საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ76–კმ94 (ახალციხე-ვალე) მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია.
26-28 დეკემბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – ელჩების კონფერენცია გაიმართება
26-28 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა” გაიმართება.
კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გახსნის და მასში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.
2023 წლის ელჩების კონფერენციის მთავარი ფოკუსი ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოების და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში და ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა 2023 წელს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებს და 2024 წლის გეგმებსა და ამოცანებს. საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს როლს რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო პოლიტიკას, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან და სხვა.
სამუშაო სესიების ფარგლებში, ასევე განიხილავენ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების, სახელმწიფოს მხრიდან ქართული დიასპორის ხელშეწყობის საკითხები და სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების საკითხები.
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26 დეკემბერს ქუთაისში +10 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. +13 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +2 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვს, ჰაერი +5გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღისით თოვლი და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით თოვლი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც თოვს. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლი და +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +3, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. თოვს.
უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
გურჯაანშიც ნალექიანი დღეა. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება რუსთავში. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თუ სამსახურში კონფლიქტი წარმოიშვა, ეცადეთ კეთილი სიტყვის დახმარებით მოაგვაროთ. ამ დღეებში თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან და ეცადეთ, მიმდინარე საქმეები ახალ წლამდე დაასრულოთ. მშვენიერი დღეა რომანტიკული ურთიერთობისთვის.
კურო
ამ დღეს კრიტიკას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ვიღაც ცდილობს, რომ ამ გზით წონასწორობა დაგირღვიოთ და განწყობა გაგიფუჭოთ და ნუ დაუშვებთ, რომ მიზანს მიაღწიოს. თავადაც აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ემოციები, რათა კარგი ადამიანი უნებურად არ შეურაცხყოთ. ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის – შეიძლება ისეთი საქმეც კი გამოგივიდეთ, რომელსაც დიდი ხანია უშედეგოდ ებრძვით. ამჯერად ყველაფერი გამოგივათ.
ტყუპები
გარშემო მყოფებში მოჭარბებული ემოციურობა და გაღიზიანება იგრძნობა, ამიტომ ნებისმიერ კამათსა და დაპირისპირებას უნდა ერიდოთ. ეცადეთ, სამსახურში განსაკუთრებით მეგობრული იყოთ. დალიეთ ჩაი კოლეგებთან ერთად და რამე გემრიელით გაუმასპინძლდით. მარტოხელა ტყუპებისთვის გამორიცხული არ არის კოლეგასთან ფლირტი. მისი გაგრძელება მხოლოდ თქვენს სურვილზე იქნება დამოკიდებული.
კირჩხიბი
ამ დღეს დილა სტრესული იქნება და ამაში დამნაშავეა არა გარემოებები, არამედ თქვენი განწყობის ცვალებადობა. გამუდმებით გეჩვენებათ, რომ ვიღაც თქვენს დამცირებას ცდილობს. მოვლენების დრამატიზაცია საჭირო არ არის. დღის ბოლომდე ყველაფერი შეიცვლება. უფრო აქტიური გახდებით და დავალების დროულად შესრულებას შეძლებთ. როგორი მაცდურიც არ უნდა ჩანდეს, გირჩევთ ამ დღეს ნებისმიერ შემოთავაზებას უარით უპასუხოთ.
ლომი
შესაძლოა, დილის გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ამ დღეს საყვარელ ადამიანთან კომუნიკაცია ცოტა დაძაბულია – ერთმანეთისთვის გამუდმებით რაღაცის დამალვა და თუნდაც უმნიშვნელო ტყუილი ნდობას ნელ-ნელა საძირკველს უთხრის. დღის მეორე ნახევარი შესაფერისი დროა განმარტოებით ფიქრის ან სახლის საახალწლოდ მორთვისთვის.
ქალწული
კონფლიქტებს სახლშიც და სამსახურშიც უნდა ერიდოთ. გირჩევთ, მიღებული წინადადებები ყურადღებით შეისწავლოთ და ფიქრისთვის დრო ითხოვოთ. თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. მარტოხელა ქალწულებისთვის ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნისთვის, დაქორწინებულმა ქალწულებმა კი ჯობს, პარტნიორთან კამათისგან თავი შეიკავონ.
სასწორი
შეხვედრებითა და ურთიერთობებით სავსე, აქტიური დღეა. მთავარია ზედმეტი არ თქვათ, რათა მოწინააღმდეგე არ განაწყენოთ. საახალწლო საჩუქრების შესარჩევად მშვენიერი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ საღამოს მაღაზიებში გაისეირნოთ. ეცადეთ, უფრო კომუნიკაბელური იყოთ – ეს საჭირო ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ.
მორიელი
შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – შეძენილი ნივთებით მალე იმედგაცრუებული დარჩებით. დღეს გამორიცხული არ არის, რომ სხვისი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ, მაგრამ არ უნდა ინერვიულოთ, ოდესმე ვინმე თქვენც დაგეხმარებათ. შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ.
მშვილდოსანი
შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისკენაა. გირჩევთ, შემოსულ ინფორმაციას კრიტიკული თვალით შეხედოთ და რამდენჯერმე გადაამოწმოთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ.
თხის რქა
შესაძლოა, ზოგმა თხის რქამ გარშემო მყოფთა იმედები ვერ გაამართლოს, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, რადგან ყველაფერს სწორად აკეთებთ. მთავარია, საკუთარ გზას გაჰყვეთ და სხვის ცხოვრებაში არ ჩაერიოთ. ეცადეთ, საკუთარი გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ. ხელსაყრელი დღეა დამოუკიდებელი მუშაობისთვის. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე არ მოცდებით.
მერწყული
თუ თქვენთვის მტკივნეულ პრობლემებზე ვინმესთან ლაპარაკი გსურთ, ეცადეთ, ისეთი თანამოსაუბრე მოძებნოთ, რომელიც თქვენს საიდუმლოს არ გაამხელს. განწყობა სწრაფად გეცვლებათ, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს. თუ სახლი საახალწლოდ არ მოგირთავთ, დღეს ამისთვის ხელსაყრელი დღეა.
თევზები
ამ დღეს თქვენს მომხიბვლელობას ვერავინ უძლებს. ეცადეთ ამით ისარგებლოთ და კოლეგებს დახმარება, მენეჯმენტს კი ბონუსი ან დასვენება სთხოვოთ. შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, საკუთარ თავს ფიქრის დრო უნდა მისცეთ. საღამო შესაფერისია ოჯახური შეკრებებისთვის.
საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმას აქვეყნებს
საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა.
დოკუმენტში, რომელიც ევროკომისიაში უკვე გადაიგზავნა, ჩამოთვლილია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯები, განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებები. დოკუმენტი საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯებია:
- ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;
- ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება;
- შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
- თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
- საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომიგაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
- ჰოლისტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით;
- ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა;
- დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართულები იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება;
- ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება ინციდენტებზე, რომლებიც ეხება დაუცველი ჯგუფების, მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების უსაფრთხოებას, და ძალადობაში დამნაშავე პირებისა და ორგანიზატორების გასამართლება. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა.
რაც შეეხება განსახორციელებელ აქტივობებს, ესენია:
- საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის კამპანიის სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოში ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით.
- სამოქმედო გეგმის განხორციელება.
- ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ფარგლებში ევროკავშირის პოზიციებთან მიერთების მაჩვენებლის გაუმჯობესება.
- არსებული პრაქტიკის საფუძველზე, აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, მათ შორის გაგრძელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგულარული ანგარიშგება ევროკომისიის (FISMA, DG TAXUD), აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებეთან არსებული საკომუნიკაციო არხებით, სანქცირებული და სენსიტიურ საბაჟო კოდებზე საბაჟო ოპერაციების სანქციებთან შესაბამისობის თაობაზე.
- ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის ჩართვა ევროინტეგრაციის და სხვა ძირითად რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში. საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან (საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში) თანამშრომლობის გაგრძელება.
- 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირი-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა.
- ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატების შექმნა.
- საარჩევნო კოდექსში პარტიების/არჩევნების დაფინანსების საკითხზე ცვლილებების შეტანა (პოლიტიკური პარტიებისთვის იურიდიული პირების შემოწირულობების აკრძალვა; მშპ-თან მიმართებით წლიური ხარჯების ზედა ჭერის შემცირება).
- რეგულარული დიალოგის ხელშეწყობა ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ზედამხედველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
- საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება.
- სამუშაო ფორმატის შექმნა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სასამართლო და პროკურატურის რეფორმის საკითხებზე. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განახლება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება.
- საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რომლებიც 15 დეკემბერს გამოქვეყნდება. ყველა საპარლამენტო პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრების გამართვა ამ ორგანოების წლიური ანგარიშების განსახილველად.
- დეოლიგარქიზაციის გეგმის დამტკიცება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ. (ცნობა: 2023 წლის 22 ნოემბერს, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პარლამენტმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და განიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს, ეროვნულ პლატფორმასთან მესამე ერთობლივ კონფერენციაზე.)
- საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა დეოლიგარქიზაციის გეგმის განხორციელების ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით.
- სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების გაერთიანებული შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნება ადამიანის უფლებების დაცვის 2024-2026 წწ. ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი.
- ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წწ. ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ.
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა მიმდინარე გამოძიებებზე; ევროკომისიისთვის ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება გამოძიებებთან დაკავშირებით.
- არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა საკანონმდებლო და პოლიტიკის ფორმულირების პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.
პატრიარქის სიტყვები – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, შემთხვევით წარმოთქმული არ არის, ეს არის ის, რასაც უწმინდესი მთელი ცხოვრება ემსახურებოდა
„მას შემდეგ, რაც ილია II პატრიარქი გახდა, ძალიან მალე საპატრიარქო მიზიდულობის ცენტრი გახდა ახალგაზრდებისთვისაც და თავშესაფარი დისიდენტებისთვის, ადამიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა ხელისუფლება დევნიდა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა სტუ-ს ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 46 წელთან დაკავშირებულ კონფერენციაზე.
სოზარ სუბარმა ისაუბრა უწმინდესის იმ დამსახურებებზე, რომელიც ილია II-ის პატრიარქად მოღვაწეობის 46 წელს უკავშირდება.
„პირველად, გაბრიელ ქიქოძის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ დააყენა საკითხი, რომ მეცნიერება და სარწმუნოება უნდა გაერთიანებულიყო. მოიზიდა მეცნიერები, რომლებიც საპატრიარქოს ირგვლივ გაერთიანდნენ. სწორედ მაშინ ამოქმედდა სასულიერო სემინარია, ხოლო, როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, დაარსდა სასულიერო აკადემია (მისი ერთ-ერთი სტუდენტი ვარ). ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიიზიდა აკადემიამ მაშინ და ის დღემდე რჩება ფუნდამენტური განათლების მისაღებ ერთ-ერთ ცენტრად. შემდეგ შეიქმნა საპატრიარქოს უნივერსიტეტი, დაარსდა ათობით სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის – გალობის, ხატწერის შემსწავლელი სკოლები, ხოლო ქართული მინანქრის შესწავლა, რომელიც დაკარგული იყო, აღდგა და თავისი სახელი დაიმკვიდრა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა გაიხსენა ისიც, რომ ხშირად საზოგადოებას არ გაუთვალისწინებია პატრიარქის შეგონებანი და შედეგიც სავალალო დამდგარა.
„ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ უწმინდესის რჩევები, წინასწარმეტყველური სიტყვები არ გაგვიზიარებია, არ დაგვიჯერებია და ამას მივუყვანივართ ცუდ შედეგებამდე. ასე იყო 2008 წელს, როცა პატრიარქი რამდენიმე თვით ადრე გვაფრთხილებდა, რომ ყველაფერი მიდიოდა ომისკენ. სამწუხაროდ, მაშინ ეს გაფრთხილება ყურად არ ვიღეთ და ძალიან მძიმე შედეგი დადგა. თუმცა, უწმინდესმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი მეომრების ცხედრები, რომელთა დამარხვა ვერ ხდებოდა, მისი პირადი ავტორიტეტითა და პირადი თხოვნით გადმოგვესვენებინა და მშობლიური მიწისთვის მიგვებარებინა.
1989 წლის აპრილში (მაშინ მე დავით გარეჯაში ვმსახურობდი), მოაღწია ამბებმა, რაც თბილისში ხდებოდა. 9 აპრილის ჩამოვედი თბილისში და იქ როცა პატრიარქმა მოგვიწოდა გადაგვენაცვლებინა ქაშვეთისკენ, რადგან არსებობდა სისხლის დაღვრის საფრთხე, ხალხმა ადგილზე დარჩენა გადაწყვიტა. უწმინდესი კი, როგორც ჭეშმარიტ მწყემსს შეშვენის, ხალხთან ერთად დარჩა.
ეს არის ჭეშმარიტი მწყემსის მაგალითი, როცა ის თავის ხალხთან ერთადაა. მისი სიტყვები – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, შემთხვევით წარმოთქმული არ არის. ეს არის ის, რასაც უწმინდესი მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და ჩვენც მოგვცა მაგალითი, თუ რას უნდა ვემსახუროთ, რა არის ის ღირებულება, რისთვისაც სიცოცხლეც ღირს და თუ საჭიროა, თავის გაწირვაც. მინდა მივულოცო უწმინდესს იუბილე და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო, იმიტომ, რომ ძალიან გვჭირდება ჩვენ მისი მწყემსობა და მისი ლოცვა“, – დასძინა სოზარ სუბარმა.
places.georgia.travel – ახალი პორტალი ტურისტებისთვი
ტურისტულ ინდუსტრიასა და სერვისებთან დაკავშირებით სპეციალურ პორტალზე places.georgia.travel ერთიანი მონაცემთა ბაზა მზადდება.
პლატფორმა დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მიიღონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, სერვისებსა და ტურისტულ პროდუქტებზე.
პორტალზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში, კერძო სუბიექტის მიერ რეგისტრაცია შესაძლებელი გახდება ელექტრონულად, რაც პროცესს უფრო მოქნილს გახდის.
დღეიდან ჩვენი მოქალაქეები, უცხოელი სტუმრები ქრისტიანული საგანძურის დარბაზში იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორიც არის ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი -პრემიერი
მინდა, ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ მართლაც ყველასთვის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში, დღეს ჩვენ გავხსენით საქართველოს ოქროს ფონდის ქრისტიანობის საგანძურის დარბაზი, დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები კვლავ იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორიც არის ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის დარბაზის გახსნაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, შუა საუკუნეების ქართველი ოსტატების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებით, ცოდნით და უზადო გემოვნებით შექმნილი ქრისტიანული საგანძური ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
„ეს შედევრები ადასტურებენ საქართველოში ქრისტიანული ხელოვნების, ტრადიციების უწყვეტობას და კავშირს ანტიკურ ტრადიციებთან. სწორედ ჩვენი ქვეყნის მჭიდრო კონტაქტებმა ანტიკურ სამყაროსთან, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ადგილი ქრისტიანულ სამყაროში და ევროპული განვითარების გზა. შუა საუკუნეების საქართველოს, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქვეყნის ისტორია აისახა მის ხელოვნებაში, რომელიც საკაცობრიო ტენდენციებთან ერთად, თვითმყოფად ეროვნულ ტრადიციებს ინარჩუნებს. საგანძურში წარმოდგენილ თითოეულ ხელოვნების ნიმუშს საკუთარი ისტორია აქვს, საუკუნეების განმავლობაში ისინი ეკლესია-მონასტრებში ინახებოდა. მოგვიანებით კი, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, მუზეუმებში იქნა გადატანილი. ქართველმა მეცნიერებმა კომუნისტური რეჟიმის პირობებშიც შეძლეს თავიანთი უანგარო შრომისა და ხშირად თავგანწირვის შედეგად ამ უნიკალური განძის, ეროვნული სიამაყის გადარჩენა და მომავალი თაობისთვის შენარჩუნება. საგანძურის კვლევა და დაცვა დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ისეთ გამოჩენილ მეცნიერებთან, როგორებიც იყვნენ წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, შალვა ამირანაშვილი და სხვანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი.
„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი. მოგეხსენებათ კარგად, რომ მან 25 წლის განმავლობაში, ემიგრაციის ურთულეს პირობებში, უპატრონა ჩვენი ქვეყნის ამ საგანძურს. ამ უდიდესი ღვაწლის გამო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის დედა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. გავიმეორებ, რომ დღევანდელი ღონისძიება, როგორც უკვე მოგვახსენა მუზეუმის დირექტორმა, ეძღვნება ჩვენი ძვირფასი პატრიარქის აღსაყდრებიდან 46-ე და დაბადებიდან 90-ე წლის იუბილეს. საყოველთაოდ ცნობილია მისი უწმინდესობის განსაკუთრებული დამოკიდებულება წარსულისა და ცოდნისადმი. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ოქროს ფონდის საცავების განახლებაში, მუზეუმის დირექტორს, ბატონ დავით ორთქმანიძეს, ბატონ ნიკას, მეუფე ვახტანგს, მამა კირიონს, ჩვენს ეკლესიას, საპატრიარქოს, ქალბატონ თეას და ყველას. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. კიდევ ერთხელ ვულოცავ საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან მოვლენას, ქრისტიანული ხელოვნების დარბაზის გახსნას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება რეფორმების გატარების აუცილებლობას-ილია დარჩიაშვილი
“საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში რეფორმების გატარების აუცილებლობას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება დგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც რეალურად ემსახურება ევროპულ ინტეგრაციას.
„სამოქმედო გეგმა იქმნება იმისთვის, რომ შესრულდეს და გაგრძელდეს რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც გვქონდა და გვაქვს დღეს. შესაბამისად, სამოქმედო გეგმაში ჩვენ მიერ გაკეთებული თითოეული ჩანაწერი ემსახურება იმას, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გვექნება, რადგან საქართველოს ევროპული ინტეგრაცია პირდაპირპროპორციულია საქართველოში შესაბამისი თანმიმდევრული რეფორმების გატარებასთან. ამ მიმართულებით არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში რეფორმების გატარების აუცილებლობას. ევროკომისიამ კონკრეტული დადებითი რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს და ევროპულმა საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც აღიარებაა რეფორმების, რომლებიც ჩვენ მიერ გატარდა. კოლეგებთან ხშირი კომუნიკაციის შედეგად მათგან დადებითი გზავნილები მაქვს. კონკრეტული წევრი ქვეყნებისთვისაც ცალსახად გასაგები და აღქმადია ის რეფორმები, რომლებიც ჩავატარეთ.
რეფორმები არ არის ერთდღიანი, ერთწლიანი ან ორწლიანი პროცესი, ეს გრძელდება. როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, მომავალშიც გააგრძელებს ამ გზას. როგორც მანამდე თანმიმდევრულად ვახორციელებდით ყველა რეფორმას, მას შემდეგ, რაც შევჯერდებით ევროკომისიასთან, შემდეგი ფაზაც შესაბამისად იქნება გახსნილი. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ფიზიკურად და რეალურად ემსახურება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა მინისტრმა.
გახარიას პარტიისგან სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე საუბრის წამოწყება იმ ალიანსების შენიღბვის მცდელობაა, რაც ამ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გააჩნია-სარჯველაძე
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსჯელობაში ყველაზე კომპეტენტურ ხალხად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის გახარიას პარტიას ვერ მივიჩნევთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან თანამშრომლობენ, რის შენიღბვასაც ცდილობენ.
„გახარიას პარტიის მხრიდან სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე საუბრის წამოწყება იმ ალიანსების შენიღბვის მცდელობაა, რაც გახარიას პოლიტიკურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გააჩნია. ეს ორი პოლიტიკური გუნდი ერთმანეთთან თანამშრომლობს. ასე დაიწყო გახარიას პარტიას მოღვაწეობა, ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას სამედიცინო დაწესებულებიდან ჩაერთვება თუ პენიტენციური დაწესებულებიდან, აბსოლუტურად ერთნაირი იქნება და ამიტომ სამართლებრივი ნორმებით ჟონგლიორობა არ ღირს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
პარტიამ „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.
პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს.