„ნაციონალური მოძრაობა“, ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მოიშორა ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან 2012 წელს და დღეს იგივე ძალა, უკვე ოპოზიციაში, მოსაშორებელია!, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების მიერ 2008 წლის ომში ქართული სამხედრო ძალების დადანაშაულება ქვეყნის ღალატია და ამ სირცხვილს „ნაცმოძრაობა“ ვერასდროს ჩამოირეცხავს.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, აქედან ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.
სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის უმძიმესი ბრალდება, თითქოს 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალი გაუფრთხილებლად დაიბომბა!
ეს დოკუმენტი არის ქართული სახელმწიფოს ღია ღალატი და სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.
ასევე პოსტის ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს იმ მძიმე პერიოდში ომით დატრიალებული უბედურების მიმართ მიხეილ სააკაშვილისა და მთავრობის სხვა წევრების დამოკიდებულებას.
ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა მოიშორა ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან 2012 წელს და დღეს იგივე ძალა, უკვე ოპოზიციაში, მოსაშორებელია!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.