Home Blog Page 1722

“უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ” – დიმიტრი პესკოვი

ევროკავშირში გაწევრიანების მკაცრს კრიტერიუმებს ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა ვერ აკმაყოფილებენ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეიძლება წლების ან ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს.

“ევროკავშირს ყოველთვის ჰქონდა გაწევრიანების მკაცრი კრიტერიუმები და ამ დროისთვის აშკარაა, რომ ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ახლა „თავის ისტორიაში არცთუ საუკეთესო პერიოდი უდგას“, როგორც ბლოკის ფუნქციონირების, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით და ცხადი ხდება, რომ კიევთან და კიშინიოვთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება აბსოლუტურად პოლიტიზებულია.

„ევროკავშირის სურვილია ამ გზით გამოხატოს მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ ახალ წევრებს რეალურად ევროკავშირის დესტაბილიზაცია შეუძლიათ“, – აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რაც ხდება, რადგან ის იმავე კონტინენტზეა, რომელზედაც ევროკავშირი.

პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საშემოდგომო სესია დატვირთული და საინტერესო იყო.

„რაც მთავარია, შედეგიანი საშემოდგომო სესია გვქონდა, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამაში უდიდესი წვლილი აქვს საქართველოს პარლამენტს. გვინდა ყველა კოლეგას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ვინც მხარი დაუჭირა იმ ცვლილებებს, რომელმაც განაპირობა ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება, მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში, თებერვლის პირველ სამშაბათს განაახლებს.

უცხოური ვალუტის კურსი 16 დეკემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6816 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9406 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9300 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0106 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“მჯერა, მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ძალიან მალე გაიტანს საბოლოო გოლს”

მჯერა, მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მალე გაიტანს საბოლოო გოლს, მიაღწევს საბოლოო გამარჯვებას და გავხსნით მოლაპარაკებას ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„გილოცავთ, ეს მართლაც ძალიან დიდი გამარჯვებაა. ეს გამარჯვება არის საქართველოს და ქართველი ხალხის. ამ გადაწყვეტილებით ევროპამ დაამარცხა რუსეთი და ქართველმა ხალხმა დაამარცხა რუსული რეჟიმი. ეს არის რეალობა და ეს არის გამარჯვება. ფუჭად ცდილობს რუსული ოცნება, რომ მიითვისოს ეს გამარჯვება, რადგან ეს არის მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება.

ეს გამარჯვება ქართველი ხალხის ერთიანობამ მოიტანა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა მოგვცა შანსი, შევცვალოთ რუსული ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა შეცვალოს რუსული რეჟიმი და სწორედ შემდეგ შევძლებთ, შევიდეთ ევროპაში და გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ადამიანი, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა იყოს ჩვენთან, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირველმა ააფრიალა ევროკავშირის დროშა. თქვენ ხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გული აქ არის და ის ქართველ ხალხთან ერთად, ამ გამარჯვებასთან ერთად არის. მჯერა, მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მალე გაიტანს საბოლოო გოლს, მიაღწევს საბოლოო გამარჯვებას და ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებას ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ზელენსკიმ დასავლეთის მოლოდინი არ გაამართლა” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთი მოლოდინები არ გაამართლა.

მისი მტკიცებით, მოსკოვს ესმის საუბრები იმის შესახებ, რომ დროა ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას დახმარება შეუმცირონ.

„ეს არ არის მხოლოდ საუბარი. ზელენსკის რეჟიმის მხარდასაჭერად ფულის მოძიებასთან დაკავშირებით სირთულეები უკვე იქმნება როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში. ზელენსკის რეჟიმმა აშკარად არ გაამართლა მოლოდინი, აშკარად ვერ ითამაშა იმ ინსტრუმენტის როლი, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრიდა და მოსპობდა ყველაფერს რუსულს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ეს რეჟიმი აკონტროლებს“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დროა, ნატო-მ და ევროკავშირმა გააცნობიერონ, რომ ომი, რომელიც მათ ზელენსკის რეჟიმის ხელით წამოიწყეს, ჩიხურ მდგომარეობაშია.

„თქვენ გესმით შეფასებები, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირში საღი გონების პოლიტიკოსები აჟღერებენ. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. დროა გააცნობიერონ ომის სრული ჩიხი, რომელიც ზელენსკის რეჟიმის ხელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაიწყეს”, – აღნიშნა ლავროვმა.

პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის თანახმადაც 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობები გაუქმდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გაუქმდება ის არაელექტრონული პირადობის მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდე გაიცა.

ცვლილებების თანახმად, აღნიშნული დოკუმენტის მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ ახალ პირადობის მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.

„პროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით – ID-ბარათებით – შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა მანამდე დაამტკიცა პროექტი, რომლის თანახმად, ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.

“ადამიანები, ვინც კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასს ადარებდა და ამბობდნენ, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, ზეიმობენ ამ დღეს”

ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, გავატაროთ სწრაფი რეფორმები და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა ღირსეულად ფრიალებდეს მსოფლიო ცივილიზაციასთან ერთად ბრიუსელში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„ვულოცავ მთელს საქართველოს, ქართველ ხალხს. პირველ რიგში, ეს თქვენი, ქართველი ხალხის დამსახურებაა. სრულიად ევროპამ, ევროპელმა ლიდერებმა შეისმინეს თქვენი ხმა და მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს არის ჩვენი წინაპრების გამარჯვება, ეს არის ილიას გამარჯვება, ეროვნული მოძრაობის ლიდერების, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გამარჯვება, ეს არის მიშას იდეის გამარჯვება და პირველ რიგში, ეს არის იმ ახალგაზრდების გამარჯვება, რომლებიც დაუპირისპირდნენ რუსულ კანონს და წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის მიუხედავად გაიტანეს გამარჯვების გოლი.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს ადამიანები, ვინც კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასს ადარებდა და ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს კანდიდატის სტატუსს, ზეიმობენ ამ დღეს. ეს არის ხალხო თქვენი გამარჯვება.

მინდა მივულოცო მოლდოვასა და უკრაინას, რომ მათ დაიწყეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება. რომ არა ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა, ჩვენც მათთან ერთად დავიწყებდით კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკებას. მაგრამ ჩვენი გამარჯვება კიდევ წინ არის. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, გავატაროთ სწრაფი რეფორმები და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა ღირსეულად ფრიალებდეს მსოფლიო ცივილიზაციასთან ერთად ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან ერთად და ამას აუცილებლად მივაღწევთ!“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 1 763 354 000  ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია. აქედან მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს 1 254 000 000 ლარს, ხოლო 500 000 000 ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი. გარდა ამისა, 2024 წელს დონორების დაფინანსება შეადგენს 63 მლნ ლარს.

ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გადასახადები შეადგენს 918 მლნ ლარს. მათ შორის, ქონების გადასახადი არის 275 მლნ ლარი, სადაც საწარმოთა ქონების გადასახადზე დაგეგმილია 225 მლნ ლარი, ფიზიკური პირის ქონების გადასახადზე – 30 მლნ, ხოლო მიწის გადასახადზე – 20 მლნ ლარი. დამატებული ღირებულების გადასახადი დაგეგმილია 643 მლნ ლარის ოდენობით.

სხვა შემოსავლებში მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს 280 მლნ ლარი. მათ შორის, შემოსავალი საკუთრებიდან – 9 მლნ ლარი, პროცენტები – 3 მლნ ლარი, იჯარა – 6 მლნ ლარი, საქონლის და მომსახურების რეალიზაცია – 165 მლნ ლარი; ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლებიდან – 18 მლნ ლარი; სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელში დაგეგმილია 70 მლნ ლარი, დასუფთავების შემოსავალი – 75 მლნ ლარი, ხოლო პრივატიზაცია დაგეგმილია 55 მლნ ლარის ოდენობით.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯების ოდენობა წარმოადგენს  547 მლნ ლარს, რაც 2023 წელს ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯთან შედარებით 31 მლნ ლარით მეტია. რაც შეეხება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებას, იგეგმება  507 ლარის ღირებულების პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.

“უნგრეთს შეუძლია უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერება”

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთს შეუძლია უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერება. ამის შესახებ ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს არის ცუდი გადაწყვეტილება. ჩვენ შეგვიძლია, ეს პროცესი მოგვიანებით შევაჩეროთ და თუ საჭირო იქნება, ჩვენს მუხრუჭს დავაჭერთ და საბოლოოდ გადაწყვეტილება უნგრეთის პარლამენტის მიერ იქნება მიღებული“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვეტო დაადო უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, მან ეს გააკეთა იმისთვის, რათა დარწმუნებულიყო, რომ უნგრეთი მიიღებს დაფინანსებას ევროკავშირის ბიუჯეტიდან.

„ეს არის დიდი შესაძლებლობა უნგრეთისთვის, მკაფიოდ განაცხადოს, რომ მან უნდა მიიღოს ის, რისი უფლებაც აქვს და არა ამის ნახევარი ან მეოთხედი“, – განაცხადა ორბანმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის სამიტამდე ევროკომისიამ უნგრეთისთვის გაყiნული ფონდიდან 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ევროკავშირს უნგრეთისთვის განკუთვნილი 22 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა ჰქონდა გაყინული კორუფციასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 12.7 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 12.7 პროცენტით გაიზარდა და 14 246.6 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ელექტროენერგიის წარმოების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო გაზრდილი წყალმოდინებით.

გარდა ამისა, 2022 წლის განმავლობაში მოპოვებულია 36.6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი, რაც 2021 წელთან შედარებით 3.1 პროცენტით მეტია, 146.3 ათასი ტონა ქვანახშირი, რაც წინა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.1 პროცენტით ჩამორჩება და 14.6 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი – კლებამ წინა წელთან შედარებით 8.8 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება 11.4 პროცენტით შემცირდა და 1 113.5 ათასი მ3 შეადგინა. წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი – 78.1 პროცენტი მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია 13.3 პროცენტით, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.

უწყების ინფორმაციით, 2022 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 13 385.5 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც 2.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2022 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3 361.0 მილიონი მ3, რაც წინა წელთან შედარებით 20.0 პროცენტით მეტია, ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 528.7 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 13.6 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2021 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება 9.4 პროცენტით გაიზარდა შინამეურნეობების სექტორში. მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა საგზაო ტრანსპორტში და მრეწველობის ცალკეულ დარგებში.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 375.4 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, რაც წინა წელთან შედარებით 1.1 პროცენტით მეტია. ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 41.8 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები – 27.1 პროცენტით და ელექტროენერგია – 22.2 პროცენტით. წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4.5 პროცენტს შეადგენს ქვანახშირი, ხოლო დარჩენილი 4.4 პროცენტი მოდის ბიოსაწვავზე, გეოთერმულ და მზის ენერგიაზე.

2022 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის და შინამეურნეობების სექტორები, რომლებზეც მოდის მთლიანი მოხმარების, შესაბამისად 31.1 და 30.4 პროცენტი. რაც შეეხება სხვა დარგებს, 18.1 პროცენტი – მრეწველობის, 4.3 პროცენტი – მშენებლობის, 0.6 პროცენტი – სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 15.6 პროცენტი – კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.

“დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის სრულყოფის პროცესი დაწყებულია” – შალვა ოგბაიძე

„დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის სრულყოფის პროცესი დაწყებულია, აქტიურ ფაზაშია და  გეგმაზომიერად მიმდინარეობს“, –  განაცხადა თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ანგარიში მოისმინეს და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

„სატრანსპორტო პოლიტიკა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  სწორედ ამიტომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა  საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებაზეა ორიენტირებული“,  –  განაცხადა საკრებულოს წევრმა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების, სრულყოფის და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიმართულებით წელსაც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა.

„რა თქმა უნდა, რეფორმას თან ახლავს გარდამავალი და საადაპტაციო პერიოდისათვის დამახასიათებელი სირთულეები, თუმცა  უმთავრესია ის, რომ სისტემის სრულყოფის პროცესი დაწყებულია, აქტიურ ფაზაშია და მიმდინარეობს გეგმაზომიერად, რასაც მოწმობს თუნდაც ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა: 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, მეტროს ვაგონების განახლება თუ მიმდინარე მსხვილი საგზაო  ინფრასტრუქტურული პროექტები ხორცშესხმა და სხვა.

ეს ყოველივე ერთობლიობაში მიუთითებს, რომ ტრანსპორტის განვითარება, დედაქალაქის მაცხოვრებელთა სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი გადაადგილება კვლავაც დედაქალაქისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება დედაქალაქისთვის“,  – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

სააგენტოს ცნობითვე, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დედაქალაქის გარეუბნებში დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28 – 30 მ/წმ-დე.

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.