Home Blog Page 1749

„ტვ პირველი“-ს შემოთავაზებული ახალი ფეიკნიუსის სიუჟეტი „ბოლივუდის“ ყველაზე უფრო ფანტასტიკური ჟანრის ფილმს მოგვაგონებს” – ისკო დასენი

საზოგადოებას მოეხსენება, რომ 2016 წელს მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნების“ სიით ვიყარე კენჭი არჩევნებში და საქართველოს პარლამენტის წევრი გავხდი. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებზე ზეწოლა, ცილისმწამებლური კამპანიები, ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების მიერ ე.წ. ,,ფეიკსიუჟეტების“ მომზადება, ჩემს ოჯახში შემოჭრები, და ა.შ, – ამის შესახებ ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ისკო დასენის განცხადებაში.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ამ მიმართულებით რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ტელევიზიებიდან განსაკუთრებული ცინიზმით და შეურაცხყოფით გამოირჩევა ტელეკომპანია ,,ტვ პირველი“.

„წლების განმავლობაში ამ ტელევიზიის წარმომადგენლები ჩემს სახელს უკავშირებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებთანაც, უმეტეს შემთხვევაში, ნაცნობობაც კი არ მაკავშირებს, რომ არაფერი ვთქვა იმ გამოგონილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებშიც თითქოს და მე ვმონაწილეობ.
ტელეკომპანიას სხვადასხვა დროს არაერთი მცდელობა ჰქონდა, სამართალდამცავ ორგანოებში ჩემი მრავალწლიანი საქმიანობის პერიოდზე რაიმე კომპრომატი მოეპოვებინა და ამით მოეხდინა ჩემი დისკრედიტაცია, რაც უშედეგო აღმოჩნდა. ასევე, შედეგი არ გამოიღო ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის მიერ ნაწარმოები დეკლარაციების გადამოწმებამ და მათთვის სასურველი დარღვევების ძიებამ. საზოგადოებამ არც ის დაიჯერა, თითქოს და მე და ჩემი ოჯახის წევრები ე.წ. ,,ქოლცენტრების“ დანაშაულებრივ სქემაში ვიყავით ჩართულნი და, მსუბუქად რომ ვთქვათ, ვაიჟურნალისტებს ამ შემთხვევაშიც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

ამჯერად, საზოგადოებამ იხილა ტელეკომპანია ,,ტვ პირველი“-ს შემოთავაზებული ახალი ფეიკნიუსი, რომლის სიუჟეტი კინოკომპანია ,,ბოლივუდი“-ს ყველაზე უფრო ფანტასტიკური ჟანრის ფილმს მოგვაგონებს და მხოლოდ ღიმილს იწვევს. სხვა მხრივ კი, თუ საკითხს სერიოზულად შევხედავთ, აშკარაა, რომ ყოველ ჯერზე ტელეკომპანია ,,ტვ პირველი“ ცდილობს ნებისმიერი ჭორი თუ გამოგონილი აბსურდი პირადად მე დამიკავშიროს და უკიდურესად უარყოფითი კუთხით წარმომაჩინოს, რაც ჩემი დისკრედიტაციის გზით მმართველი პარტიისათვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებების სრულ უუნარობას და ის ვერასდროს იქნება შედეგიანი“, – აცხადებს ისკო დასენი.

“ახლანდელი ანტიკორუფციული ბიურო ყოველთვის პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს” – თინა ბოკუჩავა

ახლანდელი ანტიკორუფციული ბიურო ყოველთვის პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს, თავად “ოცნების” მაღალჩინოსნების კორუფციას ვერ და არ შეისწავლის, – ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” ლიდერების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ელიტური კორუფციის სერიოზული პრობლემაა, რაც შეუთავსებელია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან და სიღარიბის შემცირებასთან.

“ახლანდელი ანტიკორუფციული ბიურო ვერანაირად შეებრძოლება კორუფციას, რადგან მას არ გააჩნია ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, ის შეასრულებს ყოველთვის პოლიტიკურ დავალებას, ამ ინსტიტუციური მოწყობით, რომელსაც ახლა “ოცნება” გვთავაზობს. ბუნებრივია, თავად “ოცნების” მაღალჩინოსნების კორუფციას ვერ და არ შეისწავლის. აღქმაც კორუფციის მიმართულებით არის ის, რომ ელიტური კორუფცია ქვეყანაში პრაქტიკულად, ყოველწლიურად იზრდება. ქვეყანაში ელიტური კორუფციის სერიოზული პრობლემაა, რაც შეუთავსებელია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან და სიღარიბის შემცირებასთან. ვერ მცირდება სიღარიბე, ვერ იზრდება ეკონომიკა ქვეყანაში, სადაც რუსი ოლიგარქი ქვეყანას მართავს სწორედ კორუფციული სქემებით, კორუფციული გარიგებებით და კორუმპირებული ბიუროკრატებით, როგორიც არის მისი ერთ-ერთი პოლიტიკური თოჯინა ირაკლი ღარიბაშვილი. ეს არის ის რეალობა, რომელიც აუცილებლად უნდა შევცვალოთ და აუცილებლად შეიცვლება კიდეც არჩევნების შემდეგ და მას შემდეგ ჩვენ აუცილებლად გვეყოლება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონკრეტულ ხედვას, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ცნობით, ბიურო, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება.

“მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე” -სალომე ზურაბიშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

“სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია.

მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე”, – წერს ზურაბიშვილი.

ოკუპირებულ სოხუმში ცენტრალური საგამოფენო დარბაზი დაიწვა, სადაც აფხაზეთის ეროვნული გალერეის ფონდი ინახებოდა.

განადგურებულია გალერეაში დაცული ყველა ნამუშევარი. საუბარია 4 000-მდე ეგზემპლარზე.

“სახელმწიფო მიიღებს დედაქალაქში მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკას” – ჯანდაცვის სამინისტრო

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა.

„რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად, გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.

ცვლილებების შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფო დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, სავალდებულო იქნება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისათვის.

პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობისთვის, ხელმისაწვდომი იქნება მრავალპროფილური კლინიკის სერვისები, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა მთავარი სამედიცინო მიმართულება, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

ხაზგასასმელია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა, სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა. ნაწილისთვის კი შესაბამისი ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რომელიც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული.

ახალი მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე, ჯანდაცვის სამინისტრო, უზრუნველყოფს შესაბამისი ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადება- გადამზადებას, სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში.

ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, დაიწყება არსებული შენობის დემონტაჟი. აღნიშნული გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს განმარტებით, კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 2018 წელს, ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის დასკვნაში, კორპუსის შემინული გარე ფასადი შეფასებულია, როგორც მწვავე ავარიული. „ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება, შეფასებულ იქნას, როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღსანიშნავია, რომ 2023 აგვისტოში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის დაგეგმარების საერთაშორისო ექსპერტმა, მოამზადა ანგარიში – „თანამედროვე საავადმყოფოს საჭიროებები“. ანგარიშის მიზანია, საავადმყოფოს მთავარი განყოფილებებისა და ფუნქციების ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილ კრიტერიუმებს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ვერ აკმაყოფილებს.

„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, 2023 წლის სექტემბერში, გამოსცა დასკვნა, კლინიკის მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების რენტაბელურობის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ შენობის რეკონსტრუქცია და თანამედროვე საავადმყოფოს ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, შენობის კონსტრუქციული სქემიდან გამომდინარე, არარენტაბელურია, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – შეუძლებელი.

2023 წელს, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დაცვის მიმართულებით, კლინიკაში არსებული ვითარება შეამოწმა. შედეგად, გამოვლინდა ნორმებთან შეუსაბამობის 62 შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობასა და კლინიკაში არსებულ მდგომარეობას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სწავლობს. ორგანიზაცია, ასევე, ახდენს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რომელიც მოიცავს ფინანსური, გარემოსდაცვითი, საბაზრო, სერვისების მოთხოვნა-მიწოდების, სტანდარტებთან შესაბამისობის და სხვა მიმართულებების შესწავლას.

ექსპერტულ დასკვნებში, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, გამოწვევად რჩება კლინიკის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე – კლინიკური და ფინანსური გამოწვევები. მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებულია, 2025 წლისთვის მინიჭებული ჰქონდეს საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

გამოწვევად რჩება კლინიკის თანამშრომელთა უსაფრთხოებაც. ძლიერი ქარის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. ჩაიმსხვრა მინები და საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. შენობაში, პაციენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება შრომის ინსპექციის სამსახურმა და რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმში აღნიშნულია, რომ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში არსებული და დაზიანებული ფასადიდან მუდმივად ხდება სამშენებლო ელემენტების ცვენა როგორც კლინიკის შიდა ეზოში, ისე – გარე პერიმეტრზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დასაქმებულების, პაციენტებისა და ვიზიტორების დაშავება. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, მოეწყობა ახალი სამედიცინო დაწესებულება. პროექტის დასრულების შემდგომ, სახელმწიფო მიიღებს დედაქალაქში მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელიც იქნება კლინიკური სერვისების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგიონული ჰაბი და სამედიცინო ტურიზმისთვის მიზიდულობის ცენტრი“-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შევქმენით, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი, განურჩევლად პარტიული კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობისა, რაშია აქ სენსაცია”

ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შევქმენით, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი, განურჩრლევლად პარტიული კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობისა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილს კითხვით მიმართეს: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ. როგორ შეაფასებთ ამას“.

გია ცაგარეიშვილის თქმით, საკითხით ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა.

„ბედოვლათმა ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა და ამ მიზნით შემოაგდეს თემა, თითქოს ანტიკორიფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლების სკანდალურ შემოწმებას ახორციელებს. აღნიშნული შემოწმების შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა, ყველამ კარგად იცოდა და რატომღაც დღეისთვის შემოინახეს. ანტიკორიფციული ბიურო ამოწმებს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ინფორმაცია რომ შემოგდებული და ბრიყვულად გავრცელებულია, აქედანაც კარგად ჩანს. ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შევქმენით, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი განურჩრლევლად პარტიული კუთვნილებისა და ქონებრივი მდგომარეობისა. მოწმდება გიორგი ცაგარეიშვილიც, კახა ოქრიაშვილიც და კობა ნაყოფიაც. მერე რა, რომ ამოწმებენ? ჩვენ მიერ შექმნილი ბიურო გვამოწმებს ჩვენ და რამდენიმე ოპოზიციონერს – ამიხსენით, რაშია აქ სენსაცია. შავი პიარი და ფულით ნაყიდი ბინძური ლობიზმის შედეგია აგორებული კამპანია იმის თაობაზე, თითქოს უმრავლესობასა და ხელისუფლებლებაში ისეთი კორუმპირებული არიან, რომ მათ ანტიკორიფციული ბიურო ამოწმებს“, – განუცხადა გია ცაგარეისვილმა ჟურნალისტებს.

მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს ინფორმაცია გაავრცელა მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებზე. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 იანვრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6588 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6588 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6576 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8946 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8941 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.

“თუ სააკაშვილს უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, აუცილებლად შევუსახლებთ” – რატი ბრეგაძე

თუ მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, აუცილებლად შევუსახლებთ, ოღონდ გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს 3 ათასი ვიზიტორი ჰყავდა არასრულ 2 წელიწად ნახევარში.

„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნაში ასევე საუბარი იყო იმის შესახებ, თითქოს ის არის მარტო და ფაქტობრივად, სამარტოო საკანს უთანაბრდება ეს გარემოებაო. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რას ნიშნავს მარტო ყოფნა. მისი სურვილია, რომ საკანშიც მარტო იყოს და პალატაშიც. მოსახლეობამ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეს. მას დღეის მდგომარეობით, 3 ათასი ვიზიტორი ჰყავდა არასრულ 2 წელიწად ნახევარში. მაშინ, იქნებ ვინმემ ახსნას, რას ნიშნავს ადამიანის მარტო ყოფნა, როცა ყოველდღე სტუმრობენ ოჯახის წევრები, საათებს ატარებენ მასთან ერთად. თუ უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, აუცილებლად შევუსახლებთ, ოღონდ გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ. ვინმე სხვა პატიმარს ვიპოვით, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ, როგორც პალატაში, ასევე შემდგომში, საკანშიც. თუ ამის სურვილი იქნება, მაგრამ რამდენად ჩემთვის ცნობილია, მისი სურვილია მარტო ყოფნა. ვფიქრობ, ამით ყველაფერს პასუხი გაეცა.

საუბარი იყო, მათ შორის სეირნობასთან დაკავშირებით. იმასაც გეტყვით, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს არც ერთხელ უსარგებლია სეირნობის უფლებით, ამის სურვილი არ გამოუხატავს. პირიქით, ყოველ შეთავაზებაზე უარს ამბობდა“,-განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ასევე კლინიკა „ვივამედის“ და პენიტენციური სამსახურის მიერ შეთავაზებულ საკვებზე უარს აცხადებს.

„მოსახლეობას ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ის უარს აცხადებს იმ საკვებზე, რომელსაც მას საავადმყოფო და სპეციალური პენიტენციური სამსახური სთავაზობს. მისთვის ყოველდღე საკვების მიაქვთ მის მიერ არჩეულ პირებს, კერძოდ, ოჯახის წევრებს“,- განაცხადა ბრეგაძემ.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ არის განთავსებული მიხეილ სააკაშვილის ოთახში ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებები.

„ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებების ოფიციალური გამოყენება, რომლის შესახებაც ინფორმირებული არის მსჯავრდადებული, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და აქ არ არსებობს არცერთი პრობლემა. ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი და კანონის ყველა ნორმასთან შესაბამისობაში მყოფი ღონისძიება. ეს ღონისძიება მსჯავრდებულის უსაფრთხოებას ემსახურება“,-განაცხადა ბრეგაძემ.

“ქართუს“ წინააღმდეგ წარმოებული ბინძური კამპანია, რომელსაც რადიკალი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები მიმართავენ, იმ კამპანიის ნაწილია, სადაც ქველმოქმედების გაშავება უნდა მოხდეს”

„ფონდი „ქართუ” ერთადერთია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან მხოლოდ ქველმოქმედებას ემსახურება და ჰყავს მხოლოდ ერთი შემომწირველი – ბიძინა ივანიშვილი,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე წერს.

მისი თქმით, კონკრეტული პირები ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია საქველმოქმედო ფონდისთვის ბრალდებების წაყენებით შებღალონ, ვინაიდან მათ კარგად იციან, რომ ივანიშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც საკუთარი რესურსები უანგაროდ დაუთმო ქვეყანას.

„ფონდი „ქართუ“ ერთადერთია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან მხოლოდ ქველმოქმედებას ემსახურება და ჰყავს მხოლოდ ერთი შემომწირველი – ბიძინა ივანიშვილი. „ქართუს“ წინააღმდეგ წარმოებული ბინძური კამპანია, რომელსაც რადიკალი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები მიმართავენ, იმ კამპანიის ნაწილია, სადაც უანგარო სამსახურის, ქველმოქმედების, ფილანთროპიისა და უბრალოდ კეთილი ნამოქმედარის გაშავება უნდა მოხდეს. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც საკუთარი ფინანსები მოახმარა საქართველოს, საკუთარი რესურსები უანგაროდ დაუთმო ქვეყანას და შესაბამისად, ქართულ საზოგადოებაში ყველაზე დიდი ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობს. ის პოლიტიკანები და მათი მედიასაშუალებები, რომლებიც ცდილობენ “ქართუს” გაშავებით, ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ, 2012 წლამდე საქართველოს ბიუჯეტზე მსხდომი პარაზიტები იყვნენ, რესურსების დაკარგვის შემდეგ უცხო ქვეყნების ბენეფიციარებად გადაეწყვნენ და ახლა, ყველაფერს იკადრებენ რასაც პატრონი დაუკვეთავთ თუნდაც, ცეცხლში გახვევენ საქართველოს… იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილია ერთადერთი ადამიანი ვისი ხელშეწყობითაც, ქართველმა ხალხმა წელში გადაამტვრია კოლექტიური ნაცმოძრაობა და ახლა, გაჩნდა უნიკალური შანსი, რომ წელში გადამტვრეული კოლექტივი, თავისი ფაშისტური იდეოლოგიიანად სამუდამოდ დასამარდეს! ტანით გრძნობენ გარდაუვალ ტრაგედიას ჩვენი პოლიტიკანები და კუთხეში მიმწყვდეული ვირთხებივით ბოლო გაბრძოლების ეტაპზე არიან!“ – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკზე.

“ვინმეს სჯერა, რომ პრემიერის მიერ დანიშნული კადრი პრემიერის კორუფციაში შესაძლო ჩართულობას ობიექტურად შეისწავლის?!”

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“, ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს გენერალური პროკურორი პარლამენტში დაიბარა. ამის პასუხად, ქურდებით გატენილმა „ოცნებამ“ ანტიკორუფციულ სამსახურს 300 მაღალჩინოსნის, მათ შორის პრემიერის შემოსავლების შესწავლა დაავალა.

ეს ყველაფერი დემოკრატიულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, რომელიც სისტემური კორუფციით, როგორც ონკოლოგიით დაავადებული არ არის, ძალიან კარგი იქნებოდა. მაგრამ საქართველოში ვინ ნიშნავს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელს?! პრემიერ-მინისტრი! და ვინმეს სჯერა, რომ პრემიერის მიერ დანიშნული კადრი პრემიერის კორუფციაში შესაძლო ჩართულობას ობიექტურად შეისწავლის?! მით უმეტეს, როგორც ოფიციალური წყაროებიდან ვიცით, მას დღესაც მამამისი ინახავს. ცოტა ანეკდოტური სიტუაციაა, რომ 41 წლის პრემიერს დღემდე მამა ინახავს. ის, ვინც თავს ვერ ინახავს, ქვეყანას რამეს შემატებს?!

დავუბრუნდეთ ანტიკორუფციული სამსახურის უფროსის დანიშვნის წესს. ევროკავშირის მიერ მოცემულ ცხრაპუნქტიან დათქმაში, ცალკე პუნქტად არის შეტანილი, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერი არ უნდა ნიშნავდეს! ის უნდა ინიშნებოდეს საზოგადოების, მათ შორის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური სპექტრის ფართო ჩართულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“.

შეგახსენებთ, იქ, სადაც კორუფციაა, არ არსებობს ეკონომიკის განვითარება და კეთილდღეობა ყველა ადამიანისთვის. ასე რომ, ეს უბრალო საკითხი არ არის.

როგორც კი შევცვლით ხელისუფლებას, მექნება წინადადება, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არასამთავრობო სექტორმა წარადგინოს და პარლამენტმა არა უბრალო უმრავლესობით, არამედ ისეთი მაღალი კვორუმით დაამტკიცოს, რაც ყველა შემთხვევაში ოპოზიციის ჩართულობას მოითხოვს.

არ გვექნება მომავალში კორუფცია? – გვექნება შანსი, განვავითაროთ ეკონომიკა და უფრო მეტ ოჯახს გაუჩნდეს მაღალი, ღირსეული შემოსავალი“, – აცხადებს ოქრიაშვილი.

„მსოფლიო ბანკის „საწარმოთა გამოკითხვის” შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს” – ვახტანგ ცინცაძე

მსოფლიო ბანკის „საწარმოთა გამოკითხვის” 2023 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბიზნესგარემო თითქმის ყველა ასპექტში უმჯობესია როგორც მსოფლიოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებთან, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, „საწარმოთა გამოკვლევა” ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს ბიზნეს გარემოს  ფართო სპექტრს: კორუფციის დონის, რეგულაციებისა და გადასახადების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებს.
„მაგალითად, რეგულაციებზე დახარჯული დროის თვალსაზრისით საქართველოს მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, მაშინ, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაჩვნებელი დაახლოებით 9%-ია. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიებს დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები დრო სჭირდებათ რეგულაციებთან შესაბამისობისთვის, ვიდრე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ასევე აღსანიშნავია მაჩვენებლები კორუფციის მიმართულებით – მათ შორის მოქრთამვის შემთხვევები, კორუფციის სიღრმე თუ საჯარო მომსახურების გაწევისას კომპანიების  მოლოდინი ქრთამის გადახდასთან დაკავშირებით საქართველოში, ან ნულია ან ნულთან ახლოსაა, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოვებით 6%-ია,”- აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
აღსანიშნია, რომ მსოფლიო ბანკის წინა კვლევასთან შედარებით 17.3%-დან 9 პროცენტამდე შემცირდა კომპანიების წილი, რომლებიც გადასახადების განაკვეთს მიიჩნევდა მნიშვნელოვან შემზღუდავ ფაქტორად.  ამასთან, იმ კომპანიების წილი, რომელიც გადასახადების ადმინისტრირებას შემზღუდავ ფაქტორად მიიჩნევს, განახევრებულია და მხოლოდ 3.9%-ს შეადგენს. ასევე კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით საქართველოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით – ამ კომპონენტის უმრავლეს ინდიკატორებში საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად უკეთესია ევროპისა და ცენტრალური აზიის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.
„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს, ჩვენი მთავრობის მიზანია მისი კიდევ უფრო გაუმჯობესება და დახვეწა. ეს საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ქვეყანაში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და  მოსახლეობის შემოსავლების ზრდას”, – აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე.

მიწის ამნისტიის გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ დაახლოებით მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიწის ამნისტიის გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ დაახლოებით მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რატი ბრეგაძის განმარტებით, ამნისტია ეხება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც არის აშენებული რეგიონებში და რომლებსაც აკლია სამშენებლო დოკუმენტაცია, მათ აღარ დაემუქრებათ დემონტაჟის საფრთხე.

„მოგეხსენებათ, რომ კანონი უკვე მიღებულია და შესაბამისად, ძალაში შესულიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიების დადგენის სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტულად რომელ ტერიტორიებზე იქნება შესაძლებელი ამნისტიის ჩატარება. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამნისტია ეხება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც არის აშენებული რეგიონებში და რომლებსაც აკლია სამშენებლო დოკუმენტაცია, მათ აღარ დაემუქრებათ დემონტაჟის საფრთხე. პირველი აპრილისთვის უკვე სრულად იქნება განსაზღვრული ტერიტორიები და შესაბამისად, მოქალაქეებს ავტომატურად ჩაეთვლებათ ეს სახლები საკუთრებაში და შესაბამისად, მათ არ ექნებათ არავითარი პრობლემა. იმ ტერიტორიებზე კი, რომლებიც განისაზღვრება მთავრობის მიერ, სადაც მსგავსი ტიპის ამნისტია არ ჩატარდება, ბუნებრივია იქ მოქალაქეებს ეს არ შეეხებათ, თუმცა შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური გამონაკლისების დადგენა იმისთვის, რომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში მაინც შესაძლებელი იყოს ამნისტიის უფლებით სარგებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი სრულად აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. თბილისს არ ეხება ეს, იმიტომ, რომ თბილისში ადრე უკვე ჩატარებული იყო მსგავსი ტიპის ამნისტია და შესაბამისად, გავრცელდება ძირითადად რეგიონებზე და ეს სასიკეთო ცვლილება შეეხება ჩვენს, დაახლოებით, მილიონზე მეტ მოქალაქეს“,- განაცხადა ბრეგაძემ.

“შეძლებს თუ არა ევროპა რუსეთთან შეჯიბრს იარაღის წარმოებაში?”- The Spectator

ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) დაბეჭდილია სტატია სათაურით „შეძლებს თუ არა ევროპა რუსეთთან შეჯიბრს იარაღის წარმოებაში?“ (ავტორი – საშა ლენსკი, რუსეთის მოქალაქე. ცენზურის გამო წერს ფსევდონიმით).
მასალაში განხილულია ნატოს ევროპელი წევრების სამხედრო მრეწველობის პრობლემები, რუსეთთან შედარებით.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თუ ევროპელებს [ვინმე] თავს დაგესხმებათ, ჩვენ არ დაგეხმარებით“ – ასე განუცხადა დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნების მეთაურებს, როცა იგი ამერიკის პრეზიდენტი იყო. ამჟამინდელ სიტუაციაში, როცა გეოგრაფიულად (გნებავთ გეოპოლიტიკურადაც) ევროპაში ისეთი მასშტაბის ომი მიმდინარეობს, რომელიც 1945 წლიდან აღარ მომხდარა, კონტინენტმა უნდა გადახედოს თავის დამოკიდებულებას აშშ-ის თეთრი სახლის – თავის მოკავშირისა და მფარველის მიმართ ბოლო 70-ზე მეტი წლის განმავლობაში.

ამჯერად სრულიად შესაძლებელია, რომ ევროპას მოუწევს უფრო მეტად საკუთარი რეზერვებისა და გამძლეობის იმედად იყოს, მაგრამ ჩნდება ბუნებრივი კითხვა: ეყოფა თუ არა კონტინენტს ერთიც და მეორეც? როგორც ამას წინათ აღნიშნა ნატოს გენმდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანემ, პრობლემა არა მარტო ფულშია, არამედ სამხედრო-სამრეწველო პოტენციალშიც: ცივი ომის დასრულების მომენტიდან ევროპის ქვეყნები (ნატოს წევრები) მშვიდობიანი პერიოდის დივიდენდებზე ისხდნენ და იმედოვნებდნენ, რომ მათ უზრუნველ ცხოვრებას არაფერი არ დაემუქრებოდა.

რუსეთში არსებული სიტუაცია კი ევროპულისაგან სრულიად განსხვავებულია: მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ უკრაინასთან ომი ისეთი არ იქნება, როგორიც მას ჰქონდა წარმოდგენილი, კრემლმა მოძებნა გზა დასავლური სანქციების გვერდის ასავლელად, რათა იარაღის საწარმოებლად მაღალტექნოლოგიური კომპონენტების იმპორტი განეხორციელებინა. დღეისათვის რუსეთმა ბევრი მიმწოდებელი იპოვა, რომლებიც, სხვათა შორის, მოხარულები არიან მოსკოვთან მომგებიანი ურთიერთობით.

როცა 2022 წლის შემოდგომისათვის აშკარა გახდა, რომ უკრაინასთან ომი გაჭიანურდებოდა, რუსეთის სამხედრო წარმოებამ სწრაფი ტემპით ზრდა დაიწყო. ისეთი სამხედრო კომპანიები, როგორებიცაა „ურალმაშზავოდი“ (რომლებიც მძიმე საბრძოლო ტექნიკის წარმოებაში არიან დასპეციალებულნი), სადღეღამისო რეჟიმით მუშაობაზე გადავიდა. ის კომპანიები კი, რომლებიც უარს იტყვიან რუსეთის არმიასთან დაკავშირებული კონტრაქტების დადებაზე, მათ ხელმძღვანელებს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

2024 წელს დაგეგმილია თავდაცვის ხარჯების რეკორდული მატება – რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6%-მდე. როგორც მირჩა ჯოანემ აღნიშნა, რუსეთის სამხედრო წარმოება „სრულიად პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს“ – ტანკების, ქვემეხებისა და ჭურვების დაბალტექნოლოგიური და იმავდროულად სრულყოფილი წარმოებისათვის, ხოლო რაკეტებისა და დრონების დასამზადებლად მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებს (მაგალითად, „ჩიპებს“ // ინტეგრალურ სქემებს) რუსეთი ნაწილობრივ თვითონაც აწარმოებს, უმეტესად კი მესამე ქვეყნების მეშვეობით იღებს. ამასთან, რაკეტებს და დრონებს კრემლი ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგანაც ყიდულობს.

ამჟამად რუსეთის სამხედრო მრეწველობაში აშკარად შეიმჩნევა ოპტიმიზმი: მთავარი სახელმწიფო-სამრეწველო კორპორაციის „როსტექ“-ის ხელმძღვანელმა სერგეი ჩერნეზონმა გასაოცარი ციფრები გააჟღერა ორი თვის წინათ, ტელეინტერვიუს დროს – მისი თქმით, 2023 წელს, ტანკების წარმოება 7-ჯერ, მძიმე საარტილერიო სისტემების – ორჯერ და მეტად, ხოლო მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღისა – 60-ჯერ გაიზარდა, რაც ლიტონი სიტყვები ნამდვილად არ არის. სამხედრო მრეწველობის ზრდის ტემპები რუსეთის არმიის ინტენსიურ საომარ მოქმედებებითაც დასტურდება.

ევროპა კი ამ მხრივ რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი. ევროპა დიდი ხნის მშვიდობიანი პერიოდის განმავლობაში იარაღის ნელი წარმოებისადმი იყო მიჩვეული, თანაც მცირე რაოდენობით, ახლა კი იძულებულია ტემპები რადიკალურად შეცვალოს. მართალია, სამხედრო არსენალის მოდერნიზება-მატებისათვის ფული უკვე გამოყოფილია (დაახლოებით 230 მილიარდი ევრო), მაგრამ სამხედრო მრეწველობის ისეთი სწრაფი ზრდა, როგორც რუსეთშია, ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

რასაკვირველია, ზოგიერთი ქვეყანა უფრო უკეთეს მდგომარეობაშია, ზოგიც უარესში. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პოლონეთი, თავისი ისტორიისა და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შედარებით კარგად ემზადება – ვარშავამ უკვე გააფორმა 10 მილიარდი ევროს კონტრაქტები ამერიკულ კომპანია „ლოქხიდ მარტინთან“ – HIMARS-ის სისტემის 500 სარაკეტო დანადგარის მიწოდებისათვის (კონტრაქტის დასრულების შემდეგ პოლონეთს უფრო მეტი HIMARS-ები ექნება, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს).

რას აკეთებს გერმანია, რომლის ბუნდესვერს ევროპის უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება? ერთ-ერთი გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, „მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრების წლებში“ სამხედრო სფეროს განმტკიცების მიმართ გამოჩენილი გულგრილობის გამო „არმია შიშველი დარჩა“. ცხადია, თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომის შემხედვარე, ბერლინიც გააქტიურდა, მაგრამ საკმაოდ ნელი ტემპით:
კომპანია Rheinmetall-ის განცხადებით, 155-მილიმეტრიანი ქვემეხების ჭურვების დამზადების 33%-იანი ზრდა მხოლოდ 2024 წლის ბოლოსათვის იქნება შესაძლებელი (თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი სხვა უფრო რთული მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოშვების მატებაზე არაფერს ამბობს). სხვათა შორის, გერმანიას, მრავალჯერადი განცხადების მიუხედავად, თავისი თავდაცვის სფერო მშპ-ის 2%-თ ჯერაც არ აქვს უზრუნველყოფილი.

შვედეთი, რომელიც ჯერ-ჯერობით ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლამდე „ერთი ნაბიჯიღა აკლია“, სამხედრო სფეროს ხარჯები თითქმის 30%-ით გაზარდა, მაგრამ თავისი მაღალტექნოლოგიური სამხედრო მრეწველობისა და ჯარში სამსახურის გაგრძელების მიუხედავად, მშპ-ის 2%-ის გამოყოფას თავდაცვის სფეროსათვის მხოლოდ 2026 წლისათვის აპირებს.

ობიექტურად თუ ვიტყვით, ევროპისათვის ისტორიულად ხანგრძლივი მშვიდობით განპირობებული „საღათას ძილიდან“ გამოსვლის შემდეგ ასეთი „გააქტიურებაც“ კი საკვირველია, მაგრამ ევროპულ სამხედრო მრეწველობის წინაშე ორი მნიშვნელოვანი პრობლემა დგას: პირველი – საკუთარი თავდაცვის სისტემების სწრაფი წარმოება-მოდერნიზება და მეორე – უკრაინისადმი ადეკვატური დახმარების გაწევა. ეს მომენტი შეშფოთებას იწვევს: გასულ ზაფხულს უკრაინას აშკარა უპირატესობა ჰქონდა ჭურვებით მომარაგებაში (დღეში 7500 გასროლა, რუსეთის 5000 გასროლასთან შედარებით), ამჟამად კი ჭურვების გასროლის რაოდენობა დღეში მხოლოდ 2000 აღწევს, რუსეთმა კი ადრინდელი რაოდენობა (5 ათასი) შეინარჩუნა და 2024 წლის შუახანებისთვის მის გაორმაგებას აპირებს.

თუ მხედველობაში მივიღებთ ვლადიმერ პუტინის მუქარანარევ განცხადებებს, ევროპამ სიტუაცია „ხელში უნდა აიყვანოს“. ევროპამ უარი უნდა თქვას იარაღის წარმოებაში საბაზრო-ორიენტირებულ მიდგომაზე და სამხედრო მრეწველობის უპირატესი ნაწილი სახელმწიფოს კონტროლქვეშ უნდა მოაქციოს. ყურადღება უნდა დაეთმოს არამარტო საბრძოლო მასალების წარმოებას, არამედ საბრძოლო იარაღის წარმოებასაც, თანაც იარაღი ხარისხიანი უნდა იყოს – მოდერნიზებულ-გარემონტებულიც და ახლადწარმოებულიც: ჭურვი გინდაც უამრავი გქონდეს, თუ ქვემეხს ლულა არ უვარგა, მათ მაინც ვერ გაისვრი.

როგორც 2023 წელმა აჩვენა, უკრაინისთვის საკუთარი ტერიტორიის დაბრუნება ჰაერში ბატონობის გარეშე შეუძლებელია. კიევს „ფალკონის“ (F-16) ტიპის ავიაგამანადგურებლები ათობით კი არა, ასობით დაჭირდება, ასევე სხვა ტიპის თვითმფრინავებიც.
მოკლედ, თუ დასავლეთი ძველებურად მხარს უჭერს უკრაინის 1991 წლის დროინდელი საზღვრების აღდგენას, მაშინ უკრაინას გაძლიერებული ტემპით და მეტი რაოდენობით უნდა მიაწოდოს იარაღი. თუ არ უჭერს მხარს, მაშინ ამის ალტერნატივა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება წარმოადგენს, რასაც შედეგად, სამწუხაროდ, ქვეყნის გაყოფა მოჰყვება – აგრესორს შეუძლია რამდენიმე წლის შემდეგ იგივე გაიმეოროს.

რა თქმა უნდა, ევროკავშირის საშუალო სტატიკურ ამომრჩეველს არ სურს ცუდი ამბების გაგება მოსალოდნელ ომზე და სამხედრო ხარჯების გაზრდაზე, მაგრამ ეს გარდაუვალია და აუცილებლად მოხდება. „ილაპარაკეთ მშვიდად, მაგრამ კომბალი მზად უნდა გქონდეთ“, – უთქვამს 1901 წელს აშშ-ის პრეზიდენტს თეოდორ რუზველტს, როცა მას კითხვა დაუსვეს კარიბის ზღვის რეგიონში და, საერთოდ, მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის თაობაზე.

ევროპა დღემდე, მართალია, უკრაინის ომით გამოწვეული გარკვეული შეშფოთების ფონზე, მაგრამ რუსეთს მაინც მშვიდად ელაპარაკებოდა, ახლა კი დადგა დრო თეოდორ რუზველტის ნათქვამის მეორე ნაწილის მიხედვით ვიმოქმედოთ.

წყარო: