Home Blog Page 1728

 “რეალობაა, რომ, ნატო-ს სტანდარტების მიხედვით, საქართველო დიდი ხანია, მზად არის წევრობისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება დამოკიდებულია ნატო-ზე”- გურამ მაჭარაშვილი 

რეალობაა, რომ, ნატო-ს სტანდარტების მიხედვით, საქართველო დიდი ხანია, მზად არის წევრობისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება დამოკიდებულია ნატო-ზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ნატო-ს კომუნიკეში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა ჩაიწერა და რუსეთის ფედერაციას ისევ მოუწოდეს, რომ საქართველოდან ჯარები გაიყვანოს.

ნატო-მ საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა და ასევე არის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. იქ ცოტა ვრცელი ტექსტია და ამის მიზეზები გასაგებია, რადგან, სამწუხაროდ, უკრაინაში ომი მიმდინარეობს. თარიღი, თუ როდის უნდა მიიღონ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში, ისევ არ არის დასახელებული. ამიტომ სპეკულაციებს ყველამ თავი დაანებოს, ჩავხედოთ დოკუმენტს და გეოპოლიტიკურ ვითარებას გადავხედოთ. რეალობაა ის, რომ, ნატო-ს სტანდარტების მიხედვით, ჩვენ დიდი ხანია, მზად ვართ ამისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება დამოკიდებულია ნატო-ზე.

საქართველოს უახლესი ისტორია ნატო-სთან მიმართებაში ისეთია, რაც არცერთ არა ნატო-ს წევრ ქვეყანას არ აქვს. ბაიდენმა უკრაინასთან მიმართებაში თქვა, რომ უკრაინა ნატო-ში ჩვეულებრივ იქნება მიღებული, როგორც ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნები, ყოველგვარი შეღავათის გარეშე. თუ ბაიდენის პოზიცია გაინტერესებთ, ეს არის, რაც მან ორი კვირის წინ თქვა“, – განაცხადა მაჭარაშვილმ

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობას აბრძვიან – დეტალები

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობაა. სტიქიურმა უბედურებმა განსაკუთრებით ინდოეთის დედაქალაქი დელი დააზიანა, სადაც მდინარეების ადიდებამ საცხოვრებელი ზონების დატბორვა გამოიწვია.

BBC-ის ინფორმაციით, მდინარე იამუნაში წყლის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც ბოლო 45 წლის მანძილზე არ განმეორებულა.

სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე საჭირო გახდა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე უხვ ნალექებს ინდოეთში სულ მცირე 88 ადამიანი ემსხვერპლა.

“ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება – სამწუხაროდ, ფიზიკურად ძალიან უჭირს” – ანდრია ჯაღმაიძე

ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება – სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან დიდი დატვირთვაა წირვა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, ილია მეორის მოღვაწეობას გამოარჩევდა ის, რომ დღესასწაულებსა და წირვა-ლოცვებს არ ტოვებდა.

„ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება. მისი მოღვაწეობის პერიოდში პატრიარქი გამოირჩეოდა იმით, რომ არ ტოვებდა არცერთ წირვა-ლოცვასა და დღესასწაულს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან დიდი დატვირთვაა წირვა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრების” – სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.

წირვა – ლოცვას სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

“პარტიაში ჩემი ყოფნის დროსაც ჩანდა, რომ გიორგი ვაშაძის პარტია იქნებოდა ინტეგრირებული „ნაციონალურ მოძრაობაში“

პარტიაში ჩემი ყოფნის დროსაც ჩანდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, გიორგი ვაშაძის პარტია იქნებოდა ინტეგრირებული „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი უნდა იყოს არა სიები ან პრემიერ/მინისტრობის კანდიდატები, არამედ „ქართული ოცნების“ დამარცხების სერიოზული გეგმა.

„სიურპრიზი არ ყოფილა ჩემთვის. მე არ მგონია, რომ რამე დამატებითი ხმები შევიდეს ამით პარტიაში, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები ძირითადად არის მიხეილ სააკაშვილის ხმები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ცალკე სხვა ორბიტაზე, სხვა ცენტრების შექმნა, სადაც ოპოზიციამ ნამდვილად სერიოზული სამუშაო უნდა გასწიოს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ასეთი გეგმაც იქნება, თუმცა ასევე არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თუ „ქართული ოცნება“ დაინახავს ცენტრების გამსხვილების საშიშროებას, ბარიერი დაწიოს და ამით ხელი შეუშალოს ოპოზიციას, თუმცა ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი. მთავარი უნდა იყოს არა სიები, ან პრემიერ/მინისტრობის კანდიდატები, არამედ „ქართული ოცნების“ დამარცხების სერიოზული გეგმა. ახლა ხელშესახები შედეგები გვჭირდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

“წმინდა ექსპორტის ზრდა მიმდინარეობდა ლარის გამყარების პირობებში, რაც ექსპორტის ზრდაზე ნეგატიურ ეფექტს ატარებს”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი – გიორგი ცუცქირიძე

ეკონომიკის აქტივობის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ინდიკატორს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა წარმოადგენს. 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ წინასწარი მონაცემებით 10 266.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე მთელი 20.1 პროცენტით მეტია.

ნიშანდობლივია, რომ მეორე კვარტლის ბოლოს ექსპორტი 3 050.4 მლნ. აშშ დოლარი იყო და გაიზარდა 19.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7 215.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 20.4 პროცენტით).

ამასთან, ივნისში ექსპორტი გასული წლის ივნისთან შედარებით გაიზარდა 22%-ით, ხოლო იმპორტი 10 %-ით, რამაც უზრუნველყო უარყოფითი სავაჭრო სალდოს სავაჭრო ბრუნვასთან მნიშვნელოვანი შემცირება 37, 9 %-მდე, რაც თავის მხრივ ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ექსპორტის იმპორტზე გადაფარვის ზრდის დადებითი ტენდენციის მანიშნებელია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ წმინდა ექსპორტის ზრდა მიმდინარეობდა ლარის გამყარების პირობებში, რაც ექსპორტის ზრდაზე ნეგატიურ ეფექტს ატარებს, ჩვენ რეალურად ვხედავთ ბოლო წლებში სამთავრობო სტრატეგიის დადებითს ზეგავლენას ეკონომიკის ტრანსფორმაციაზე, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის და ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ხელშემწყობი სამთავრობო პროგრამების შედეგია, რასაც ემატება რეექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლებიც, ქვეყნის სტაბილიზაციის და შუა დერეფნის გაზრდილი ფუნქციონალური დატვირთვიდან გამომდინარე!

მთლიანობაში, მეორე კვარტლის ბოლოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა გვიჩვენებს წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური აქტივობის ტენდენციასაც, და თუ გავითვალისწინებთ, რომ ექსპორტი ტრადიციულად წლის მეორე ნახევარში ხასიათდება ზრდის მაღალი დინამიკით, ეკონომიკური ზრდა გადააჭარბებს წლის პირველი კვარტლის დაკორექტირებულ მაჩვენებელს, რაც 7.7 %-ით განისაზღვრა და სავარაუდოდ 8.5-9 %-ის ფარგლებში იქნება და ამჯერადაც გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელებია(4.5-5%).

“ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალური შესაძლო შედეგი მიიღო – საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო”

ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალური შესაძლო შედეგი მიიღო. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს, რითაც ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტს გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა.

„რადგან ქართველი ხალხი მისკენ ისწრაფვის, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ,“ – წერს გახარია.

“ომის დასრულების სამი ვარიანტი არსებობს – გამარჯვება, მარცხი ან „მინსკი-3” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების სამი ვარიანტი არსებობს. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს უკრაინის გამარჯვება, მარცხი ან „მინსკი-3“.

„თუ გავიმარჯვებთ, იარსებებს უკრაინა, რომელიც რეგიონში დომინანტურ როლს შეასრულებს და ძალიან ნათელი პარტნიორული ურთიერთობები ექნება. უკრაინა შეძლებს ჯარის მოდერნიზებას და ეფექტური არმია ეყოლება. რუსეთთან გვექნება დემილიტარიზებული ზონა, მოსკოვს ჩამოართმევენ გარკვეული სიშორის მოქმედების რაკეტებს, ჩატარდება სამიტი რუსეთის ბირთვულ არსენალზე კონტროლის საკითხებში.

თუ ომში დავმარცხდებით, უკრაინა რამდენიმე წელიწადში შეწყვეტს არსებობას. არსებობს მესამე ვარიანტიც, რომელშიც ჩვენ არ დავმარცხებულვართ, მაგრამ გვაქვს გამყოფი ხაზი – „მინსკი 3“. ეს ნელ სიკვდილს ნიშნავს, შეგვაერთებენ აპარატზე, რომელიც სიცოცხლეს შეგვინარჩუნებს. ამ შემთხვევაში უკრაინაში სახელმწიფოებრიობა აღარ იარსებებს“, – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

მისივე თქმით, შესაბამისად, უკრაინის წინაშე ძალიან მარტივი არჩევანი დგას: გამარჯვება ან მარცხი.

“მინდა მადლობა გადავუხადო მატეუშ მორავეცკის, ვისი თამადობითაც მოხდა პოლონელი ექიმების ჩამოსვლა”

გუშინ მალხაზ ურთქმელიძემ გააკეთა განცხადება, [მიხეილ სააკაშვილი] კარგად გამოიყურებაო. ბატონი ურთქმელიძე ქალბატონი რომ ყოფილიყო, ეს ჩემს შვილს შეიძლება კომპლიმენტადაც მიეღო – მე რასაც ვუყურებ, იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, მან პოლონელ ექიმებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს, მადლობა გადაუხადა.

„ძალიან ბევრი საათი გაატარეს, ყველაფერს აქ ვერ გააკეთებდნენ, რაღაც რეკომენდაციებიც გასცეს ალბათ. წერილობითი ფორმითაც წარმოადგენენ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, პირველ რიგში, მატეუშ მორავეცკის, ვისი თამადობითაც მოხდა ეს ყველაფერი. მთელი ევროპა დადგა ფეხზე, ძალიან ბევრმა ევროპულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ჩემს შვილზე სტატიები. ძალიან გამამხნევებელი იყო პრეზიდენტ ბაიდენის გუშინდელი განცხადება, რომელმაც ქართველ ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდა. დღეს მაგალითად, სისხლის გადასხმას აპირებენ, ვერ არის ფორმაში. გუშინ მალხაზ ურთქმელიძემ გააკეთა განცხადება, კარგად გამოიყურებაო. ბატონი ურთქმელიძე ქალბატონი რომ ყოფილიყო, ეს ჩემს შვილს შეიძლება კომპლიმენტადაც მიეღო. შექმნილ ვითარებაში, რა ვიცი რა გითხრათ.

მე რასაც ვუყურებ, იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად. არ მაქვს ინფორმაცია პოლონელი ექიმები დღესაც გეგმავენ თუ არა მოსვლას. არ მაქვს არანაირი ინფორმაცია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

“საარჩევნო სიას ტექნიკურ საკითხად განვიხილავთ, ყველაზე დიდ დროს ვხარჯავთ მოქალაქეების კრიზისიდან გამოყვანაზე”

არ დაგვიმალავს, რომ პარტნიორებთან ვმუშაობთ. მოლაპარაკების პირველი ფაზა დასასრულს უახლოვდება, გვინდა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ახალი თაობის ლიდერებს ჰქონდეთ საქართველოს აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო სიას განიხლავენ, როგორც ტექნიკურ საკითხს, ყველაზე დიდ დროს კი საქართველოს მოქალაქეების კრიზისიდან გამოყვანაზე ხარჯავენ.

„ჩვენ არ დაგვიმალავს, რომ პარტნიორებთან ვმუშაობთ. მოლაპარაკების პირველი ფაზა დასასრულს უახლოვდება. როგორც კი თქმის უფლება გვექნება და შეთანხმება იქნება, ყველაფერს გაცნობებთ. ზეპარტიულობაში ვგულისხმობთ იმას, რომ საქართველო პარტიული ვიწრო ჩარჩოებიდან არ დავინახოთ, დავინახოთ პოლიტიკური პროცესი. გვინდა, ჩარჩო გავხსნათ და, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ახალი თაობის ლიდერებს ჰქონდეთ. საარჩევნო სიას განვიხილავთ, როგორც ტექნიკურ საკითხს. ჩვენ ყველაზე დიდ დროს ვხარჯავთ საქართველოს მოქალაქეების კრიზისიდან გამოყვანაზე. არ გვინდა, რომ საქართველოში სიკვდილი სიცოცხლეზე მეფობდეს. ბევრად მეტი გარდაცვალებაა, ვიდრე დაბადება, რაც კატასტროფაა. არ მინდა, თითქოს ჩვენ დათვის ტყავისა და თანამდებობების გადანაწილებით ვართ დაკავებული. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ პრობლემების მოგვარებისთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან მიმართებაში „ვივამედის“ ექიმების ტაქტიკას და ჩატარებულ კვლევებს დაეთანხმნენ

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პოლონელი ექიმები მათ მიერ მომზადებულ, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკას და ჩატარებულ კვლევებს დაეთანხმნენ.

მისივე თქმით, ის რეკომენდაციები, რაც პოლონელმა ექიმებმა კლინიკა „ვივამედის“ ექიმებს მისცეს, „ვივამედის“ მედიკოსებს პაციენტისთვის უკვე გაწეული ჰქონდათ.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, პოლონელ ექიმებთან კოლეგიალური შეხვედრა შედგა.

„გუშინ, ჩვენს კლინიკაში ვიზიტით პოლონელი კოლეგები იმყოფებოდნენ. ექიმების შემადგენლობა ასეთი იყო: ნეიროქირურგი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი და ტოქსიკოლოგი. შემიძლია გითხრათ, რომ მე და ჩვენი კოლეგები ძალიან კმაყოფილი ვართ, ნამდვილად კოლეგიალური შეხვედრა იყო. ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის მდგომარეობა და ჩატარებული წინა კვლევები. ნამდვილად ძალიან კოლეგიალური და კეთილგანწყობილი შეხვედრა იყო, განსხვავებით სხვა, წინა ექსპერტებისგან, რომლებიც ჩამოდიოდნენ და მათთან საერთოდ კომუნიკაცია არ გვქონდა. არა მარტო უცხოელი ექსპერტები, ასევე ქართველი ექსპერტები, რომელთაც, ფაქტობრივად, ჩვენი კლინიკის ექიმებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

რაც შეეხება მიმდინარე მკურნალობას, ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს. სხვა დანარჩენ დეტალებზე ალბათ, თვითონ გააკეთებენ განცხადებას. ის, რაც რეკომენდაციის სახით მოგვცეს, ჩვენ პაციენტისთვის რეკომენდებული გვქონდა, მაგრამ პაციენტი მაშინ უარს აცხადებდა იმ კვლევის ჩატარებაზე – თუნდაც, ფუნქციის ჩატარება ხერხემალზე, რომელზეც პაციენტმა არაერთხელ განაცხადა უარი, ეს მათაც შესთავაზეს. საუბარი იყო კვებასთან დაკავშირებულ საკითხზეც. ეს ყველაფერი ჩვენი საერთო აზრი იყო და საერთო გადაწყვეტილება, რის შესახებაც ისინი პაციენტს ესაუბრნენ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც ჩხაიძე ამბობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს წონაში მომატებული აქვს.

„მე ვერ გეტყვით პოლონელ ექიმებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მალხაზ ურთქმელიძესთან ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდათ და ჩვენი კლინიკის სხვა დანარჩენ ექიმებთან. რაც შეეხება წონაში მატებას, რა თქმა უნდა, არის წონაში მატება. მიხეილ სააკაშვილი წონაში მომატებულია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მე მგონი, პაციენტსაც უნდა ახარებდეს და მის გარემოცვასაც“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: წონაში მატება ხომ არ ნიშნავს, რომ ყოფილ პრეზიდენტს საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენ, ჩხაიძემ განაცხადა, რომ „წონაში მატება სადმე გადაყვანის განმსაზღვრელი არ არის.“

„მისი მდგომარეობა საყურადღებოა, თუნდაც ამ ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან , თუმცა ყველა პარამეტრი არის სტაბილური. ციხეში გადაყვანაზე საუბარი ჩვენთან არ არის“, – განაცხადა ჩხაიძემ.

„ზელენსკისადმი ჯო ბაიდენის მიმართვა „ვლადიმერი“, „ვოლოდიმირის“ ნაცვლად, პოპულარული გახდა“

„ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არასწორად მიმართა უკრაინის პრეზიდენტს“, – ნათქვამია ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ზელენსკისადმი ჯო ბაიდენის მიმართვა „ვლადიმერი“, „ვოლოდიმირის“ ნაცვლად, პოპულარული გახდა“ (ავტორი – ნიკ მორდოვანეცი).

„მე და ვლადიმერი… თუმცა ეს ძალიან ფამილარულად გამომდის… მისტერ ზელენსკი და მე“, – ამბობს ჯო ბაიდენი. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი მაინც გარკვეულ შეცდომას უშვებს: დასავლელი პარტნიორები უკრაინის პრეზიდენტზე საუბრისას მას ჩვეულებრივ „ვოლოდიმირად“ იხმობენ, ანუ მის სახელს უკრაინული ყაიდით ამბობენ და არა რუსული ენის მიხედვით. ჯო ბაიდენმა კი უკრაინის ლიდერი მისი მტრის – ვლადიმერ პუტინის სახელით მოიხსენია“.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ეს პირველი შეცდომა არ არის, რომელსაც ჯო ბაიდენი უშვებს. ამერიკის პრეზიდენტის უყურადღებობა პირველად ჟურნალისტმა პირს მორგანმა შენიშნა და ამის შესახებ თავის Twitter-ში დაწერა. მომხდარმა ფაქტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ჯო ბაიდენის შეცდომას ერთ-ერთმა „დაუჯერებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „დროა, ბერიკაცი [გადადგეს] და დამსახურებულად დაისვენოს“. ზოგიერთები კი თანაგრძნობა გამოხატეს ხანდაზმული ლიდერის მიმართ და აღნიშნეს, რომ ეს სახელები ერთმანეთს ჰგავს და შეიძლება ყველას შეეშალოს, არათუ 80 წლის პრეზიდენტს.

ნატოს ვილნიუსის სამიტში 31 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა. იყო შიში იმისა, რომ თურქეთის მხრიდან სკანდალი მოხდებოდა, მაგრამ რეჯეფ ერდოღანმა თანხმობა განაცხადა შვედეთის მიღებაზე. მას ჯო ბაიდენი შეხვდა და გადაწყვეტილება მოუწონა – „ფანტომების“ (ავიაგამანადგურებელ F-16-ების) მიცემას და სხვადასხვა პროექტების განხორციელებისათვის ხელშეწყობას დაპიორდა.

სტატიის ავტორის თქმით, სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს წევრი ქვეყნების სოლიდარობა უკრაინის მიმართ…

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც სამიტის დაწყებამდე უკმაყოფილებას გამოხატავდა და ალიანსს აკრტიკებდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კმაყოფილი დარცა მიღებული გადაწყვეტილებით, თუმცა მაინც დაიწუწუნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინა, ფინეთისა და შვედეთის მსგავსად, წევრად არ მიიწვიეს, ხოლო მიღების მიღების ვადები ზუსტად არ იქნა განსაზღვრული.

ამასთან, ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა სწორად მიიჩნია, რომ კიევი ნატოს წევრად არ მიიწვიეს – რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით. „ზელენსკისათვის რომ ნატოს წევრობა შეეთავაზებინათ, ეს წყალს პუტინის წისქვილზე დაასხამდა“, – ამბობს სტატიაში ამერიკელი გადამდგარი გენერალი ბარი მაკეფრი.

წყარო

28-30 ივლისს, ბათუმი რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის დღეების აღსანიშნავად, 28 ივლისს, თიბისი კონცეპტის, Visa-ს და საქართველოს რკინიგზის პარტნიორობის ფარგლებში, გთავაზობთ ჯაზ მატარებლით მომსახურებას, რომელიც თბილისიდან ბათუმში გამოგზაურებთ.

ჯაზ მატარებელი თბილისიდან 28 ივლისს, 10:50 საათზე დაიძრება.

მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებს SALIO.

მგზავრობისას გათვალისწინებულია:

  • ლანჩბოქსი და ტკბილეულობა
  • გამაგრილებელი სასმელი
  • სახალისო აქტივობები და საჩუქრები

ჯაზ მატარებელზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: tkt.ge/JazzTrain

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის ბარათითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. ჯაზ მატარებლით მგზავრობა უფასოა.

6 წლამდე ბავშვებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის ჯაზ ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.

იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

 

R