Home Blog Page 1714

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი დააკავეს

გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა დააკავეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, სამართლდამცველების სანქცირებული ოპერაცია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ დაიტონში ჩატარდა. ტეიშეირა საკუთარ სახლში დააკავეს. 21 წლის ჯეკ ტეშეირა მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის დანაყოფის დაზვერვის განყოფილების წევრი იყო.

„იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს ჯეკ ტეიშეირა ეროვნული თავდაცვის საიდუმლო ინფორმაციის სავარაუდო შენახვისა და გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით დააკავა. ტეიშეირა შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის თანამშრომელია. გამოძიება გრძელდება და დამატებით ინფორმაციას შესაბამის დროს მოგაწვდით“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.

სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დოკუმენტების გაჟონვის შესახებ პენტაგონმა იუსტიციის დეპარტამენტს აცნობა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული საიდუმლო დოკუმენტები მოიცავს დეტალურ ინფორმაციას უკრაინისთვის შეიარაღებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული დოკუმენტები მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან პირველ მარტამდე პერიოდით თარიღდება და გრიფით საიდუმლოა, თუმცა მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

ე.წ. ქოლცენტრების საქმე – “ევროჯასტი” და “ევროპოლი” განცხადებას ავრცელებენ

„ევროჯასტი“ და „ევროპოლი“ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ევროჯასტმა“ და „ევროპოლმა“ მხარი დაუჭირეს კოორდინირებულ მოქმედებას ონლაინსაინვესტიციო პლატფორმების თაღლითობის საქმეზე, რომლითაც, სულ მცირე, 33 000 ადამიანი დაზარალდა, ზარალის ოდენობამ კი დაახლოებით 89 მილიონ ევროს მიაღწია.

განცხადების თანახმად, გერმანიის ხელისუფლების მოთხოვნით, მარტში ორი ოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს. ბულგარეთში, რუმინეთსა და ისრაელში კი 15 ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა, მათ შორის ხუთ არაკანონიერ ქოლცენტრში. ეს ოპერაცია არის 2021 წლის იმავე თაღლითური სქემის გამოძიების გაგრძელება.

2021 წელს ამ კოორდინირებულმა მოქმედებამ, დიდი რაოდენობით ინფორმაციისა და მტკიცებულებების დაგროვებამ შესაძლებელი გახადა ოპერაციის ჩატარება 2023 წლის მარტში. მანამდე თაღლითობის შედეგად მიყენებული ფინანსური ზარალი, სულ მცირე, 15 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ახალი ინფორმაციის საფუძველზე, თაღლითური სქემის უკან არსებულმა კრიმინალურმა ქსელმა უფრო დიდი ფინანსური ზიანი გამოიწვია და კიდევ ბევრი ადამიანია დაზარალებული.

„ევროჯასტმა“ 2023 წლის იანვარში მხარი დაუჭირა ონლაინთაღლითობის სქემების შესახებ საგამოძიებო ჯგუფის შექმნისა და ორი საკოორდინაციო შეხვედრის ორგანიზებას ახალი მოქმედებებისთვის მოსამზადებლად. გარდა ამისა, სააგენტო დაეხმარა ევროპული დაპატიმრების ორდერების, ევროპული საგამოძიებო ორდერებისა და ურთიერთსამართლებრივი დახმარების მოთხოვნების შესრულებაში. სპეცოპერაციის დღეებში 33 გერმანელი პოლიციელი მონაწილეობდა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ბულგარეთში, რუმინეთში, საქართველოსა და ისრაელში. სპეცოპერაცია ჩატარდა „ევროპოლის“ სპეციალისტების მხარდაჭერით.

განცხადების მიხედვით, სპეცოპერაციის მხარდასაჭერად „ევროპოლმა“ შექმნა სპეციალური ოპერატიული სამუშაო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც ხელი შეუწყო ინფორმაციის გაცვლას და ანალიტიკურ მხარდაჭერას. ბოლო სამოქმედო დღეებში „ევროპოლმა“ ექსპერტები გაგზავნა ისრაელში და დისტანციურად – „ევროჯასტის“ საკოორდინაციო ცენტრში. სპეცოპერაციის დროს ამოიღეს მთელი რიგი ძვირადღირებული ქონება, მათ შორის ძვირადღირებული საათები, ელექტრონული აღჭურვილობა, ნაღდი ფული, ბიტკოინები, საბანკო ბარათები, მრავალი დოკუმენტი და მონაცემთა შემნახველი მოწყობილობები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თაღლითობის უკან არსებული ქსელი იზიდავდა ინვესტორებს ვებსაიტებზე განთავსებული პროფესიონალური ბანერებითა და სოციალურ მედიაში გავრცელებული რეკლამების საშუალებით. ამისთვის კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ქოლცენტრებს იყენებდნენ. თაღლითები თავიანთ მსხვერპლს ეუბნებოდნენ, რომ თავდაპირველად გაეკეთებინათ მცირე ინვესტიციები, 200-დან 250 ევრომდე, აჩვენებდნენ მაღალ მოგებას ყალბი გრაფიკებისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. დაზარალებულებს დაუკავშირდნენ ეგრეთ წოდებული პირადი ფინანსური მრჩევლები, რომლებიც დაჰპირდნენ უფრო მაღალ მოგებას უფრო დიდ ინვესტიციებზე. ეს მაღალი ინვესტიციები შემდგომში დაიკარგა, უკანონო მოგებები კი დამნაშავეთა ანგარიშებზე ირიცხებოდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თაღლითობის სქემა, სავარაუდოდ, 2019-დან 2021 წლების დროის მონაკვეთში მოქმედებდა. 2021 წელს ოპერაციებში ეჭვმიტანილებმა ან მათმა თანამოაზრეებმა ხელახლა შექმნეს ქოლცენტრები ბულგარეთსა და რუმინეთში. დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო, ამ პერიოდში ინვესტორები დაინტერესებული იყვნენ მაღალი რისკის ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტიციების ჩადებაში, როგორიცაა ბინარული ვარიანტები. ბინარული ვარიანტი ხშირად ექვემდებარება თაღლითობას, შესაბამისად, გამოიყენება ონლაინთაღლითობაშიც. მსგავსი ვარიანტები უმეტეს შემთხვევაში არის ფიქსირებული თანხები, რომლებიც ემსახურება სარისკო ფინანსური ტრანზაქციების ან აქტივების თეორიული ფასის გარანტიას.

1tv.ge

მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სტრასბურგში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმაურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ქალაქ სტრასბურგში მისი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით.

ხაზგასმით ვაცხადებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციასა და  პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება. ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა გუშინ, 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა წერილობითი თანხმობა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 13-16 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 10 მარტს შემოსულ წერილზე მთავრობის ადმინისტრაციამ თანხმობა 13 მარტს გასცა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციამ როგორც წინა ვიზიტების შემთხვევაში, ასევე აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებითაც თანხმობა მყისიერად გასცა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ასევე აქვეყნებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ შესაბამის განკარგულებებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო სალომე ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო ვიზიტი სტრასბურგში“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

რატომ გადაიდო პრეზიდენტის სტრასბურგში ვიზიტი -ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ვიზიტის გადადების მიზეზს განმარტავს.

„საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.

ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად. ამიტომ, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ბონი ქეროლი ეწვია

მიმდინარე წლის 13 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაცია – ”TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors”-”ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის”) დამფუძნებელს და პრეზიდენტს, ქალბატონ ბონი ქეროლს უმასპინძლა.

კობა კობალაძემ სტუმარს გააცნო სამსახურის სტრუქტურა, მიზნები, ამოცანები, სამომავლო გეგმები, ის ერთობლივი პროგრამები, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოსთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ახორციელებს ვეტერანების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მხარდასაჭერად. მან, ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა გადალახვაშიც საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა მნიშვნელოვანია.

სამსახურის დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნის წინაშე მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, რომელთაც რუსული ოკუპაცია აყენებს თითოეული მოქალაქის და მთლიანად, სახელმწიფოს წინაშე.

ბონი ქეროლმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ომში დაღუპულ მეომართა შვილების, ოჯახის წევრების მხარდაჭერას და სამსახურის დირექტორთან ერთად, მომავალი თანამშრომლობის გზებზე ისაუბრა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, ”TAPS”-ის წარმომადგენელი, ფატმა მეგრაჰი.

დღესვე, ბონი ქეროლი, კობა კობალაძესთან ერთად, წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა და ცენტრის მუშაობას გაეცნო.

ქალბატონი ბონი ქეროლი ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი ბრიგადის გენერლის, ტომი ქეროლის მეუღლეა. ტომი ქეროლი 1992 წელს, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის დროს, 7 ოფიცერთან ერთად დაიღუპა. 1994 წელს, ბონი ქეროლმა, ომში დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად, ორგანიზაცია „Tragedy Assistance Program for Survivors”( ”TAPS’) დაარსა და მათი თანადგომისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტებსა და ღონისძიებებს, ატარებს სემინარებს.

ბონი ქეროლის ვიზიტი საქართველოში კიდევ ორ დღეს გასტანს. ვიზიტის ფარგლებში, მას დაგეგმილი აქვს ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მონახულება, შეხვედრა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებთან.

 

 

პროკურატურა ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა ე.წ ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.უწყება ეხმაურება ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

პროკურატურის ინფორმაციით, დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელში და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია, შესაძლო დანაშაულში მონაწილე 5 პირი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით,რომელიც მიმართული იყო თაღლითური ონლაინ პლატფორმების და დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად.

ერთ-ერთ ესეთი ღონისძიება მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა, დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებების შედეგად 89 მილიონი ევროს ზიანი მიადგა მინიმუმ 33 000 დაზარალებულს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

დანაშაულებრივი თაღლითური ქსელი, რომელიც სავარაუდოდ მოქმედებდა 2019-2021 წლების პერიოდში, სოციალურ მედიაში და სხვა საჯარო სივრცეში განთავსებული რეკლამებისა და ე.წ ქოლ-ცენტრებს გამოყენებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ინვესტიციების მოზიდვას, სანაცვლოდ კი მაღალ სარგებელს ჰპირდებოდა. მოგვიანებით, დაზარალებულები გაწეულ ინვესტიციებს კარგავდნენ, რომელიც დამნაშავეთა საბანკო ანგარიშებზე ნაწილდებოდა.

საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს პროკურატურა, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორთან კოორდინაციით.

ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებები, საქართველოს პროკურატურისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი სტრუქტურების შესაბამის წარმომადგენლების ჩართულობით იგეგმებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის – ევროჯასტის მხარდაჭერით.

დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელში და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია, შესაძლო დანაშაულში მონაწილე 5 პირი. ასევე, გამოიკითხნენ სავარაუდო დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირები, ამოღებულია უამრავი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა ევროჯასთის მხარდაჭერით ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა მრავალი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან.

ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ჩატარდა ფართომაშტაბიანი ღონისძიებები.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებული იქნა ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს.

ჩატარებული ფართომაშტაბიანი ღონისძიებების შედეგად დაკავებულ იქნა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ.

საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 80-მდე და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელი, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს.

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ევროჯასტს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგამოძიებო სტრუქტურებს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის”, – აღნიშნავს პროკურატურა განცხადებაში.

“სააკაშვილის პირობითი სასჯელით სამკურნალოდ გათავისუფლება ყველაზე სწორი იქნებოდა”- ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქართველების მიმართ „დამამცირებელი ეპითეტისთვის“ ბოდიშს იხდის და საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

მინდა ვისაუბრო მიხეილ სააკაშვილზე. ჩვენ მას არ ვიცნობთ და არასდროს შევხვედრილვართ. მის გუნდში არავის ვიცნობ და ჩემთვის ამ პოსტის დაწერა არც არავის უთხოვია.

მე, ჩემდა სამარცხვინოდ, ქართულ პოლიტიკაზე საკმაოდ სუსტი წარმოდგენა მაქვს და შეიძლება რამე არასწორადაც ვთქვა. ჩემდა კიდევ უფრო დიდად სამარცხვინოდ, რატომღაც, იმის გავლენით, რომ ჩემი მეგობარი ცხინვალში იყო დაბომბვების ქვეშ, 2008 წელს ქართველების მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი დავწერე. ამის გამო ბოდიშს კიდევ ერთხელ ვიხდი, მაგრამ ვიცი, რომ ამ მხრივ ჩემს აზრს საქართველოში დიდი წონა არ აქვს.

თუმცა, გადავწყვიტე, დამეწერა როგორც ადამიანს და ქრისტიანს, რადგან ეს ძნელი საყურებელია. სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი და მთელი საქართველო იტანჯება. ცუდია, რაც რაც ხდება და ამაში კარგი არაფერია არც მათთვის, ვისაც სურს, რომ სააკაშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში იყოს.

მე მჯერა საქართველოს ბედნიერი, ევროპული მომავლის. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელსაც კეთილდღეობისთვის ყველაფერი აქვს. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება, (და სად არ არის ეს?) მშვიდობიანად და უსაფრთხოდ მოგვარდება. მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა და ტანჯვა საშინელი და უგულოა. ეს გავლენას ახდენს ევროპულ არჩევანზე, განვითარებაზე, ამცირებს ქვეყნის ნორმალური მომავლის შანსს. აქვეითებს მორალს და ქვეყანას ბოროტებით ავსებს.

გასაგებია, რომ ეს დაპირისპირება სასტიკი და ემოციებით სავსეა. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს ბევრი დასამახდოვრებელი და შურის საძიებელი აქვთ. და ამაზე მინდა საუბარი, თუ ვინმე გაიგებს. არ არის საჭირო შურისძიება, თუმცა ძალიან მინდა. ამ შურისძიებით მთელი საქართველო დაზარალდება. ეს გადაწყვეტილება ჩიხში შემყვანი და სტრატეგიულად ყველასთვის სასტიკი და არახელსაყრელია. ჩვეულებრივ, ყველაფერი ეყრდნობოდა იმას, რომ სახის შენარჩუნება ყველას სურს.

მაგრამ, ხელისუფლება უფრო მოწყალე უნდა იყოს, ვიდრე მისი ოპონენტები. ის არის ძალა.

სააკაშვილი ძალიან ავადაა და სიმულაციაზე საუბარი სისულელეა. დამიჯერეთ, ციხე ყველას ართმევს ჯანმრთელობას, თან ძალიან სწრაფად. მისი პირობითი სასჯელით, მკურნალობის მიზნით გათავისუფლება, ან ისეთი რამის გაკეთება, რაც მხარეებს კანონის დაცვისა და სახის გადარჩენის საშუალებას მისცემს, სწორი ნაბიჯი იქნება.

ახლა მართლმადიდებლურ ქვეყნებში წმინდა კვირაა, შემდეგ კვირა კი აღდგომის კვირაა. ახლა კარგი დროა ქვეყნის სასიკეთოდ რთული, მაგრამ მოწყალე მოქმედებისთვის და ეროვნული შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯისთვის.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილის ყველა ოპონენტს, გადადგას ეს ნაბიჯი ქრისტიანული ქველმოქმედებისა და მშვიდობის დამყარების სულისკვეთებით.

ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ”, – წერს ნავალნი. 

 

“საქართველოს სამართალდამცავ ინსტიტუციებს სხვისი ჭკუის დარიგება არ სჭირდება”- ბექა ოდიშარია

საქართველოს სამართალდამცავ ინსტიტუციებს – უშიშროების სამსახურს, პროკურატურას, შსს-სა თუ ფინანსურ პოლიციას სხვისი ჭკუის დარიგება არ სჭირდება, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ კითხვას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს კელი დეგნანის შეფასებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს მათ მიერ მოსამართლეებისთვის წარდგენილი ბრალდებები:

„საქართველოს სამართალდამცავ ინსტიტუციებს – უშიშროების სამსახურს, პროკურატურას, შსს-სა თუ ფინანსურ პოლიციას სხვისი ჭკუის დარიგება არ სჭირდება. როდესაც გერმანულ მხარესთან ერთად ჩატარდა სპეცოპერაცია, გერმანიის ელჩის მოადგილემ განაცხადა, რომ 110 ადამიანი მონაწილეობდა საგამოძიებო პროცესში და მათ შორის ეს იყო საქართველოს გენერალური პროკურატურა, შსს, უსაფრთხოების სამსახური და ფინანსური პოლიცია. ასე, რომ ვფიქრობ, ყოველგვარი მითითებების გარეშე იმოქმედებენ ეს სტრუქტურები“, – განაცხადა ოდიშარიამ.

“მურუსიძის ავკარგიანობას განაპირობებდა ის, რომ წინა აღმასრულებელ ხელისუფლებას იღლიაში ჰქონდა ამოდებული ჰქონდა სასამართლო”

ოპონენტების განმარტებები, რომ თურმე იგივე ადამიანებისგან შემდგარი სასამართლო ცუდი იყო წინა ხელისუფლების დროს და დღესაც ასეა, არის დიდი „ბლეფი“ – მურუსიძის ავკარგიანობას განაპირობებდა ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებას იღლიაში ჰქონდა ამოდებული მთელი სასამართლო ხელისუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ თუ წინა ხელისუფლების პირობებში ვინმე ზეწოლას ვერ უძლებდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯოხი მასზე უნდა გადატყდეს.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის ფუნქცია არის კონკრეტული სამართალდარღვევის გამოძიება და რეაგირება, კონკრეტული ფაქტები კი არ არსებობს, ხოლო კომისიის მხრიდან მოსამართლის გათავისუფლების ან პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მიუღებელია და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეწინააღმდეგება.

“ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული ინტერპრეტაციები, არგუმენტები, მოსაზრებები, მაგრამ ამას აზრი არ ექნება, თუ არ გვეცოდინება, რა არის მიზეზი (მოსამართლეთა დასანქცირების). კორუფცია საერთოდ არ არის კავშირში გირგვლიანის საქმესთან. თუ ზეწოლაზე გვაქვს საუბარი, ზეწოლის განმახორციელებელი ვინ იყო, გახსოვთ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება იმხანად. თუ ეს გვახსოვს, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ოპონენტების განმარტებები, რომ თურმე სასამართლო იგივე ადამიანებისგან შემდგარი ცუდი იყო წინა ხელისუფლების დროს და დღესაც ასეა, ეს არის დიდი ბლეფი – მურუსიძის ავკარგიანობას ძირითადად განაპირობებდა ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იყო ისეთი, რომ [მაპატიეთ გამოთქმისთვის, შეურაცხყოფისთვის არ ვიძახი] მთლიანად იღლიაში ჰქონდა ამოდებული მთელი სასამართლო ხელისუფლება, რის გამოც სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი, მთლიანად კონტროლდებოდა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. ეს ვითარება შეიცვალა 2012 წლიდან. როცა სასამართლოში ვინმე იმ ზეწოლას ვერ უძლებდა, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ხელისუფლებიდან, იმაზე ჯოხის გადატეხვას ნურავინ ეცდება. იმას თავის წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ამას სჭირდება რელევანტური შეფასება. ახლა ყველაზე მთავარი – საბედნიეროდ, საქართველოში აღარ არის სისტემა, რომლის დროსა პოლიტიკოსების სიმპათიაზე და ანტიპათიაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული კონკრეტული მოსამართლეების სასამართლოში ყოფნა – არყოფნა. კონსტიტუცია ბრძანებს, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და არაერთი ნორმა მიგანიშნებთ, რომ სასამართლოდან ადამიანების გათავისუფლება არ არის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა, ამიტომ როგორიც არ უნდა იყოს ჩემი დამოკიდებულება ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უნდა ხდებოდეს მათი გათავისუფლების მიზეზი.

კომისია რეგლამენტის თანახმად კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით იქნება და ასეთი დღემდე არ ვიცით. ის, რომ ვინმეს გვარზეა საუბარი არ არის ეს კონკრეტული შემთხვევა. რეაგირება და სამართალდარღვევის შესწავლა წარმოადგენს რეგლამენტის თანახმად კომისიის ფუნქციას. დავუშვათ მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი არ აქვს ან აქვს სამართალდარღვევას, კომისიამ თქვენი აზრით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომელიმე მოსამართლის გათავისუფლებაზე ან პასუხისმგებლობის შესახებ? – ეს იქნებოდა ხელისუფლების დანაწილების უხეში დარღვევა”, – განაცხადა სარჯველაძემ.

“მოსამართლეთა სოლიდარობა არა კონკრეტული გვარების ირგვლივ ჩამოყალიბდა – არამედ ქვეყნის სუვერენულ უფლებაზე”

მოსამართლეთა სოლიდარობა არა კონკრეტული გვარების ირგვლივ ჩამოყალიბდა – არამედ, ქვეყნის სუვერენულ უფლებაზე: ჰყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობაზე და უდანაშაულობის პრეზუმპციაზე, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამმა მოსამართლემ, სანქცირებული კოლეგების სოლიდარობის მიზნით, აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი თქვა.

დავით ქართველიშვილის განცხადებით, კოლონიზატორული დამოკიდებულება ქვეყნის, როგორც ვასალის მიმართ, საქართველოში არ გაჭრის. მისივე თქმით, მსგავსი მიდგომის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ევროპულმა სახელმწიფომაც აიმაღლა ხმა.

„ჯანყი ჯორჯიას პლანტაციებზე“. რატომღაც გამახსენდა მე-19 საუკუნის ქართველი სემინარისტების პროტესტი ეგზარქოსის მიმართ, ვინც საეკლესიო ენას და გალობას გვიწუნებდა. იქიდან დაიწყო ეს ტალღა და 1918 წლის 26 მაისამდე მიაღწია. რა მოხდა შემდეგ – ეს სხვა ისტორიაა და უდიდესი გამოცდილება, თუ რატომ არ უნდა დავკარგოთ დე ფაქტო დამოუკიდებლობა დღეს. მოსამართლეთა სოლიდარობა არა კონკრეტული გვარების ირგვლივ ჩამოყალიბდა – არამედ ქვეყნის სუვერენულ უფლებაზე: ჰყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობაზე და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.

საბჭოური „ტროიკების” განაჩენები – გამოვიარეთ. მიდგომა: ეს კანონი „რუსულია“, იმიტომ რომ მე ასე მინდა, ან ეს მოსამართლე „კორუმპირებულია“, იმიტომ რომ მე ვთქვი ასე – შეიძლება დღეს ჭრიდეს უკრაინასა თუ მოლდოვაში, მაგრამ არა საქართველოში. დღეს მსგავსი მიდგომების წინააღმდეგ ხმა აიმაღლა საფრანგეთმაც და ევროსაბჭომაც. კოლონიზატორ-ვასალის დამოკიდებულებას დღეს ევროპაც ეწინააღმდეგება. ჩვენ ასეთ მიდგომას სოლიდარობას ვუცხადებთ!“ – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სამმა მოსამართლემ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი თქვა, რაც სოლიდარობის ერთგვარი აქტია.

“თურქი ხალხი დასავლეთს პასუხს 14 მაისის არჩევნებზე გასცემს” – ერდოღანი

თურქი ხალხი დასავლეთს პასუხს 14 მაისის არჩევნებზე გასცემს, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

სატელევიზიო ინტერვიუში ერდოღანმა ისაუბრა ემანუელ მაკრონის მიერ ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გაკეთებული განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „აშშ-სთან ალიანსი არ ნიშნავს, რომ საფრანგეთი ვაშინგტონის ვასალია“.

„დასავლეთს აქვს გეგმები თურქეთთან დაკავშირებით. თქვენ ახლა ხედავთ სიტუაციას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გარშემო. რა ხდება მაკრონის ჩინეთში მოგზაურობის კულისებში? რა სიტუაციაა საფრანგეთის და აშშ-ის ურთიერთობებში? რატომ ჩავიდა მაკრონი ჩინეთში? “– განაცხადა ერდოღანმა.

ინტერვიუში ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი მის წინააღმდეგაა და დაამატა, რომ თურქი ხალხი დასავლეთს საჭირო პასუხს 14 მაისს დანიშნულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე გასცემს.

„თურქეთი დასავლეთს გზავნილს არჩევნებზე გაუგზავნის. ქვეყანა არ იყურება დასავლეთით არც ტერორიზმთან ბრძოლისას და არც ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას“, – განაცხადა ერდოღანმა.

“სააკაშვილის ოჯახმა, ადვოკატებმა და თანაპარტიელებმა ახალი ტაქტიკა აირჩიეს”

მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა, ადვოკატებმა და თანაპარტიელებმა ახალი ტაქტიკა აირჩიეს – მთელ მსოფლიოში მისთვის ჯილდოების შეგროვება დაიწყეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის სააკაშვილი.

„როგორც ჩანს, შემდეგ ამ პრიზებს პალატაში განათავსებენ, რათა ეს ადამიანი იმ ცრუხიბლით დატკბეს, რომელშიც 2004 წლიდან არის ჩავარდნილი. სააკაშვილი საკუთარი თავისგან სწორუპოვარ გმირს ქმნიდა და თავი მართლა პრომეთე ეგონა, რომელიც ჯერ თამარ მეფის ხიდთან მიაჯაჭვა, ხოლო შემდეგ მოიპარა და ბორჯომში გადახვეწა. ახლა ვარშავიდან მისი მშობელი ჯილდოს ჩამოუტანს. ამით მისი კასტისა და დაჯგუფების წევრები სავარაუდოდ გაიხარებენ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ოჯახებისთვის, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ფიზიკურად და მორალურად განადგურდნენ, ვერავითარი შვება ვერ იქნება იმით, ორი ჯილდო მიანიჭეს თუ ათი. საქართველოში ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის სააკაშვილი. მოწამვლის ბოდვითი თეორია კი ჩაფლავდა და ლიმბახის დასკვნის შემდეგ წერტილი დაესვა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.