ იყო უფლებამოსილი, ლიეტუვაში წასულიყო. მეორე რით დაადასტურა – მან ბიუჯეტიდან არ გასწია ხარჯები. ერთი ის, რომ თქვა, რომ ფორმალურად არ იყო უფლებამოსილი, ყოფილიყო ლიეტუვაში, მეორე – ბიუჯეტიდან არ გასწია ხარჯები. ჩვენ ცოტა გაურკვევლობაში ვართ, პრეზიდენტს ჰგონია ერთი- მისი წარმომადგენლები ამბობენ სხვას. რით არის განპირობებული ასეთი აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტსა და მის წარმომადგენლებს შორის?“,- აღნიშნა კობახიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ შანსი ნულია, რომ იმპიჩმენტს ვინმემ ხმა მისცეს” – გიორგი ვაშაძე

კენჭისყრაზე თუ არ ვართ, [როგორ] შეგვიძლია ხმა მივცეთ? გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ, რომ მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა – ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მათი განცხადებების მიუხედავად, მაინც აპირებენ, ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნულია შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს იმპიჩმენტს“.

„კენჭისყრაზე თუ არ ვართ, (როგორ) შეგვიძლია ხმა მივცეთ? როგორ, ასე, გარედან, ჰაერიდან მისცემსო? გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ, რომ სხვა მისცემს ხმას, მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა. იმდენად აუტანელია მათი ეს განცხადებები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ხომ კარგად ხართ საერთოდ? თუ ხმის მიცემა გინდათ, სხვა ნუ კი აბრალებთ, წადით და მიეცით ხმა. ხალხი გაიგებს, რომ ბიძინას თამაში თქვენც ხართ. აი ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია, ეს სისულელეები, რასაც ბოდავენ. კიდევ ვამბობ, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნულია შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს. ამ ადამიანებს იქნებ აუხსნათ, რომ ამდენი ლაპარაკით, თავს იწვავ. მგონი მართლა უნდათ ხმის მიცემა და ამით გაირკვევა, საბოლოოდ, რომ ეგენიც ბიძინას თამაში არიან”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი “ფარსია და ფიასკოთი დამთავრდება”.

„ბიძინამ შოუ დადგა. ერთ მხარეს მსახიობი კობახიძე ჰყავთ, მეორე მხარეს მსახიობი – ზურაბიშვილი. ამას გვაყურებინებს ორი-სამი დღეა. კითხვას გისვამთ, საქართველოს მოქალაქე და მისი ინტერესი სად არის ამ პროცესში? სად არის საქართველოს და ევროინტეგრაციის ინტერესი? არც ერთი ამ სამიდან არ არის. სამწუხაროდ, ეს თვითონ ფარსია თავიდან ბოლომდე, რომელიც ფიასკოთი დამთავრდება. თავიდანვე გათვალეს. საკითხი ძალიან კონკრეტულია. შემდგომი პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ აირჩევა. მას ირჩევენ ქოც, ფარცხალაძის მცველი ხმოსნები. დეპუტატები, საკრებულოს წევრები და ა.შ. ვინც ფარცხალაძეს იცავენ. ეს ადამიანები ხვალ და ზეგ პრეზიდენტს ირჩევენ. იმ თავითვე გამორიცხულია, რომ ოპოზიცია ამაში წავიდეს. აბა, პირდაპირი არჩევანი იყოს, მერე თუ გაბედავდნენ საერთოდ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებას”,- განაცხადა ვაშაძემ.

ჩვენ გატკეპნილ გზაზე კი არ მივდივართ, არამედ უნდა დავადგინოთ ისეთი წესი, რომ შემდგომში ეს იყოს პრეცედენტი სხვა გადაწყვეტილებებისთვისაც -მერაბ ტურავა

ჩვენ გატკეპნილ გზაზე კი არ მივდივართ, არამედ უნდა დავადგინოთ ისეთი წესი, ისეთი ინტერპრეტაცია იმ ნორმებისა, რომლებზეც იყო სამი დღის განმავლობაში საუბარი და მსჯელობა, რომ შემდგომში ეს იყოს პრეცედენტი სხვა გადაწყვეტილებებისთვისაც, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეცედენტული გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა ფიქრს, დისკუსიას და აზრთა გაცვლა-გამოცვლას მოითხოვს და არ მგონია ისე მარტივად იყო საქმე, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი ყოველგვარი არგუმენტის გარეშე წინასწარ იღებს გადაწყვეტილებას და გამოაქვს ვერდიქტი. ეს რა თქმა უნდა არასწორია იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრები ამ წარდგინებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ ვართ ბოლომდე ჩამოყალიბებული და არ გვაქვს ერთმანეთისთვის აზრები გაზიარებული“, – განმარტა მერაბ ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა განახლდა. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობს, 3 ოქტომბერს დაიწყო.

“სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები ჩიხში არიან შესული”

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, უმრავლესობის დეპუტატები სამართლებრივ ნაწილში „სრულიად ჩიხში არიან შესული“.

ჩუგოშვილი „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებს, რომლებიც სასამართლო სხდომას ესწრებიან ურჩევს, რომ თუ რამის თქმა სურთ პროცესზე გააჟღერონ, მედიასთან ლაპარაკის ნაცვლად.

“პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები სრულ ჩიხში არიან შესული, აბსურდამდე მივიდა მათი მტკიცება და ის, რასაც ისინი ამტკიცებენ არის წარმოუდგენელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებს იმას, რომ მათი მტკიცების მიხედვით, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ურეკავს, ტელეფონი არ უნდა აიღოს. ეს აბსურდია. ამაში შევიდა მათი სამართლებრივი დასაბუთება. მეორეა მტკიცებულებები. საქმეში აბსოლუტურად არ არის მტკიცებულებები. საერთოდ, არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, მათი პოზიცია არც მტკიცებულებებით არაა გამყარებული. ჩვენ გვაქვს მხოლოდ საქმიანი დამოკიდებულება. ვნახოთ ისინი როგორ მოიქცევიან.

მინდა ერთ რამეზე გავაკეთო აქცენტი – ბატონ ოხანაშვილს უთქვამს, რომ პროცესიდან გავიქეცით, ოხანაშვილს ვურჩევთ, თუ რამის თავი აქვთ პროცესზე გვეკამათოს. სამი დღეა ზის და საერთოდ ხმა არ ამოუღია სასამართლო პროცესზე, სამი დეპუტატი ზის და არაფერი უთქვამთ. ასე რომ, თუ რამის თავი აქვთ, პროცესზე გვითხრან”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

„ნაცები“ და „ქოცები“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში -მიხეილ დაუშვილი

ნაცები“ და „ქოცები“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რომ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას – გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს! – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში პარტია “საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი.

დაუშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობის” საჯარო განცხადებისა, რომ არ გეგმავენ იმპიჩმენტზე სხდომათა დარბაზში შესვლას, ისინი მაინც აპირებენ ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

„მინდა განცხადება გავაკეთო “ოცნების” და “ნაცების” პარტია “საქართველოსთვის” წინააღმდეგ დაწყებული, ერთობლივად დაგეგმილ ტყუილსა და ჭორზე დაფუძნებული პროპაგანდის შესახებ. “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, ეს ორი ერთმანეთზე უარესი წარსულის პარტია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის და “ნაცები” და “ქოცები” ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რომ შეიქმნან შესაძლებლობა პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას. ჩვენ გვინდა ვუთხრათ მათ ორივეს, გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს!

ცდილობენ ისე დაგვანახონ, თითქოს არაფერ შუაში არიან, არ შედიან სხდომაზე და იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ აპირებენ, რეალურად, როგორც ჩანს, იქ სხვა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფარულად. თუკი ვინმე “ოცნების” მხარდამჭერი შეიძლება გახდეს ამ საქმეში, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და ცდილობენ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას, ჩვენზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, თითქოს ვაპირებთ “ოცნებას” დავეხმაროთ იმპიჩმენტში, ასეთი შანსიც კი არ არსებობს, რომ ვინმემ ხმა მისცეს ჩვენი მხრიდან იმპიჩმენტს,”- განაცხადა დაუშვილმა.

“საინტერესო პროცესია მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, მსჯელობა აბსურდულ თემებზე იმართება” – ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების ერთ-ერთი ავტორის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმპიჩმენტის პროცესი საკმაოდ საინტერესო პროცესია.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესს დღესაც ბევრი ადამიანი მიადევნებს თვალს.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი პროცესი დარჩება სამართლებრივ ჩარჩოებში და აღნიშნა, რომ ოპონენტები ამ მარტივი კაზუსის სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა გატანას ცდილობენ.

„ზოგადად, საინტერესო პროცესია მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, აბსურდულ თემებზე წარიმართება მსჯელობა. იმედია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიადევნებს თვალს დღესაც იმ პროცესს, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. მთლიანობაში, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს წარდგენილი კონკრეტული უმარტივესი არგუმენტები, რაზეც პასუხებს ვერ ვისმენთ. სამაგიეროდ, მიმდინარეობს მსჯელობა ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოდ არ არის კავშირში ამ დავის საგანთან, მაგალითად, ქვეყნის შიგნით როცა ხვდება პრეზიდენტი ელჩს, ამაზე ვრცელდება თუ არა … საერთოდ არ არის რელევანტური ამ საქმისთვის. ანუ გადააქვთ აქცენტი ისეთ საკითხებზე, რომლებიც საერთოდ არ ეხება იმპიჩმენტის დავის საგანს. არის უმარტივესი კაზუსი, პრეზიდენტს სჭირდებოდა თანხმობა, იცოდა რეალურად ეს ყველაფერი, დაადასტურა, რომ სჭირდებოდა თანხმობა, მიმართა, ვერ მიიღო, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია. ამ დონეზე მარტივ კაზუსთან გვაქვს ჩვენ შეხება, თუმცა აქაც აბსურდზე მიდის საუბარი, რომელიც შემხებლობაში არ არის იმ საკითხთან, რაზეც ჩვენ ვდავობთ. იმედია, რომ მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში იქნება მოქცეული დღევანდელი დისკუსია. გუშინ დავიწყე კითხვების დასმა – ეს არის პროცედურის შემდეგი ნაწილი და დავსვი ორი მარტივი კითხვა, იყო ეს ვიზიტი, მათი პოზიციით, სამუშაო ვიზიტი იყო თუ კერძო ვიზიტი. 10 წუთი დასჭირდათ ამაზე საპასუხოდ, როდესაც მარტივი პასუხია გასაცემი, ეს ხომ ოფიციალური კატეგორიებია, რომელიც, მათ შორის, პრეზიდენტის ბრძანებულებით არის განსაზღვრული. მერე ვთხოვე პრეზიდენტის კონკრეტული ციტატის დადასტურება, რომელიც ინგლისურ ენაზე გაჟღერდა მისი მხრიდან, ამისი ქართული თარგმანი მოვიტანეთ, შეგვიძლია ინგლისურიც მივიტანოთ, არის ამოღებული ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდიდან, ვთხოვეთ მარტივად ამის დადასტურება და ამას მოაყოლეს შემდეგ ხმაური და აჟიოტაჟი, შეეცადნენ, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაეყვანათ პროცესი, იმედია დღეს მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში იქნება მოქცეული პროცესი“,- განაცხადა კობახიძემ.

რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს

რუსეთი ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო – საზღვაო ძალების ბაზას განათავსებს.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თქვა, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

„ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა ოჩამჩირის რაიონში იქნება“, – განაცხადა ბჟანიამ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავს რუსეთის, ისე “აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის დონის ამაღლებას”.

გარდა ამისა, ასეთი ურთიერთქმედება გაგრძელდება, რადგან „უსაფრთხოება პირველ ადგილზეა“.

ბჟანიამ განმარტა, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის კუთხით უკვე ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ასევე „ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი“. მისი თქმით, გარკვეული ინტერვალებით წვრთნები ტარდება და დამყარებულია ურთიერთქმედება სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე.

„რუსეთი მხარს გვიჭერს, ჩვენი სპეციალისტები მუდმივად გადიან კვალიფიკაციის ამაღლებას რუსეთის ფედერაციის სპეციალურ დაწესებულებებში, ამიტომ ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგიდან არასდროს გადის“, – დასძინა ბჟანიამ.