ნატო-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადება, რომ ტერიტორიების დათმობით უნდა მოხდეს ალიანსში მიღება, ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რასაც ვამბობთ, რომ, სამწუხაროდ, ხდება მსოფლიოს დღის წესრიგის გადანაწილება და ამ ომში, რომელიც პირველ რიგში, უკრაინისთვისაა საზიანო, ხელს ითბობენ სულ სხვა ქვეყნები და ძალები, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის იმ განცხადებაზე, სადაც იენსენი აღნიშნავს: „ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება“.
მაჭარაშვილის თქმით, ეს განცხადება არც შემთხვევით გაკეთებულია და არც წამოცდენაა.
„ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ, სამწუხაროდ, ომი, რაც მიმდინარეობს ახლა უკრაინაში, არ არის, მათ შორის უკრაინის სასარგებლო და ამას იყენებს არაერთი ძალა მსოფლიოში, მათ შორის უკრაინის საწინააღმდეგოდ. ნატო-ს ხელმძღვანელობაში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადება, რომ ტერიტორიების დათმობით უნდა მოხდეს ნატო-ში მიღება და ეს იქნებოდა კარგი, ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ, სამწუხაროდ, ხდება მსოფლიოს დღის წესრიგის გადანაწილება და სამწუხაროდ, ამ ომში, რომელიც პირველ რიგში, არის საზიანო უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის, ხელს ითბობენ აბსოლუტურად სულ სხვა ქვეყნები და სხვა ძალები.
ეს მოცემულობაა დღეს და ნატო-ს ხელმძღვანელობაში მაღალჩინოსნის ასეთი განცხადება შემთხვევით არ კეთდება, ეს წამოცდენაც არაა, რადგან ასეთი წამოცდენა არამცთუ ხელმძღვანელს, რიგით წევრსაც არ შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს გათვლილია შორს მიმავალ გეგმებზე, რაც, სამწუხაროდ, აქვთ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს და ხელმძღვანელებს, რომლებსაც ახლა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სურთ ომი უკრაინაში და სურთ მეორე ფრონტი საქართველოში.
ამას ვამტკიცებდით მტკიცებულებებით და ახლა იქიდან მოდის მტკიცებულებები, ჩვენ მოპოვება აღარ გვჭირდება, ერთადერთი, ხალხს უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. სამწუხაროდ, ნატო-ს ხელმძღვანელობაც აღარ მალავს, რომ ქვეყნებმა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უნდა გააკეთონ არჩევანი ნატო-ში და ისიც გარანტირებული არ არის, არავინ ეუბნება უკრაინას, რომ თუ დათმობთ ტერიტორიებს, ნატო-ში მიგიღებთო. უბრალოდ, საუბარია, რომ როგორც ნატო-ს ხელმძღვანელობაში აცხადებენ, მოხდეს როგორმე ამ კონფლიქტის გაყინვა, ტერიტორიების დათმობის ხარჯზე. მითუმეტეს მასშტაბურად ისეთი მცირე ქვეყნები, როგორიც საქართველოა, არ უნდა მოექცნენ გლობალური კონფლიქტის არეალში, რადგან უკრაინა ათჯერ მეტია საქართველოზე, მაგრამ ხომ ხედავთ, რას უკეთებენ და საქართველოსთან მიმართებაში 10-ჯერ უარესი იქნებოდა. ამიტომ საჭიროა ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა, რაც აქვს ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.