Home Blog Page 1720

ისრაელი შეცდომით მოკლულ საკუთარ მოქალაქეებზე განმარტებებს აკეთებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ ღაზაში, შეცდომით მოკლულ ისრაელელ მძევლებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

სამხრეთ სარდლობის უფროსი ოფიცრის თქმით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი ბიჭები შენობიდან გამოდიოდნენ, ისინი ტანს ზემოთ შიშვლები იყვნენ და თეთრ დროშას აფრიალებდნენ.

ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ისრაელელმა ჯარისკაცმა ეს ფაქტი იხილა „საშიშროება იგრძნო, ცეცხლი გახსნა და დაიყვირა ტერორისტები“.

გამოძიების თანახმად, ამ ჯარისკაცმა ორი კაცი მოკლა, ხოლო მესამე, რომელიც  დაიჭრა, ისევ შენობაში დაბრუნდა, თუმცა, მოგვიანებით, ისიც გარდაიცვალა.

„ისრაელელმა ჯარისკაცებმა მოგვიანებით გაიგონეს, როგორ ითხოვდა ვიღაც დახმარებას ებრაულად და მეთაურმა მაშინვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება“, – აცხადებენ ისრაელის შეიარაღებულ ძალებში და ირწმუნებიან, რომ სამხედრო პირს ბიჭები ტერორისტები ეგონა.

ისრაელელი ოფიცრის თქმით, ბოლო დღეებში შეჯაიაში ჯარებმა მოკლეს სულ მცირე 38 პალესტინელი ტერორისტი.

,,ხანდახან მის ამ ქმედებებს უფრო პროვოკაციის სუნი ასდის, ვიდრე რაიმე რეალური სიკეთის”- ირაკლი ქადაგიშვილი

ხანდახან მის ამ ქმედებებს უფრო პროვოკაციის სუნი ასდის, ვიდრე რაიმე რეალური სიკეთის. ჩვენ გვახსოვს, წინა პერიოდშიც ამბობდა, საქართველო არ იმსახურებს [კანდიდატის სტატუსს], ახლაც, ბოლო პერიოდშიც, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ერთსულოვნება, რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე იჯდა და ამბობდა, რომ არ იმსახურებს [კანდიდატის სტატუსს], – ასე შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, მთავრობის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისვლა.

ქადაგიშვილის თქმით, ზურაბიშვილს არასდროს აღუნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულა და ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებდა.

„რაც ევროკომისიამ დადებითი დასკვნა მოგვცა, ამის შემდეგაც, ერთხელაც არ დასცდენია, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ სამუშაო შეასრულა, პროგრესი დაგვანახა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მან თვითონვე აუკრძალა საკუთარ თავს და არ მისცა თავის თავს საშუალება, რომ ამ საქმეში ყოფილიყო საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და დარჩა რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

,,ჩვენ ყველა დავპატიჟეთ, მთელი საქართველო, მათ შორის ხელმოცარულები ოპოზიციიდანაც”- ზარქუა

მმართველმა გუნდმა ჩანიშნა დიდი ზეიმი, სადაც განსაზღვრული იყვნენ მონაწილეები. ჩვენ ყველა დავპატიჟეთ, მთელი საქართველო, მათ შორის ხელმოცარულები ოპოზიციიდან , – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„რამდენადაც ვიცი, ქალბატონი ზურაბიშვილი იყო ადგილზე და ესწრებოდა აქციას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქალბატონი ჩვენს სახელმწიფოს ებრძოდა. ხომ გახსოვთ მისი განცხადება პარლამენტში: ეს ფსევდორეფორმაა და არ იმსახურებს ეს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსსო. შემდეგ ჩავიდა ევროპაში და თქვა, რომ არ ვარ დარწმუნებული, ამ ხელისუფლებას უნდა თუ არა ევროპული პერსპექტივაო. ჩვენ ვთქვით, რომ ზეიმი განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მხარს უჭერდა და გვერდში ედგა ხელისუფლებას, ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა“, -აღნიშნა ზარქუამ.

მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. 18 დეკემბრიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.

ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნაწილზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19 800 კვადრატული მეტრია.

პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. პროექტისათვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს

15 დეკემბრიდან იმ აბონენტებს, რომლებსაც „სილქსატის“ მომსახურეობა გაეთიშებათ, სატელევიზიო მაუწყებლობის მიღება „აზერსპეისის“ (Azerspace 46E) თანამგზავრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უფასოდ შეეძლებათ.

კერძოდ, „აზერსპეისის“ თანამგზავრიდან შემდეგი ქართული არხების მიღებაა შესაძლებელი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, აჭარა ტვ, იმედი, GDS, ტვ პირველი, მთავარი არხი, ფორმულა, რუსთავი 2, მარაო, კომედი არხი, POS TV, ობიექტივი, ტვ 25, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი და მარნეული ტვ.

იმისთვის, რომ აბონენტებმა „აზერსპეისის“ თანამგზავრიდან სიგნალის მიღება შეძლონ, საჭიროა რამდენიმე ტექნიკური საკითხის უზრუნველყოფაა, კერძოდ, „აზერსპეისის“ სამაუწყებლო სიგნალის მისაღებად, აუცილებელია თანამგზავრული ანტენის (თეფშისა) და მიმღების (ე.წ. Set Top Box) შეძენა და მონტაჟი. იმ შემთხვევაში, თუ თეფშს რაიმე შენობა ან მთა ფარავს, საჭირო იქნება მისი ისე განთავსება, რომ სიგნალი დაიჭიროს. ხოლო, იმ აბონენტებს, რომელთაც თეფში უკვე აქვთ, ერთჯერადად მხოლოდ მიმღების შეძენა დასჭირდებათ.

„აზერსპეისის“ თანამგზავრის სამაუწყებლო სიგნალის მისაღებად აუცილებელია შემდეგი ტექნიკური პარამეტრების გამოყენება: თანამგზავრი Azerspace 1 აღმოსავლეთ განედის 46 გრადუსი /East 46°, მიღების სიხშირე/Downlink Frequency: 11095Mhz, პოლარიზაცია/Polarization: ჰორიზონტალური/Horizontal, სიმბოლური სიჩქარე/Symbol Rate: 30000 KBit/s, შესწორების კოდი/FEC Rate: 5/6.

გარდა „აზერსპეისისა“, აბონენტების ნაწილს „სილქსატის“ ჩანაცვლება „სტერეო +“-ის ციფრული ტელევიზიის სისტემითაც შეუძლიათ, თუმცა, „სტერეო+“ ყველა იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც „სილქსატის“ მიღება იყო შესაძლებელი, არ იჭერს. „სტერეო+“-ის სისტემაში ჩასართავად, საჭიროა ციფრული ტელევიზიის მიმღებისა (DVB-T2 სტანდარტის ე.წ „სეთობოქსი“) და ანტენის კომპლექტის შეძენა. ანტენის დამონტაჟება უმჯობესია აივანზე ან სახურავზე. მონტაჟის შემდეგ, ანტენა კაბელით (კოქსიალური) მიმღებს, ხოლო მიმღები ტელევიზორს უნდა შეუერთდეს.

უკრაინამ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილზე (ვლადიმერ გუნდიაევი) ძებნა გამოაცხადა.

უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას გულისხმობს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კირილი (გუნდიაევი) ძებნილად გამოაცხადეს.

„უკრაინის შსს-ს მონაცემთა ბაზის მიხედვით, პატრიარქ კირილს უკრაინის უშიშროების სამსახური ეძებს და ის ძებნილთა სიაში 11 ნოემბრის შემდეგ არის, ანკეტაში კი ინფორმაცია 15 დეკემბერს განახლდა. იქ ასევე მითითებულია აღკვეთის ღონისძიება – დაკავება. ძებნილის ანკეტას დართული აქვს პატრიარქის ფოტო და მისი  ერისკაცობის სახელი ვლადიმერ გუნდიაევი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი გამოძიების შედეგად შეგროვდა მტკიცებულებათა ბაზა, რომელიც ადასტურებს, რომ მოსკოვის პატრიარქი რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა წრის ნაწილია და საჯაროდ უჭერს მხარს რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ.

საქართველომ მეორედ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2023 უმასპინძლა

საქართველომ მეორედ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2023 უმასპინძლა.

საერთაშორისო სწავლების წარმატებით დასრულება მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა მიულოცეს.

თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის პროცესში მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კანადის თავდაცვის სამინისტროს, რომლის მენტორობითაც ჩატარდა აღნიშნული სწავლება.

სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა იყო.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ორკვირიანი სწავლების დასკვნით ნაწილს კანადელი და სხვა მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. მათ წვრთნების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულეს და სწავლების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მონაწილეებისგან მიიღეს.
საერთაშორისო სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მენტორობით მიმდინარეობდა და მას ქართული მხრიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობდა. MAPLE ARCH 23-ში კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც იყვნენ ჩართულები.

MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო.

https://www.facebook.com/watch/?v=329000069928383&t=103

 

სტატუსის მინიჭების საქმეში ოპოზიციის დამსახურება მინიმალურია – ნიკოლოზ სამხარაძე

“სტატუსის მინიჭების საქმეში ოპოზიციის დამსახურება მინიმალურია. მათი მცირე ნაწილი რეკომენდაციების შესასრულებლად მართლაც თანამშრომლობდა, ხოლო დიდი ნაწილი პირიქით, ბოიკოტს უცხადებდა და დივერსიას უწყობდა საკუთარ ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება. ამით შეუქცევადად იწყება ის პროცესი, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირში წევრობით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის დამსახურება ქართველი ხალხის, რომელმაც აირჩია ეს ხელისუფლება და ამ ხელისუფლებამ თავისი ნაბიჯებით მოიტანა სწორედ ის, რომ დღეს საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმება და ახლა კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციის დამსახურება აქ არის მინიმალური. მათი მცირე ნაწილი ამ რეკომენდაციების შესასრულებლად მართლაც თანამშრომლობდა, ხოლო დიდი ნაწილი პირიქით, ბოიკოტს უცხადებდა და დივერსიას უწყობდა საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა სამხარაძემ.

14 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

რატომ დამხვდა აფორიაქებული მსოფლიო დონის ხელოვანი?!-ზაურ ნაჭყებია

რატომ დამხვდა აფორიაქებული მსოფლიო დონის ხელოვანი?!-ზაურ ნაჭყებია

ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ზაურ ნაჭყებია “ფეისბუქის” პირად გვერდზე თავისუფლების მოედანზე, კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ ღონისძიებას ეხმაურება.

“რატომ დამხვდა აფორიაქებული მსოფლიო დონის ხელოვანი?!

ახლახან დავბრუნდი ,მსოფლიოში აღიარებული ერთ- ერთი ხელოვანის სახელოსნოდან,რომელსაც დღე- დღეზე 89 წელი უსრულდება.
გაგიკვირდებათ,მაგრამ,დღესაც ისეთი მეხსიერება და ჯანსაღი აზროვნება აქვს,ახალგაზრდებსაც შეშურდება.

ჩვენ,ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად,თანამოაზრეები და მეგობრები ვართ- ხშირად ვკამათობთ( უფრო ვმსჯელობთ) საქვეყნო პრობლემებზე.მე გაცილებით რადიკალი ვარ,ის უფრო მოზომოლი,თუმცა,კონსენსუსამდე ყოველთვის მივდივართ.

ჰოდა ,ჩემო ბატონო,იმის თქმა მინდა,შესული არ ვიყავი სახელოსნოში,უცებ მომაყარა:

რა მარაზმი იყო გუშინ თავისუფლებაზე,ასე როგორ უნდა ავცუნდრუკდეთ?! ჯერ ერთი,რა იყო ასეთი საზეიმო.მეორეც,ზღვარი ხომ უნდა ვიცოდეთ?!
ალბათ მსოფლიო უყურებდა,რაც იქ ხდებოდა და გონიერ ხალხად კი არა,ბრბოდ ჩაგვთვლიან- დიახ,ეს იყო ბრბოს აღტკინება!

გაოცებული ვუსმენდი…
გულწრფელად გითხრათ,მე მისგან უფრო საპირისპიროს ველოდი,თუმცა…

წინააღმდეგობა არ გამიწევია,რადგან,მეც თითქმის ანალოგიურად ვფიქრობ- კი ბატონო,სტატუსი მოგვენიჭა .შეიძლება ზოგს ეს გამარჯვებად მიაჩნია და შეუძლია ზომიერად გამოხატოს კიდეც .ეს მისი ნებაა,მაგრამ,ბევრია ისეთებიც,რომლებიც განსხვავებილად აფასებენ ევროკავშირის გუშინწინდელ გადაწყვეტილებას და მიიჩნევენ,რომ საბოლოო გამარჯვებამდე( თუ გამარჯვებად ჩავთვლით) ჯერ კიდევ შორია.

სამწუხაროდ,,ბოლომდე არა გვაქვს გაცნობიერებული,რა არსებითი სარგებლობა და ზიანი მოაქვს სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის უახლოეს პერსპექტივაში.
მითუმეტეს,როცა ,უკრაინისა და მოლდოვას სახით ძალიან ცუდი მაგალითები გვაქვს.ვგულისხმობ, მასირებულ შეტევას. მართლმადიდებლობაზე,საკუთარი იდენტობისა და ტრადიციების საფრთხის ქვეშ დაყენებას!

ასე,რომ,როცა მოსალოდნელი ზიანი სჭარბობს მოსალოდნელ სარგებელს,საზეიმოდ საქმე ნამდვილად არა გვაქვს…

ვნახოთ,ღმერთმა ქნას ჩვენი ეჭვები გაქარწყლდეს!!!-წერს სოციალურ ქსელში ზაურ ნაჭყებია.

ირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯა

ირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯა, – ამის შესახებ განცხადებას ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.

„ეს ადამიანი უცხოურ სამსახურებთან თანამშრომლობდა, თანამოაზრეებთან ერთად საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა და უცხოურ სამსახურებს, მათ შორის „მოსადს“ დოკუმენტებს აწვიდიდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჯაშუშობაში ბრალდებილი პირი, რომლის ვინაობაც უცნობია, სიკვდილით ზაჰედანის ციხეში დასაჯეს.

ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ!-ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ! ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა, დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.  ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გზა არ იყო იოლი და ბევრი სირთულე იქნა გადალახული აღნიშნული შედეგის მისაღწევად.

„მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ძმებო და დებო! პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას! ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. მე გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას, ისტორიულ გადაწყვეტილებას და ისტორიულ გამარჯვებას, ჩემო მეგობრებო! ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს! დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ.

ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა, დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ჩვენ ვიშრომეთ და ჩვენ ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება! დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ, ღირსეულად და მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. მე მინდა გითხრათ, რომ ეს გზა, რა თქმა უნდა, არ იყო იოლი. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ ღირსეულად და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ასევე თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი − ომი და უბედურება, შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, გავაძლიერეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა.

„14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა. კიდევ ერთხელ, მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს; ჩვენს მხარდამჭერებს; ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და გულშემატკივრებს; ევროკავშირის ელჩს, რომელიც აქ გვესწრება; ევროკავშირის ელჩებს; ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას. გუშინ მე პირადად გადავეცი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ლიდერებს და მივიღე მათი მოლოცვები. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და მადლობა თქვენ, ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო მეგობრებო, დებო და ძმებო. მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა ვუთხრა, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატების და ამ გამარჯვების მოპოვებაში. ახლა ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველოდება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ, მე მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ჩვენი საქართველოს მფარველი, ჩვენი ხალხის მფარველი. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს. დიდი მადლობა!“, – განაცხადა პრემიერმა.

თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. სცენაზე მიიწვიეს ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში.

 

ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად -ლევან ხაბეიშვილი

რეკომენდაციები არათუ შესრულებულია, არამედ დამატებულია კონკრეტული პუნქტები, რომლებიც პრობლემატურია, ამას ვინ შეასრულებს? რუსული პარტია ამას არ გააკეთებს და ამიტომაა 2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა კვლავ მიიყვანოს ბოლომდე, გამარჯვებამდე , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტთან რონ ნერინგთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაბეიშვილმა კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სტატუსის მიღება ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ევროკავშირის რეზოლუციებს და კანდიდატის სტატუსს აქვს ჩალის ფასი; კალაძე ამბობდა, თუ სტატუსს არ მოგვცემენ, თავისისთვის დაიტოვონო. „სადაც უნდა იქ წაიღონ, კანდიდატის სტატუსი“ – ასე მეტყველებდნენ. შესაბამისად, ყველას კარგად ესმის, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამას საჯაროდ ამბობენ, რომ ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა. მათ შორის მარტის მოვლენების, სადაც რუსული კანონი ფაქტობრივად დაღეჭეს რუსული პარტიის წარმომადგენლებმა 48 საათში. ამიტომ, ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს ამ პროცესს – ეს არის ქართველი ხალხი. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ისინი არათუ შესრულებულია, არამედ დამატებულია კონკრეტული პუნქტები, რომლებიც პრობლემატურია. ამას ვინ შეასრულებს? რუსული პარტია ამას არ გააკეთებს. ამიტომაა 2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა კვლავ მიიყვანოს ბოლომდე, გამარჯვებამდე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, ამერიკელ პარტნიორებთან სამდღიანი სამუშაო შეხვედრები სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კამპანიის მართვის თემაზე ექნებათ.

„სტრატეგიული კომუნიკაციები და კამპანიის მართვა – ამ თემასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სამი დღის განმავლობაში გვექნება სამუშაო შეხვედრა. ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება ერთადერთ რამეს – „ნაციონალური მოძრაობა- გამარჯვების კოალიციამ“ კამპანია წარმართოს ისე, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.