” ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის ერთადერთი განსხვავება შეიძლება ის იყოს, რომ ხაბეიშვილი უკეთესად დახტუნავს”- გია ცაგარეიშვილი

995
spot_img

რა განასხვავებს ხაბეიშვილს და ვაშაძეს ერთმანეთისგან ან ამ პარტიული ორგანიზაციების განმასხვავებელი ნიშანი რა არის?  შეიძლება ის იყოს, რომ ხაბეიშვილი უკეთესად დახტუნავს, უფრო ინტენსიურად დარბის სარბენ ბილიკზე. არა მგონია, ვაშაძემ ამ ტემპს გაუძლოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე.

ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს პლატფორმაც ისე დაიშალოს, როგორც ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის პლატფორმა.

„მახსოვს რამდენიმე ხნის წინ შეიქმნა პლატფორმა – ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძე. ეს პლატფორმა ისე შეიქმნა და ისე დაიშალა, ტრანსფორმირდა ახალ პლატფორმაში, რომ არც იმ პლატფორმის შემქმნელებმა და არც მიმტოვებელმა ვაშაძემ ვერაფერი გაიგო, ვერც ვერავითარი დასკვნა გამოიტანა. ეს არის რაღაც უძღები შვილის დაბრუნება. ვერავითარ აზრს, შინაარს ვერ ვხედავ ამ დაბრუნებებში, გადაადგილებებში, ხან გაქცევებში, ხან უკან მიბრუნებაში, ხან ჩახუტებაში. თუ ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ საკუთარი პარტიების ტრიბუნით ერთი დარბაზიდან მეორე დარბაზში ხეტიალი შედეგის მომტანია, შეუძლიათ, ეს გააგრძელონ. რაღაც სიძველის სუნი ასდის ამ ყველაფერს და არაფრის მომტანი არ არის. ჩვენ ამ ყავლგასული ადამიანების მოწოდებების, პლატფორმების მნახველები ვართ. იქნებ ვინმემ მითხრას, რა განასხვავებს ამ ადამიანებს ერთმანეთისგან ან ამ პარტიული ორგანიზაციების განმასხვავებელი ნიშანი რა არის?

ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი შეიძლება ის იყოს, რომ ხაბეიშვილი უკეთესად დახტუნავს, უფრო ინტენსიურად დარბის სარბენ ბილიკზე. არა მგონია, ვაშაძემ ამ ტემპს გაუძლოს – სარბენ ბილიკზე სირბილს. ეს თუ განასხვავებს ამ ადამიანებს და სურთ, ეს გააერთიანონ, შეეძლოთ, რომელიმე კარგ სპორტულ დარბაზში მოეწყოთ პრეზენტაცია და იქიდან უფრო მეტყველი იქნებოდა მათი მოწოდებაც, მათი მომავალი საქმიანობაც, როგორც ფიზკულტურაში დამაშვრალი ადამიანებისა.

არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს პლატფორმაც ისე დაიშალოს, რომ ვერც მისმა შემქმნელებმა გაიგონ, რა უნდოდათ ერთად ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ფოიეში. ეს არ არის ის პლატფორმა და პოლიტიკური ხედვა, რომელიც ხელისუფლებას მოახლოებულ არჩევნებში რაიმე სახის კონკურენციას გაუწევს. საქართველოს ხელისუფლებას დღეს ნამდვილად სჭირდება ქმედითი, საქმიან კრიტიკაზე ორიენტირებული ოპოზიცია, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არ ჰყავს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.