“წმინდა ექსპორტის ზრდა მიმდინარეობდა ლარის გამყარების პირობებში, რაც ექსპორტის ზრდაზე ნეგატიურ ეფექტს ატარებს”

152
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი – გიორგი ცუცქირიძე

ეკონომიკის აქტივობის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ინდიკატორს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა წარმოადგენს. 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ წინასწარი მონაცემებით 10 266.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე მთელი 20.1 პროცენტით მეტია.

ნიშანდობლივია, რომ მეორე კვარტლის ბოლოს ექსპორტი 3 050.4 მლნ. აშშ დოლარი იყო და გაიზარდა 19.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7 215.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 20.4 პროცენტით).

ამასთან, ივნისში ექსპორტი გასული წლის ივნისთან შედარებით გაიზარდა 22%-ით, ხოლო იმპორტი 10 %-ით, რამაც უზრუნველყო უარყოფითი სავაჭრო სალდოს სავაჭრო ბრუნვასთან მნიშვნელოვანი შემცირება 37, 9 %-მდე, რაც თავის მხრივ ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ექსპორტის იმპორტზე გადაფარვის ზრდის დადებითი ტენდენციის მანიშნებელია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ წმინდა ექსპორტის ზრდა მიმდინარეობდა ლარის გამყარების პირობებში, რაც ექსპორტის ზრდაზე ნეგატიურ ეფექტს ატარებს, ჩვენ რეალურად ვხედავთ ბოლო წლებში სამთავრობო სტრატეგიის დადებითს ზეგავლენას ეკონომიკის ტრანსფორმაციაზე, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის და ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ხელშემწყობი სამთავრობო პროგრამების შედეგია, რასაც ემატება რეექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლებიც, ქვეყნის სტაბილიზაციის და შუა დერეფნის გაზრდილი ფუნქციონალური დატვირთვიდან გამომდინარე!

მთლიანობაში, მეორე კვარტლის ბოლოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა გვიჩვენებს წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური აქტივობის ტენდენციასაც, და თუ გავითვალისწინებთ, რომ ექსპორტი ტრადიციულად წლის მეორე ნახევარში ხასიათდება ზრდის მაღალი დინამიკით, ეკონომიკური ზრდა გადააჭარბებს წლის პირველი კვარტლის დაკორექტირებულ მაჩვენებელს, რაც 7.7 %-ით განისაზღვრა და სავარაუდოდ 8.5-9 %-ის ფარგლებში იქნება და ამჯერადაც გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელებია(4.5-5%).