რუსთაველის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქართული საბავშვო ლიტერატურა: „დედაენიდან“ სალამურამდე“ წარდგენა გაიმართა

170
spot_img

გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ქართული საბავშვო ლიტერატურა: „დედაენიდან“ სალამურამდე“ პრეზენტაცია. პროექტის მიზანია ქართველი საბავშვო მწერლების, მათი შემოქმედების წარმოჩენა – პოპულარიზაცია როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით. კონკურსის ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმები ფართო საზოგადოებას გააცნობს იმ ქართველი ავტორების ცხოვრებასა და შემოქმედებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებაში: იაკობ გოგებაშვილს, აკაკი წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, შიო მღვიმელს, ეკატერინე გაბაშვილს, რევაზ ინანიშვილს, ოტია იოსელიანსა და ნოდარ დუმბაძეს.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა ისაუბრა ფონდის პრიორიტეტებზე, მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის მნიშვნელობაზე, რომლის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში; მან აღნიშნა, რომ ფონდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერას, რომელთა მიზანი ქართული მწერლობის, განსაკუთრებით კი ქართული საბავშვო მწერლობის პოპულარიზაციაა.

პროექტის ხელმძღვანელმა, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტმა, პროფესორმა ირმა რატიანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული პროექტი რიგით მესამეა მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის ფარგლებში, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტმა ბოლო სამი წლის განმავლობაში შეასრულა: „პროექტი ორიენტირებულია ქართულ საბავშვო მწერლობაზე, „კეთილ ლიტერატურაზე“, სხვადასხვა თაობის წამყვანი ქართველი ლიტერატურათმცოდნეები ჰყვებიან კლასიკოსი საბავშვო მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ“.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მაკა ელბაქიძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ზაქარია ქიტიაშვილმა, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის წარმომადგენელმა, ლეილა ზაბახიძემ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველმა, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ და სხვებმა.

პროექტის წარმდგენი ორგანიზაციებია კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი; თანამონაწილე და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია კი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.