“პრეზიდენტი არ მიიჩნევს, რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტებზე მთავრობის ფორმალური თანხმობა იყო საჭირო”

406
spot_img

პრეზიდენტი არ მიიჩნევს, რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტებზე მთავრობის ფორმალური თანხმობა იყო საჭირო – ლიეტუვაში მისი კომენტარი კი [რომ ფორმალურად უფლებამოსილი არ იყო], ემსახურება იმის გამოხატულებას, რომ მთავრობა არ იზიარებს ამ ტიპის კომუნიკაციების საჭიროებას,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთის ავტორის, ირაკლი კობახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა წარდგინების განსახილველ სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტმა ევროპაში ბოლოს განხორციელებულ ვიზიტებამდე მთავრობას იმიტომ მიმართა, რომ შეხვედრებზე მარტო არ წასულიყო.

„პრეზიდენტის და ჩვენი პოზიცია სრულ თანხვედრაშია. სრულად იზიარებს იმ პოზიციებს, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ და ჩვენ წარმოვადგენთ იმას, რისი წარმოდგენაც პრეზიდენტს უნდა. პრეზიდენტის პოზიცია, კომენტარი და ა.შ. თავად ფაქტის კონსტატაციაა. მას მანამდე ჰქონდა მიმართული შეხვედრებზე, რომლებზეც მთავრობისგან დასტური არ მიუღია. შესაბამისად, განაგრძო სიარული სხვა ფორმით. ამიტომ პრეზიდენტი და ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ იმ ვიზიტებზე მთავრობის ფორმალური თანხმობა იყო საჭირო ან აუცილებელი. მისი კომენტარი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოხატულებას, რომ მთავრობა არ იზიარებს ამ ტიპის კომუნიკაციების საჭიროებას. ეს კომენტარი მეტს არაფერს ნიშნავს და ამას აქვს უფრო პოლიტიკური დატვირთვა და არა სამართლებრივი.

პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი იყო მიმართვა მთავრობისთვის, რადგან ეს უზრუნველყოფდა ერთობლივ ვიზიტებს. ურთიერთობის ჩამოყალიბებული ფორმა უზრუნველყოფდა, რომ ამ შეხვედრებზე მარტო არ წასულიყო, არამედ წასულიყო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. ამიტომ მიიჩნევდა მნიშვნელოვნად, რომ მთავრობა ჩართულიყო მის შეხვედრებში. მისი კომენტარი ახსნაა იმისა, რატომ იმყოფება მარტო ამ კომუნიკაციებში და რატომ არ არის წარმოდგენილი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ან თუნდაც ელჩი ასეთი ტიპის შეხვედრებზე“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კითხვაზე ადეკვატური პასუხი ვერ მიიღო.

„ადეკვატური პასუხი ვერ მივიღე ჩემს კითხვაზე. ფორმალურად არ ვარ უფლებამოსილი – ამ სიტყვებს კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. მე მინდა სიტყვა-სიტყვით განმარტება, რომელიც ვერ მივიღე. რაც შეეხება მთავარ პასუხს, დღესაც პრეზიდენტი მისი წარმომადგენლების სახით მიიჩნევს, რომ არ ესაჭიროებოდა თანხმობა“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება თავად კითხვას, კობახიძე დაინტერესდა, რით იყო განპირობებული პრეზიდენტისა და მისი წარმომადგენლების აზრთა სხვადასხვაობა. კერძოდ კი ის, რომ ერთი მხრივ – წარმომადგენლების განცხადებით, გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტებზე პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა არ სჭირდებოდა, მეორე მხრივ კი – ლიეტუვაში იმავე შინაარსის ვიზიტისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ფორმალურად უფლებამოსილი არ იყო.

„თქვენ ამტკიცებთ, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ პრეზიდენტს არ ესაჭიროებოდა მთავრობის თანხმობა გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტის განსახორციელებლად და მან კონსტიტუციის დაცვით განახორციელა აღნიშნული ვიზიტები, ეს იყო გუშინდელი მტკიცების შინაარსი, რომ მას ეს თანხმობა არ ესაჭიროებოდა. რეალურად, რასაც ვუყურებთ, პრეზიდენტი თქვენ არ გეთანხმებათ. ამის რამდენიმე მტკიცებულებაა, მაგრამ ორზე გავამახვილებ ყურადღებას – მან განაცხადა ლიეტუვაში, სადაც იდენტური შინაარსის ვიზიტი ჰქონდა, რომ ფორმალურად არ იყო უფლებამოსილი, განეხორციელებინა მსგავსი ვიზიტები. პრეზიდენტის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ერთი თვის წინ პრეზიდენტმა პოზიცია შეიცვალა. მისი აზრით, თანხმობა აღარ სჭირდებოდა. მაგრამ თავად პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ ფორმალურად არ იყო უფლებამოსილი, ლიეტუვაში წასულიყო. მეორე რით დაადასტურა – მან ბიუჯეტიდან არ გასწია ხარჯები. ერთი ის, რომ თქვა, რომ ფორმალურად არ იყო უფლებამოსილი, ყოფილიყო ლიეტუვაში, მეორე – ბიუჯეტიდან არ გასწია ხარჯები. ჩვენ ცოტა გაურკვევლობაში ვართ, პრეზიდენტს ჰგონია ერთი- მისი წარმომადგენლები ამბობენ სხვას. რით არის განპირობებული ასეთი აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტსა და მის წარმომადგენლებს შორის?“,- აღნიშნა კობახიძემ.