გუშინ მალხაზ ურთქმელიძემ გააკეთა განცხადება, [მიხეილ სააკაშვილი] კარგად გამოიყურებაო. ბატონი ურთქმელიძე ქალბატონი რომ ყოფილიყო, ეს ჩემს შვილს შეიძლება კომპლიმენტადაც მიეღო – მე რასაც ვუყურებ, იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდა ამისა, მან პოლონელ ექიმებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს, მადლობა გადაუხადა.
„ძალიან ბევრი საათი გაატარეს, ყველაფერს აქ ვერ გააკეთებდნენ, რაღაც რეკომენდაციებიც გასცეს ალბათ. წერილობითი ფორმითაც წარმოადგენენ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, პირველ რიგში, მატეუშ მორავეცკის, ვისი თამადობითაც მოხდა ეს ყველაფერი. მთელი ევროპა დადგა ფეხზე, ძალიან ბევრმა ევროპულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ჩემს შვილზე სტატიები. ძალიან გამამხნევებელი იყო პრეზიდენტ ბაიდენის გუშინდელი განცხადება, რომელმაც ქართველ ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდა. დღეს მაგალითად, სისხლის გადასხმას აპირებენ, ვერ არის ფორმაში. გუშინ მალხაზ ურთქმელიძემ გააკეთა განცხადება, კარგად გამოიყურებაო. ბატონი ურთქმელიძე ქალბატონი რომ ყოფილიყო, ეს ჩემს შვილს შეიძლება კომპლიმენტადაც მიეღო. შექმნილ ვითარებაში, რა ვიცი რა გითხრათ.
მე რასაც ვუყურებ, იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად. არ მაქვს ინფორმაცია პოლონელი ექიმები დღესაც გეგმავენ თუ არა მოსვლას. არ მაქვს არანაირი ინფორმაცია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.