Home Blog Page 1733

საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.

“მთავარია, კანდიდატის სტატუსი მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციას მისცენ, მათ დაიბრალონ”

ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან სხვადასხვა დედაქალაქებში, ზეპირად ვიცით, რას საუბრობენ, როგორ „გულშემატკივრობენ“ საქართველოში სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და თუ უნდა ოპოზიციამ დაიბრალოს.

„კანდიდატის სტატუსი მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციას მისცენ. ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან სხვადასხვა დედაქალაქში, ზეპირად ვიცით, რას საუბრობენ, როგორ „გულშემატკივრობენ“ საქართველოში სტატუსის მინიჭებას. თვითონაც მიდიან და საუბრობენ, როგორ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, როგორ ცუდია ჩვენი ინსტიტუტები, როგორ გაუბედურებულია აქ სიტუაცია, ოღონდ იქნებ გადმოგვიგდოთ კანდიდატის სტატუსი, ამ დონეზე არიან დასულები. მთავარია, მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციამ დაიბრალოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, – „ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს და მედიის პუნქტი არ არის შესრულებული“, – პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „მედიის წარმომადგენელზე თუ არის ძალადობა, დროულად და სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული“.

„რაც შეეხება რეკომენდაციის შესრულებას, ანგარიშის შემდეგ პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რაც იქნება ევროკავშირის აუდიო და ვიზუალურად დირექტივის იმპლემენტაცია საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვნად წინ წასწევს ამ პროცესს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ საუბარია არა რაიმე საკანონმდებლო დამატებით რეგულაციებზე, არამედ იმაზე, რომ მოხდეს დროული გამოვლენა და პასუხისმგებლობაში მიცემა, ვისგანაც ხდება ჟურნალისტზე თავდასხმა. მეორე მხრივ, ეს დაკავშირებულია ზოგადად ძალადობის კულტივირების პრევენციასთან ბევრი მხრიდან და ამაზეც არაერთხელ გვქონდა საუბარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ჩემი მშობლების თაობამ შეძლო საბჭოთა ანექსიიდან თავის დაღწევა – ჩვენი თაობის ვალია დამოუკიდებლობის განმტკიცება”

დღეს ჩვენთვის ისტორიული დღეა – ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა პირველად ტარდება მის არაწევრ სახელმწიფოში. ამიტომ, საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია, ასამბლეის და მისი სესიის ფარგლებში, ორმოცი დელეგაციის 200-მდე წარმომადგენლის მასპინძლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში ჩატარება კარგი შესაძლებლობაა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

მისი თქმით, განსაკუთრებით დასაფასებელია ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

„ასამბლეა შესანიშნავი პლატფორმაა წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის წახალისებისთვის, საჭირბოროტო საკითხებზე მოსაზრებების ურთიერთგაზიარებისა და ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ეს სესია საქართველოსთვის არის ფრანგულენოვან სამყაროსთან ისტორიული კავშირების ლოგიკური გაგრძელება. ამიტომ მჯერა, რომ აღნიშნული სესიის საქართველოში ჩატარება ჩვენს საუკუნოვან თანამშრომლობას დადებით მუხტს შესძენს და ახალგაზრდებში ფრანგულ ენას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. საქართველოს პარლამენტი წლებია აქტიურად თანამშრომლობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან. ვაფასებთ ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც დღევანდელ, გამოწვევებით სავსე დროებაში მეტად მნიშვნელოვანია. სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის შეხსენება ბევრის გაკვირვებას იწვევდა და ზედმეტ აქტიურობად ითვლებოდა. თუმცა, ჯერ 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი უკრაინაში შეჭრით, კარგად გამოჩნდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე პარტნიორების მხარდაჭერა და აგრესორი სახელმწიფოების შეკავება. მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში.

თავის მხრივ, საქართველო პატივს სცემს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრინციპებს და ღირებულებებს, თანამშრომლობასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს. ეს არის ის ფუნდამენტი, რაც ჩვენს ქვეყანას აბრუნებს მის ევროპულ საფუძვლებთან. ამისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს. ჩემი მშობლების თაობამ შესძლო საბჭოთა ანექსიიდან თავის დაღწევა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენი თაობის ვალი და მთავარი საზრუნავი ამ დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყანაში მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, რათა ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ მსოფლიო მასშტაბით დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს სახელით ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ფრანკოფონიის ასამბლეას პირველად მასპინძლობს. უშუალოდ ასამბლეის საქმიანობაში კი საქართველო 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთო. 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა ოფიციალური წერილით მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას ასოცირებული წევრობის თაობაზე. სწორედ 48-ე სესიაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ასოცირებული წევრობის თაობაზე.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო, საპარლამენტო ორგანოს. დღეისათვის მის შემადგენლობაში 91 წევრია. 56 სრულუფლებიანი, 17 ასოცირებული, ხოლო 18 დამკვირვებლის სტატუსით. ასამბლეა, დემოკრატიის განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, არის აქტიური პლატფორმა წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგისთვის და მსოფლიოში ფრანგული ენის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.

“დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს” – ალექსი ბატიაშვილი

დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს 6 მოქალაქის დაკავება უკვე დადასტურებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები.

„საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს – 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი, მათ შორის საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. საერთო ჯამში, 2022 წლის დასასრულს, უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს 9 მოქალაქე. აქვე მინდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ 6 ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრინდნენ თავიან ოჯახებს“,- განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

“რეალურად მთელი ურდო უკრაინაში ჰყავს პუტლერს და ჩატოვებს კიდეც ბოლომდე”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“გრძელდება კარგი ამბების მოსვლა ფრონტიდან, განსაკუთრებით ბახმუტის ფლანგებიდან, კონკრეტულად კი სამხრეთიდან. არ ვიჩქაროთ და ემოციას არ ავყვეთ, მაგრამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენები კლეშჩეევკაში და კურდიუმოვკაში შევიდნენ და უკვე შიგნით დასახლებების ფარგლებში ომობენ ურდოსთან! უფრო მეტ და უფრო მაგარ ამბებს თავად შეიარაღებული ძალების ოფიციალური დადასტურების შემდეგ გავიგებთ;

– ზაპოროჟიეს ფრონტზეც გვაქვს წინსვლა; ნელა, მაგრამ მყარად მიიწევენ წინ ჩვენები;

რეალურად მთელი ურდო უკრაინაში ჰყავს პუტლერს და ჩატოვებს კიდეც ბოლომდე. დარჩება მასკოვია ჩევეკებს და ბანდ.ფორმირებებს;

ტანკების რაოდენობაში, ბლუმბერგის ცნობით, უკვე გადავასწარით. ჩვენებს ჰყავთ უკვე 1500 (ჰყავდათ 978), ხოლო ურდოს ჰყავს 1400 (ჰყავდა 3400). აი დემილიტარიზაციაც ამას ჰქვია, მკტარია ნაღდი პუტლერი, ორეულებმა ოურიეს.

ორეულებს თავისი ეყოფათ და რუსულმა რუბლმა კი ნაღდად ოურია, უფრო სწორედ თავი წაიქცია. 1 დოლარი – 93 რუბლი, 1 ევრო -102 რუბლი. არ გაჩერდე რუბლიკო, არააა!

პრიგოჟინიადა გრძელდება. ბაწკამ, ჟენია პიტერში დააწვა, შეიძლება ამ წუთას მასკვაშიც იყოსო. თამასუქებიც დაიბრუნა, ფიშტოების კოლექციაც – ლენინის მავზოლეუმთან თუ დასელფა სისხლიანი კუვალდით მხარზე გადებული, ვინ ხართ ჩემები აქეთო, არც ეგ გაგიკვირდეთ.

გუშინ დილით პრეზიდენტი ზელენსკი სოფიაში იყო. კაი ამბავი ისაა, რომ ბულგარეთი ნატო-ს 22-ე წევრი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა უკრაინასთან მისი გაწევრიანების მხარდაჭერის დეკლარაციას; არცთუ ისე კარგი ამბავი კი ისაა, რომ კამერების წინ გაჭედა ბულგარეთის პრეზიდენტმა, იარაღის მოწოდება არ შველის ომის დამთავრებასო. ზელე პასუხად, აბა რას იზამდით თქვენ ჩემს ადგილას, მობრძანდით ბატონო პუტინოო? ხომ ვიცი რომ არ იზამდით მაგას. ასე რომ, ჯობია ჩვენ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე, რომ ომი და უბედურება არ მოვიდეს თქვენამდე; ამის მერე ბულგარეთის პრეზიდენტმა, შემოთავაზება მაქვს და გავუშვათ ახლა მედიებიო; ე მანდ წყდება ამბავი. გავიგებთ ალბათ, თუ იყო კაი ან ცუდი გაგრძელება მანდედან.

კაი გაგრძელება იყო პრაღაში. საღამოს ოვაციებით ხვდებოდნენ ჩეხები ზელენსკის. პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ჩეხეთს სურს უკრაინის გამარჯვება და ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. გარდა ამისა, ჩეხეთის პრეზიდენტი აქტიურად იმუშავებს, რომ წლის ბოლომდე დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროპულ კავშირში გაწევრიანებაზე და შედგეს შეთანხმება, რომ ომის დასრულების შემდეგ აუცილებლად დაიწყება უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი! სერიოზული ძიაა ჩეხეთის პრეზიდენტი!

დღეს პრეზიდენტი ზელენსკი ანკარაში ჩავა და პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდება. საინტერესოა, რაც დღეს ითქმება (დახურულ კარს მიღმა).

შვედეთის პრემიერი იყო ვაშინგტონში, ხოლო ფინეთის, შვედეთის და თურქეთის წარმომადგენლები ნატოს მონაწილეობით შეხვდნენ ერთურთს. დაფიქსირდა პროგრესი შვედეთის ნატოში გაწევრიანების მიმართულებით და შეთანხმდა, რომ პირველი პირების დონეზე შეხვედრა გაიმართება 10 ივლისს ვილნიუსში!

ვნახოთ, რამდენად ისტორიული სამიტი გამოვა ლიეტუვის დედაქალაქში. მთელი მსოფლიოს ყურადღება კი იქნება მაქეთ მიპყრობილი!

უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია” – გარემოს ეროვნული სააგენტო

ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ბულგარეთში, ქ. ბურგასში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით გამართულ სუბრეგიონალური ჯგუფის შეხვედრაზე, შავი ზღვაში მიმდინარე კვლევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ბულგარელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს.

აღინიშნა, რომ როგორც ბულგარეთის, ისე საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, დაკვირვების შედეგად, წყლის ხარისხი, მათ შორის ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადები, მძიმე მეტალები და სხვა ქიმიური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.

ბულგარეთში, ქ. ბურგასში ქაფშიის მარაგების შეფასების შესახებ გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა შავ ზღვაში ბიოლოგიური რესურსების მარაგების შენარჩუნებას და მდგრადი მეთევზეობის ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს უწყობს თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას“, – აცხადებენ სააგენტოში.

“მთავარია მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და თუ უნდა ოპოზიციამ დაიბრალოს” – შალვა პაპუაშვილი

მთავარია მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და თუ უნდა ოპოზიციამ დაიბრალოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რას საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოსთან და მის ინსტიტუტებთან დაკავშირებით, როდესაც ევროპულ დედაქალაქებში ვიზიტით იმყოფებიან.

„მოგვცენ და თუ უნდათ ოპოზიციას მისცენ კანდიდატის სტატუსი. უკვე არასერიოზულია ეს მსჯელობა იმ ფონზე, როდესაც ზეპირად ვიცით, რასაც აკეთებენ ისინი, როდესაც დაფრინავენ სხვადასხვა დედაქალაქში, რას საუბრობენ იქ და როგორ „გულშემატკივრობენ“ საქართველოსთვის სტატუსის მიცემას. ზეპირად ვიცით ყველაფერი, თვითონვე საუბრობენ ამაზე – მიდიან, საუბრობენ, როგორ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, როგორი ცუდია ჩვენი ინსტიტუტები, როგორი გაუბედურებულია აქ სიტუაცია, ოღონდ იქნებ გადმოგვიგდოთ კანდიდატის სტატუსიო – ამ დონეზე არიან დასულები. მთავარია მოგვცენ და თუ უნდა ოპოზიციამ დაიბრალოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“შეტევა სწრაფი არ არის, მაგრამ წინ მივიწევთ” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 499-ე დღე

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს და ბახმუტის მიმართულებით კლეშჩეევკას რაიონში მაგრდებიან. მძიმე ბრძოლები გრძელდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერზე, ანდრეი კოვალევკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით აგრძელებენ შეტევითი მოქმედებების განხორციელებას. ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით აგრძელებენ მოწინააღმდეგეზე ზეწოლას და ადრე დაკავებული საზღვრებიდან გაძევებას.

„კლეშჩეევკას რაიონში მათ ნაწილობრივი წარმატება აქვთ და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან. აქ მძიმე ბრძოლები გრძელდება“, – აცხადებს ანდრეი კოვალევკო.

შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალასაც მოიცავს, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-მა პირველად გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საკამათო იარაღის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს განიხილავდა, რადგან უკრაინელები კონტრშეტევაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევისთვის იბრძოდნენ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბრძოლის ველზე პირობების შეცვლამ აშშ-ის ოფიციალური პირები აიძულა, კასეტური საბრძოლო მასალის საკითხის სერიოზული განხილვა დაეწყოთ.

კასეტური საბრძოლო მასალები 100-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, რადგან ისინი ავრცელებენ მცირე ბომბებს დიდ ტერიტორიებზე, რომლებიც შეიძლება ვერ აფეთქდეს დარტყმის დროს და რისკი, ნაღმების მსგავსად, შესაძლოა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შექმნას. აშშ და უკრაინა ამ აკრძალვის ხელმომწერები არ არიან.

უკრაინის შეტევა სწრაფად არ მიმდინარეობს, მაგრამ წინ მივიწევთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„წინ მივიწევთ, ახლა ინიციატივა ჩვენია. შეტევა არ არის სწრაფი, ეს ფაქტია, მაგრამ ნამდვილად მივიწევთ წინ და არა უკან, როგორც რუსები და ამიტომ მე ამას დადებითად ვხედავ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, ჩეხეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა დაეხმარონ უკრაინას კონტრშეტევაში წარმატების მიღწევაში.

მისი თმით, არარეალურია იმის მოლოდინი, რომ უკრაინა შეძლებს კიდევ ერთი კონტრშეტევის დაწყებას რამდენიმე კვირაში ან თვეში, ”ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს ამ კონტრშეტევაში”, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ლვოვზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის ვალდებულება ურყევია.

„რუსეთის თავდასხმა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვზე კრემლის სისასტიკის კიდევ ერთი მაგალითია – ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრემლის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა. უკრაინის მიმართ აშშ-ის ვალდებულება ურყევია“, – წერს ბლინკენი „ტვიტერზე“.

ცნობისათვის, რუსეთის მიერ ლვოვზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

“საქართველოს მოსახლეობა თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს” – პრეზიდენტი

საქართველოს მოსახლეობა თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს და მას არასოდეს გადაუხვევია ამ ეგზისტენციური არჩევანიდან, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე პლენარული სესიის მონაწილეებს, რომლებისთვისაც პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის თაობაზე მოსალოდნელმა გადაწყვეტილებამ, „კიდევ უფრო უნდა მიაბას საქართველო ევროპას, გააძლიეროს მისი დემოკრატია და სტაბილურობა“.

„საქართველო მოხარულია, რომ პირველად მასპინძლობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასა და პლენარულ სესიას. მაქვს პატივი, მოგესალმოთ ყველას: დელეგატებს, რომლებიც 28 წევრ და ასოცირებულ სახელმწიფოსა და 10-ზე მეტ რეგიონს წარმოადგენენ.

საქართველო, რომელიც თქვენი 48-ე სესიის მასპინძელია, ამაყობს, იმით, რომ ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ფრანგულმა, როგორც კულტურისა და ევროპისადმი ღიაობის ენამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. უნივერსალური, მოწოდების ენის გამოყენება აშკარად წარმოადგენს აუცილებლობას მსოფლიოში ნაკლებად გავრცელებული და იშვიათი ენის მქონე ქვეყნისთვის.

საბჭოთა კავშირის დახურულ სივრცეში, რუსული დაგვიწესდა, როგორც კომუნიკაციის სავალდებულო ენა, თუნდაც როგორც მორჩილების ენა. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ დაბრუნება დაემთხვა ახალი სივრცეების გახსნას, ახალ ორგანიზაციებში შესვლას, სადაც ინგლისური დღეს კომუნიკაციის მთავარი, თუმცა არა ექსკლუზიური ენაა ამ გლობალიზებულ სამყაროში. თუმცა, ფრანგული განსაკუთრებულ ადგილს ინარჩუნებს, განსაკუთრებულ ადგილს აქ, როგორც კულტურის ენა, უპირველეს ყოვლისა, არჩევანის ენა და კვლავაც ევროპისადმი ღიაობის ენა.

მაგრამ, ფრანკოფონიის ასამბლეა გაცილებით მეტია, ვიდრე იმ ქვეყნების შეხვედრა, რომლებიც სხვადასხვა ხარისხით იზიარებენ ფრანგული ენის გამოყენებას. ბევრი სხვა, მულტილატერალური ფორმების მსგავსად, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა დროთა განმავლობაში, იქცა სივრცედ, რომლის წევრ ან ასოცირებულ სახელმწიფოებს აერთიანებთ ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ენა, და ეს საერთო პროექტები და საერთო ღირებულებებია.

დღეს მსოფლიოში და სხვადასხვა ადგილას მულტილატერალიზმისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები – საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, თავდასხმის ქვეშაა, ან პირდაპირ ირღვევა.

ეს დარღვევები და არსებითი პრინციპების ეჭვქვეშ დაყენება აშკარაა უკრაინაში, სადაც რუსული აგრესია განაგრძობს რუსული იმპერიალიზმის ნამდვილი სახის გამოვლენას. ეს რეალობა, რომლის ხილვის საშუალება თქვენ თავად მოგეცათ აქ, საქართველოში, სადაც რუსეთი კანონისა და სამართლიანობის დარღვევით იკავებს ჩვენი ტერიტორიის 20%-ს.

5 ივლისს საოკუპაციო ხაზთან თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც სოლიდარობის ნიშანი და მნიშვნელოვანია თქვენთვისაც, რადგან ეს საშუალებას მოგცემთ წარმოიდგინოთ ეს მიუღებელი რეალობა და გაზომოთ, თუ როგორ არ აქვს ალტერნატივა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს: მხოლოდ უკომპრომისო პატივისცემით შეგვიძლია ავაშენოთ ხანგრძლივი მშვიდობა და სამართლიანი სამყარო.

ასეთი ფორუმების არსებობა, რომლებიც გვაერთიანებს საერთო იდეალების გარშემო, იმის შეხსენებაა, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია ჩვენი საერთო და განუყოფელი სიკეთეა.

თქვენ სტუმრობთ საქართველოს თავისი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპისკენ მტკიცე მსვლელობისას; მოსალოდნელმა გადაწყვეტილებამ, რომელსაც ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, ამ წლის ბოლოს ველოდებით, კიდევ უფრო უნდა მიაბას საქართველო ევროპას, გააძლიეროს მისი დემოკრატია და სტაბილურობა; ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილი და ნებაა, რომელსაც არასოდეს გადაუხვევია ამ ეგზისტენციური არჩევანიდან და თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს.

ამ გლობალიზებულ, მაგრამ კონფლიქტებითა და ძალადობით გაჟღენთილ დაუწყნარებელ სამყაროში, კულტურების მრავალფეროვნება და მათ შორის დიალოგი უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე: ეს არის გაკვეთილი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ჩვენი ისტორიის, ჩვენი ტრადიციების ნაწილით, რომელთა შორის ტოლერანტობა გამორჩეულია.

სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენს ასამბელას, რომელიც თავისი მრავალფეროვნებითა და მულტიკულტურალიზმით გამოირჩევა, ჩვენს დედაქალაქში – თბილისში ვმასპინძლობ, რომლის ისტორია კულტურებს, რელიგიებს შორის მრავალსეკულარული დიალოგის ცოცხალ ნიშანს ატარებს. თავად არქიტექტურაში შეიძლება ამის ამოკითხვა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ გექნებათ დრო, თქვენი საქმის გარდა, რათა აღმოაჩინოთ მისი სიმდიდრე.

თქვენი დღის წესრიგის თემები ასევე ჩვენი პრიორიტეტებიცაა. ქალები და მე მათგან ვიწყებ, რადგან ისინი კონფლიქტების, დაუცველობისა და ძალადობის პირველი მსხვერპლნი არიან: თქვენმა ასამბლეამ ეს თემა დღის წესრიგში შეიტანა, ეს თემა იყო სწორედ თბილისის მე-2 ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ცენტრალური საკითხიც, რომელიც სამი დღის წინ დავხურე. და ძალიან ბედნიერი ვიქნები მომავალ წელს თქვენს დელეგატებს ვუმასპინძლო რიგით მე-3 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ქალებს, კონფლიქტებსა და უსაფრთხოებას ეხება.

გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ჩვენგანის პრობლემაა, რაც გარკვეულწილად, გვაკავშირებს. ეს არის საკითხი, რომელიც პრიორიტეტულია ამ პატარა ქვეყნისთვისაც, რადგან იგი გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით, აქვს ეს სიმდიდრე, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი, ეს ჩვენი საერთო პლანეტის ნაწილია და ის უნდა შევინარჩუნოთ.

დეზინფორმაციისა და ყველა სახის ჰიბრიდული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, სტრატეგიულ გამოწვევას ჩვენი ძალიან ძლიერი მეზობლის ამბიციებისა და საშუალებების გათვალისწინებით. ამიტომ დიდ წარმატებას გისურვებთ 48-ე სესიაზე ამ თემებზე მუშაობისას.

მე არ შემიძლია ეს გამოსვლა ისე დავასრულო, რომ არ მივულოცო ჩვენს თავს და არ აღვნიშნო თქვენი გადაწყვეტილების მნიშვნელობა, საქართველო დამკვირვებლის სტატუსიდან ასოცირებულ წევრობაზე გადაიყვანოთ. მადლობას გიხდით ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც გვაფასებს და გვავალდებულებს. წარმატებულ მუშაობას გისურვებთ!“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

რა ტიპის ვირუსები და ინფექციებია დამახასიათებელი ზაფხულის სეზონისთვის – ივანე ჩხაიძის განმარტება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომელი ვირუსები და ინფექციებია ზაფხულში გავრცელებული.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გაზაფხულის და ზაფხულის სეზონი სამი ვირუსის სიჭარბით ხასიათდება, კერძოდ, ეს არის რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ადენოვირუსი.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, ლარინგოტრაქეიტი ხველით და ხმის ტემბრის ცვლილებით მიმდინარეობს, ადენოვირუსმა კი შესაძლოა, ფილტვების ანთება გამოიწვიოს, ან ნაწლავთა მოქმედების გახშირება. რაც შეეხება რინოვირუსს, ის გაციებით მიმდინარე დაავადებაა.

„ზოგადად, გაზაფხულის და ზაფხულის სეზონი სამი ვირუსის სიჭარბით ხასიათდება, ეს არის რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ადენოვირუსი. თუ გადავხედავთ ბოლო 3 კვირის სტატისტიკას, ივნისის თვესა და ივლისის პირველ კვირას, აქ ნათლად ჩანს ამ ვირუსების სიჭარბე. თუ პროცენტულ განაწილებას შევხედავთ, 24-ე კალენდარულ კვირას, რინოვირუსის 27% გვქონდა, პარაგრიპის 22%, ყველაზე მეტი კი ადენოვირუსის შემთხვევები გვქონდა – 29 %. მთლიანობაში, ამ სამ ვირუსზე მოდის შემთხვევების თითქმის ¾. შემდეგ, 25-ე კვირაშიც ამ სამი ვირუსის სიჭარბე გვქონდა. რინოვირუსი და პარაგრიპის ვირუსი გამორჩეული იყო, პარაგრიპის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი იყო – 34%. ეს იმას ნიშნავს, რომ შემთხვევათა 1/3 პარაგრიპით იყო გამოწვეული. პარაგრიპის უკან ლარინგოტრაქეიტი დგას, რომელიც ხველით და ხმის ტემბრის ცვლილებით მიმდინარეობს. ზოგადად, ამ ვირუსისთვის დამახასიათებელია უფრო მეტი სიჭარბე ზამთრის განმავლობაში, თუმცა წელს, პარაგრიპის მომატებული აქტიურობა დაფიქსირდა ივნისის პერიოდში. ბოლო, 26-ე კვირაშიც სამი ვირუსის სიჭარბე გვქონდა, უპირატესია ადენოვირუსი. ადენოვირუსს განასხვავებს ის, რომ მან შეიძლება ფილტვების ანთება გამოიწვიოს, კონიუნქტივიტი, ნაწლავთა მოქმედების გახშირება. ეს ამ სეზონისთვის ჩვეული ვირუსია. მინდა აღვნიშნო კორონავირუსიც. თუ ჩვენ გადავხედავთ ბოლო 2 თვის სტატისტიკას, კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა მხოლოდ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ეს არ არის ბევრი, პროცენტულად თუ შევხედავთ, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 5% იყო სულ. ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსი მუდმივი თანამგზავრი გახდა. თუ შევაჯამებთ სეზონის თავისებურებას, კორონავირუსის შემთხვევები ერთეულია, ასევე, უფრო მეტად სჭარბობს ის ვირუსები, რომლებიც მსუბუქად მიმდინარე დაავადებებს იწვევენ, ეს არის რინოვირუსი, პარაგრიპი და ადენოვირუსი. როდესაც ვსაუბრობთ მსუბუქად მიმდინარეობაზე, ძირითადი აქცენტი გვაქვს, სჭირდება, თუ არა ბავშვებს საავადმყოფოში მოთავსება. კლინიკაში მოთავსებისთვის მთავარი ფაქტორია ფილტვების ანთება, საბედნიეროდ, ამ ვირუსებისთვის მძიმე ფილტვების ანთება არ არის დამახასიათებელი, იშვიათად გვხვდება. ზაფხულის განმავლობაში, ორი უფრო საშიში ვირუსის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის და გრიპის ერთეული შემთხვევა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ მთლიანობაში, გაციების მსგავსი დაავადების მიმდინარეობა მსუბუქია. ბავშვებს ნაკლებად სჭირდებათ საავადმყოფოებში მოთავსება“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან მან, ზაფხულის პერიოდში ბავშვების ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიამ ბავშვის წონის მაჩვენებელზე სერიოზული გავლენა მოახდინა, შესაბამისად, ენდოკრინოლოგებთან მიმართვიანობაც გაიზარდა, ამიტომ, ივანე ჩხაიძე მოუწოდებს მშობლებს, ბავშვები ზაფხულში ფიზიკურად მეტად აქტიურები იყვნენ.

„ძირითადი რეკომენდაციაა ის, რომ ეცადეთ, ბავშვები ფიზიკურად იყვნენ აქტიურები. მეტად დაკავდნენ სპორტული თამაშებით. სკოლის ასაკის ბავშვებში მინიმუმ ნახევარსაათიანი ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. მოზრდილ ასაკში 1-საათიანი ხანგრძლივობაა სასურველი, რათა ის ბალანსი შევინარჩუნოთ, რაც დარღვეული იყო პანდემიის დროს. ბავშვები ნაკლებს მოძრაობდნენ და ბევრ საკვებს იღებდნენ, ვგულისხმობ, წასახემსებელ საკვებს. ნაკლებმა მოძრაობამ განაპირობა წონის მატება. ჩვენ მართლაც ძალიან ბევრი მიმართვიანობა გვაქვს ენდოკრინოლოგებთან, ვინაიდან პანდემიამ ბავშვის წონის მაჩვენებელზე სერიოზული გავლენა მოახდინა“, – აღნიშნა ვანო ჩხაიძემ.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

“საქართველო გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს გადის, ჩვენი ვალია, ეს ეტაპი სიბრძნითა და მოთმინებით გავიაროთ” – პრემიერი

​ფრანკოფონიის საპატიო საპარლამენტო ასამბლეის თბილისში მიღება პრივილეგია და დიდი სიხარულია. საქართველოსთვის ეს პატივია და მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, ამ სესიის ორგანიზატორებს, არჩეულ წარმომადგენლებს საზოგადოების ყველა მიმართულებიდან, სხვადასხვა კონტინენტიდან და ასევე ჩვენს დეპუტატებს, რომლებსაც ჰქონდათ შესანიშნავი იდეა, ეს სხდომა ჩატარებულიყო თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს, ამ ცნობილ ასამბლეაში დამკვირვებელ ქვეყანას, დიდწილად განზოგადებული ფრანკოფილიის გარდა, ფრანკოფონიის ხანგრძლივი და მდიდარი ტრადიცია აქვს.

„საქართველოს ფრანგულენოვანი ოჯახი, რომლის ნაწილიც ვარ და ვამაყობ ამით, მიუხედავად მისი შედარებით მოკრძალებული ზომისა, უდავოდ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიაზმით სავსე და დინამიური. საფრანგეთში სწავლის შემდეგ, ფრანგული ენა ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ხელმძღვანელობას და გენერალურ სამდივნოს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს იმ გამორჩეული ჯილდოსთვის, რომლითაც თქვენ პატივი დამდეთ გუშინ. პლეადის ორდერი უფრო მეტად მავალდებულებს, რომ ჩემს ქვეყანაში ფრანგული ენის სწავლებას ხელი შევუწყო, რათა „ფრანგული სიტყვები პლეადის ვარსკვლავებივით ათას შუქად ანათებდნენ“.

საქართველოში ნახავთ ინტერესს, უპირობო სიყვარულს ფრანგული და ფრანკოფონიური ლიტერატურის მიმართ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ბევრს კითხულობენ, სადაც ბევრი წიგნი ითარგმნება, სადაც წიგნს აფასებენ. ამ კუთხით მინდა ხაზი გავუსვა ქართველი ფრანკოფონების, კერძოდ, ფრანგული რენესანსის ქართული დელეგაციისა და მისი პრეზიდენტის, საქართველოს ფრანკოფონიის და ზოგადად ფრანკოფონიის საყრდენის, ქ-ნი მზაღო დოხტურიშვილის მოღვაწეობის მნიშვნელობას. ემერიტუსის პროფესორი, სამეცნიერო და კულტურული ფრანკოფონიის ძალიან ერთგულია. ფრანგულენოვანი ოჯახის შეკრების შემდეგ, დაწესდა ქართული გონკურის პრემია ქართველი მკითხველის მიერ შერჩეული ფრანგულენოვანი ავტორების დასაჯილდოებლად. ამასთან, გამოცემა Agora – სპეციალიზირებულია ფრანგულენოვანი ნაწარმოებების ქართული თარგმანების რედაქტირებაში, ისევე როგორც ყველა სხვა გამომცემლობასა და სკოლაში, უნივერსიტეტებში, რომლებიც ეძღვნება ფრანგული ენის პოპულარიზაციას და განვითარებას, ფრანგული სკოლა – მთავარი სახლი და ემბლემური ადგილია ფრანგულენოვანი ადამიანებისთვის, უფრო მეტიც, ჩემი შვილები იქ სწავლობენ, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ოჯახური ტრადიცია ფრანგულენოვანი სამყაროს შესახებ.

ჩვენი ხელოვანები, კინორეჟისორები და მეცნიერები, ისევე როგორც ჩვენი უახლესი წარსულიდან ამ სფეროების წარმომადგენელი დიდებული ადამიანები, ინარჩუნებენ ძალიან მჭიდრო კავშირებს საფრანგეთთან და ფრანგულენოვან სამყაროსთან, ჩამოაქვთ ცოდნა საქართველოში და აცნობენ მას საზღვარგარეთ. ასევე, ვემზადებით პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობისთვის, სადაც საქართველო იქნება საპატიო სტუმარი ერთ-ერთ მომდევნო გამოცემაზე და წარადგენს თავისი ლიტერატურის, პოეზიისა და კულტურის საგანძურებს ფრანგულ ენაზე.

ჩვენმა მთავრობამ დააწესა სტიპენდიები ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ განათლება მიიღონ ფრანგულ და ფრანგულენოვან უნივერსიტეტებში, ჩვენ მათ ამის საშუალებას ვაძლევთ საფრანგეთის მთავრობასთან ერთად, თბილისში მათი საელჩოს მეშვეობით. განათლების საერთაშორისო ცენტრი გულდასმით ირჩევს სწავლისა და ტრენინგის მსურველ ახალგაზრდა კანდიდატებს, რათა მათ შემდეგ შეძლონ დიდ უნივერსიტეტებში და საერთაშორისო სკოლებში შეძენილი ცოდნა საქართველოს საკეთილდღეოდ გამოიყენონ. ამ კონტექსტში, მინდა, მადლობა გადავუხადო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის.

გასულ წელს ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას AUF-სა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის საქართველოში უმაღლესი განათლებისა და კვლევის განვითარებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. ამ ჩარჩო შეთანხმების მეშვეობით, სამინისტრო, AUF-თან ერთად, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების, კვლევებისა და ფრანგულენოვანი ინოვაციების განვითარებას. ეს შეთანხმება არის იმის კარგი მაგალითი, რომ ჩვენი მთავრობა მზად არის, განავითაროს სამეცნიერო ფრანკოფონია იმ ექვსი ქართული უნივერსიტეტის სასარგებლოდ, რომლებიც AUF-ის წევრები არიან. AUF-ის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები და მკვლევარები მონაწილეობენ საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში ფრანკოფონიის წევრ ქვეყნებთან.

გარდა ამისა, მიმდინარეობს კიდევ ერთი სასწავლო პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციას (OIF) შორის „ეროვნული ფრანკოფონური ინიციატივების (IFN)“ პროგრამის ფარგლებში – ქართველი დიპლომატების სასწავლო პროგრამა ფრანგულენოვანი დიპლომატების კორპუსის გასაძლიერებლად.

იმედი მაქვს, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს აღზევებას ფრანგულენოვან ოჯახში, ფრანგულის სწავლების გაძლიერებას ქართულ სკოლებში და ამით ამ ენის უფრო ხშირ გამოყენებას დიპლომატიასა და პოლიტიკურ წრეებში. ფრანკოფონია, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება ქალებისა და მამაკაცებისგან, რომლებმაც იციან მშვიდობის, თავისუფლებისა და სოლიდარობის ღირებულებების მნიშვნელობა; თქვენ ჩვენ გადმოგვცემთ ჩვენთვის ძვირფას ღირებულებებს. განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში მთელი მსოფლიოსთვის. საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს, ამიტომ ჩვენი ვალია გავიაროთ ეს ეტაპი სიბრძნით და მოთმინებით, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ გონიერებითა და წინდახედულებით, ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზე და მივცეთ ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა, რათა დაკმაყოფილდეს ჩვენი მოსახლეობის მოლოდინები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსთაველის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქართული საბავშვო ლიტერატურა: „დედაენიდან“ სალამურამდე“ წარდგენა გაიმართა

გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ქართული საბავშვო ლიტერატურა: „დედაენიდან“ სალამურამდე“ პრეზენტაცია. პროექტის მიზანია ქართველი საბავშვო მწერლების, მათი შემოქმედების წარმოჩენა – პოპულარიზაცია როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით. კონკურსის ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმები ფართო საზოგადოებას გააცნობს იმ ქართველი ავტორების ცხოვრებასა და შემოქმედებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებაში: იაკობ გოგებაშვილს, აკაკი წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, შიო მღვიმელს, ეკატერინე გაბაშვილს, რევაზ ინანიშვილს, ოტია იოსელიანსა და ნოდარ დუმბაძეს.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა ისაუბრა ფონდის პრიორიტეტებზე, მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის მნიშვნელობაზე, რომლის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში; მან აღნიშნა, რომ ფონდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერას, რომელთა მიზანი ქართული მწერლობის, განსაკუთრებით კი ქართული საბავშვო მწერლობის პოპულარიზაციაა.

პროექტის ხელმძღვანელმა, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტმა, პროფესორმა ირმა რატიანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული პროექტი რიგით მესამეა მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის ფარგლებში, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტმა ბოლო სამი წლის განმავლობაში შეასრულა: „პროექტი ორიენტირებულია ქართულ საბავშვო მწერლობაზე, „კეთილ ლიტერატურაზე“, სხვადასხვა თაობის წამყვანი ქართველი ლიტერატურათმცოდნეები ჰყვებიან კლასიკოსი საბავშვო მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ“.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მაკა ელბაქიძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ზაქარია ქიტიაშვილმა, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის წარმომადგენელმა, ლეილა ზაბახიძემ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველმა, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ და სხვებმა.

პროექტის წარმდგენი ორგანიზაციებია კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი; თანამონაწილე და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია კი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.