საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება რეფორმების გატარების აუცილებლობას-ილია დარჩიაშვილი

38
spot_img

“საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში რეფორმების გატარების აუცილებლობას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება დგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც რეალურად ემსახურება ევროპულ ინტეგრაციას.

„სამოქმედო გეგმა იქმნება იმისთვის, რომ შესრულდეს და გაგრძელდეს რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც გვქონდა და გვაქვს დღეს. შესაბამისად, სამოქმედო გეგმაში ჩვენ მიერ გაკეთებული თითოეული ჩანაწერი ემსახურება იმას, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გვექნება, რადგან საქართველოს ევროპული ინტეგრაცია პირდაპირპროპორციულია საქართველოში შესაბამისი თანმიმდევრული რეფორმების გატარებასთან. ამ მიმართულებით არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში რეფორმების გატარების აუცილებლობას. ევროკომისიამ კონკრეტული დადებითი რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს და ევროპულმა საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც აღიარებაა რეფორმების, რომლებიც ჩვენ მიერ გატარდა. კოლეგებთან ხშირი კომუნიკაციის შედეგად მათგან დადებითი გზავნილები მაქვს. კონკრეტული წევრი ქვეყნებისთვისაც ცალსახად გასაგები და აღქმადია ის რეფორმები, რომლებიც ჩავატარეთ.

რეფორმები არ არის ერთდღიანი, ერთწლიანი ან ორწლიანი პროცესი, ეს გრძელდება. როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, მომავალშიც გააგრძელებს ამ გზას. როგორც მანამდე თანმიმდევრულად ვახორციელებდით ყველა რეფორმას, მას შემდეგ, რაც შევჯერდებით ევროკომისიასთან, შემდეგი ფაზაც შესაბამისად იქნება გახსნილი. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ფიზიკურად და რეალურად ემსახურება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა მინისტრმა.