Home Blog Page 1754

სერგეი ლავროვი ნიუ იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარება და უკრაინის ომი იქნება.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მედიას განუცხადა, რომ ლავროვი ნიუ იორკს 22-დან 24 იანვრამდე ეწვეოდა.

ფონდი “ქართუ” განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი “ქართუს” წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„მცირე პაუზის შემდეგ, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიამ ისევ შეუტია ფონდ „ქართუს“. ბოლო დღეებში რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ.

შეტევა ცალსახად კოორდინირებულია, ვინაიდან, სხვადასხვა სიუჟეტს ფონად გასდევს ერთიანი „ლაიტმოტივი“ – „ივანიშვილი თავისი სამშენებლო აქტივობით ჩადის დანაშაულს“, რითაც მაყურებელთა ცნობიერებაში სპეციალურად ყალიბდება განწყობა, რომ მშენებლობა ბოროტებაა, ხოლო თუ მშენებელი ივანიშვილია, მაშინ ეს უკვე კრიმინალია.

არადა, წინა ხელისუფლების პერიოდში იგივე „მედიაკლასტერი“ ნებისმიერ მშენებლობას პოზიტიურ ჭრილში განიხილავდა და მაშინდელი ხელისუფლების მიერ ხშირად ერთი და იმავე ობიექტების მრავალჯერ საზეიმოდ გახსნას ზარ-ზეიმით აშუქებდა, რაც პრინციპში, არც არის დასაძრახი, რამეთუ ზოგადად აღმშენებლობა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება, პოზიტიური და სასარგებლო მოვლენაა. პრობლემა ჩნდება ორმაგი სტანდარტების შემოღებისას, როდესაც საღი აზრი ეწირება პოლიტიკურ დაკვეთას და ის, რასაც წინა ხელისუფლის დროს ლამის გმირობად წარმოაჩენდი, დღეს დანაშაულად გაქვს გამოცხადებული.

ცხადია, რომ ამ უსუსური, მაგრამ კარგად ორკესტრირებული ბრალდებების უკან რეალურად, მხოლოდ პოლიტიკური სარჩულია. თუმცა, ვინაიდან ნებისმიერი მსგავსი გამოხტომის რეაგირების გარეშე დატოვებამ შესაძლოა, ვინმეს თვალში დამაჯერებლობა შესძინოს ამ შეთითხნილ ბრალდებებს, იძულებულები ვართ, კვლავაც პასუხი გავცეთ მათ გამავრცელებლებს.

საჯაროდ ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა საქართველოში არსებული აქტივების უდიდესი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა. ფონდი უშუალოდ, ან მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით მართავს ამ აქტივებს და მიღებულ შემოსავალს კვლავ საქველმოქმედო მიზნებს ახმარს. ეს არის გამჭვირვალე და კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობა.
ბუნებრივია, ჩვენს წინააღმდეგ მართული მედიაკამპანიის მიზანს არ წარმოადგენს სიმართლის დადგენა. ყველა სიუჟეტი იფუთება მაქსიმალურად გაუგებარი ფრაზებით, რომლებსაც როგორც წესი, ისვრიან საეჭვო წარმომავლობის „ექსპერტები“. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დააბნიონ რიგითი მსმენელი და მასალის გადმოცემის სიმძაფრით, ტონალობით, ხშირად მუსიკალური გაფორმებითაც კი, შეუქმნან მას მათთვის სასურველი განწყობა და დააჯერონ იმაში, რომ ადგილი აქვს საშინელ, მზაკვრულ დანაშაულს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიზანი იყო, დაეჯერებინათ მაყურებლისთვის, რომ „ქველმოქმედებას ამოფარებული ივანიშვილი ცდილობს ქველმოქმედებით ფულის შოვნას“. არადა, რეალურად, ივანიშვილების ოჯახი ფონდი „ქართუს“ ერთადერთი დონორია, ანუ ბიძინა ივანიშვილი, ფონდს თავად სწირავს რეგულარულად საკუთარ სახსრებსა და შემოსავლებს და ქველმოქმედების საკითხს იმდენად ფაქიზად ეკიდება, რომ ფონდის არსებობის ლამის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, არც ერთხელ დაუფინანსებია ფონდის მეშვეობით თავისი ოჯახის რომელიმე წევრი, ნათესავი ან ახლობელი – ამ დროს კი, მას ფონდის ხარჯზე გამდიდრებას ედავებიან!

ამ შემთხვევაშიც სიმართლე ზედაპირზეა: ფონდის შვილობილმა კომპანიებმა გაასხვისეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რაზეც მომავალმა ინვესტორმა უნდა განახორციელოს სამშენებლო პროექტი. მიწის გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს ფონდი მისი საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართავს და მიმდინარე პროექტებს დაახარჯავს.

უკვე მრავალჯერ საჯაროდ გაცხადდა, რომ გასაგები მიზეზების გამო, ბიძინა ივანიშვილი დღეს ფაქტობრივად არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება, რაც ბუნებრივია, აფერხებს ფონდისადმი მის დონაციებს. მიუხედავად ამისა, ფონდი დღესაც აგრძელებს პროექტებს და ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თუმცა, რომ არ ყოფილიყო ზემოთ ხსენებული წინაღობა, ორჯერ და სამჯერ მეტ სამუშაოს შევასრულებდით და გაცილებით წინ წავწევდით არსებულ პროექტებს, რომელთა შორისაა ჩვენი ქვეყნის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უმნიშვნელოვანესი ობიექტები.

იქმნება პარადოქსული ვითარება, რა დროსაც, თუ ფონდი სამშენებლო გეგმებს სადმე ჩამორჩება, გვაკრიტიკებენ ნელი ტემპისთვის, ხოლო სადაც არა – იქ თავად მშენებლობა ცხადდება ბოროტებად, რისთვისაც დაუსრულებელ უსუსურ და აბსურდულ ბრალდებებს გვიყენებენ.

მსგავსი კრიტიკა არახალია. გავაკეთოთ პატარა ისტორიული ექსკურსი და გავიხსენოთ არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელი, მაგრამ უკვე დავიწყებული ამბები – დაახლოებით 2008 წელს პირველად დაიწყო მსგავსი პიარშეტევა ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუზე“. მაშინდელ გაზეთებში დაიბეჭდა შალვა ნათელაშვილის სტატიები, უფრო სწორედ კი მოკლე პასკვილები სათაურით – „… ამიტომაც ეს პიროვნება (ივანიშვილი) არის საქართველოს მტერი“.

ამ სულელური ტექსტების მოკლე შინაარსი გულისხმობდა იმას, რომ საქველმოქმედო პროექტების მეშვეობით, ივანიშვილი ეხმარება არა ქვეყანას, არამედ – „სააკაშვილის რეჟიმს“, ხოლო იქამდე კი, მისი შექმნილი იყო „შევარდნაძის რეჟიმი“, ამიტომაც მისი ქველმოქმედება ცხადდებოდა ბოროტებად.

2011 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, ნათელაშვილის ეს ნარატივი გადაიღო მაშინდელმა მმართველმა გუნდმა და დაიწყო წარმოუდგენელი მასშტაბის შეტევა და ზეწოლა როგორც თავად ივანიშვილზე, ისე “ქართუს” ყველა სტრუქტურაზე, რომელთა ბირთვს, ბუნებრივია, ფონდი “ქართუ” წარმოადგენდა. სწორედ მაშინ, ლამის კატეგორიულ იმპერატივში აიყვანეს პროპაგანდისტული ნარატივი იმის თაობაზე, რომ „ქველმოქმედება ბოროტებაა“, საზიანოდ გამოცხადდა ფონდის ყველა პროექტი და პროგრამა. გაასაჯაროვეს ბენეფიციართა სიები, სისულელედ შერაცხეს თეატრებისა და მუზეუმების რემონტი, უსარგებლო და მავნე უწოდეს ფონდის მიერ აგებულ, გარემონტებულ და სახელმწიფოსთვის გადაცემულ ობიექტებს, მათ შორის, საავადმყოფოებს, რაგბის სტადიონებს, სკოლებს, თეატრებს, მუზეუმებს, შეკვეთილის ღია საკონცერტო დარბაზს, თბილისის ოპერას, ბათუმის დელფინარიუმს და მრავალ სხვას.

საგულისხმო და სახალისოა, რომ ზემოხსენებული ბატონი ნათელაშვილი, რომელმაც აწ უკვე სააკაშვილის მომხრეთა ბანაკში ამოყო თავი, დღეს ამ პოზიციებიდან აგრძელებს არანაკლები აბსურდულობისა და კომიკური ხასიათის ბრალდებების სროლას ივანიშვილისა და „ქართუს“ მიმართ. გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური სატირისა და კომედიის ჟანრში ის განუმეორებელია. როგორც ჩანს, ამ მართული და ერთიანი გეგმით ორკესტრირებული ბინძური კამპანიის დამკვეთებიც სათანადოდ უფასებენ მას ამ „ნიჭს“.

არსებობს ცნობილი გამონათქვამი, რომ „ადამიანთა უგუნურებას არ აქვს საზღვარი“, რომელსაც სხვადასხვა რედაქციით რამდენიმე ცნობილ მოღვაწეს მიაწერენ. ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება, ითქვას, რომ ნათელაშვილის განცხადებების სისულელესა და აბსურდს ნამდვილად არ აქვს არანაირი ზღვარი!

კარგად გვესმის, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკურად ანგაჟირებული დაინტერესებული პირებისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტული დაჯგუფება დგას, რომელიც რჩება რა ჩრდილში, წარმოადგენს ამ ხელოვნურად მართული პროცესის მთავარ დამკვეთსა და დირიჟორს“, – ნათქვამია ფონდ „ქართუს“ განცხადებაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 იანვარს ქუთაისში +5 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +5 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით 0 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც მოთოვს.

ჭიათურაში დღისით თოვლი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი.

ბორჯომში დღისით +2, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს. ბაკურიანში დღისით -5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

გორშიც მოთოვს. დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

გუდაურში მოთოვს. დღის განმავლობაში -4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. თოვს ომალოშიც, სადაც დღისით -5, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. თელავში დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

თოვლია გურჯაანშიც. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

რუსთავში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ნავარაუდევია თოვლი.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვლი.

რონ დესანტისმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა

ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა. ცნობა ამის შესახებ მან სოციალური ქსელით გაავრცელა და თავის მომხრეებს ტრამპის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

„ვამაყობ, რომ ჩემი დაპირებები 100%-ით შევასრულე და ახლა არ გავჩერდები. ჩემთვის ნათელია, რომ რესპუბლიკელების ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს, დონალდ ტრამპს კიდევ ერთი შანსი მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებოდი დონალდ ტრამპს, თუნდაც კოვიდპანდემიის და ენტონი ფაუჩის დაწინაურების შემთხვევაში, ტრამპი ამჟამინდელ მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აღემატება. ეს გასაგებია. მოვაწერე ხელი დაპირებას, რომ მხარს დავუჭერ რესპუბლიკელ კანდიდატს და შევასრულებ ამ პირობას. მას ჩემი მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა დესანტისმა.

პრაიმერიზში უკვე ყოფილი კონკურენტის საარჩევნო მარათონს გამოთიშვას და მისი მხრიდან მხარდაჭერას ზეიმობს დონალდ ტრამპი. ფლორიდის გუბერნატორის განცხადების შემდეგ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ნიუ ჰემფშირში მომხრეებს კვლავ შეხვდა და 23 იანვრის პრაიმერიზში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მოგესალმებით! ყველაფერი კარგადაა, ჩვენ ვლიდერობთ, თანაც რეკორდულად. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტი, საკმაოდ ძლიერი კონკურენტი რონ დესანტისი საარჩევნო მარათონს გამოეთიშა. ამასთან ერთად, მან კანდიდატურის მოხსნისას მხარი ჩვენ დაგვიჭირა“, – აღნიშნა ტრამპმა.

ვინც ეკლესიას მტრობს და მისდამი სიძულვილით გამორჩევა, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის მტერია – რატი იონათამიშვილი

მმართველი გუნდი, რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმიანება.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ეკლესიის სიძულვილი ქვეყნის სიძულვილს ნიშნავს და მსგავსი განცხადებებით პოლიტიკოსები, პირველ რიგში, საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენენ.

“ეს ადამიანები აშკარა სიძულვილს გამოხატავენ საქართველოს ეკლესიისადმი და ეს არის სიძულვილი ჩვენი ქვეყნის ისტორიის, წარსულისა და აწმყოს მიმართ. ამით ისინი ლუსტრაციას ახდენენ, იმ მიზნების, რომლებიც აქვთ დასახული, ან, რომლებიც სხვებმა დაუსახეს.

ფაქტობრივად, ჩვენს საზოგადოებას ამით ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან მარტივად გამოიტანოს დასკვნები და თავისი სახელი დაარქვას ყველას. ვინც ეკლესიას მტრობს და მისდამი სიძულვილით გამორჩევა, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის მტერია”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ბათუმში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ფაქტზე სუსის მიერ იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფ პირთა წრე

ბათუმში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ შეტყობინებები განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ტელეფონის ნომერი, – ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი.

„მიმდინარე წლის 21 იანვარს, შემოსული იქნა შეტყობინებები ქალაქ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ.

მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე.

მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს.

ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები “გალერეა თბილისში” ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

ასევე, ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები.

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი“, – აცხადებენ სუს-ში.

გიგა ბოკერია შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

ბექა მინდიაშვილისა და ზოგადად აშშ-ის, დონორებისა და დასავლეთის წინააღმდეგ კამპანია არის ანტიქართული კამპანიის გაგრძელება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს.

გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება.

„ბექა მინდიაშვილისა და აქედან გამომდინარე, ზოგადად, აშშ-ის, დონორებისა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია არის ივანიშვილის რეჟიმისა და ყველა პუტინისტური, ან ოპორტუნისტული ძალის ანტიდასავლური, ანუ ანტიქართული კამპანიის გაგრძელება, მაშინ, როდესაც პრობლემის ძირი იმაშია, რომ ჩვენს საპატრიარქოში, ყველა თვალსაზრისით, კატასტროფული მორალური ვითარება გვაქვს. სტალინის საკითხმა ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა.

ეს ხალხი ამ ამბის გამოყენებას მათ მიერ ჩვენი ქვეყნის ღალატის გადასაფარად ცდილობს, რომ ამ ფარისევლობით, ვითომ ჩვენი პატრიოტიზმის, მრწამსისა და ეკლესიის დაცვას ეწევიან. ამ საკითხზე უკან დახევა, კომპრომისი ან დისტანცირება, როგორც, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, მორალურად სამარცხვინოა და პრაგმატულადაც არანაირ შედეგს არ მოიტანს. ივანიშვილის რეჟიმი საპატრიარქოს თემის გამოყენებით, ამ სპეკულირებას, ფარისევლობასა და შეტევაზე ყოფნას განაგრძობს. ჩვენ ამ საკითხში შეტევაზე უნდა ვიყოთ, რადგან ამ თემაში მორალურად ბოლომდე მართლები ვართ ყველა, ვისაც გვჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლების ან საპატრიარქოს მხრიდან საბჭოთა წარსულისა და სტალინის განდიდება სირცხვილია“,  – აღნიშნავს გიგა ბოკერია.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბათუმის ორ სავაჭრო ცენტრში, სამართალდამცავებმა მუშაობა დაასრულეს

ბათუმში ოთხი სავაჭრო ცენტრიდან ორში სამართალდამცავებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში ნაღმის არსებობასთან დაკავშირებით შეტყობინება, ცრუ აღმოჩმდა.

მოქალაქეების თქმით, სამართალდამცავები კიდევ ორ მოლში ამ დრომდე აგრძელებენ შესაბამის სამუშაოებს.

ცნობისთვის, ბათუმში, სავაჭრო ცენტრებიდან – “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი”, “ბათუმი მოლი” და “პლაზა” ევაკუაცია განხორციელდა

კახეთში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს

კახეთში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს.

შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ერთად ქეიფობდნენ, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და მოგვიანებით, იარაღით გარჩევაში გადაიზარდა.

სუფრასთან მყოფმა ერთმა პირმა, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი თანამესუფრე დაჭრა.
სამივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების განმარტებით, მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

რა მოტივით დაიწყო სუფრასთან დაპირისპირება, ამ ეტაპზე უცნობია.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პრობლემებს ზურგს ნუ აქცევთ და ეცადეთ, საკუთარ თავთან გულწრფელი იყოთ, წინააღმდეგ შრმთხვევაში შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა რთულ და უსიამოვნო საქმეებზე მუშაობისთვის. გირჩევთ, ექსპერიმენტებზე უარი თქვათ და კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ. დაეხმარეთ ყველას, ვისი დახმარებაც შეგიძლიათ და უამრავ მხარდამჭერს შეიძენთ.

კურო

ამ დღეს აჩქარებამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. ეცადეთ, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშაოთ და ყურადღებას მეორეხარისხოვან საკითხებზე ნუ გადაიტანთ. თუ საყვარელი ადამიანების მოქმედების მოტივები არ გესმით, სცადეთ მასთან გულწრფელად დალაპარაკება. ნუ დაიჯერებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან დაკავშირებულ ჭორებს.

ტყუპები

შესაძლოა, ამ დღეს ახლობელმა ადამიანმა სარისკო და საეჭვო ქმედებებისკენ გიბიძგოთ. ეცადეთ, ცდუნებას გაუძლოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. გირჩევთ, ყველაზე რთული ამოცანები დილისთვის დაგეგმოთ – ამ დროს წარმატების მეტი შანსი გაქვთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ პროფესიულ უთანხმოებებს შესანიშნავად დაძლევთ და გუშინდელი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება.

კირჩხიბი

თავდაჯერება და აქტიურობა ურთულესი საქმეების სწრაფად და წარმატებით მოგვარებაში დაგეხმარებათ. მოემზადეთ ნაყოფიერი დღისთვის და დავალებები ისე დაგეგმეთ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გამოგრჩეთ. თუ საკუთარ იდეებს კოლეგებს გაუზიარებთ, მათგან საჭირო დახმარებას და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებთ. უარი თქვით სასიყვარულო ურთიერთობაზე, რომელიც, გაკიცხვისა და საყოველთაო უარყოფის გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ლომი

ეცადეთ, ახალი ინფორმაციის ნაკადი შეზღუდოთ და ყურადღება იმაზე გადაიტანოთ, რაც თქვენს საქმიანობასთან პირდაპირ კავშირშია. სავარაუდოდ, საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ქალწული

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, იმოქმედეთ ისე, როგორც შინაგანი ხმა გიკარნახებთ და ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ადამიანებმა, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, შეიძლება სცადონ თქვენი გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, ამიტომ გულწრფელობას მოერიდეთ, მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა – მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

სასწორი

საინტერესო დღე გელოდებათ, რომელიც სასიამოვნო კომუნიკაციებით იქნება დატვირთული. თქვენი პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ, სწრაფად მოაგვაროთ ყველა პრობლემა. ყურადღება მიაქციეთ საბუთებს და სამუშაო სივრცე მოაწესრიგეთ. ახლა სასწორებისთვის საუკეთესო პერიოდია მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად და ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად.

მორიელი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის ნაკადიდან თქვენთვის ყველაზე საჭირო ფაქტები შეარჩიოთ. სავარაუდოდ, თქვენ გარშემო ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანია, ამიტომ ურთიერთობაში თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. შანსი გაქვთ სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს პროექტებს დააფინანსებს. ნებისმიერ ოფიციალურ ღონისძიებაზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ საკუთარი იდეები და გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ. ამ დღეს კოლექტიურ მუშაობაზე ნაყოფიერი ინდივიდუალური მუშაობა იქნება. მოემზადეთ იმპროვიზაციისთვის – დღეს ძველ ჩვევებსა და ტრადიციებზე უარის თქმა მოგიწევთ.

თხის რქა

ამ დღეს დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას უნდა მოერიდოთ. ასევე, არ უნდა დაიწყოთ საქმე, რომლის დასრულება გაგიჭირდებათ. ყურადღებით მოუსმინეთ მეგობრის რჩევას და რთული ვითარებიდან გამოსავალს იპოვით. პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან ნაყოფიერი დღეა, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.

მერწყული

შესანიშნავი დღეა შერიგებისთვის, კომპრომისების პოვნისა და სხვადასხვა დავის მოგვარებისთვის. ეს ეხება როგორც საქმიან კონტაქტებს, ისე პირად ურთიერთობებს. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. ინტუიცია გიკარნახებთ, საკუთარ ცხოვრებაში რა უნდა შეიცვალოთ.

თევზები

ვარსკვლავები წარმატებულ დღეს გპირდებიან. შესაძლოა, თქვენთვის ახალი, საინტერესო შესაძლებლობები გამოჩნდეს, რომლებიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ახალი პროექტების დაწყებას შეიძლება პრობლემები მოჰყვეს, ამიტომ გირჩევთ, ეს საქმე სამომავლოდ გადადოთ. თავდაჯერება გეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციაში არ დანებდეთ. ასე გააგრძელეთ!

მესამე პარტია, რომელიც ქვეყანაში ცვლილებებს ნიშნავს, „გირჩია“, ყველა დანარჩენი კი პროქოცური ან პრონაცურია”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მესამე პარტია, რომელიც ნიშნავს ქვეყანაში ცვლილებებს, არის „გირჩი“, ყველა დანარჩენი პარტია კი პროქოცური ან პრონაცურია.

„ამ ქვეყანაში არსებობენ „ნაცებიც“ და „ქოცებიც“. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს არის დღევანდელი რეალობა. „ნაცების“ და „ქოცების“ პირობებში არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში, 11 წელია, ამას ვხედავთ და თუ გვინდა, რამე შეიცვალოს, მესამე პარტია, რომელიც ნიშნავს ცვლილებებს ამ ქვეყანაში, არის „გირჩი“, თორემ ყველა დანარჩენი პარტია თავისი შინაარსით ან პროქოცურია, ან პრონაცური. პროქოცებში და პრონაცებში ცვლილებების რესურსი არ არსებობს. გადავლახავთ თუ არა ბარიერს, ამაზე პასუხია, გაიღვიძებს ქართველი ხალხი თუ გააგრძელებს ძილს იმავე ძილით, რა ძილითაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით.

ჩვენმა ამომრჩეველმა, შეიძლება, საერთოდ ვერ გაიღვიძოს და კიდევ უარეს დღეში ვიყოთ, ეს პარლამენტი იყოს „გირჩის“ გარეშე, მარტო „ქოცებით“ და „ნაცებით“. მაგრამ მე ასე ვუყურებ ჩემს საქმიანობას – ვაკეთებ ყველაფერს, რათა წარმატებას მივაღწიოთ, თავისუფლების იდეამ ზოგადად, ერთადერთი, რაც მინდა, არ დავაკლო არაფერი ამას, ჩემს ბრძოლას არაფერი დააკლდეს, თორემ თუ ადამიანებს კიდევ უფრო დიდი ნარკოზი აქვთ გაკეთებული ხელისუფლების მიერ, ვიდრე მე წარმომიდგენია და ვერ გამოიღვიძებენ, მომავალში, შემდეგ თაობისთვის მექნება სათქმელი, რომ ვცადე. ეს არის ჩემი მიზანი. მე ვცადე მაქსიმალურად ეფექტურად, ხალხი გამოიღვიძებს თუ არა, მგონი, ეს ხალხის დამოკიდებულებაც იქნება. თუ წავაგებთ, მე დავემშვიდობები ამ პროფესიას და ხალხი გააგრძელებს ძილს, არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, მთელი ცხოვრება მექნება სათქმელი – იდიოტები იყავით, რომ არ ამირჩიეთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.