“მჯერა, მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ძალიან მალე გაიტანს საბოლოო გოლს”

16
spot_img

მჯერა, მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მალე გაიტანს საბოლოო გოლს, მიაღწევს საბოლოო გამარჯვებას და გავხსნით მოლაპარაკებას ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„გილოცავთ, ეს მართლაც ძალიან დიდი გამარჯვებაა. ეს გამარჯვება არის საქართველოს და ქართველი ხალხის. ამ გადაწყვეტილებით ევროპამ დაამარცხა რუსეთი და ქართველმა ხალხმა დაამარცხა რუსული რეჟიმი. ეს არის რეალობა და ეს არის გამარჯვება. ფუჭად ცდილობს რუსული ოცნება, რომ მიითვისოს ეს გამარჯვება, რადგან ეს არის მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება.

ეს გამარჯვება ქართველი ხალხის ერთიანობამ მოიტანა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა მოგვცა შანსი, შევცვალოთ რუსული ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა შეცვალოს რუსული რეჟიმი და სწორედ შემდეგ შევძლებთ, შევიდეთ ევროპაში და გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ადამიანი, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა იყოს ჩვენთან, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირველმა ააფრიალა ევროკავშირის დროშა. თქვენ ხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გული აქ არის და ის ქართველ ხალხთან ერთად, ამ გამარჯვებასთან ერთად არის. მჯერა, მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მალე გაიტანს საბოლოო გოლს, მიაღწევს საბოლოო გამარჯვებას და ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებას ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.