“აგვისტოს ომი 15 წლის გადასახედიდან” – Voice of America

76
spot_img

ამერიკული სამაუწყებლო ტელერადიოკომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას „აგვისტოს ომი 15 წლის გადასახედიდან“, რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების თვალსაზრისები 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარ ომის ირგვლივ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

2008 წლის 8 აგვისტო, პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. ოლიმპიადის დროს გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე, ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რუსეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს ესაუბრება. მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესსპიკერი იტყვის, რომ ბუშმა და პუტინმა საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილეს. ამ დროს, რუსული ჯარი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

2008 წლის 9 აგვისტო – ადგილობრივი დროით 19:20 საათი. ჯორჯ ბუში, ამერიკის 43-ე პრეზიდენტი კომენტარს პეკინიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან აკეთებს: “ამ სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარება შესაძლებელია. ჩვენ გვქონდა კონტაქტი როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ლიდერებთან, ხელისუფლების ყველა დონეზე. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მისი ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული. ჩვენ მოვუწოდებთ, ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა მხრიდან სამხედრო მოქმედების შეჩერებას. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყდეს დაბომბვები და მხარეები დაუბრუნდნენ ექვსი აგვისტოს სტატუს კვოს.“

განცხადება ჯორჯ ბუშმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს. ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ ვაშინგტონმა ევროპელ პარტნიორებს – შუამავლობა, მხარეებს კი დიალოგის განახლება სთხოვა. ამ ფონზე, საქართველოში ვითარება საათობრივად მძიმდებოდა.

„ეს იყო რუსეთის იმპერიის აღსადგენად, პუტინის ომებს შორის პირველი ომი. არ ვიცოდით, რომ ეს მხოლოდ პირველი იყო, მაგრამ გული ძალიან ცუდს გვიგრძნობდა,“ – ამბობს დენ ფრიდი აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ. ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო 2005 – 2009 წლებში.

ის, რასაც დენ ფრიდი პუტინის რუსეთის იმპერიალისტური ომის დასაწყისს უწოდებს, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოში რუსეთის ჯარის შეჭრით დაიწყო. ფრიდი იხსენებს, რომ რუსეთის თავდასხმის მოლოდინის მიუხედავად, ბუშის ადმინისტრაციას რეაგირების ორგანიზებისთვის დრო დასჭირდა, თუმცა სტრატეგიული პასუხის გაცემის საჭიროება ყველასთვის ნათელი იყო.

„ჩვენი მიზანი იყო რუსები იძულებული გაგვეხადა უკან დაეხიათ და არ მიგვეცა საშუალება, საქართველოს ისე მოქცეოდნენ, როგორც საბჭოთა კავშირი 1968 წელს, ჩეხოსლოვაკიას მოექცა. ეს არის, რასაც ვაპირებდით. ვაპირებდით პასუხი გაგვეცა და ასეც მოვიქეცით“ – ყვება დენ ფრიდი.

10 აგვისტოს, შეერთებულმა შტატებმა ამერიკის საჰაერო ძალების გამოყენებით, ერაყიდან ქართული კონტინგენტი საკუთარი შეიარაღებით საქართველოში დააბრუნა.

“როდესაც რუსებს შევატყობინეთ, რომ ქართული დანაყოფების გამოსაყვანად ფრენას ვაპირებდით, მათ გვითხრეს, რომ ჩვენი თვითმფრინავების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაგვემუქრნენ. ჩვენმა სამხედროებმა თქვეს, რომ საფრთხის მიუხედავად, ამას მაინც გააკეთებდნენ. ეს სულისკვეთება ჯორჯ ბუშისგან მოდიოდა. ჩვენ ქართველი ჯარისკაცები საქართველოში დავაბრუნეთ“ – ამბობს დენ ფრიდი.

ომის დაწყების შემდეგ თბილისში ჩასული მეთიუ ბრაიზა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო, თბილისში ომის დროს ამერიკული თვითმფრინავების ჩასვლას იგონებს.

„მახსოვს, ტელეფონზე საუბრისას ბრძანება მომცეს აეროპორტში წავსულიყავი. მე ვუთხარი: „კარგი, მაგრამ დიდი შანსია, რომ როცა ამერიკული თვითმფრინავი დაფრინდება, აეროპორტიც დაიბომბოს“. არასდროს დამავიწყდება, ჩვენმა ერთ-ერთმა მინისტრმა ჩაიცინა და თქვა – „კი, მეთიუ, შენი საქმე ახლა ზუსტად იქ ყოფნაა“. ვფიქრობ, ამ საჰაერო და საზღვაო მოქმედებებმა, რუსებს გაუგზავნა სიგნალი, რომ გაჩერებულიყვნენ“, – ჰყვება მეთიუ ბრაიზა. ის 2005 წლიდან მოყოლებული, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე იყო, ევროპის და ევრაზიის საკითხებში.

11 აგვისტოს, პრეზიდენტმა ბუშმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა:

“არსებობს მტკიცებულება, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა მალე დაიწყონ დედაქალაქის სამოქალაქო აეროპორტის დაბომბვა… როგორც ჩანს, ეს არის საქართველოს არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობა. რუსეთი შეიჭრა სუვერენულ მეზობელ სახელმწიფოში და ემუქრება მისი ხალხის მიერ არჩეულ დემოკრატიულ მთავრობას. 21-ე საუკუნეში, ასეთი ქმედება მიუღებელია… რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთის მთავრობამ უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელზეც ჩანს [რომ დგას], და მიიღოს ეს სამშვიდობო შეთანხმება, როგორც პირველი ნაბიჯი, ამ კონფლიქტის მოგვარებისკენ“.

შეერთებული შტატები აქტიურად იყო ჩართული სამშვიდობო შეთანხმების მომზადებაში. თუმცა, მომლაპარაკებლის წამყვანი როლი საფრანგეთს ჰქონდა, რომელიც მაშინ ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა იყო. მაშინ ომის დაწყების თაობაზე, განსაკუთრებით ევროპაში, კითხვები არსებობდა, რაც ომზე რეაგირებას ართულებდა.

„მიხეილ სააკაშვილი პროვოცირებული იყო. ომი არ დაუწყია, მაგრამ ძლიერ პროვოცირებული იყო. მან რუსებს საბაბი მისცა. ამ გადმოსახედიდან, რუსები [საქართველოს] ნებისმიერ შემთხვევაში დაესხმებოდნენ თავს, როგორც ეს უკრაინაში გააკეთეს, სადაც საბაბი არ ჰქონიათ. ვფიქრობ, მისმა ტაქტიკურმა შეცდომამ მოიტანა ის, რომ ევროპელები მზად იყვნენ ის დაედანაშაულებინათ, ან თუნდაც უფრო ნიუანსური პოზიცია დაეკავებინათ. ეს არასწორია. ომი რუსებმა დაიწყეს” – ჰყვება დენ ფრიდი.

მეთიუ ბრაიზას თქმით, „ყველას აწუხებდა, რომ მიშა სააკაშვილი, როგორც ისინი ამბობდნენ, ხშირად იმპულსურად გამოიყურებოდა და ძალიან მონდომებით ცდილობდა – რის გაკეთებას? – აღედგინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რაც ყველა სუვერენული და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების უფლებაა.“

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთი განცხადება 13 აგვისტოს გააკეთა:

„მე ვაგზავნი სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს საფრანგეთში, სადაც ის შეხვდება პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის. შემდეგ იგი თბილისში გაემგზავრება, სადაც პირადად გადასცემს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიულ ხელისუფლებას. ის გააგრძელებს ჩვენს ძალისხმევას გავაერთიანოთ თავისუფალი სამყარო, თავისუფალი საქართველოს დასაცავად. მე ასევე ვუბრძანე თავდაცვის მდივანს, ბობ გეითსს, შეერთებული შტატების სამხედროების ხელმძღვანელობით, დაიწყოს ჰუმანიტარული მისია საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს მისია იქნება ენერგიული და მუდმივი. ამერიკული თვითმფრინავი C-17 ჰუმანიტარული დახმარებით გზაშია. და მომდევნო დღეებში, ჩვენ გამოვიყენებთ შეერთებული შტატების თვითმფრინავებს, ისევე როგორც საზღვაო ძალებს, ჰუმანიტარული და სამედიცინო მარაგების მიწოდებისთვის.“

კურტ ვოლკერი, ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებებით 2008 წელს შეერთებული შტატები უფრო აქტიური და ეფექტური იყო, ვიდრე მოგვიანებით, 2014 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში, ყირიმში შეიჭრა.

„როცა საქმე ყირიმს ეხება, ჩვენ თითქმის არაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ვუთხარით უკრაინელებს, საპასუხოდ არ ებრძოლათ. მათთვის არ გაგვიგზავნია არანაირი აღჭურვილობა ან მარაგი. გაოგნებული ვიყავით, როცა რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა და ტერიტორიის ანექსია გამოაცხადა. ამ ყველაფერს ძალიან ჰგავდა ვითარება, როდესაც რუსეთი დონბასში შეიჭრა. მაშინაც ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ. როცა რუსეთი, 2022 წელს, კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ შავი ზღვიდან ჩვენი გემები გამოვიყვანეთ. 2008 წელს კი, ბუშის ადმინისტრაციამ, ძალის საჩვენებლად სამხედრო გემები საქართველოს სანაპიროზე განვალაგეთ, რათა გაგვეფრთხილებინა რუსეთი, რომ შორს არ წასულიყო. ჩვენ დავეხმარეთ ქართველებს ინფორმაციის მოპოვებაში, კოორდინაციაში, [ერაყიდან] საკუთარი ჯარისკაცების დაბრუნებაში. შემდეგ კი, ომის ადგილზე შესაჩერებლად, აქტიურად ვიყავით ჩართული დიპლომატიაში, საფრანგეთთან და ევროკავშირთან ერთად” – ამბობს კურტ ვოლკერი.

კითხვა, რომელსაც საქართველოში დღესაც სვამენ, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები, არის ის, თუ რატომ არ დაუწესა მაშინ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები საქართველოში შეჭრის გამო.

„ევროპელები ამას არც კი განიხილავდნენ და მეეჭვება, ჩვენთვის მხარი დაეჭირათ. თუმცა, ბუშის ადმინისტრაციამ, საქართველოს ეკონომიკის დასახმარებლად, საკუთარი თავისა და დონორთა კონფერენციის ორგანიზება მოახერხა. ეს წარმატებული აღმოჩნდა. მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მილიარდი დოლარი გამოუყო. ადრეულ შემოდგომაზე გამართულ დონორთა კონფერენციაზე კი, საქართველოსთვის 4 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა მოხერხდა. ეს ბუშის ადმინისტრაციის მთავარი და ეფექტური ქმედება იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან, უმჯობესი იქნებოდა, რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, მაგრამ მაშინ ევროპა ამ საკითხზე ერთიანი არ იყო და მხოლოდ აშშ-ის ცალმხრივი სანქციები ეფექტური არ იქნებოდა. მაგრამ, ის რაც საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერისთვის გავაკეთეთ, ჯამში ეფექტური იყო“ – ამბობს დენ ფრიდი.

ომისა და 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკის გადარჩენასთან ერთად, ნატო-საქართველოს ურთიერთობაც ახალ ეტაპზე გადავიდა.

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენ შევაჩერეთ ნატო-რუსეთის საბჭო, შევქმენით ნატო-საქართველოს კომისია, რათა ყოფილიყო პირდაპირი ფორმატი – ნატო პლუს საქართველო. ჩამოვაყალიბეთ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის შეფასებისა და მხარდაჭერისთვის. ეს არის ის, რასაც მანამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებდით, თუ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა ექნებოდა. ამით ჩვენ მაპის ერთგვარი ასლი შევქმენით ისე, რომ მას მაპი არ ვუწოდეთ. ჩვენ ვიმუშავეთ [ნატოსთან] ქართული ძალების თავსებადობაზე, წვრთნასა და აღჭურვაზე. ამასთან, საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატოს ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთში და ეს ნატოს მხრიდან ძალიან კარგად იყო დაფასებული. ამ ყველაფერმა, ხელი შეუწყო ნატოსთან საქართველოს ბევრად უფრო დაახლოებას“ – აღნიშნავს კურტ ვოლკერი.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანმა ომმა, დასავლეთში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, დამოკიდებულებები შეცვალა:

„ვფიქრობ, ახლა ხალხი იხსენებს 2008 წელს და აცნობიერებს, რომ პუტინს ყოველთვის ერთი სტრატეგია ჰქონდა. უკრაინაზე თავდასხმისა და ტერიტორიების წართმევის სტრატეგია არაფრით განსხვავდებოდა 2008 წელს საქართველოზე თავდასხმისგან. იგივე ადამიანი, იგივე მიზნები. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ახლა უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილნი ომში საქართველო დაადანაშაულონ, განსაკუთრებით ევროპაში, როგორც ამას მაშინვე ცდილობდნენ“.

2008 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ეწვია. თბილისის დატოვებისას მან თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევა წარმატებული აღმოჩნდა. რაისმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესს ევროკავშირი ხელმძღვანელობდა. 16 აგვისტოს, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. რუსეთი დღემდე არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

წყარო