Home Blog Page 1714

“მე კიდევ ციხეში მაკარგვინებთ დროს” -მიხეილ სააკაშვილი

ადრე ტურიზმი იყო ზეიმი. ახლა ტურიზმი არის ფაშიზმი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, ადრე ბოჩელი, სტინგი, ხულიო და ენრიკე იგლესიასები, ახლა დიმა კალდუნისაფონოვიტრიფონოვი და ა.შ.

„ადრე ტურიზმი იყო ზეიმი. ახლა ტურიზმი არის ფაშიზმი. ადრე ბოჩელი, სტინგი, ხულიო და ენრიკე იგლესიასები, ახლა დიმა კალდუნისაფონოვიტრიფონოვი და ა.შ. მე კიდევ ციხეში მაკარგვინებთ დროს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/822887499206849?ref=embed_post

“ვაგნერის” ბელარუსში ყოფნა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს”- ლიეტუვის პრეზიდენტი

„ვაგნერის“ ბელარუსში ყოფნა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც გავრცელდა პირველი ინფორმაცია იმის შესახებ,რომ „ვაგნერის“ დაჯგუფება შეიძლება ბელარუსში განლაგდეს, მე მაშინვე განვაცხადე საფრთხის შესახებ“, – განაცხადა ნაუსედამ.

მისივე თქმით, „ვაგნერელების“ მხრიდან პროვოკაციების სერიოზული საფრთხე არსებობს ლიეტუვის, პოლონეთისა და ლატვიის წინააღმდეგ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ აჯანყების მცდელობის შემდეგ ლიეტუვამ დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიიღო. ნაუსედას თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პროვოკაციების შემთხვევაში ლიეტუვის შეიარაღებული ძალები მესაზღვრეებს დაეხმარებიან.

„ამჟამად მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი და სადაზვერვო ოპერაციების გაძლიერება. ამასთან ერთად, მინდა, აღვნიშნო, რომ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს იმისა, რომ ლიეტუვის არმია მესაზღვრეების დასახმარებლად მივიდეს“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

“არ გამოსწორდება „ნაცმოძრაობა“, რა მოძალადეც იყო ხელისუფლებაში იგივე დარჩა” – ზურაბ ქადაგიძე

სანამ, თარგამაძისნაირი უსამშობლოები, მუქარის სურვილზე არიან, ამ ქვეყანას არ მოასვენებენ. ჰო და ეს სურვილი ქართველმა ხალხმა უნდა ჩაუკლას სამუდამოდ!, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც გივი თარგამაძის განცხადებას ეხმაურება.

„ეს ნაძირალა რომ სულის ამოხდით გვემუქრებოდა ყველას ხომ გახსოვთ? ჰოდა ახლა, დანდობა არ იქნებაო, თან პოლიციელებს ემუქრება ეს არამზადა. აი, სად იგეგმება ეს აბსურდი, სადაც ტურისტებს დასდევენ და გემებს აპროტესტებენ. ეგზალტირებული სექტა ჰყავთ მოქოქილი და ამ სიგიჟეებს აკეთებინებენ, მერე თვითონ გამოდიან ასეთი განცხადებებით და იმუქრებიან. არ გამოსწორდება „ნაცმოძრაობა“, რა მოძალადე იყო ხელისუფლებაში იგივე დარჩა და 2024 წელს ეს მოძალადე ნაძირალები, სამუდამოდ უნდა გაიხვეტონ პოლიტიკიდან. სანამ, თარგამაძის ნაირი უსამშობლოები, მუქარის სურვილზე არიან, ამ ქვეყანას არ მოასვენებენ. ჰოდა ეს სურვილი ქართველმა ხალხმა უნდა ჩაუკლას სამუდამოდ!“, – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სტოკჰოლმსა და კოპენჰაგენში ყურანი კიდევ ერთხელ დაწვეს

სტოკჰოლმსა და კოპენჰაგენში ყურანი კიდევ ერთხელ დაწვეს. „როიტერის“ ცნობით, დანიის დედაქალაქში ყურანი დაწვეს საუდის არაბეთის საელჩოს წინ, ხოლო შვედეთის დედაქალაქში ანალოგიური აქცია პარლამენტთან გაიმართა.

შვედეთში ყურანის დაწვის ორგანიზატორები იმიგრანტები იყვნენ. პარალელურად, სტოკჰოლში შედგა მცირერიცხოვანი დემონსტრაცია, სადაც რელიგიური წიგნების დაწვა გააპროტესტეს.

ცნობისთვის, დღეს 57 მუსლიმური ქვეყნის წარმომადგენლები მართავენ ვიდეოკონფერენციას, სადაც სკანდინავიურ ქვეყნებში ყურანის დაწვის ფაქტებზე რეაგირების გზებზე მსჯელობენ.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ ოფიციალური წერილი გადაუგზავნა მუსლიმური ქვეყნების ლიდერებს, სადაც დაგმო ისლამოფობიის გამოვლინებები და განმარტა შვედური კანონმდებლობა, რომელიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას უზრუნველყოფს.

„როიტერის“ ცნობით, უახლოეს ხანში ყურანის დაწვის აქციები კიდევ არის დაგეგმილი.

შვედეთისა და დანიის მთავრობა უკვე განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც რელიგიური წიგნების დაწვა აიკრძალება.

“საქართველოს მოსახლეობა ან უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის დაქვემდებარებაში დარჩება, ან ახალი მთავრობა უნდა აირჩიოს”- ადამ კინზინგერი

აშშ-ს ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ გზას ირჩევს და საკუთარ ხალხს უღალატა.

მისივე თქმით, „საქართველოს მოსახლეობა ან უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ დარჩება, ან ახალი მთავრობა უნდა აირჩიოს“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ იმის მოლოდინი, რომ ქართველები მისალმებოდნენ იმ ადამიანებს, რომლის ქვეყნის საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არ გამართლდა.

„ქართველებმა თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენეს და ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლა გააპროტესტეს“, – განაცხადა დეგნანმა.

“სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს” – პოდოლიაკი

„სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.

„ეს უკვე ერთგვარი ყოველდღიური გენოციდური რეალობაა. კრივი რიჰი. რუსულმა რაკეტამ კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა. 53 ადამიანი დაშავდა, 4 დაიღუპა, მათ შორის 45 წლის ქალი და მისი 10 წლის ქალიშვილი. საერთაშორისო სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს. ძალა სწორედ უკრაინის ცის დახურვა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემებია“, – წერს პოდოლიაკი.

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

ხერსონის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 3 და დაჭრილია სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის 4 მოხალისე და არასრულწლოვანი ბიჭი. აღნიშნულ ინფორმაციას ხერსონის საოლქო პროკურატურა აქვეყნებს.

ხერსონის პროკურატურის ცნობით, დაიბომბა საცხოვრებელი მიკრორაიონი.

„დაიბომბა საოლქო ცენტრი, შედეგად 10-მდე სამოქალაქო პირი არის დაშავებული. დაბომბვები ახლაც გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ჰაბად საქართველოში”- კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სტუმრობდა, სადაც საქართველოში რიგით მერვე და იმერეთის რეგიონში პირველი ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი, Fresh forward-ის დიზაინის Subway გახსნა. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ელჩის თქმით, ძალიან კარგია, რომ რესტორანი გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რადგანაც ის ჩამოყალიბდა საერთაშორისო ჰაბად საქართველოში, რომელსაც ქვეყანაში შემოჰყავს მილიონობით ტურისტი.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული Subway-ის რიგით მერვე ფილიალის ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც მეორეა ბოლო თაობის Fresh Forward-ის ტიპის დიზაინის საქართველოში. ეს არის საერთაშორისოდ ცნობილი, ძალიან პოპულარული ამერიკული ბრენდი და მოხარულები ვართ მისი აქ გახსნით. ამერიკის საელჩო დაეხმარა ბევრ ამერიკულ კომპანიას, მოეძებნათ ქართველი პარტნიორები საქართველოში სხვადასხვა საქმიანობისთვის, რაც ზრდის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს არა მარტო რეგიონის და ქუთაისის მოსახლეობისთვის, არამედ მთლიანად, საქართველოსთვის. ძალიან კარგია, რომ აღნიშნული რესტორანი გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რადგანაც ის ნამდვილად ჩამოყალიბდა საერთაშორისო ჰაბად საქართველოში, რომელსაც ქვეყანაში შემოჰყავს მილიონობით ტურისტი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩის თქმით, დღეს გავხდით მომსწრენი კიდევ ერთი დაკავშირებისა ამერიკასა და საქართველოს შორის, რომელიც მოიტანს სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქართველი ხალხისთვის.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციითვე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Subway-ის ფილიალში ამ ეტაპზე 16 ადამიანია დასაქმებული.

“საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ბევრი წარმატების საშუალებას იძლევა”

საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ბევრი წარმატების საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

ხუნდაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართული ოპოზიციის და მისი უცხოელი ლობისტების ამ თემაზე წუხილი საქართველოს გარდაუვალი წინსვლით აიხსნება.

„საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგად გამოქვეყნდა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის კომუნიკე, რომელიც ოთხი პრიორიტეტული მიმართულებისგან შედგება: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და საერთაშორისო მიმართულება. საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ბევრი წარმატების საშუალებას იძლევა.

ოპოზიციის და მათი ლობისტების წუხილი ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი შიშით არის განპირობებული – საქართველოს გარდაუვალი წინსვლით, რაც მათ პოლიტიკურ მოღვაწეობას ავტომატურად ასრულებს. ასევე, მათი ლობისტებიც უცხოეთიდან, ხელმოცარულნი რჩებიან.

ცნობისთვის, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან და თვით უკრაინასთანაც კი. ამიტომ, უშედეგო იქნება ამ თემაზე ოპოზიციის მხრიდან დაწყებული ახალი ნეგატიური პიარ-კამპანია. ჩინეთთან გაფორმებული მაღალი დონის სათანამშრომლო ხელშეკრულება ევროპას კი არ გვაშორებს, პირიქით, გვაახლოებს. გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მყოფი ძლიერი ეკონომიკის მქონე საქართველო, ბევრად უფრო სასურველი იქნება ევროპისთვის მათივე ინტერესებიდან გამომდინარე.

ევროპა ჩვენი ოჯახია და ამ ოჯახში ღირსეულ წევრად დავბრუნდებით!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

“ბათუმში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი აკვირდება” – ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს

ბათუმში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი აკვირდება – ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, 19 პირი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი უკრაინის მოქალაქე.

“სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება. ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ხოლო, ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში,” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

“ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს” – გიორგი გახარია

ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, – ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის, “ასტორია გრანდეს” შემოსვლა.

როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს.

„ყალბი პროპაგანდა ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე და „ევროპის განზრახვაზე წაგვართვას ქართული იდენტობა“ რუსული სახელმძღვანელოს კარგად ცნობილი მეთოდებია. ბათუმში განვითარებული მოვლენებიც – „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მიზანმიმართული დარღვევით რუსეთის მოქალაქეების შემოშვება – „ოცნების“ მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია.

ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს!“,- წერს გახარია „ფეისბუქის“ გვერდზე.

“საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის” – ვიოლა ფონ კრამონი

რუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან – ეს ყველაფერი ევროპისკენ/ევროკავშირისკენ სწორ სვლას ჰგავს, – ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ირონიით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

„მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის”, -წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე”.