Home Blog Page 1741

“სტიქიის პირველივე დღიდან ირაკლი კობახიძე რაჭიდან არ გამოსულა, საკუთარი ხელებით ეხმარებოდა ადამიანებს” – ლევან ნიკოლეიშვილი

სტიქიის პირველივე დღიდან ირაკლი კობახიძე საკუთარი ხელებით ეხმარებოდა ადამიანებს. როგორ გიბრუნდებათ ენა და როგორ ამბობთ აუგს? – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ გავრცელებულ სხვადასხვა ინტერპრეტაციაზე.

„თქვე სვავებო, თქვე არაადამიანებო – სტიქიის პირველივე დღიდან ირაკლი კობახიძე რაჭიდან არ გამოსულა, საკუთარი ხელებით ეხმარებოდა მაშველებს და ადამიანებს. როგორ გიბრუნდებათ ენა და როგორ ამბობთ აუგს? ჯერ ხომ უნდა გაერკვეთ რა და როგორ, თქვა სისხლის მოყვარულებო?”- წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“ქართული ოცნება” პარლამენტში ასეთი კომისიის შექმნას არ დაუშვებს”- სანდრო რაქვიაშვილი

„ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან შოვის ტრაგედიაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ სრულიად ლეგიტიმურია ეჭვი, რომ ან სამაშველო ოპერაციაში სრული „ბარდაკი“ იყო ან პოლიტიკურად ამორალურ თამაშს ჰქონდა ადგილი, – აცხადებს  გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილი

რაქვიაშვილის განცხადებით, თავდაპირველად, შოვის სტიქიისას ითქვა, რომ ღამით მუშაობა გააჩერეს, რადგან სამაშველო სამუშაოების ღამე ჩატარება არ შეეძლოთ, ამის მერე თქვეს, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა ვერტმფრენი 15 წუთში აფრინდებოდა თუ ერთ საათში, „გუშინ კი საზოგადოებამ გაიგო, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და ამიტომ გაფრენა არ უნდა გაერისკათ“.

რაქვიაშვილის თქმით, სრულიად ლეგიტიმურ ეჭვებსა და კრიტიკას თავად ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები აჩენს, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ აღნიშნულ კითხვებს პასუხი გაეცემა, არა აქვს.

“ნორმალურ ქვეყანაში პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ იარსებებდა, რადგან სამაშველო სამსახური სხვანაირად იმუშავებდა და გამოძიებასაც უფრო მეტი ნდობა ექნებოდა. იმ სიტუაციაში, როცა არც ერთ ინსტიტუციას ნდობა არა აქვს, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას შეიძლება აზრი ჰქონდეს, თუმცა არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, არ მგონია, საქმე კენჭისყრამდე მივიდეს.

თუ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრამდე მივა, მე მას მხარს დავუჭერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება” პარლამენტში ასეთი კომისიის შექმნას არ დაუშვებს”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

“შუალედურ არჩევნებზე ოპოზიციასთან საუბარი ჯერ არ გვქონია” – თინა ბოკუჩავა

ორ სამაჟორიტარო ოლქში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საუბარი ჯერ არ გვქონია. ერთ წელიწადში უქმდება სამაჟორიტარო საარჩევნო სისტემა და გადავდივართ სრულად პროპორციულ არჩევნებზე, ამიტომ მიმაჩნია, რომ იმ რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მოვემზადოთ გენერალური არჩევნებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს მთავარი გათვლა უნდა იყოს სწორედ ის, რომ ერთი წელიც არ იქნება დარჩენილი ქვეყნისთვის გადამწყვეტ არჩევნებამდე, სადაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოაშორონ.

„ორ სამაჟორიტარო, საპარლამენტო ოლქში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საუბარი ჯერ არ გვქონია. მაშინ, როდესაც ერთ წელიწადში უქმდება სამაჟორიტარო საარჩევნო სისტემა და გადავდივართ სრულად პროპორციულ არჩევნებზე, მიმაჩნია, რომ იმ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ უნდა მოვემზადოთ გენერალური არჩევნებისთვის, რათა ახალი სისტემით, რომელიც ქართველი ხალხის დიდი ბრძოლით ჩვენმა საზოგადოებამ მოიპოვა, აუცილებლად დამარცხდეს რუსული ოცნება, რომელიც ამ შუალედურ არჩევნებშიც გამოიყენებს სახელისუფლო რესურსს, რომ მოპარული ხმებით გაიფორმოს მორიგ ჯერზე სამაჟორიტარო ოლქი. სწორედ ამ წუხილების გამო, დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, მათ შორის სამოქალაქო სექტორში, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებაში მოწოდებები, რომ გადავსულიყავით სრულად პროპორციულ სისტემაზე და ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩვენ ამას მივაღწიეთ. გასაგებია, რომ რუსულ ოცნებას განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი აქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩასმული შავი ფულის სახით, რომელსაც ივანიშვილი ყოველდღიურად პარავს ქართველ ხალხს. იქნება ეს ბიტკოინების, თუ სხვა მაქინაციური სქემების გამოყენებით. ამიტომ მესმის, რომ ისინი რესურსსზე არ ზრუნავენ. ბუნებრივია, ოპოზიციაში ეს საკითხიც არსებობს, თუმცა ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი მთავარი გათვლა უნდა იყოს ის, რომ ერთი წელიც არ იქნება დარჩენილი იმ მომენტამდე, როდესაც უნდა ჩატარდეს გენერალური, მთავარი, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი და გარდამტეხი არჩევნები, სადაც რუსული ოცნება ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ. ეს არჩევნები იქნება სრულად პროპორციული და მანკიერი სამაჟორიტარო სისტემა, რომლითაც რუსული ოცნება იტაცებს ქართველი ხალხის ხმებს, ყველაზე ეფექტურად იქნება საერთოდ გაუქმებული“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“რიკოთზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს” – ირაკლი ქარსელაძე

რიკოთზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს – დღეს რიკოთი არის უსაფრთხო, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა.

„რიკოთზე ამჟამად დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. სპეციალური რეჟიმის დაწესების საფუძველი იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყრის კერა. აღნიშნული სიტუაციის შეფასების საფუძველზე სპეციალისტების მიერ მიჩნეული იქნა, როგორც მომატებული საფრთხე და შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დროებით დაგვეკეტა, იმისთვის, რომ გზა გაგვეფართოებინა, სამჯერ გაგვეზარდა დამაგროვებელი, შესაბამისი კედელი მოგვეწყო. ყველა იმ პირობით აღგვეჭურვა, რა პირობითაც უკვე აღნიშნული მონაკვეთიც იქნებოდა უსაფრთხო.

გარდა ამისა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს წინმსწრებად, თავიდან არიდებული იყოს პოტენციური რისკიც კი.

ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა, რომელზეც შესაბამისი წინმსწრები გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო“,- აღნიშნავს მინისტრი.

„შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში“ – შოვის სტიქიას გადარჩენილი გიო ადამია კობახიძეს პასუხობს

შოვის ტრაგედიას გადარჩენილი, გიო ადამია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, სადაც კობახიძე ამბობს, რომ მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე მეორე დღეს იმყოფებოდნენ და ეეჭვება, მეწყერის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ვინმეს მოეხერხებინა.

გიო ადამია წერს, რომ საკუთარი თვალით ნახა, როგორ „დაცოცავდა პატარა ტასო სამი საათის განმავლობაში მეწყერში და ყველანაირად ეცადა, რომ გადარჩენილიყო“.

„ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი.

ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის!“, – წერს გიო ადამია სოციალურ ქსელში.

მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა 2-3◦C-ით დაიკლებს

მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გასულ კვირასთან შედარებით 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C, 36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 35◦C, 37◦C-ს მიაღწიოს.

„ ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C, 36◦C, მაღალმთაში 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

15 აგვისტოს Black Sea Arena ამერიკულ როკ ბენდს The killers უმასპინძლებს

15 აგვისტოს Black Sea Arena კამპანიის „Starring Georgia-ს“ ფარგლებში ამერიკულ როკ ბენდს, The Killers-ს უმასპინძლებს. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი თიბისია. ბილეთები Black Sea Arena-ს ოფიციალურ ვებგვერდზე – BSA.ge-ზე იყიდება.

80-იანი წლების სინთპოპისა და ალტერნატიული როკ-მუსიკის გავლენით, The Killers-მა გლობალური აღიარება სადებიუტო ნამუშევრებითვე მოიპოვა. ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი უკვე 20 წელზე მეტია, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ფორუმებისა და ფესტივალების სტუმარია.

დღესდღეობით, The Killers თავის მუსიკალურ მემკვიდრეობას აქტუალურად ინარჩუნებს და ახალ მსმენელს უზიარებს, რის გამოც მათ მიმართ ინტერესი არ ნელდება. ბენდი საქართველოს პირველად „Starring Georgia-ს“ ფარგლებში ეწვევა და მსმენელს 20-წლიანი მუსიკალური კარიერის საუკეთესო კომპოზიციებს გაუზიარებს.

14 აგვისტოს 15:00 საათიდან The Killers-ის ბილეთების შეძენა უკვე Black Sea Arena-ს სალაროში იქნება შესაძლებელი. თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება.

R

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 31 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა , მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

“მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს და მთლიანად საქართველოს, რამეთუ, ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის, ამ უთანასწორო ბრძოლაში თითოეული დაღუპული, არის უდიდესი ტკივილი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. დღევანდელ დღეს, ჩემი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული დღეების ათვლა დაიწყო. ბევრი უვაჟკაცესი ადამიანი და ულამაზესი გოგონა შეეწირა ამ ტრაგედიას. ღიმილის მომგვრელია ის, რომ დღეს ბევრი ისეთი საუბრობს, რომელსაც არა მხოლოდ სიმწრის ოფლი და სისხლი, არამედ ტკივილიც კი არ განუცდია…

რომ გავიხსენოთ, 1991,1992,1993 წლები, 1998, 2004, 2008 – ყველა ეს პროცესი მიმართული იყო იმისკენ, რომ შეემოწმებინათ გვაქვს თუ არა უნარი თავისუფლებისთვის ბრძოლის. დიახ, ჩვენ გვაქვს უნარი, არა მარტო ბრძოლის, არამედ იმისაც, რომ ეს ქვეყანა იქნება უდაოდ თავისუფალი.”- განაცხადა კობა კობალაძემ.”

გმირთა მოედანზე, ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში,1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის, ქართული სამხედრო ფორმირებები ებრძოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, ჩრდილო- კავკასიელ კონფედერატებს, კაზაკებს, ადგილობრივი სომხებისგან შექმნილ ”ბაგრამიანის ბატალიონს”, რომელთაც მხარს უჭერდა რუსეთი. უთანასწორო ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

ომის შედეგად, საქართველოს 300 ათასამდე მოქალაქე, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა, ეთნიკურად ქართველი იყო, დევნილად იქცა; საომარ მოქმედებებში, 5000-მდე სამხედრო მოსამსახურე და გასამხედროებული შენაერთების მებრძოლები დაიღუპნენ, დაახლოებით ამდენივე დაეღუპათ აფხაზებსაც იმათგან, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა. მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა, ქართველი ეროვნების მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, ორჯერ მეტია, რაც სეპარატისტებისა და მათი მოკავშირეების მიერ, ეთნიკურად ქართველთა მასობრივად დახვრეტის შედეგია. ომის შედეგად, ასეულობით პირი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 10 ათასამდე კი დაიჭრა და დასახიჩრდა;

„ჰაქან ფიდანის საგარეო პოლიტიკის ხედვა“ – რას წერს უცხოური პრესა

თურქული სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის TRT-ის ვებ-გვერდზე რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ჰაქან ფიდანის საგარეო პოლიტიკის ხედვა“ (ავტორი – მურათ იეშილთაში, პროფესორი, ანალიტიკური ცენტრის  SETA-ს უსაფრთხოების კვლევების დირექტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ელჩების მე-14 კონფერენციაზე  ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ოდესმე ყოფილა ეროვნული საგარეო პოლიტიკის ხედვასა და სამინისტროს როლზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გლობალური სისტემა განიცდის „კომპლექსურ და მრავალრიცხოვან კრიზისს“. ჰაქან ფიდანმა ყურადღება გაამახვილა არსებულ უსამართლობაზე, მზარდ რისკებზე და სისტემაში „ცვლილების“ აუცილებლობაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ერდოღანის დროს თურქეთი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო, იქნება ახალი საერთაშორისო სისტემის ჩამომყალიბებელთა შორის. მისი თქმით, თურქეთის საუკუნის საგარეო პოლიტიკის ხედვა არის, „მათი ქვეყანა გახდეს ერთ-ერთი სისტემის შემქმნელი აქტორი“.

უდავოა, რომ თურქეთი მარტო არ იმოქმედებს, პირიქით, ის იმუშავებს სხვა ქვეყნებთან, რათა „დაამყაროს ინკლუზიური საერთაშორისო სისტემა“, როგორც ეს გააკეთა პანდემიისა და უკრაინის ომის დროს.

თავის გამოსვლაში ჰაქან ფიდანმა დაასახელა ოთხი ძირითადი სტრატეგიული მიზანი: „ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება, სტრუქტურულ საფუძველზე ჩვენი საგარეო ურთიერთობების დამყარება, კეთილდღეობის გარემოს განვითარება და ჩვენი გლობალური მიზნების წინსვლა“. ამ მიზნების მისაღწევად წინა პლანზე დგება მრავალი სფეროს კოორდინაცია ეკონომიკიდან თავდაცვამდე, ენერგიიდან კომუნიკაციამდე. თურქეთის საგარეო პოლიტიკის მიზანი რეგიონების, ქვეყნებთან დაახლოებაა. ფიდანის „ეროვნული საგარეო პოლიტიკური ხედვა“ სრულყოფილად შეესაბამება როგორც ერდოღანის ინტეგრირებულ პოლიტიკურ გაგებას, ასევე მთავრობის 2023 წლის საარჩევნო მანიფესტის აღქმას.

გასაგებია, რომ ჰაქან ფიდანის გაცხადებული მიზანი და ხედვა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეალისტურია და ეფუძნება მის ოცწლიან საგარეო პოლიტიკურ გამოცდილებას. ასევე აშკარაა, რომ უკრაინის ომმა ახალი გაურკვევლობები და კონფლიქტები შემოიტანა გლობალურ სისტემაში. აფრიკაში სერიული გადატრიალებებით ახალი დიდი ძალების მეტოქეობის ეტაპი იქმნება. გლობალური და რეგიონალური ძალები ახალი კრიზისებისა და კონფლიქტების მოლოდინში არიან.

ასეთ გარემოში, ჰაქან ფიდანის მიერ გამოთქმული ეროვნული საგარეო პოლიტიკის ხედვა იკვებება როგორც საჭიროებით, ასევე ახალი საერთაშორისო სტატუსის ძიებით, რაც თურქეთმა აიღო. ეს ხედვა გამოიყურება ამბიციურად, მაგრამ არა თავგადასავლებით. იგი აფასებს ინსტიტუციონალიზაციას, ინტეგრაციას, პრინციპებს, მეგობრებთან და მოკავშირეებთან მუშაობას. თუმცა, მას აქვს რეალური მოლოდინები მიმდინარე კრიზისების გადაწყვეტასა და მართვაში. მან ასევე იცის უსაფრთხოების პრობლემების რისკები. რა თქმა უნდა, ეროვნული საგარეო პოლიტიკური ხედვის მიღწევა თურქეთისთვის მნიშვნელოვან კოორდინაციასა და შესაძლებლობების გაზრდას მოითხოვს. ამ ეტაპზე პრეზიდენტ ერდოღანის ეფექტური ლიდერობა და გამოცდილება ყველაზე დიდ უპირატესობად გამოირჩევა.

თურქეთის საუკუნის შესახებ თავისი ხედვის განსახორციელებლად, ჰაქან ფიდანი აჯამებს იმ როლს, რომელიც მან სამინისტროს დაავალა სამი სათაურით. საგარეო ურთიერთობების ყველა განზომილების ინვენტარიზაციის შენარჩუნება, პოზიციების წარმოქმნა მიმდინარე პრობლემებსა და სტრატეგიულ შესაძლებლობებზე და კოორდინაცია სამინისტროებსა და ინსტიტუტებს შორის.

ეს სამი მისია, რომელიც ჰაქან ფიდანმა დაუყენა საგარეო საქმეთა სამინისტროს, აიძულებს დიპლომატებს იყვნენ უფრო აქტიურები და პროდუქტიულები და გააძლიერონ დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც თურქეთმა ბოლო წლებში მოიპოვა.

წყარო

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს.

მათ შორის, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წელთა სამოქმედო გეგმა.

სტრატეგია მოიცავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს საქართველოს, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშესაწყობად.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოგისტიკური სექტორის გაძლიერებასა და ლოგისტიკური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის სფეროების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფას და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამავდროულად, სტრატეგია მიზნად ისახავს შრომის ბაზრის მოთხოვნების, საჭიროებების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში.

სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობასთან ერთად პრიორიტეტული საკითხია სამგზავრო გადაყვანების განვითარება. დოკუმენტის განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება, სატრანსპორტო მომსახურების და უსაფრთხოების დონის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია მობილობის საჭიროებების დაკმაყოფილებისა თუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისათვის.

სტრატეგია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა. ამასთან, გაიმართა საჯარო კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი, რომელთა საფუძველზეც მიღებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

მთავრობის დადგენილებით, ასევე შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისია, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სტრატეგიით, შესაბამისი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას, ამავდროულად – უზრუნველყოფს ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას.

საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ გლობალიზაცია და ევროკავშირთან მზარდი ეკონომიკური კავშირები საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში სრულად ინტეგრაციის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. ამდენად, ამ პროცესში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. აქვე აღინიშნა, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის სატრანსპორტო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციას, რაც გულისხმობს ევროპული სტანდარტების დანერგვას და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა – სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე

ისეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები. […] ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა”, – ამის შესახებ სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ დღე იმის იმედი ჰოქნდა, რომ ვიღაც დაურეკავდნენ ან გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მისწერდნენ.

“დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა” – ასე ეხმაურება შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

“ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი. [ირაკლი კობახიძის] დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა, ყველაფერი თურმე რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე, არ ვიცი, ახლაც როგორ ვსაუბრობ, არ ვიცი, ძალიან განერვიულებული და აღელვებული ვარ, ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. […]

საერთოდ არაფერი რომ ეთქვა გადარჩენილებზე, ალბათ შევეშვებოდი ყველაფერს, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები. […] ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა”, – განაცხადა დავით ჯელაძემ.

დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე საუბრისას განაცხადა: „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი“.

“აგვისტოს ომი 15 წლის გადასახედიდან” – Voice of America

ამერიკული სამაუწყებლო ტელერადიოკომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას „აგვისტოს ომი 15 წლის გადასახედიდან“, რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების თვალსაზრისები 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარ ომის ირგვლივ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

2008 წლის 8 აგვისტო, პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. ოლიმპიადის დროს გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე, ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რუსეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს ესაუბრება. მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესსპიკერი იტყვის, რომ ბუშმა და პუტინმა საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილეს. ამ დროს, რუსული ჯარი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

2008 წლის 9 აგვისტო – ადგილობრივი დროით 19:20 საათი. ჯორჯ ბუში, ამერიკის 43-ე პრეზიდენტი კომენტარს პეკინიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან აკეთებს: “ამ სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარება შესაძლებელია. ჩვენ გვქონდა კონტაქტი როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ლიდერებთან, ხელისუფლების ყველა დონეზე. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მისი ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული. ჩვენ მოვუწოდებთ, ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა მხრიდან სამხედრო მოქმედების შეჩერებას. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყდეს დაბომბვები და მხარეები დაუბრუნდნენ ექვსი აგვისტოს სტატუს კვოს.“

განცხადება ჯორჯ ბუშმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს. ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ ვაშინგტონმა ევროპელ პარტნიორებს – შუამავლობა, მხარეებს კი დიალოგის განახლება სთხოვა. ამ ფონზე, საქართველოში ვითარება საათობრივად მძიმდებოდა.

„ეს იყო რუსეთის იმპერიის აღსადგენად, პუტინის ომებს შორის პირველი ომი. არ ვიცოდით, რომ ეს მხოლოდ პირველი იყო, მაგრამ გული ძალიან ცუდს გვიგრძნობდა,“ – ამბობს დენ ფრიდი აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ. ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო 2005 – 2009 წლებში.

ის, რასაც დენ ფრიდი პუტინის რუსეთის იმპერიალისტური ომის დასაწყისს უწოდებს, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოში რუსეთის ჯარის შეჭრით დაიწყო. ფრიდი იხსენებს, რომ რუსეთის თავდასხმის მოლოდინის მიუხედავად, ბუშის ადმინისტრაციას რეაგირების ორგანიზებისთვის დრო დასჭირდა, თუმცა სტრატეგიული პასუხის გაცემის საჭიროება ყველასთვის ნათელი იყო.

„ჩვენი მიზანი იყო რუსები იძულებული გაგვეხადა უკან დაეხიათ და არ მიგვეცა საშუალება, საქართველოს ისე მოქცეოდნენ, როგორც საბჭოთა კავშირი 1968 წელს, ჩეხოსლოვაკიას მოექცა. ეს არის, რასაც ვაპირებდით. ვაპირებდით პასუხი გაგვეცა და ასეც მოვიქეცით“ – ყვება დენ ფრიდი.

10 აგვისტოს, შეერთებულმა შტატებმა ამერიკის საჰაერო ძალების გამოყენებით, ერაყიდან ქართული კონტინგენტი საკუთარი შეიარაღებით საქართველოში დააბრუნა.

“როდესაც რუსებს შევატყობინეთ, რომ ქართული დანაყოფების გამოსაყვანად ფრენას ვაპირებდით, მათ გვითხრეს, რომ ჩვენი თვითმფრინავების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაგვემუქრნენ. ჩვენმა სამხედროებმა თქვეს, რომ საფრთხის მიუხედავად, ამას მაინც გააკეთებდნენ. ეს სულისკვეთება ჯორჯ ბუშისგან მოდიოდა. ჩვენ ქართველი ჯარისკაცები საქართველოში დავაბრუნეთ“ – ამბობს დენ ფრიდი.

ომის დაწყების შემდეგ თბილისში ჩასული მეთიუ ბრაიზა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო, თბილისში ომის დროს ამერიკული თვითმფრინავების ჩასვლას იგონებს.

„მახსოვს, ტელეფონზე საუბრისას ბრძანება მომცეს აეროპორტში წავსულიყავი. მე ვუთხარი: „კარგი, მაგრამ დიდი შანსია, რომ როცა ამერიკული თვითმფრინავი დაფრინდება, აეროპორტიც დაიბომბოს“. არასდროს დამავიწყდება, ჩვენმა ერთ-ერთმა მინისტრმა ჩაიცინა და თქვა – „კი, მეთიუ, შენი საქმე ახლა ზუსტად იქ ყოფნაა“. ვფიქრობ, ამ საჰაერო და საზღვაო მოქმედებებმა, რუსებს გაუგზავნა სიგნალი, რომ გაჩერებულიყვნენ“, – ჰყვება მეთიუ ბრაიზა. ის 2005 წლიდან მოყოლებული, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე იყო, ევროპის და ევრაზიის საკითხებში.

11 აგვისტოს, პრეზიდენტმა ბუშმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა:

“არსებობს მტკიცებულება, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა მალე დაიწყონ დედაქალაქის სამოქალაქო აეროპორტის დაბომბვა… როგორც ჩანს, ეს არის საქართველოს არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობა. რუსეთი შეიჭრა სუვერენულ მეზობელ სახელმწიფოში და ემუქრება მისი ხალხის მიერ არჩეულ დემოკრატიულ მთავრობას. 21-ე საუკუნეში, ასეთი ქმედება მიუღებელია… რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთის მთავრობამ უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელზეც ჩანს [რომ დგას], და მიიღოს ეს სამშვიდობო შეთანხმება, როგორც პირველი ნაბიჯი, ამ კონფლიქტის მოგვარებისკენ“.

შეერთებული შტატები აქტიურად იყო ჩართული სამშვიდობო შეთანხმების მომზადებაში. თუმცა, მომლაპარაკებლის წამყვანი როლი საფრანგეთს ჰქონდა, რომელიც მაშინ ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა იყო. მაშინ ომის დაწყების თაობაზე, განსაკუთრებით ევროპაში, კითხვები არსებობდა, რაც ომზე რეაგირებას ართულებდა.

„მიხეილ სააკაშვილი პროვოცირებული იყო. ომი არ დაუწყია, მაგრამ ძლიერ პროვოცირებული იყო. მან რუსებს საბაბი მისცა. ამ გადმოსახედიდან, რუსები [საქართველოს] ნებისმიერ შემთხვევაში დაესხმებოდნენ თავს, როგორც ეს უკრაინაში გააკეთეს, სადაც საბაბი არ ჰქონიათ. ვფიქრობ, მისმა ტაქტიკურმა შეცდომამ მოიტანა ის, რომ ევროპელები მზად იყვნენ ის დაედანაშაულებინათ, ან თუნდაც უფრო ნიუანსური პოზიცია დაეკავებინათ. ეს არასწორია. ომი რუსებმა დაიწყეს” – ჰყვება დენ ფრიდი.

მეთიუ ბრაიზას თქმით, „ყველას აწუხებდა, რომ მიშა სააკაშვილი, როგორც ისინი ამბობდნენ, ხშირად იმპულსურად გამოიყურებოდა და ძალიან მონდომებით ცდილობდა – რის გაკეთებას? – აღედგინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რაც ყველა სუვერენული და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების უფლებაა.“

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთი განცხადება 13 აგვისტოს გააკეთა:

„მე ვაგზავნი სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს საფრანგეთში, სადაც ის შეხვდება პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის. შემდეგ იგი თბილისში გაემგზავრება, სადაც პირადად გადასცემს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიულ ხელისუფლებას. ის გააგრძელებს ჩვენს ძალისხმევას გავაერთიანოთ თავისუფალი სამყარო, თავისუფალი საქართველოს დასაცავად. მე ასევე ვუბრძანე თავდაცვის მდივანს, ბობ გეითსს, შეერთებული შტატების სამხედროების ხელმძღვანელობით, დაიწყოს ჰუმანიტარული მისია საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს მისია იქნება ენერგიული და მუდმივი. ამერიკული თვითმფრინავი C-17 ჰუმანიტარული დახმარებით გზაშია. და მომდევნო დღეებში, ჩვენ გამოვიყენებთ შეერთებული შტატების თვითმფრინავებს, ისევე როგორც საზღვაო ძალებს, ჰუმანიტარული და სამედიცინო მარაგების მიწოდებისთვის.“

კურტ ვოლკერი, ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებებით 2008 წელს შეერთებული შტატები უფრო აქტიური და ეფექტური იყო, ვიდრე მოგვიანებით, 2014 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში, ყირიმში შეიჭრა.

„როცა საქმე ყირიმს ეხება, ჩვენ თითქმის არაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ვუთხარით უკრაინელებს, საპასუხოდ არ ებრძოლათ. მათთვის არ გაგვიგზავნია არანაირი აღჭურვილობა ან მარაგი. გაოგნებული ვიყავით, როცა რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა და ტერიტორიის ანექსია გამოაცხადა. ამ ყველაფერს ძალიან ჰგავდა ვითარება, როდესაც რუსეთი დონბასში შეიჭრა. მაშინაც ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ. როცა რუსეთი, 2022 წელს, კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ შავი ზღვიდან ჩვენი გემები გამოვიყვანეთ. 2008 წელს კი, ბუშის ადმინისტრაციამ, ძალის საჩვენებლად სამხედრო გემები საქართველოს სანაპიროზე განვალაგეთ, რათა გაგვეფრთხილებინა რუსეთი, რომ შორს არ წასულიყო. ჩვენ დავეხმარეთ ქართველებს ინფორმაციის მოპოვებაში, კოორდინაციაში, [ერაყიდან] საკუთარი ჯარისკაცების დაბრუნებაში. შემდეგ კი, ომის ადგილზე შესაჩერებლად, აქტიურად ვიყავით ჩართული დიპლომატიაში, საფრანგეთთან და ევროკავშირთან ერთად” – ამბობს კურტ ვოლკერი.

კითხვა, რომელსაც საქართველოში დღესაც სვამენ, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები, არის ის, თუ რატომ არ დაუწესა მაშინ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები საქართველოში შეჭრის გამო.

„ევროპელები ამას არც კი განიხილავდნენ და მეეჭვება, ჩვენთვის მხარი დაეჭირათ. თუმცა, ბუშის ადმინისტრაციამ, საქართველოს ეკონომიკის დასახმარებლად, საკუთარი თავისა და დონორთა კონფერენციის ორგანიზება მოახერხა. ეს წარმატებული აღმოჩნდა. მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მილიარდი დოლარი გამოუყო. ადრეულ შემოდგომაზე გამართულ დონორთა კონფერენციაზე კი, საქართველოსთვის 4 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა მოხერხდა. ეს ბუშის ადმინისტრაციის მთავარი და ეფექტური ქმედება იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან, უმჯობესი იქნებოდა, რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, მაგრამ მაშინ ევროპა ამ საკითხზე ერთიანი არ იყო და მხოლოდ აშშ-ის ცალმხრივი სანქციები ეფექტური არ იქნებოდა. მაგრამ, ის რაც საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერისთვის გავაკეთეთ, ჯამში ეფექტური იყო“ – ამბობს დენ ფრიდი.

ომისა და 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკის გადარჩენასთან ერთად, ნატო-საქართველოს ურთიერთობაც ახალ ეტაპზე გადავიდა.

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენ შევაჩერეთ ნატო-რუსეთის საბჭო, შევქმენით ნატო-საქართველოს კომისია, რათა ყოფილიყო პირდაპირი ფორმატი – ნატო პლუს საქართველო. ჩამოვაყალიბეთ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის შეფასებისა და მხარდაჭერისთვის. ეს არის ის, რასაც მანამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებდით, თუ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა ექნებოდა. ამით ჩვენ მაპის ერთგვარი ასლი შევქმენით ისე, რომ მას მაპი არ ვუწოდეთ. ჩვენ ვიმუშავეთ [ნატოსთან] ქართული ძალების თავსებადობაზე, წვრთნასა და აღჭურვაზე. ამასთან, საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატოს ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთში და ეს ნატოს მხრიდან ძალიან კარგად იყო დაფასებული. ამ ყველაფერმა, ხელი შეუწყო ნატოსთან საქართველოს ბევრად უფრო დაახლოებას“ – აღნიშნავს კურტ ვოლკერი.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანმა ომმა, დასავლეთში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, დამოკიდებულებები შეცვალა:

„ვფიქრობ, ახლა ხალხი იხსენებს 2008 წელს და აცნობიერებს, რომ პუტინს ყოველთვის ერთი სტრატეგია ჰქონდა. უკრაინაზე თავდასხმისა და ტერიტორიების წართმევის სტრატეგია არაფრით განსხვავდებოდა 2008 წელს საქართველოზე თავდასხმისგან. იგივე ადამიანი, იგივე მიზნები. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ახლა უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილნი ომში საქართველო დაადანაშაულონ, განსაკუთრებით ევროპაში, როგორც ამას მაშინვე ცდილობდნენ“.

2008 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ეწვია. თბილისის დატოვებისას მან თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევა წარმატებული აღმოჩნდა. რაისმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესს ევროკავშირი ხელმძღვანელობდა. 16 აგვისტოს, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. რუსეთი დღემდე არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

წყარო