მიწის ამნისტიის გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ დაახლოებით მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება

45
spot_img

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიწის ამნისტიის გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ დაახლოებით მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რატი ბრეგაძის განმარტებით, ამნისტია ეხება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც არის აშენებული რეგიონებში და რომლებსაც აკლია სამშენებლო დოკუმენტაცია, მათ აღარ დაემუქრებათ დემონტაჟის საფრთხე.

„მოგეხსენებათ, რომ კანონი უკვე მიღებულია და შესაბამისად, ძალაში შესულიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიების დადგენის სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტულად რომელ ტერიტორიებზე იქნება შესაძლებელი ამნისტიის ჩატარება. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამნისტია ეხება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც არის აშენებული რეგიონებში და რომლებსაც აკლია სამშენებლო დოკუმენტაცია, მათ აღარ დაემუქრებათ დემონტაჟის საფრთხე. პირველი აპრილისთვის უკვე სრულად იქნება განსაზღვრული ტერიტორიები და შესაბამისად, მოქალაქეებს ავტომატურად ჩაეთვლებათ ეს სახლები საკუთრებაში და შესაბამისად, მათ არ ექნებათ არავითარი პრობლემა. იმ ტერიტორიებზე კი, რომლებიც განისაზღვრება მთავრობის მიერ, სადაც მსგავსი ტიპის ამნისტია არ ჩატარდება, ბუნებრივია იქ მოქალაქეებს ეს არ შეეხებათ, თუმცა შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური გამონაკლისების დადგენა იმისთვის, რომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში მაინც შესაძლებელი იყოს ამნისტიის უფლებით სარგებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი სრულად აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. თბილისს არ ეხება ეს, იმიტომ, რომ თბილისში ადრე უკვე ჩატარებული იყო მსგავსი ტიპის ამნისტია და შესაბამისად, გავრცელდება ძირითადად რეგიონებზე და ეს სასიკეთო ცვლილება შეეხება ჩვენს, დაახლოებით, მილიონზე მეტ მოქალაქეს“,- განაცხადა ბრეგაძემ.