Home Blog Page 1749

აშშ-მა რუსეთში 120-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა სანქციები 120-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა, რაც მიზნად ისახავს რუსეთისთვის სხვადასხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობებზე წვდომის შეზღუდვას, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ახალი ზომები ასევე მიზნად ისახავს, შეამციროს რუსეთის შემოსავლები ლითონებისა და სამთო სექტორიდან, შეარყიოს მისი მომავალი ენერგეტიკული შესაძლებლობები და შეამციროს რუსეთის წვდომა საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე“, – ნათქვამია ხაზინის განცხადებაში.

„დღევანდელი ქმედებები არის ჩვენი მცდელობების კიდევ ერთ ნაბიჯი, შევზღუდოთ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, მისი ხელმისაწვდომობა ბრძოლის ველზე მომარაგებაზე და მისი ეკონომიკა“, – განაცხადა ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეეომ.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დახმარებისთვის სანქციები დაუწესეს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეს, იონგ ჰიოკ რიმის, რომელიც დაკავშირებული იყო ევგენი პრიგოჟინთან, კერძო სამხედრო ორგანიზაციის, „ვაგნერის“ ლიდერთან.

სანქციები შეეხო ასევე ორ კერძო რუსულ სამხედრო კომპანიას, მათ შორის „ოხრანას“, რომელიც კრემლის მიერ კონტროლირებად კომპანია „გაზპრომს“  ეკუთნის.

რუსეთის საელჩოს სანქციებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 ივლისს ქუთაისში +32 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს

ფოთში დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწივიმებს. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

იწვიმებს ბორჯომში. დღისით +31, ღამის ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +19 ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. თელავში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანში დღისით +35 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +32 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +35 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მთელ დღეს საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებაში გაატარებთ, თანაც უნებურად – ბევრი საქმე სხვაზე უკეთ გამოგივათ. ვარსკვლავებმა ენერგიითა და ინტელექტით დაგაჯილდოვეს, რაც რთულ ამოცანებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. უმნიშვნელო პრობლემებზე ნუ ნერვიულობთ – თუ ვინმეს თქვენი შურს, ეს მისი პრობლემაა.

კურო

ამ დღეს უცნობ ადამიანშიც კი შეიძლება მონათესავე სული იპოვოთ! ადამიანებს გულწრფელობითა და პირდაპირობით ხიბლავთ. გსურთ, რომ მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების წრე გააფართოოთ და ახალი ადამიანების გაცნობას ცდილობთ. კოლეგასთან ან შემთხვევით თანამგზავრთან საუბარმა შეიძლება დაგაფიქროთ და აზრის შეცვლა გაიძულოთ.

ტყუპები

ნუ აჩქარდებით! ყველაფრის სწრაფად კეთების სურვილი საბოლოოდ, შეცდომებთან მიგიყვანთ. გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი უნდა იფიქროთ ან რჩევა გამოცდილ ადამიანს სთხოვოთ. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვან კითხვებზე არასწორი პასუხის ფასი საკმაოდ მაღალი იქნება.

კირჩხიბი

ვარსკვლავები სიძლიერის გამოვლენას გირჩევენ – ეს სასურველ შედეგს მოგიტანთ. თქვენი სიმტკიცე და პრინციპულობა გარშემო მყოფებს აიძულებს, რომ ანგარიში გაგიწიონ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვონ.

ლომი

ეს დღეს უზღვავ ენერგიას გაჩუქებთ, რაც უზარმაზარი შესაძლებლობების გასაღებია! ამ დღეს თქვენთვის შეუძლებელი არ არსებობს, ამიტომ გირჩევთ, ეს შანსი გამოიყენოთ და საკუთარ ოცნებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ და პრინციპში მართალიც ხართ.

ქალწული

მთელი ძალით ცდილობთ, რომ უცხო ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში შემოჭრის გზა მოუჭრათ. გარშემო მყოფების ცნობისმოყვარეობა, დახმარების თხოვნები თუ პრეტენზიები საქმის მშვიდად კეთებაში ხელს გიშლით. დღის ბოლომდე თქვენს გონებაში იმდენი დაძაბულობა დაგროვდება, რომ პატარა ნაპერწკალს შეიძლება, ძლიერი აფეთქება მოჰყვეს.

სასწორი

ამ დღეს თავში უამრავი შესანიშნავი აზრი და იდეა მოგივათ. საკმარისია გონიერი მსმენელი და ადგილი იპოვოთ, სადაც ლაპარაკში ხელს არავინ შეგიშლით და თქვენი იდეებით გარშემო მყოფებს გააოცებთ.

მორიელი

ზოგჯერ გარშემომყოფები ისე გაღიზიანებენ, დაუსახლებელ კუნძულზე გაქცევა გინდებათ. გეჩვენებათ, რომ უდისციპლინო და არაორგანიზებული ადამიანები მუშაობაში ხელს გიშლიან. მზად ხართ, უამრავი დრო დახარჯოთ მათ დასარწმუნებლად. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ამას ზედმეტ ძალისხმევას ანდომებთ და მართალი იქნება.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება რაღაც ახალს და საინტერესოს შეეჯახოთ, რაც მომავალში თქვენს ბედზე აისახება! შესაძლოა, ეს იყოს ადამიანი, ახალი ცოდნა, შთაბეჭდილება ან გრძნობა. მშვიდად ლოდინს არ აპირებთ! მზად ხართ, რომ შეუსვენებლად იაროთ საკუთარი მიზნისკენ. ცნობისმოყვარეობა თამამი და გაბედული მოქმედებისკენ გიბიძგებთ.

თხის რქა

შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცამ უსიამოვნო სიმართლე სახეში მოგახალოთ, თუმცა ეს არ დაგაბნევთ. საბრძოლოდ განწყობილი ხართ და ცდილობთ, ოპონენტი „მიწათან გაასწოროთ“ ან დაუმეგობრდეთ. გარშემო მყოფებს თქვენი გადაწყვეტილებები პარადოქსულად ეჩვენებათ, სინამდვილეში კი სიტუაციის წინასწარ გათვლა მათზე უკეთ შეგიძლიათ.

მერწყული

მზად ხართ, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ თემაზე ეკამათოთ და საკუთარი პოზიციის სიმართლე დაუმტკიცოთ. ყველა რომ გეთანხმებოდეთ, კამათის მიზეზს მაინც მონახავთ. ეცადეთ, თქვენი ბობოქარი ენერგია კონკრეტული საქმეებისკენ მიმართოთ და შედეგი იმაზე მეტად გაგახარებთ, ვიდრე საეჭვო დებატებში გამარჯვებაა.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერ საქმეს ისე ეკიდებით, თითქოს ამაზე თქვენი სიცოცხლეა დამოკიდებული. ფრთხილად იყავით! ასეთმა დატვირთვამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედოს. ამის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და მეორეხარისხოვანი საქმეები სამომავლოდ გადაიტანოთ.

“ასეთი უშინაარსო პოლიტიკური ქორწინება დიდი ხანია, არ გვინახავს”- რატი იონათამიშვილი

პოლიტიკურ პარტიას კი არა, ისეთ საქმიანობასაც ვერ წარმოვიდგენ, რომელიც შეიძლება, ხაბეიშვილს და ვაშაძეს ჩააბარო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე.

„ორი არასერიოზული, მაგრამ ძალიან ბედნიერი ადამიანის გაერთიანება ვნახეთ. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან გამიჭირდება, ვინაიდან ხაბეიშვილიც და ვაშაძეც ისეთი ადამიანები არიან, რომ პოლიტიკურ პარტიას კი არა, ისეთ საქმიანობასაც ვერ წარმოვიდგენ, რომელიც შეიძლება, მათ ჩააბარო. ასეთი კარიკატურული და უშინაარსო პოლიტიკური ქორწინება დიდი ხანია, არ გვინახავს, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია როგორც ერთი, ისე მეორე პარტიისთვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

” ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის ერთადერთი განსხვავება შეიძლება ის იყოს, რომ ხაბეიშვილი უკეთესად დახტუნავს”- გია ცაგარეიშვილი

რა განასხვავებს ხაბეიშვილს და ვაშაძეს ერთმანეთისგან ან ამ პარტიული ორგანიზაციების განმასხვავებელი ნიშანი რა არის?  შეიძლება ის იყოს, რომ ხაბეიშვილი უკეთესად დახტუნავს, უფრო ინტენსიურად დარბის სარბენ ბილიკზე. არა მგონია, ვაშაძემ ამ ტემპს გაუძლოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე.

ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს პლატფორმაც ისე დაიშალოს, როგორც ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის პლატფორმა.

„მახსოვს რამდენიმე ხნის წინ შეიქმნა პლატფორმა – ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძე. ეს პლატფორმა ისე შეიქმნა და ისე დაიშალა, ტრანსფორმირდა ახალ პლატფორმაში, რომ არც იმ პლატფორმის შემქმნელებმა და არც მიმტოვებელმა ვაშაძემ ვერაფერი გაიგო, ვერც ვერავითარი დასკვნა გამოიტანა. ეს არის რაღაც უძღები შვილის დაბრუნება. ვერავითარ აზრს, შინაარს ვერ ვხედავ ამ დაბრუნებებში, გადაადგილებებში, ხან გაქცევებში, ხან უკან მიბრუნებაში, ხან ჩახუტებაში. თუ ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ საკუთარი პარტიების ტრიბუნით ერთი დარბაზიდან მეორე დარბაზში ხეტიალი შედეგის მომტანია, შეუძლიათ, ეს გააგრძელონ. რაღაც სიძველის სუნი ასდის ამ ყველაფერს და არაფრის მომტანი არ არის. ჩვენ ამ ყავლგასული ადამიანების მოწოდებების, პლატფორმების მნახველები ვართ. იქნებ ვინმემ მითხრას, რა განასხვავებს ამ ადამიანებს ერთმანეთისგან ან ამ პარტიული ორგანიზაციების განმასხვავებელი ნიშანი რა არის?

ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი შეიძლება ის იყოს, რომ ხაბეიშვილი უკეთესად დახტუნავს, უფრო ინტენსიურად დარბის სარბენ ბილიკზე. არა მგონია, ვაშაძემ ამ ტემპს გაუძლოს – სარბენ ბილიკზე სირბილს. ეს თუ განასხვავებს ამ ადამიანებს და სურთ, ეს გააერთიანონ, შეეძლოთ, რომელიმე კარგ სპორტულ დარბაზში მოეწყოთ პრეზენტაცია და იქიდან უფრო მეტყველი იქნებოდა მათი მოწოდებაც, მათი მომავალი საქმიანობაც, როგორც ფიზკულტურაში დამაშვრალი ადამიანებისა.

არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს პლატფორმაც ისე დაიშალოს, რომ ვერც მისმა შემქმნელებმა გაიგონ, რა უნდოდათ ერთად ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ფოიეში. ეს არ არის ის პლატფორმა და პოლიტიკური ხედვა, რომელიც ხელისუფლებას მოახლოებულ არჩევნებში რაიმე სახის კონკურენციას გაუწევს. საქართველოს ხელისუფლებას დღეს ნამდვილად სჭირდება ქმედითი, საქმიან კრიტიკაზე ორიენტირებული ოპოზიცია, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არ ჰყავს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

“ვაშაძე დედულეთს დაუბრუნდა და, სავარაუდოდ, სიაში ჩასვამენ”- გურამ მაჭარაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ რჩება „ნაცმოძრაობად“ თავისი ანასხლეტებით. გინდ გაერთიანდნენ და გინდა ცალ-ცალკე იყვნენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მაჭარაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“  გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე.

„„სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც პარლამენტში შემოვიდა ოთხი წევრით, დარჩა ორი წევრით, 2024 წლამდე, შესაძლოა, ერთი წევრით დარჩეს. „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვიდა 36 წევრით, ახლა ოცნი არიან. პრაქტიკულად, განახევრდნენ და 2024 წლის არჩევნებამდე რაოდენობამ შეიძლება, უფრო დაიკლოს. ანუ, ნელ-ნელა მილევად რეჟიმში არიან. ალბათ თვითონაც ნახეს კვლევები, რომ სანდოობის ხარისხი დაბლა იწევს და თქვეს, მაინც ერთიანი ვართ, მაინც ერთი მიზანი, საერთო ჯიში გვაქვს და მოდი, რაღაცნაირად გავერთიანდეთო. ეს არის მათი ძირითადი ე.წ. სტრატეგია, თორემ ვაშაძის სტრატეგიას აღმაშენებლობის რომ არაფერი ჰქონდა, ეს საზოგადოებამ დაინახა. იმიტომაც არის, რომ ის დაუბრუნდა თავის დედულეთს თუ მამულეთს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და, სავარაუდოდ, სიაში ჩასვამენ. ეს არის მთელი პოლიტიკური ძვრები, რაც შეიძლება, მოხდეს. ქართულ პოლიტიკაში ახლა მეტი არაფერი შეიცვლება, „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება „ნაცმოძრაობად“ თავისი ანასხლეტებით, გინდ გაერთიანდნენ და გინდა ცალ-ცალკე იყვნენ. ცალ-ცალკე ყოფნა არ აწყობთ, რადგან ბარიერი მაღალია და ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ აქვთ. „ნაცმოძრაობაც“ კი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ნელ-ნელა მილევად რეჟიმში არიან. მათ სურთ, შიდა პატარა შეთანხმება წარმოაჩინონ ისე, თითქოს გლობალური ძვრები მოხდება ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ასე არ იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, როგორი შანსები აქვს 2024 წლის არჩევნებში ახალ პლატფორმას, მაჭარაშვილმა აღნიშნა:

„ვაშაძე ისე აქტიურად თუ იმუშავებს, როგორც აქამდე – მაგალითად, უცხოეთში სადარბაზოებში აიღებს ინტერვიუებს, ევროკავშირში აპარატის თანამშრომლის მესამე მოადგილეს შეხვდება, რა თქმა უნდა, ასეთი დონით მას და მის პარტიას წარმატება ექნება, მაგრამ თუ დაიზარა, ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ. მათ სერიოზულად არავინ უყურებს. მათ არავინ შეეკითხება, რა პლატფორმით გამოვლენ და როგორ მოიქცევიან არჩევნების წინ. პატრონები როგორც ეტყვიან, ისე დალაგდებიან. რა თქმა უნდა, ამბიცია აქვს ვაშაძეს, ამბიცია აქვთ გახარიას, ხაზარაძეს – მათ არ სურთ, რომ ხაბეიშვილი ჰყავდეთ ლიდერად. ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს, მეტი არაფერი პროცესი არაა. მათ შორის განსხვავება არაფერია. ყველამ კარგად ვნახეთ „კოკა-კოლას“ ფონზე როგორ იყვნენ ხელიხელგადახვეულები ერთი ხის ნაყოფის რტოები. ამიტომ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ახალ პლატფორმას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, პირიქით, შეიძლება კარგიც იყოს“, -განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“რუსეთი შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმას არ გეგმავს”- აშშ-ში რუსეთის ელჩი

რუსეთი შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმას არ გეგმავს, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

ანტონოვის თქმით, მიუხედავად აშშ-ის მტკიცებისა, რუსეთი არ ემზადება შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმისთვის.

„ჩვენ მივიჩნევთ აშშ-ს განცხადებებს, როგორც მცდელობას ნებისმიერი საშუალებით შენიღბოს საკუთარი დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სტამბოლის ურთიერთდაკავშირებული შეთანხმებების განხორციელების დე ფაქტო დივერსიას“, – განაცხადა ანტონოვმა.

შეგახსენებთ, მანამდე რუსეთში განაცხადეს, რომ ყველა გემს, რომელიც უკრაინის პორტებში მიდის, რუსეთი სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდად მიიჩნევს, რაზეც აშშ-ში განაცხადეს, რომ რუსეთს შეუძლია, გააფართოოს თავდასხმები უკრაინის მარცვლეულის ობიექტებზე, რაც შეიძლება შეიცავდეს თავდასხმებს შავ ზღვაში მცურავ სამოქალაქო გემებზე.

“იქეთ არის რუსეთთან შეკრული მოღალატეთა დაჯგუფება ივანიშვილის თაოსნობით”-გიორგი ვაშაძე

ეს არ იქნება მხოლოდ პარტიათა გაერთიანება, ეს არის ზეპარტიული პლატფორმა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ერთ მხარეს „მოღალატეთა დაჯგუფებაა“ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ხოლო მეორე მხარეს, „გამარჯვების პლატფორმაში“ გულანთებული, სამშობლოზე შეყვარებული პატრიოტები ერთიანდებიან.

„გამარჯვების პლატფორმა არ იქნება მხოლოდ პარტიათა გაერთიანება. უფრო მეტიც, ეს არის ზეპარტიული პლატფორმა, რომლის მიზანიც არის ყველა პატრიოტი, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის მოძრაობაში.

სწორედ ამიტომ, ვინც მხარს უჭერთ ერთიანი, ძლიერი და რეგიონის ლიდერი საქართველოს იდეას და არ აპირებთ შეეგუოთ საქართველოს რუსულ ჭაობში ჩატოვებას, ვისაც გწამთ, რომ საქართველოს გაერთიანებისა და დეოკუპაციის გასაღები ევროკავშირსა და ნატოშია. გავერთიანდეთ საქართველოს გამარჯვების ამ ახალ პლატფორმაში.

იქეთ არის რუსეთთან შეკრული მოღალატეთა დაჯგუფება ივანიშვილის თაოსნობით, რომელთაც სამშობლოს – პირადი კეთილდღეობა და ფუფუნება ამჯობინეს, აქეთ კი, გამარჯვების პლატფორმაზე ვიკრიბებით გულანთებული, სამშობლოზე შეყვარებული პატრიოტები, ვისაც გვწამს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და რეგიონის ლიდერი ქვეყანა, რომელიც სულ მალე გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი. ეს კი გარანტირებულ მშვიდობას და კეთილდღეობას ნიშნავს.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ძალა და სამშობლოს სიყვარული. ღმერთი ჩვენკენ. საქართველო გაიმარჯვებს!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის პარლამენტში

ევროპის პარლამენტის წევრის, ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და ჯგუფ „ეკრ“ („ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი“ – ევროპის პარლამენტში არსებული მემარჯვენე ცენტრისტული მიმართულების გაერთიანება) წევრის, პოლონელი პოლიტიკოსისა და მეცნიერის, ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის, პროფესორ კაროლ კარსკის მიწვევით, 2023 წ. 17-19 ივლისს ბრიუსელში იმყოფებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის პირველ დღეს დელეგაცია ბელგიაში ქართულ სამრევლოსა და მის წინამძღვარს, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე დოსითეოს (ბოგვერაძე) ეწვია და მისგან კურთხევა ითხოვა. მღვდელმთავარი მიესალმა და დალოცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და დელეგაციის წევრები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეპარქიაში ქართული დიასპორის ყოფა-ცხოვრებას, ემიგრირებულ თანატომელთა პრობლემებს. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე.

დამშვიდობებისას, მეუფემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მიმართა:

„ბატონო ზურაბ, უსაზღვროდ დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ. ძალიან გაგვახარეთ. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. უნიკალურად მოფიქრალი პიროვნება ბრძანდებით. აკადემიური წრის წარმომადგენლები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვისაც ვიცნობ, ცხადია, გაურბიან გარკვეულ თემებს, თუნდაც კონსტრუქციულს. გამაოცა თქვენი დამოუკიდებლობისა და ღიაობის ხარისხმა. შეიძლება ითქვას, აღმოგაჩინეთ. გამეხარდა, რომ უმეტესად სტუდენტებით იყავით წარმოდგენილი და არა აკადემიური პერსონალით. არ ვიცი, მე სიხარულისგან მგონი გადავაჭარბე გულწრფელობაში. ველი მომავალ შეხვედრას. სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ“.

2023 წლის 18 ივლისს კი ევროპარლამენტის ალტიერო სპინელის (ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, 1970-1976 წლებში კი – ევროკომისარი) სახელობის დარბაზში გაიმართა პანელური დისკუსია და წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია.

შეხვედრაზე, რომლის მთავარი მომხსენებელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ, იმსჯელეს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესებსა და რეგიონულ თანამშრომლობაზე.

„ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უშუალო მოწვევითა და მათი სრული დაფინანსებით განხორციელდა, – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, – რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებთ. ევროპარლამენტის დეპუტატთა ნაწილი, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც კონფლიქტის ზონიდან მსოფლიოში პირველი ადგილნაცვალი უმაღლესი სასწავლებლისა და აქ ინიცირებული ინოვაციური სამშვიდობო ხედვის – „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ შესახებ, დაგვიკავშირდნენ და ბრიუსელში ჩამოსვლა გვთხოვეს, რათა იქვე, ევროპარლამენტის დარბაზში გვესაუბრა სამხრეთ კავკასიაზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, კონფლიქტების დარეგულირების ჩვენეულ ხედვასა და განათლების სისტემაზე“.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა ევროპის პარლამენტის ისტორიაში, როცა ევროპარლამენტმა მიიწვია უმაღლესი სასწავლებლის რექტორი პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისათვის. ბუნებრივია, პროფესორ ზურაბ ხონელიძისადმი ინტერესს ზრდიდა და ზრდის მრავალკომპონენტიანი ფაქტორი: ის არის დიპლომატი, რომელსაც მონაწილეობა მიუღია არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში, ამასთანავე, ზ. ხონელიძე არის მეცნიერ-მკვლევარი და უმაღლესი სასწავლებლის მენეჯერი. ამდენად, მის ხელთ არსებული ცოდნა, ინფორმაცია, იძლევა შესაძლებლობას მთელი რიგი საკითხების შესახებ კომპლექსური ხედვის ჩამოყალიბებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა.

„ინტერესი ძალიან დიდი იყო. მათ ყველაფერი აინტერესებდათ, რაც უკავშირდება საქართველოს, სამხრეთ კავკასიას, კონფლიქტებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას. მე აღვნიშნე, რომ „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმა ქართული იდეაა, რომელიც ხელს უწყობს ახალი სამშვიდობო სივრცის შექმნას, ახალ სამეზობლო პოლიტიკას, სამხრეთკავკასიურ რეგიონულ უსაფრთხოებას, რომელიც საერთაშორისო მშვიდობის ნაწილი და ფაქტორი გახდება“, – ამბობს ზ. ხონელიძე.

რა არის „საუნივერსიტეტო დიპლომატია“? დაინტერესდნენ ევროპელი პოლიტიკოსები. ამ კითხვაზე მათ ვრცელი პასუხი მიიღეს ინოვაციური იდეის ავტორისაგან. ამასთან ერთად, ხაზი გაესვა „საუნივერსიტეტო დიპლომატიისადმი“ გამოხატულ სამეცნიერო-პრაქტიკულ ინტერესს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში.

„ვუთხარი, რომ ამ იდეის საფუძველზე ჩვენ შევქმენით სამენოვანი სამაგისტრო პროგრამა და დავაფუძნეთ სამშვიდობო განათლების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი, ჩვენი დელეგაციის წევრი, ბატონი ლევან გერაძე აუდიტორიას წარვუდგინე“, – გვიპასუხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

რა თქმა უნდა, ევროპარლამენტის დეპუტატებს აინტერესებდათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოსაზრებები საქართველო-NATO-ს ურთიერთობების შესახებ.

„დიახ, NATO ჩვენი პრიორიტეტია, ვუპასუხე პატივცემულ დეპუტატებს ამ აქტუალურ კითხვაზე. ხაზი გავუსვი, რომ ჩვენი სამშობლო, არა წევრ სახელმწიფოებს შორის, პროცენტულად ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ამ სამხედრო-პოლიტიკური ინსტიტუციის სამშვიდობო მისიებში. თუმცა, საკუთრივ NATO-ში კარგად იციან, რა დადებითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს საქართველოს გაწევრიანებას ამ ორგანიზაციაში და რამ შეიძლება დააზარალოს საქართველო. პირველ რიგში, ეს იქნება დაპირისპირება რუსეთთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებული აქვს. ამიტომ, საკუთრივ ბრიუსელი ცდილობს საქართველოს აარიდოს გართულებები და ამასთანავე ყველაფერს აკეთებს ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობის გაზრდისა და აქ დემოკრატიული პროცესების განმტკიცებისათვის, – აღნიშნავს რექტორი ზ. ხონელიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან საუბარში. – ამასთანავე, ისიც ვუთხარი, რომ NATO-ს წესდების V მუხლი ეს მაინცდამაინც ევროპულ-ამერიკული მიგნება არაა. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებდა ცნობილი ქართველი მეფე დავით აღმაშენებელი ამ 900 წლის წინ. ერთიანობა იცავდა იმდროინდელ კავკასიას გარეშე მტრებისგან. რახან NATO გაწევრიანების გზაზე დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას აყენებს უპირველეს ყოვლისა, თამარის ეპოქა და ყუთლუ-არსლანის დასის მიერ ინიცირებული „კარვის“ შესახებაც ვისაუბრე, მით უფრო, რომ ევროპარლამენტში გახლდით. სწორედ ის „კარავი“ იყო საპარლამენტო ცხოვრების წინა სახე, რომელზეც ევროპაში საუბარი გაცილებით გვიან, XIII საუკუნის მიწურულს დაიწყეს. რა თქმა უნდა, ევროპა, კონკრეტულად კი ძველი საბერძნეთია დემოკრატიის მშობელი, მაგრამ არც ჩვენთვისაა უცხო ტოლერანტიზმი, პლურალიზმი, საჯაროობა. შესაბამისი მაგალითებიც მოვიხმე საქართველოს ძველი ისტორიიდან, რაც, დამერწმუნეთ, მათთვის უცნობი იყო. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენს მეგობრებთან სათქმელის სწორად მიტანას. ვსაუბრობთ ევროპელებთან საქართველოზე, მაგრამ მთავარ აქცენტებს ვკარგავთ მეორეხარისხოვან მოვლენებზე ყურადღების გადატანით. არადა, კოლხურ-იბერიული სამყარო, შეიძლება ითქვას, ძველ საბერძნეთთან ერთად, თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის აკვანია. ის ღირებულებები, რომელსაც „ევროპულს“ ვუწოდებთ, ასევე ქართულიცაა. უნდა გითხრათ, რომ ძალიან ყურადღებით ისმენდნენ“.

რა ხდება სამხრეთ კავკასიაში, როგორ უნდა იქცეს ერთ-ერთი რთული რეგიონი მტკიცე მშვიდობის სივრცედ, რა როლი აქვს აქ საქართველოს? ეს კითხვა დაესვა „მშვიდობის ქართული პარადიგმის“ ავტორს.

„რთული კითხვაა, თუმცა პასუხგაუცემელი ნამდვილად არ არის. კავკასიაში ვისაუბრე საქართველოს ისტორიულ როლზე, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა იყო რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი. თუმცა, ამჟამად, მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური საშინაო და საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, ასე არ არის, მაგრამ საქართველოს აქვს შესაძლებლობა თავისი როლი დაიბრუნოს. ჩვენს ქვეყანას გააჩნია ყველა ის ობიექტური პირობა, რომელიც საამისოდ საჭიროა, თუმცა ეს უნდა მოხდეს ევროპასთან, დასავლეთთან, რეგიონით დაინტერესებულ საერთაშორისო მოთამაშეებთან ერთად, ურთიერთ ინტერესების გაზიარებითა და აღიარებით. საქართველო პროდასავლური ორიენტაციის სახელმწიფოა, მაგრამ, ამასთან ერთად, ის აღმოსავლეთის ბუნებრივი ნაწილიცაა, რომელსაც ზურგს ვერ აქცევს, ვერ ჩამოიშორებს. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მენტალობა, კულტურა, სწორედ დასავლეთ-აღმოსავლეთითაა ნასაზრდოები და განვითარებული. ამიტომ, ვართ ევროპისკენ ორიენტირებული, ასევე, აღმოსავლეთის ინტერესებსაც ვითვალისწინებთ. სამივე კონფლიქტი, რომელიც რეგიონში გვაქვს, სწორედ ასე გადაწყდება. ერთობლივად, ყველა მონაწილისა და რეგიონით დაინტერესებულ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან ერთად, საუნივერსიტეტო დიპლომატიის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, იქმნება სამხრეთკავკასიური საუნივერსიტეტო ასოციაცია, რომელშიც ჩაერთვებიან, უმაღლესი სასწავლებლების გარდა, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური ინსტიტუციები. ცენტრი კი ქ. თბილისი იქნება. საქართველო აფხაზეთის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ის მაინც იარსებებს. აი, აფხაზეთი კი საქართველოს გარეშე განწირულია. სწორედ ამას იაზრებს აფხაზი ახალგაზრდობა და ცდილობს საკუთარი ხალხის მომავლის გადარჩენას. ევროპელ დეპუტატებს წარვუდგინე აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა და აღვნიშნე, რომ ის თბილისში ცხოვრობს. მისთვის აფხაზეთის მომავალი დღეს მხოლოდ დედა-საქართველოს უკავშირდება და ჩემი თხოვნით, ჩვენმა უმცროსმა აფხაზმა მეგობარმა ჩვენს ევროპელ მეგობრებს აფხაზურ ენაზე მიმართა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან ევროპარლამენტში აფხაზურმა ენამ პირველად გაიჟღერა“, – აღნიშნა ზ. ხონელიძემ.

შეკრებილებს უნივერსიტეტის სახელით მიმართა სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან გერაძემ.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები: ფრაქციის თავმჯდომარე იოანნა კოჩინსკა, კავკასიის ჯგუფის წევრი კოსტავას ზვოტოვსკი, რუსეთთან ურთიერთობის ჯგუფის წევრი რიჩარდ ჩარნეცკი, უხუცესი პარლამენტარი ჰენდრიკ პროვარი, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ბრიუსელში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირმა დიხამინჯია, სსუ აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი ნანა გულუა, ვარშავის ბოლესლავ პრუსის სახელობის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი, ბატონი გიორგი ჯეჯეია.

შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ევროპარლამენტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობა. ამა წლის სექტემბერში სსუ უმასპინძლებს ევროპელ დეპუტატთა დელეგაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორი ზურაბ ხონელიძე არის პირველი რექტორი არა მარტო საქართველოდან, არამედ – ზოგადად მსოფლიოდან, რომლის მიმართ ევროპარლამენტმა ასეთი პატივი გამოხატა და მიიწვია ბრიუსელში საერთაშორისო ურთიერთობებში ინოვაციური მიდგომის, მშვიდობის ქართული პარადიგმის – „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ პრეზენტაციისათვის.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური მიწვევა და ვიზიტი ევროპარლამენტში ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის 90-წლიან ისტორიაში. ევროპარლამენტარებმა სრულად გაიზიარეს და აღიარეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობა.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლის, დავით ზაქარაიას ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლი, დავით აბელის ძე ზაქარაია, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცერემონიას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„დავით აბელის ძე ზაქარაია დაიბადა 1968 წლის 7 იანვარს სოხუმში; ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონში; აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში; დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს, სოხუმზე შტურმის დროს; დაკრძალული იყო აჩადარაში, საკუთარი სახლის ეზოში.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის, 4 მებრძოლის_ გივი ჭელიძის, დავით ზაქარაიას, გურამ ხუნწელიას, შახი სიჭინავას და 9 სამოქალაქო პირის_შოთა მურუსიძის, მოსე მარგველანის, ანზორ თოდუას, გენადი თოდუას, ვახტანგ ჩიჩუას, აბელ პატარაიას, დავით შარვაძის, ჯემალ იოსავას და გულნარა აბულაძის ნეშტები გადმოასვენეს. იდენტიფიცირებულთა ნეშტები, დავით ზაქარაიას გარდა, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციებზე, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.

2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 243 ოჯახებს გადაეცათ. დღეისათვის, 2049 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ კვეზერელმა ნიქოზში ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე და გორის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი სოფელ ნიქოზში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, 1990-იან წლებში, ცხინვალის რეგიონში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მემორიალზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლები, ზვიად საბაშვილი და თენგიზ დევიძე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.

 

„1990-იანი წლებში, სამაჩაბლოში, საომარი მოქმედებების დროს და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის დღედ, 20 ივლისი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, წელს დაწესდა და ამიერიდან, ამ თარიღს, ყოველ წელს აღნიშნავენ.

 

ინფორმაციისთვის, სოფელ ნიქოზში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენელთა ინიციატივით და მთავრობის მხარდაჭერით, 2019 წელს გაიხსნა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-მ და გენერალურმა პროკურატურამ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნეს და  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერები და წევრები გამოავლინეს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი  სქემა, რომლის მიხედვითაც  ორგანიზებული ჯგუფის წევრები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულად ყველა სახეობის ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ლოკაციებზე განთავსების გზით რეალიზაციას ახორციელებდნენ. ასევე, გაშიფრულია ნარკოტიკების რეალიზაციიდან შემოსული  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და თანხის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის გზები.

პოლიციის მიერ სხვადასხვა დროსა და ადგილზე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი  ხელმძღვანელი, ჯგუფის ორი წევრი და ე.წ. 16 „დამდები“, რომელთა შორის როგორც საქართველოს,  ასევე ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან.

დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირები ახდენდნენ  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების – „ჰეროინის“, “კოკაინის“, „ბუპრენორფინის“, „მეთადონის“, „მეტამფეტამინის“, „ამფეტამინის“ და „მდმას“ საქართველოში შემოტანას. ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით  ნარკოტიკულ საშუალებებს აფასოებდნენ  და ე.წ. დადების მეთოდით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ასევე  ახდენდნენ რეალიზაციას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხების გათეთრებას.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე,  ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები –  კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რისი საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

ასევე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, რამაც პროკურატურას შესაძლებლობა მისცა ორგანიზებული ჯგუფის მიერ შექმნილი სრული დანაშაულებრივი ინფრასტრუქტურა გამოევლინა. იდენტიფიცირებულია ყველა ის საბანკო ანგარიში, სადაც როგორც ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხები ირიცხებოდა და მათი წარმომავლობის შესანიღბად  ტრანზაქციები ხორციელდებოდა.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2023 წლებში, აღნიშნული ფორმით განხორციელებული ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სპეციალურად გახსნილ ქართულ საბანკო ანგარიშებზე, ძირითადად სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით, ათასობით ტრანზაქციად ნარკოტიკული საშუალების შემძენებმა ჯამში 15 233 071 ლარი, 2 577 004 აშშ დოლარი და 10 210 ევრო ჩარიცხეს. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია კი რამდენიმე ხერხით განხორციელდა, კერძოდ:

თანხის ნაწილი გარკვეული პერიოდულობით „პირადი გადარიცხვის“ დანიშნულებით ირიცხებოდა ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უშუალოდ გამავრცელებელ პირებთან დაკავშირებულ საბანკო და ონლაინტოტალიზატორის ანგარიშებზე. თურქეთის 3 და საქართველოს 13 მოქალაქის – ე.წ. „დამდების“ ანგარიშებზე ჯამში 1 251 125 ლარი და 329 750 აშშ დოლარი გადაირიცხა; დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული თანხის დიდი ნაწილი, გარკვეული პერიოდულობით, წარმოშობის წყაროსა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირდებოდა, დროის უმცირეს ინტერვალში ირიცხებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებულ სხვა ანგარიშებზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ – ორგანიზებულ ჯგუფთან დაკავშირებულ, მათ შორის, ხელმძღვანელ პირთა თურქულ საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე. ზემოაღწერილი სქემით, საზღვარგარეთ გადარიცხულია ჯამში – 2 039 542 აშშ დოლარი და 531 986 ფუნტი სტერლინგი; თანხის ნაწილი ასევე კონვერტირდებოდა უცხოურ ვალუტაში, რომლის ბანკომატით განაღდება ხორციელდებოდა ან გატანა ანგარიშიდან როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2021-2023 წლებში, აღნიშნული თანხის ოდენობამ ჯამში – 740 502 ლარი, 560 173 აშშ დოლარი და 162 124 ევრო შეადგინა. საქართველოში თანხის განაღდებას და შეგროვებას ზემოაღნიშნული დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე უზრუნველყოფდა.  ბრალდებულები თანხის ნაწილს, სწრაფი ფულადი გზავნილების მეშვეობით, ასევე საზღვარგარეთ აგზავნიდნენ;

აღნიშნული ქმედებების პარალელურად, ორგანიზებულმა ჯგუფმა დაიწყო საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა. გარკვეული პერიოდულობით ხორციელდებოდა ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების კონვერტირება უცხოურ ვალუტაში და გადარიცხვა/გადახდა იმ იურიდიულ პირთა ანგარიშებზე, რომლებიც კვიპროსში უძრავი ქონებებით და ავტომანქანებით ვაჭრობენ. ხსენებული ფორმით და დანიშნულებით, ჯამში 5 126 491 თურქული ლირა, 67 257 ფუნტი სტერლინგი და 14 289 აშშ დოლარი გადაირიცხა.

გარდა ამისა, ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში დააფუძნა რამდენიმე იურიდიული პირი და განაღდებული თანხის ნაწილი თავსდებოდა ერთ-ერთი შპს-ს ანგარიშზე როგორც ,,დამფუძნებლის შენატანი“ და უძრავი ქონების შესაძენად წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით სამშენებლო კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა. ქ.ბათუმში მდებარე სამი მშენებარე საცხოვრებელი ბინის შესაძენად ჯამში 110 314 ლარი გადაირიცხა. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დანაშაულებრივი თანხებით, პირადი სარგებლობისთვის საქართველოში 2 ავტომანქანა შეიძინეს.
საზღვარგარეთ მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელ და საქართველოში დაკავებულ პირებს უკვე წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) და სსკ-ის 194-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ სასამართლოს ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.
გამოძიების მიერ განხორციელდება შესაბამისი პროცედურები საზღვარგარეთ მყოფი ბრალდებულების ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის და მართლმსაჯულების წინაშე მათი წარდგენის მიზნით. ამავდროულად, სასამართლოს შესაბამისი განჩინებით, ყადაღა დაედო საქართველოში ორგანიზებული ჯგუფის საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს, ასევე უძრავ-მოძრავ ქონებას“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.