Home Blog Page 1743

“თუ შოვის სტიქიის დროს ვერტმფრენების გამოყენება საჭირო არ იყო, მაშინ რატომ ვყიდულობთ სამაშველო ვერტმფრენებს?!” – სერგო ჩიხლაძე

თუ შოვის სტიქიის დროს ვერტმფრენების გამოყენება საჭირო არ იყო, მაშინ რატომ ვყიდულობთ საერთოდ სამაშველო ვერტმფრენებს?! – ხელისუფლების მხრიდან კეთდება არა მხოლოდ არაკომპეტენტური, არამედ ადამიანობისგან შორს მდგომი განცხადებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

ამ კონტექსტში ჩიხლაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და როგორც აღნიშნა, საგამოძიებო კომისიას გამჭვირვალობის მეტი ატრიბუტი აქვს, გააჩნია მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” პოზიციის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით პარლამენტში საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება.

“არა თუ კითხვებზე პასუხების გაცემა, ლეგიტიმური კითხვების დასმაც კი აღიზიანებთ, რადგან მხოლოდ კითხვებიც კი აშიშვლებს მათ ბრალეულობას, რომ სათანადოდ მომზადებული არ იყვნენ, ადამიანებს დროული, ეფექტური დახმარება არ აღმოუჩინეს. გამოჩნდა, რომ სისტემის ყველა რგოლი ჩამოშლილია და ერთმანეთთან კოორდინაციაში არ იმყოფება.

ნებისმიერი გაიდლაინის მიხედვით, კრიტიკულია პირველი 5-8 საათი. როდესაც ღამის ხედვის საშუალებას პირველ ღამეს არ იყენებ, მეორე და მესამე ღამეს მის გამოყენებას რა ლოგიკა აქვს?! – თუ პირველ ღამეს მისი გამოყენების საჭიროება არ არის, მომდევნო ღამეს ადამიანების აღმოჩენის მეტი შანსია?! ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ გვქონდა ვერტმფრენები და არ გამოვიყენეთ, ვიღაც ამბობს, რომ მათ ჩამოყვანას ერთი წელი სჭირდება, ზოგი ამბობს, რომ საერთოდ არ გვყავს და საჭირო არც ყოფილა – ეს არის არა მხოლოდ არაკომპეტენტური, არამედ ადამიანობისგან შორს მდგომი განცხადებები”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

“სტიქიის ზონაში ყველაფერს ვაკეთებთ, რაც არის ადამიანისა და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში, მუშაობა არ წყდება”

ინტენსიურად გრძელდება და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, მინისტრი ატარებდა, სადაც მივიღეთ მინისტრისგან დავალებები, რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტები, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილ რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები.

„დღეს ნანახია „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით იმყოფებოდა სამი ადამიანი. ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები. ასევე, მინდა, დავამატო, რომ სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია, დარჩენილია დაახლოებით 25%-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ორი დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები ანალიზის საფუძველზე და მოგვიანებით მოგახსენებთ. არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება, იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს, თუნდაც მცირე თეორიული შანსი. აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც არის ადამიანისა და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

“ვერავინ შეცვლის ამ სახლის ფუნქციას და ვერც ვერავინ იგრძნობს შინაურულად თავს!”- ლევან თაქთაქიშვილი

“ვინც შუბლის ძარღვზე დაღონდება, ხომ კარგი, მარა ვინც საქმის აღძვრას მოითხოვს ქურდობაზე? მათი სახელი ლეგიონია! ო, რა საშინელებაა ეს კასტა!”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი წერს.

“ბიჭო, თავად-აზნაურობას ჩამოართვეს საუკუნეების განმავლობაში განპირობებული მამულები, ყველაფერი სახელმწიფოსიაო! შეეგუენ კეთილშობილები, ვინც არა და … სარაჯიშვილის სახლიც ხოშტარიას წაართვეს, დიახ, ჩამოართვეს! მერე იყო და პავლე იაშვილი და ტიციან ტაბიძე მივიდნენ ორჯონიკიძესთან – სარაჯიშვილის ყოფილი სახლი, ხოშტარიას რომ წაართვით, მწერალთა კავშირს მიეცითო. მისცა სერგომ ეს სახლი არა შეხვედრებისათვის, არამედ სათაგურად!

დაამწყვდიეს ყველა მწერალი, დაუნიშნეს უფროსად უღმერთო სილიბისტრო თოდრია და მიხვდა ბატონი პავლე, მიხვდა, მარა გვიან იყო! ხო, და მოიკლა თავი! პრაქტიკაა ასეთი თურმე: კაცი თავს იკლავს იმ ადგილას, რაც ყველაზე მეტად მოსწონს!

არასოდეს არ გამხდარა ეს შენობა არავისი! ასეა სულ!

ასე იქნება მარად!

ვერავინ შეცვლის ამ სახლის ფუნქციას და ვერც ვერავინ იგრძნობს შინაურულად თავს! ან როგორ უნდა იგრძნოს, მანდ რაც ცოდვები დატრიალებულა, იხილეთ ჟურნალი მნათობი 1932-1937 წლები, ბოლოს მწერალთა სახლში ჩატარებული ხსდომების სტენოგრაფიული ანგარიშებით!

ასეა ეს!

ქალბატონ ქეთი დუმბაძეს ვულოცავ ამ სახლის ხელმძღვანელობას! იქნებ მან მოახერხოს და ერთად მოუყაროს თავი ამ განხეთქილებაში მყოფ მწერლობას! მხოლოდ ის თუ შეძლებს ასეთი ჩატეხილი ხიდის აღდგენას! რთული მისიაა! შესაძლებელი კი არის ეს?“, – წერს ლევან თაქთაქიშვილი.

საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.

https://www.facebook.com/levan.taktakishvili/posts/pfbid02sq7KVuTNXuHXqMrzY3BLPbF2Vpo9vZmK3M5aYM5ojoe1J9b4GNWEWPzTyLV7gKESl

“ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, დაჭრილი, ან ჩაფლული, ვერტმფრენს რომ არ შესძლებოდა, ბიჭები შევიდოდნენ და ამოიყვანდნენ” – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება, ჟურნალისტებთან მისი გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა ვერტმფრენებთან დაკავშირებით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარი იმაზე, რომ სტიქიის ზონაში ვინმეს გადარჩენის შანსი იყო და მას არ უშველეს, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გარდა ვერტმფრენებისა, ადგილზე მაღალტექნოლოგიური დრონებითაც მუშაობდნენ, დღის შუქზევე დაათვალიერეს სტიქიის ზონა და ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, ან მიწის მასაში მოყოლილი, მაშველები აუცილებლად გამოიყვანდნენ.

„მინდა ჩემი გუშინდელი განცხადება განვმარტო ვერტმფრენებზე, რომელზეც აჟიოტაჟი ატყდა. მგონი გასაგებად ავხსენი გუშინ, რომ ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვყავს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალება. შეუძლია ვთქვათ თბილისის აეროპორტიდან აფრინდეს და ჩაფრინდეს ქუთაისში, ან სხვა აეროპორტში, საიდანაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს, მაღალ სიმაღლეზე. შეუძლია ასევე ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილას. სადაც არის მთები და რაც მოხდა აქ [შოვში], ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით ექვსი საათისთვის, 5 წუთზე არ გამომეკიდოს არავინ. გუშინ რომ გამოხტნენ და ატეხეს ამბავი. მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათ, ვინც გუშინ განცხადებები აკეთეს რაღაც უაზრო. ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე და ხალხის გამოყვანა დაიწყო, იმ ხალხის, რომელიც კუნძულზე მოხვდა, დაახლოებით 70 ადამიანამდე. ეს ხალხი გამოიყვანეს და ამასთან ერთად მუშაობდა რამდენიმე დრონი თავისი სითბურებით, რომელიც ვერტმფრენზე ბევრად უკეთ ხედავს. მუშაობდა 5-6 მაღალტექნოლოგიური დრონი დაბალ და მაღალ სიმაღლეებზე. კითხვას ვსვამ, ვერტმფრენიდან უფრო დაინახავდა პირობითად ღამე, თუ ღამის ხედვით და სითბური დრონებით?! ის, რომ ადამიანი იყო ჩარჩენილი, დღის შუქზევე დათვალიერდა ტერიტორია, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, ვგულისხმობ, რომ ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, ან დაჭრილი, ან ჩაფლული, ვერტმფრენს რომ არ შესძლებოდა, ბიჭები შევიდოდნენ და აუცილებლად ამოიყვანდნენ. მადლობა მაშველებს კიდევ ერთხელ რაც გააკეტეს“, – განაცხადა გომელაურმა.

“სტიქიის ეპიცენტრში დარჩა დაახლოებით 26 პროცენტი, რაც შესამოწმებელია, დაიგეგმა კიდევ ახალი მიმართულებები” – ვახტანგ გომელაური

სტიქიის ეპიცენტრში დარჩა დაახლოებით 26%, რაც შესამოწმებელია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.

„თათბირი ჩატარდა, კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა. ეპიცენტრში დარჩა დაახლოებით 26%, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიხლე, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო. როგორც ვიცით, პატრონები დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს.

დაიგეგმა ასევე, ეს რომ დამთავრდება, შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, სამუშაოები მდინარის პირას და მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება. ამაზე მერე დეტალურად გაკეთდება განცხადება“,– განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები დღეს 7:05 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან იყო და მისმა სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

“გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში, სხვადასხვა დროს” – ირაკლი კობახიძე

ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში, სხვადასხვა დროს, არაერთგზის. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ მოსალოდნელია თუ არა შს მინისტრის გადადგომა.

ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზება სწორედ გომელაურის დამსახურებაა.

„ამ შემთხვევაშიც, იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო სრულად მობილიზებული, მათ შორის სამაშველო სამსახური იყო სრულად მობილიზებული, რაც პირველ რიგში, უშუალო ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის დამსახურება არის. აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებზე საუბარი არის სრულიად უადგილო“, – განაცხადა კობახიძემ.

“საბას” ჟიურიმ ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ 2023 წლის ფინალისტები დაასახელა

ლიტერატურული კონკურსი „საბას” ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა.

წელს ჟიური საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

პრემია „საბას“ 2023 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:

  1. დავით ახალაძე, უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტა” (დიოგენე)
  2. მაია ბადრიძე, კატია პეტროვსკაიას „ალბათ ესთერი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  3. სალომე ბენიძე, სალმან რუშდის „ოქროს სახლი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  4. ლევან ბერძენიშვილი, ავტორთა კრებული, “მედეა” (ინტელექტი)
  5. დავით კაკაბაძე, კლაუს მანის „მეფისტოფელი” (ინტელექტი)
  6. ია ქვაჩახია, ელიფ შაფაქის „გამქრალი ხეების კუნძული“ (პალიტრა L)
  7. დოდო ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  8. ხათუნა ცხადაძე, იტალო კალვინოს „კოსმოკომიკური ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  9. ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „იგავი“ (პალიტრა L)
  10. გიორგი ხულორდავა, აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“ (არტანუჯი)
  11. პაატა ჯავახიშვილი, ისმაილ კადარეს „მკვდარი არმიის გენერალი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  12. თამარ ჯაფარიძე, კაზუო იშიგუროს „კლარა და მზე“ (პალიტრა L)

წელს „საბა“ ოცდამეერთედ ტარდება. მისი ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება.

კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღეს „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს. R

“მეორე კვარტალში, საქართველოში არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა” – საქსტატი

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„საქსტატის“ ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 46.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

„2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 46.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 58.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.2 მილიონს მიაღწია, რაც 58.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონიტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 44.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

საერთაშორისო ვიზიტორების 73.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდექსკურსანტების წილმა 22.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2023 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 290.8 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 22.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.4%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (366.1 ათასი), რუსეთის ფედერაციის (320.8 ათასი) და სომხეთის (214.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 38.7 პროცენტს შეადგენდა.

2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (51.5 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: ეტაპობრივი შერბილება – კონსენსუსური საბაზო სცენარი

საყურადღებოა, რომ გასულ კვირაში ლარმა გარკვეულწილად აღიდგინა პოზიციები, განსაკუთრებით ევროსთან მიმართებით. ეს მიუთითებს, რომ როგორც თიბისი კაპიტალის წინა განახლებაში იყო აღნიშნული, ამ ეტაპზე ლარის თავის გრძელვადიან ტენდენციასთან დაახლოება ნაკლებსავარაუდოა. ასევე, დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის ყოველდღიურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, უკვე უფრო მეტი დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ ბოლოდროინდელი მცირე მერყეობის მიზეზი ძირითადად კვლავ სწორედ სენტიმენტების ცვლილება იყო.

 ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა დიდ წილად მოლოდინების შესაბამისია. უფრო მეტიც, თიბისი კაპიტალის აზრით, ეს ის საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სებ-ის, კვლევითი ორგანიზაციების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნეს სექტორის განწყობა პრაქტიკულად ერთნაირია. ასევე საყურადღებოა, რომ როგორც ჩანს, 2023 წელი დოლარისა და დიდ წილად ევროს განაკვეთების პიკიც იქნება. ეს, დიდი ალბათობით, ადგილობრივ ბაზარზე დოლარის დეპოზიტების განაკვეთებსაც ეხება. თიბისი კაპიტალის ადრინდელი პროგნოზის შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებთან შედარებით, მხოლოდ გარკვეული მატების შემდეგ, ამ მხრივ შემცირება, სავარაუდოდ, მომდევნო წლის მიწურულს, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ შერბილების დაწყებიდან 6-დან 12-თვემდე პერიოდში დაიწყება. იმის გათვალიწინებით, რომ დაკრედიტებისაგან განსხვავებით, ევროს დეპოზიტების წილი საქართველოში ძალზედ მცირეა, თიბისი კაპიტალის აზრით, ამ შემთხვევაშიც დაახლოებით მსგავსი დინამიკა იქნება.

 

ეკონომიკის ზრდას რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის კვლავ ინარჩუნებს ერთი კვირის წინანდელ პოზიციას, რომ მიმდინარე მაჩვენებლები, სრული 2023 წლისათვის, თიბისი კაპიტალის ბოლო საბაზო სცენარით გათვალისწინებულ 7.2%-ზე მეტ ზრდაზე მიუთითებს. უფრო ზუსტი გათვლები, თიბისი კაპიტალის მომდევნო პუბლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

(R)

“რეალურად ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია” – ირაკლი კობახიძე

თუ ამ შემთხვევაშიც უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ აღიარებენ საკუთარ სისუსტეს, რის შესახებაც საზოგადოება ისედაც არის ინფორმირებული, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც შუალედურ არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატები წარადგინა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ეს მისი სისუსტის ნიშანი იქნება.

„ნებისმიერ არჩევნებში არ მონაწილეობა ნიშნავს სისუსტის აღიარებას. ასე იყო წინა შემთხვევებშიც. რეალურად ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ხედავთ, რა ვითარებაა. მათ აქვთ ძალიან დასუსტებული პოზიციები და ძალიან შემცირებული რეიტინგები, რაც ბუნებრივი არის, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილია. რაიმე პარტიულ სიძლიერეზე ლაპარაკი ზედმეტია. როცა მათი არაფორმალური მმართველია კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ა.შ. , იქ ვერ იქნება ოპოზიცია ძლიერი. იგივე ეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ არჩევნებში არ მონაწილეობა არის საკუთარი სისუსტის აღიარება“, – განაცხადა კობახიძემ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში „ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი სოსიაშვილი და გურჯაანის მერის პოზიციაზე გიორგი მაჭავარიანის კანდიდატურები წარადგინა.

“ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ შოვის თემასთან დაკავშირებით”-ირაკლი კობახიძე

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა არავის უკვირს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სტანდარტების შესაბამისად, დაწყებულია საგამოძიებო პროცესი იმისათვის, რომ ყველა დეტალი იყოს შესწავლილი. პროცესს წარმართავს საქართველოს პროკურატურა. მე ასევე შეგახსენებთ, რომ სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, არ იქმნება ხოლმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები. თუმცა, აქაც ახერხებს ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა სპეკულირებას, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„არის რაღაც საკითხები, რომლითაც არ უნდა ეცადო პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, სცადეს მთელი ამ დღეების განმავლობაში. უკან შეუბრუნდათ ეს ყველაფერი. იმდენად ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ შოვის თემასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ყველაფერი. მე კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას, რომ არ ეცადონ ისეთი თემებით სპეკულირებას, რომლებითაც სპეკულირება უბრალოდ არ შეიძლება“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.