“ახლანდელი ანტიკორუფციული ბიურო ყოველთვის პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს” – თინა ბოკუჩავა

17
spot_img

ახლანდელი ანტიკორუფციული ბიურო ყოველთვის პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს, თავად “ოცნების” მაღალჩინოსნების კორუფციას ვერ და არ შეისწავლის, – ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” ლიდერების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ელიტური კორუფციის სერიოზული პრობლემაა, რაც შეუთავსებელია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან და სიღარიბის შემცირებასთან.

“ახლანდელი ანტიკორუფციული ბიურო ვერანაირად შეებრძოლება კორუფციას, რადგან მას არ გააჩნია ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, ის შეასრულებს ყოველთვის პოლიტიკურ დავალებას, ამ ინსტიტუციური მოწყობით, რომელსაც ახლა “ოცნება” გვთავაზობს. ბუნებრივია, თავად “ოცნების” მაღალჩინოსნების კორუფციას ვერ და არ შეისწავლის. აღქმაც კორუფციის მიმართულებით არის ის, რომ ელიტური კორუფცია ქვეყანაში პრაქტიკულად, ყოველწლიურად იზრდება. ქვეყანაში ელიტური კორუფციის სერიოზული პრობლემაა, რაც შეუთავსებელია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან და სიღარიბის შემცირებასთან. ვერ მცირდება სიღარიბე, ვერ იზრდება ეკონომიკა ქვეყანაში, სადაც რუსი ოლიგარქი ქვეყანას მართავს სწორედ კორუფციული სქემებით, კორუფციული გარიგებებით და კორუმპირებული ბიუროკრატებით, როგორიც არის მისი ერთ-ერთი პოლიტიკური თოჯინა ირაკლი ღარიბაშვილი. ეს არის ის რეალობა, რომელიც აუცილებლად უნდა შევცვალოთ და აუცილებლად შეიცვლება კიდეც არჩევნების შემდეგ და მას შემდეგ ჩვენ აუცილებლად გვეყოლება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონკრეტულ ხედვას, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ცნობით, ბიურო, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება.